ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2020

საარჩევნო დაპირებები - რა მიმართულებით შეუტევს ოპოზიცია “ოცნებას”

ბჟანიას ჯგუფი კონტრაბანდის ხელში ჩაგდებასა და “საზღვრებზე” სრული კონტროლის დაწესებას აპირებს

“ნათელაშვილის ფანჩატური დარჩა ფანჩატურად” - იგორ კვესელავა

* * *

საარჩევნო დაპირებები - რა მიმართულებით შეუტევს ოპოზიცია “ოცნებას”

“მიმდინარე წლის წინასაარჩევნო კამპანია მალე აქტიურ ფაზაში შევა, სადაც, ანალიტიკოსთა ნაწილის თქმით, ოპოზიციის მთავარი გზავნილები და დაპირება უკეთესი ეკონომიკური მდგომარეობის შექმნა იქნება. ახალი კორონავირუსის პანდემიამ ქვეყანაში სერიოზული ეკონომიკური პრობლემები შექმნა და სწორედ ამ კრიზისის დაძლევის ერთგვარ გეგმაზე გააკეთებს აქცენტს ოპოზიცია. ის ეცდება მთავარი ბერკეტი ამ კუთხით აამუშაოს და, ხელისუფლებასთან შედარებით, უპირატესობაც მოიპოვოს. ამ ეტაპზე, ოპოზიცია მაჟორიტარების ერთიან კანდიდატებზე შეთანხმებითაა დაკავებული. მაჟორიტარების საერთო კანდიდატებზე კონსულტაციები ოპოზიციაში ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ამ დრომდე უცნობია, ოპოზიციური სპექტრი რამდენად შეძლებს საერთო კანდიდატებზე შეთანხმებას”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით საარჩევნო დაპირებები - რა მიმართულებით შეუტევს ოპოზიცია “ოცნებას”.

“რაც შეეხება მმართველ გუნდს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარტიულ და მაჟორიტარულ სიაზე მსჯელობა პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით მიმდინარეობს და მიმდინარე თვეში უკვე ცნობილი გახდება “ქართული ოცნების” მაჟორიტარი კანდიდატების ვინაობა. ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე თვლის, რომ ოპოზიცია მოსახლეობას გაუმჯობესებულ ეკონომიკურ მდგომარეობას შესთავაზებს. ამასთან, ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა იქნება. რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციის მთავარი დაპირება გაუმჯობესებული ეკონომიკური მდგომარეობა იქნება. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკურ ხედვას, ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, ამერიკაში პროცესები როგორ განვითარდება და რა დასასრული ექნება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ოპოზიციის გზავნილები საარჩევნოდ იქნება მომავლის ხედვა ეკონომიკური მიმართულებით. საუბარია სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაზე. გარკვეული მომავლის დაპირება, რომ არ იქნება ოლიგარქიული მმართველობა და ხელისუფლება არ იქნება ერთი მმართველის ხელში. ასევე ვერც ერთი პოლიტიკური პარტია ვერ მოახდენს ხელისუფლების უზურპაციას და არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ ექნება მონოპოლისტური მდგომარეობა. ამას დამატებული, გარკვეული ეკონომიკური დაპირებები - ეკონომიკურად როგორ მოხდება მოსახლეობის პრობლემების მოგვარება, რაც კოვიდ-19-თან არის დაკავშირებული. ამასთან, საგარეო პოლიტიკური მიმართულებით - საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია და დაპირება, რომ ამ კუთხით რეალური ნაბიჯები იქნება გადადგმული”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

“ოპოზიციის მთავარი გზავნილები, ალბათ, ისევ ეკონომიკაზე აქცენტი იქნება. ჯერჯერობით სხვა თემას ვერ ვხედავ. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკის კუთხით, ისეთი პროცესი მიდის აშშ-ში, თანაც მთელი მსოფლიო გაჩერებულია და ბევრი რამ იქნება ამ პროცესებზე დამოკიდებული. არ მგონია, ეს აისახოს მათ (ოპოზიციის) ლოზუნგებში, მაგრამ აზრი იყო იმის შესახებ, რომ ევროპისა და ამერიკისკენ მივდივართ, თუმცა უფრო მეტი კონკრეტიკაა საჭირო, რაც დღევანდელი დაპირისპირების ღერძია. ასეთ სიღრმეებში ქართული ოპოზიცია არ შედის და არც მომავალში შევა”, - მიიჩნევს გამოცემასთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

“საარჩევნო კოდექსში საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებაა დაგეგმილი, რომელიც 120/30 სისტემას გულისხმობს, 120 დეპუტატი - მაჟორიტარული, 30 კი პროპოციული გზით აირჩევა. საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დუჭერენ და არც განხილვაში მიიღებენ მონაწილეობას “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” წევრები, თუკი გიორგი რურუა არ იქნება გათავისუფლებული. თუმცა, მმართველ გუნდში აღნიშნავენ, რომ ცვლილებების მიღება მათ გარეშეც შესაძლებელია და ამისათვის 113 ხმაა საჭირო”, - დასძენს გამოცემა.

ბჟანიას ჯგუფი კონტრაბანდის ხელში ჩაგდებასა და “საზღვრებზე” სრული კონტროლის დაწესებას აპირებს

“ოკუპირებული აფხაზეთის “მთავრობას” “საზღვრების” მეტად გაკონტროლების სურვილი გაუჩნდა. დე ფაქტო პრეზიდენტი “წესრიგის დამყარების” სურვილითა და კონტრაბანდის სრულად ხელში ჩაგდების მიზნით, “საზღვრებზე” სრული კონტროლის დაწესებას აპირებს. როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით, ასლან ბჟანიას სურვილი კონტრაბანდის გაკონტროლებითაა განპირობებული. ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოში,ძირითადად, თამბაქო შემოდის, საქართველოდან კი აფხაზეთში სხვადასხვა სახის პროდუქცია გადის. მისი შეჩერება თითქმის შეუძლებელია, თუმცა მასზე სრულად კონტროლის სურვილი ე.წ. პრეზიდენტმა უკვე გამოთქვა. ასლან ბჟანია აცხადებს, რომ “აფხაზეთიდან საქართველოში მილიარდობით რუბლის ღირებულების პროდუქცია გადის და აუცილებელია სახელმწიფო საზღვრებზე სრული კონტროლის დაწესება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “ბჟანიას ჯგუფი კონტრაბანდის ხელში ჩაგდებასა და “საზღვრებზე” სრული კონტროლის დაწესებას აპირებს / დე ფაქტო პრეზიდენტს უნდა, რომ ყველა გზა გადაკეტოს და ხელში ჩაიდგოს გარკვეული შემოსავლები.

“ჩვენი საბაჟო კომიტეტისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, წელიწადში თხილეულის მოსავლის მოცულობა 11-12 ათასი ტონაა. ამ მოცულობის მაქსიმუმ 10% ექსპორტზე რუსეთში გადის, დანარჩენი კი - საქართველოში და მთელი ეს თანხა იმ ხალხის ჯიბეებში ხვდება, რომლებიც, ზოგადად, კონტრაბანდით არიან დაკავებული”, - განაცხადა ბჟანიამ და დასძინა, რომ აუცილებელია ამ საკითხთან დაკავშირებული მიდგომის გადახედვა და ე.წ. “სახელმწიფო საზღვრებზე” სრული კონტროლის დაწესება. ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოში კონტრაბანდის სახით, ძირითადად, თამბაქო შემოდის, საქართველოდან კი, როგორც სპეციალისტები აცხადებენ, უმეტესწილად, საკვები პროდუქტი შედის, რადგან ოკუპანტ ქვეყანაში პროდუქცია ძალიან ძვირია. ექსპერტთა კლუბის წევრი ირაკლი ცქიტიშვილი მიიჩნევს, რომ დე ფაქტო პრეზიდენტს ამ განცხადებით სურს, “დაამყაროს წერიგი კონტრაბანდაზე და უფრო მეტი თანხა შევიდეს ოკუპირებული აფხაზეთის ბიუჯეტში”. იურისტი აკაკი ჩარგეიშვილი მიიჩნევს, რომ ერთი მხრივ კარგია, როდესაც ე.წ. პრეზიდენტი მსგავს განცხადებას ავრცელებს. ამით ოკუპანტ ქვეყანას ეუბნება, რომ ისინი ვერ აკონტროლებენ იმას, რაც ოკუპირებულია...” - აღნიშნავს გამოცემა.

“ფაქტია, რომ კონტრაბანდას აქვს ადგილი როგორც ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოში, ისე - პირიქით. კონტრაბანდა პირობითი ნათქვამია, რადგან საზღვარი არ არსებობს. აფხაზეთის მხრიდან ამას ახორციელებს ის ხალხი, ვისაც “ადგილობრივ ხელისუფლებაში” აქვს კონტაქტები და სერიოზული გავლენა. ბჟანიას უნდა, რომ ყველა ეს გზა გადაკეტოს და სავარაუდო ვერსიაა, ხელში ჩაიდგოს გარკვეული შემოსავლები კონტრაბანდიდან. რამდენადაც ვიცი, ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოში მასობრივად სიგარეტი შემოდის. გარდა ამისა, თხილიც შემოაქვთ, რადგან იქ გადამამუშავებელი ქარხნები არ არის. ალბათ, მანდარინიც. ძირითადად ეს არის, რაზეც შეიძლება, ლოგიკურად ვიმსჯელოთ. შეიძლება აგრეთვე, რუსეთიდან, აფხაზეთის გავლით, რამე შემოჰქონდეთ, რაშიც ჩვენებიც და იქაურებიც დაინტერესებული არიან. საქართველოდან შედის კვების პროდუქტები, რადგან აფხაზეთში სურსათი საკმაოდ ძვირია. ერთი პერიოდი გადიოდა ყურძენი. იმისათვის, რომ რეგიონში შიმშილი არ იყოს, აქედან ხდება შეტანა. გალისა და ოჩამჩირის რაიონები უმეტესად ზუგდიდიდან მარაგდება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ცქიტიშვილი.

“ბჟანიას განცხადება, ერთი მხრივ, არის აღიარება, რომ ისინი ოკუპაციაში მყოფ “სახელმწიფოს” ვერ აკონტროლებენ. არ იციან, რა მოცულობაზე აქვთ საუბარი და აბსტრაქტულ ციფრებს ასახელებენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური თვალსაზრისით. ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ ხდება ადმინისტრაციული საზღვრის გაკონტროლება. შესაბამისად, ეს მეტყველებს, რომ ის, რასაც ისინი კონტროლს ეძახიან, რეალურად არ გააჩნიათ და ეს არის სისუსტე და პრობლემა, რაც თავს ისედაც იჩენდა. აღიარება გულისხმობს, რომ ბჟანია რუსეთსაც ეწინააღმდეგება და მასაც ეუბნება, რომ ისინი ვერ ახერხებენ კონტროლს. მათ მიმართ საყვადურის ტონიც ჩანს, რადგან ისინი არიან აფხაზეთის ბატონ-პატრონები და არა - თავად აფხაზები. რეალურად ეს არის ამ განცხადების პოლიტიკური ნაწილი და შინაარსი. ასევე, სააშკარაოზეა გამოტანილი ის სოციალური და ეკონომიკური პრობლემები, რომლებსაც ე.წ. დე ფაქტო მთავრობა თავს ვერ ართმევს. ძალიან კარგია, რომ ბჟანია ასეთ განცხადებას ავრცელებს, რადგან ის ამით რუსეთს პირდაპირ საყვედურობს, რომ ისინი ვერ უვლიან იმას, რაც საქართველოსგან ოკუპირებულია”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას აკაკი ჩარგეიშვილი.

“ნათელაშვილის ფანჩატური დარჩა ფანჩატურად” - იგორ კვესელავა

“ეს იყო დროებითი გაერთიანება და ნათელაშვილის ფანჩატური დარჩა ფანჩატურად. სხვა პერპექტივა არ ჰქონდათ, რადგან ყველა მათგანს აქვს მხოლოდ უაზრო პრეტენზიები პირველობაზე” - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი იგორ კვესელავა “გაერთიანებულ ოპოზიციაში” საერთო მაჟორიტარების პროექტის ჩავარდნის პროცესს. მომავალ არჩევნებში მაჟორიტარობის კანდიდატების შერჩევაში მონაწილე ოპოზიციური პარტიების რაოდენობა დღითიდღე მცირდება. ოპოზიციურ სპექტრს გამოეყო ირაკლი ოქრუაშვილის “გამარჯვებული საქართველო” და საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარობის კანდიდატების დამოუკიდებლად წარდგენას აპირებს. მანამდე მაჟორიტარობის ერთიანი კანდიდატების შერჩევის პროცესიდან გასვლის შესახებ ღიად განაცხადა მოძრაობამ “ლელო საქართველოსთვის”. მოსალოდნელია, რომ ამ ფორმატიდან ბურჯანაძეც გავიდეს. მაჟორიტარობის ერთიანი კანდიდატების შერჩევის საკითხზე კონსულტაციებს ჯერჯერობით აგრძელებენ “ნაციონალური მოძრაობა”, “ევროპული საქართველო” და ლეიბორისტული პარტია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “ნათელაშვილის ფანჩატური დარჩა ფანჩატურად” - იგორ კვესელავა.

“კიდევ ბევრ რამეს ნახავს საზოგადოება არჩევნებამდე, რა დომხალიც ტრიალებს ოპოზიციაში. გასაკვირი არ უნდა ყოფილიყო ის, რომ მაჟორიტარებზე და თუ ვინ იქნებოდა სიის პირველ რიგებში ერთმანეთის ბრდღვნას დაიწყებდნენ. სხვანაირად ეს არ მოხდებოდა, ეს იყო დროებითი გაერთიანება, რადგან ამათ ყველას აქვთ უაზრო პრეტენზიები პირველობაზე. ხელისუფლებაში დასაბრუნებლად კი ყველა მეთოდს იყენებენ. ფიქრობენ, რომ აქვთ კავშირები, ერთი ორი რომ შეაგულიანებთ, “მიდით, ბიჭებო, ჩვენ აქ ვართო”, მაგრამ მერე აღმოჩნდება, რომ მათ გვერდით აღარ არიან, რადგან უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში არავინ ჩაერევა. ასევე ჰგონიათ, რომ ქმნიან ახალ ქართულ პოლიტიკას, მერე ვინ ქმნის - ოქრუაშვილი, უგულავა, ბოკერია თუ სხვები; რა დაუთესიათ, ან რა მოუმკიათ? ასე რომ, ნათელაშვილის ფანჩატური დარჩა ფანჩატურად. რურუას გამო საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს თუ არ დაუჭერენ, ნუ დაუჭერენ, არჩევნები მაინც ჩატარდება და ოპოზიციას არანაირი შანსი არა აქვს დაბრუნდეს ხელისუფლებაში; ამას ვამბობდი ერთი წლის წინ, ვამბობ ახლა და მომავალშიც ვიტყვი. დამისახელეთ ნებისმიერი, ვინც ხმას მისცემს ან რომან გოცირიძეს, ან ვაშაძეს, სამადაშვილს, ნადირაშვილს...”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას იგორ კვესელავა.

“შალვა ნათელაშვილმა შეიძლება ორი-სამი კაცი გაიყვანოს მომავალ პარლამენტში. 5 კაცი გაიყვანონ ნაციონფლებმა. ბოკერიამ 3 კაცი... “ოცნებას” კი უკვე ჯიბეში უდევს 51%-ი. ეს ერთი მხრივ იმითაც არის განპირობებელი, რომ ძალიან სუსტი ოპოზიცია ჰყავს. რაც შეეხება გახარიას პოლიტიკურ მომავალს, ასე რომ წუხს ოპოზიცია, ორშაბათს იწყებენ და მეორე ორშაბათამდე გაიძახიან, გახარია გადაგებაო. თუ გახარია თანამდებობას დატოვებს, ეს უკიდურესი აუცილებლობით იქნება გამოწვეული, რათა მისი გამოცდილება გამოყენებული იქნას პარტიის გასაძლიერებლად. პარტია “ოცნებას” კი მართლაც სჭირდება გაძლიერება,” - დასძენს კვესელავა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა