ნინო ბურჯანაძე - ბუნებრივია, მაჟორიტარებზე ყველა ოლქში შეთანხმება ვერ მოხდება - არის ოლქები, სადაც შეიძლება რამდენიმე პარტიის ინტერესი ისე დაემთხვეს ერთმანეთს, რომ შეუძლებელი იყოს შეთანხმება

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ბუნებრივია, ოპოზიციაში მაჟორიტარებზე ყველა ოლქში შეთანხმება ვერ მოხდება, რადგან არის ოლქები, სადაც შეიძლება რამდენიმე პარტიის ინტერესი ისე დაემთხვეს ერთმანეთს, რომ შეუძლებელი იყოს შეთანხმება. ამის შესახებ ბურჯანაძემ „ინტერპრესნიუსს“ საუბრისას ოპოზიციის მიერ საერთო მაჟორიტარებაზე შეთანხმებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, კარგი იქნება, თუ ოპოზიცია კოორდინაციას მოახდენს.

„ჯობია, რომ იყოს კოორდინირება მაჟორიტარებთან დაკავშირებით, ამიტომ სასურველია, რომ არ ჩაიშალოს ეს მოლაპარაკება და ძირითად ნაწილში ოლქებისა, მოხდეს შეთანხმება. ყველა ოლქში შეთანხმება ვერ მოხდება, ბუნებრივია, იმიტომ, რომ არის ოლქები, სადაც შეიძლება რამდენიმე პარტიის ინტერესი ისე დაემთხვეს ერთმანეთს, რომ შეუძლებელი იყოს შეთანხმება. გარდა ამისა, მე აღვნიშნე, რომ შეიძლება რომელიმე პარტიის მხრიდან იქნეს დაყენებული აბსოლუტურად მიუღებელი კანდიდატი, დავუშვათ ჩვენი პარტიისთვის ან სხვა პარტიისთვის და ასეთ შემთხვევაშიც ჩვენ ჩვენს პოზიციას დავაფიქსირებთ, მაგრამ ეს იქნება შეთანხმება იმაზე, რომ ვერ შევთანხმდით რაღაცაზე. ამან მაინც უნდა მოგვცეს გარკვეული კოორდინაციის უნარი და შესაძლებლობა იმიტომ, რომ ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანია არამხოლოდ მაჟორიტარებზე შეთანხმება, არამედ შემდგომ უკვე ერთმანეთის ხმების დაცვაზე შეთანხმება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კვლავ განხეთქილება თუ მოხდება ოპოზიციაში და ყველა მარტო საკუთარ თავზე იფიქრებს, ხელისუფლება ამას გამოიყენებს და აუცილებლად მოახერხებს არჩევნების მანიპულირებას“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

კითხვაზე, ოპოზიციას შორის მოლაპარაკება ჩაშლისკენ უფრო მიდის თუ შეთანხმებისკენ, ბურჯანაძე პასუხობს, რომ ჯერჯერობით, ამაზე საუბარი ნაადრევია, რადგან თავად პარტიები არ ჩამოყალიბებულად მაჟორიტარებზე. მისივე თქმით, მაგალითად თბილისზე შეთანხმება მეტ-ნაკლებად მიღწეულია.

„მე არ ვარ ამ ეტაპზე ძალიან აქტიურად ამ ეტაპზე ჩართული იმიტომ, რომ ჯერ საბოლოოდ თავად პოლიტიკური პარტიები შიგნით არ ჩამოვყალიბებულვართ, ვინ სად ვფიქრობთ მაჟორიტარების დაყენებას, თბილისთან დაკავშირებით გარკვეული საუბრები და კომუნიკაცია იყო და პირველადი შეთანხმება მეტ-ნაკლებად მიღწეულია, თუმცა თუ რაიმე შეიცვლება რომელიმე პარტიებში, გავიგებთ და გამოჩნდება, რეგიონებთან დაკავშირებით აქტიური კონსულტაციები ყველა პარტიას შორის არ ყოფილა, ვნახოთ, გამოიკვეთება ალბათ. თბილისზე მეტ-ნაკლებად შეთანხმება მიღწეულია, ყოველ შემთხვევაში ძირითადი ჩარჩო შეთანხმებულია“ , - აღნიშნა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, არ გამორიცხავს, რომ რომელიმე ოლქში თავადაც იყოს მაჟორიტარი, თუმცა ამ ეტაპისთვის, აქეთკენ არ იხრება.

„მე, სიმართლე გითხრათ, ჯერჯერობით არ ვიხრები მაჟორიტარობისკენ, თუმცა არც გამოვრიცხავ. ვნახოთ, გამორიცხვით 100%-ით არაფერს გამოვრიცხავ, თუმცა უფრო ვიხრები იმისკენ, რომ მე დამჭირდება, როგორც პარტიის ლიდერს, მთელი საქართველოს მასშტაბით ძალიან აქტიური შეხვედრების ჩატარება და ასეთ დროს მაჟორიტარობა ძალიან რთულია, მითუმეტეს, როდესაც ხარ ოპოზიციაში, რთულია იმ თვალსაზრისით, რომ მაჟორიტარობას ძალიან დიდი დრო სჭირდება იმ ოლქში, სადაც მაჟორიტარად უნდა იყარო კენჭი და უბრალოდ, ფიზიკურად შეიძლება ვეღარ მოახერხო დანარჩენი საქართველოსთვის ყურადღების მიქცევა და ასეთი ფუფუნების უფლება მე და ჩემს თანაპარტიებს ნამდვილად არ გვაქვს. მაგრამ ვნახოთ, მაინც 1%-ს, ან 10%-ს ვტოვებ შანსს, რომ შეიძლება, სხვაგვარი გადაწყვეტილება მივიღო“, - დასძინა ბურჯანაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა