სუს-ი - ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში არსებობენ ჯგუფები და მოქალაქეები, რომლებიც ცდილობენ ქვემო ქართლსა და კახეთში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას

ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში არსებობენ პირთა ჯგუფები და რიგი მოქალაქეები, რომლებიც ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონებში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული პირები ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში წამოჭრილი საკითხების გამოყენებას ეროვნული მტრობის ჩამოგდების მიზნით.

„აღნიშნული პირები ნეგატიურ კონტექსტში აქტიურად იყენებენ წლების მანძილზე დაგროვებულ ისეთ საკითხებს, რომელთა არასწორი, თითქოსდა პატრიოტული მოტივებით გახმოვანების და რომელიმე ეთნიკური ჯგუფის მიმართ მიზანმიმართული საჯარო მოწოდებების გაკეთების შემთხვევაში, ქვეყნის იმ რეგიონებში, რომლებიც მჭიდროდ არის დასახლებული ეთნიკური აზერბაიჯანელებით, აშკარა საფრთხეს უქმნის ეთნიკურად ქართველ მოსახლეობასთან მათ მშვიდობიან თანაცხოვრებას.

კერძოდ აღნიშნული პირები, იჭრებიან რა სახელმწიფოს და ხელისუფლების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებში, ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში, წამოჭრილი საკითხების გამოყენებას ეროვნული მტრობის ჩამოგდების მიზნით.

პირთა ჯგუფი აღნიშნული მიმართულებით არასწორი და აგრესიული მოწოდებების გავრცელების გზით, ცდილობს რეგიონის ეთნიკურად ქართველ და აზერბაიჯანელ საქართველოს მოქალაქეებს შორის შეიტანოს განხეთქილება, რასაც ორივე მხრიდან მოყვება ეროვნული პატივისა და ღირსების შემლახავი განცხადებები და ქმედებები, ხოლო ეროვნული შუღლის ჩამოგდების გზით, პირთა ჯგუფი იმედოვნებს, რომ განხორციელდება ეთნიკური კუთვნილების ნიშნით ადამიანის უფლებების უკანონოდ ხელყოფა.

პირთა ჯგუფი ცდილობს თავის საჯარო განცხადებებსა თუ იდეოლოგიაში სიტუაციის იმგვარად წარმოჩენას, თითქოსდა ეთნიკურად ქართველი მოსახლეობას სხვა საქართველოს მოქალაქე ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებაში ენიჭებათ უპირატესობა, რაც უფრო ზრდის ეროვნული კონფლიქტის წარმოშობის რისკებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი გამოძიებას აწარმოებს რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე, ესე იგი ქმედება, ჩადენილი ეროვნული მტრობის და განხეთქილების ჩამოგდების, ეროვნული პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით, აგრეთვე ეროვნული და ეთნიკური კუთვნილების ნიშნით ადამიანის უფლებების პირდაპირი ან არაპირდაპირი შეზღუდვა ანდა იმავე ნიშნით ადამიანისათვის უპირატესობის მინიჭება, რამაც არსებითად ხელყო მისი უფლება, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1421-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“, - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება