მითები და რეალობა ჰესების შესახებ

გლობალური დათბობის პირობებში აქტუალური გახდა უნახშირბადო ენერგეტიკის განვითარება. საუბარია ელექტროსადგურებზე, რომლებიც შეზღუდული რაოდენობის საწვავს იყენებენ და არ აფრქვევენ სათბურის აირებს. სწორედ ასეთია ჰიდროენერგეტიკა, რომელიც XIX საუკუნუში გაჩნდა და სხვა ნედლეულზე მომუშავე ელექტროსადგურებს მნიშვნელოვან კონკურენციას უწევს.

მაგალითისთვის, ჩინეთის ჰიდროელექტროსადგური „სამი ხეობა“, რომელიც უდიდესია მსოფლიოში, 22,5 გვტ სიმძლავრისაა. ეს 2,7–ჯერ აღემატება ყველაზე მძლავრი ატომური ელექტროსადგურის გამომუშავებას და 3,4–ჯერ მეტია ყველაზე მსხვილი თბოელექტროსადგურის სიმძლავრეზე.

და მაინც, რა არგუმენტებით ებრძვიან აბსოლუტურად განახლებად ენერგიაზე მომუშავე ჰიდროელექტროსადგურებს?

მითი #1 – „ჰესი იწვევს ბუნებრივ კატაკლიზმებს“.

რეალობა #1 – წყალსაცავიანი ჰესები, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში, წყალდიდობებისგან საიმედო დაცვას წარმადგენს. წყალუხვობისას წყალსაცავიან ჰესებში ხდება მოვარდნილი მასის აკუმულირება და გარდაქმნა ელექტროენერგიად, რომელიც შემდგომ მდინარეებში წყლის დონის კლების პერიოდშიც გამოიყენება. შედეგად, ადიდებული მდინარეები ვეღარ ანგრევენ გზებს, ხიდებს, საცხოვრებელ სახლებს.

მაგალითისთვის კვლავ „სამი ხეობის“ ჰესი მოვიყვანოთ: მშენებლობის იდეა ჯერ კიდევ 1919 წელს გაჩნდა, მისი აშენება ჩინეთის ყველა დროის ხელისუფლებებს სურდათ, მაგრამ ომებისა და კაპიტალის უქონლობის გამო ეს ვერ ხერხდებოდა. ჰესი მხოლოდ გასული საუკუნის მიწურულს აშენდა. ესოდენ მასშტაბური კაშხლის მშენებლობის სასარგებლოდ მთავარ არგუმენტად 1954 წლის დამანგრეველი წყალდიდობა იქცა, რომელსაც 30 000 ადამიანი ემსხვერპლა.

ელექტროენერგიის წარმოების გარდა, ჰესის მისიას კაშხლის შემდგომ ხეობაში უზარმაზარი ფართობების დაცვაც წარმოადგენს. წყალსაცავის საერთო მოცულობა 39 კუბური კილომეტრია, რაც სავსებით საკმარისია წყალდიდობების სარეგულირებლად. შესაბამისი დაანგარიშების თანახმად, კაშხლის მშენებლობის შემდეგ წყალმოვარდნების 10%–იანი ალბათობა 1%–მდე მცირდება. 2010 წელს „სამი ხეობის“ კაშხალმა ბოლო 130 წლის მანძილზე უდიდეს წყალდიდობას გაუძლო (70 000 კუბური მეტრი წამში). ამ პერიოდში კაშხლიდან მხოლოდ 40 000 კუბური მ/წმ წყალი გადაედინებოდა, ხოლო დანარჩენი წყალსაცავში აკუმულირდებოდა. ამით ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადარჩა და მრავალმილიარდიანი ზარალი თავიდან იქნა აცილებული.

სადღეისოდ საქართველოში 7 წყალსაცავიანი ჰესი ოპერირებს და სამომავლოდ მათ კიდევ სამი დაემატება, მათ შორის - ნენსკრა ჰესი, რომელსაც მესტიის მუნიციპალიტეტში ხშირი წყალმოვარდნების თავიდან აცილება შეუძლია.

მითი #2: „ჰიდროენერგია არ არის ენერგიის განახლებადი წყარო“.

რეალობა #2 – ჰიდროენერგეტიკის საერთაშორისო ასოციაციიის (IHA) ინფორმაციით, ჰიდროენერგია მსოფლიოში არსებული ენერგოწყაროებიდან ერთ-ერთი ყველაზე სუფთა რესურსია. მას 1 კვტ.სთ ელექტროენერგიის გენერაციაზე ნახშირორჟანგის (CO2) ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ემისია აქვს. ასოციაციის კვლევის შედეგების თანახმად, ქვანახშირის ნაცვლად ჰიდრორესურსის გამოყენება ყოველწლიურად ჰაერის 4 მილიარდი ტონა სათბურის აირებით დაბინძურებას გამორიცხავს და ატმოსფეროში გაფრქვეულ გლობალურ ემისიებს 10%-ით ამცირებს. (წყარო: www.hydropower.org)

მითი #3 – „მსოფლიოს მოწინავე ქვეყნები ჰესებს აღარ აშენებენ“.

რეალობა #3 – ჰიდროგენერაციის ახალი ობიექტები ყოველწლიურად შენდება. ჰიდროენერგეტიკის საერთაშორისო ასოციაციის (IHA) ოფიციალური მონაცემებით, 2018 წელს მსოფლიოს ჯამში 21.8 გიგავატი (გვტ) დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურები შეემატა. აქედან 9.2 გვტ მოდის აღმოსავლეთ აზიისა და ოკეანეთის ქვეყნებზე, 4.9 გვტ - სამხრეთ ამერიკაზე, 4.0 გვტ - სამხრეთ და ცენტრალურ აზიაზე, 2.2 გვტ - ევროპაზე, 1.0 გვტ - აფრიკაზე, 0.6 გვტ - ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაზე.

სადღეისოდ მსოფლიოში ჰიდროენერგეტიკის ინდუსტრია 2 მილიონზე მეტ ადამიანს ასაქმებს. კიდევ უფრო მეტი ადამიანია დასაქმებული ელექტროენერგიის მიწოდებისა და განაწილების კომპანიებში. (წყარო: www.hydropower.org)

მითი #4 – „მზისა და ქარის ენერგია, ჰიდროენერგიასთან შედარებით, უფრო იაფია“.

რეალობა #4 – განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IRENA) ოფიციალური მონაცემებით, ჰიდრორესურსები ელექტროენერგიის საწარმოებლად მსოფლიოში ყველაზე იაფ წყაროს წარმოადგენს. (წყარო: www.irena.org)

ცნობისთვის: 2019 წლის მონაცემებით, საქართველოში ელექტროენერგიის წლიური მიწოდების 66% მარეგულირებელ, სეზონურ და მცირე ჰესებზე მოდის. ეს - იმ პირობებში, როდესაც ქვეყნის ჰიდრორესურსების მხოლოდ 22%–ია ათვისებული.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით