რამაზ საყვარელიძე - პროპორციული საარჩევნო სისტემა კიდევ უფრო მარცხიანს გახდის ოპოზიციის მდგომარეობას

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

- ბატონო რამაზ, საპარლამენტო არჩევნებამდე 5 თვეა დარჩენილი, მაგრამ უკვე ვხედავთ, რომ პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა ყოველ დღე მატულობს. უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ბევრი წინასაარჩევნო პერიოდის მომსწრეა საქართველოს მოსახლეობა, მათ შორის ჩვენც.

ბევრი რამ გვახსოვს, ზოგი ისტორიული მნიშვნელობის, ზოგი კარგად გასახსენებელი, ზოგი დრამატულიც და ზოგიც საკმაოდ ცუდად გასახსენებელიც.

რადგან ჩვენი საუბარი ძირითადად წინასაარჩევნო პერიოდის თავისებურებებს უნდა შეეხოს, კითხვას ასე დავსვამდი - თქვენი დაკვირვებით, 2020 წლის წინასაარჩევნო პერიოდზე საუბრისას წინა წლების არჩევნებთან შედარებით რა განსხვებებსა და რა ტიპის მსგავსებებზე შეიძლება საუბარი?

- მართლაც, გამოცდილება ბევრნაირი გვაქვს. ზოგჯერ გვქონდა „ცვლილების არჩევნები“, რომლისგანაც ძირეულ სიახლეს ელოდა მოსახლეობა, ბოლო ხანების მაგალითებია 2004, 2008 თუ 2012 წლების არჩევნები. უმეტესად გვქონდა ხოლმე „შენარჩუნების არჩევნები“, როცა ძველს ვიტოვებდით, რადგან შემოთავაზებული ახალი ალტერნატივა არსებულ ხელისუფლებაზე უარესი იყო.

„შენარჩუნების არჩევნები“ გვქონდა ბოლო ხანებში და არა იმიტომ, რომ ხელისუფლებით კმაყოფილი იყო ყველა. უმრავლესობა „ოცნების“ შენარჩუნებისთვის იბრძოდა იმის გამო, რომ ხელისუფლებიდან ერთხელ გაშვებული „ნაციონალები“ უკან არ შემობრუნებულიყვნენ. დღეს ეს ფაქტორი ისევ მოქმედებს, მაგრამ მას ახალი დაემატა.

გამოჩნდა, რომ „ოცნების“ ზრუნვის იმედი საზოგადოებას უნდა ჰქონდეს, თუნდაც პანდემიის დროს, როცა გახარიამ, ექიმებმა და მათ გარშემო მობილიზებულმა მოსახლეობამ უკან ჩამოიტოვეს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები.

დღეს „ოცნების“ მხარდაჭერა მარტო „ნაცების“ შიშით არაა განპირობებული. „ოცნების“ იმიჯში ჩაჯდა, რომ მან იბრძოლა ხალხის გადარჩენისთვის, გაიმარჯვა და თავის რიგებში ჰყავს ამ წარმატებული ბრძოლის მხედართმთავარი. ასეთი სახის რესურსი „ოცნებას“ არასოდეს ჰქონია.

დღეს „ოცნების“ მხარდაჭერა მარტო „ნაცების“ შიშით არაა განპირობებული. „ოცნების“ იმიჯში ჩაჯდა, რომ მან იბრძოლა ხალხის გადარჩენისთვის, გაიმარჯვა და თავის რიგებში ჰყავს ამ წარმატებული ბრძოლის მხედართმთავარი. ასეთი სახის რესურსი „ოცნებას“ არასოდეს ჰქონია

კორონაზე გამარჯვებით და გახარიას ფიგურით განსხვავდება ეს არჩევნები წინამორბედებისგან. ოპოზიციას არც მოქმედებაში და არც სახეებში სიახლე არა აქვს და ამ კომპონენტებით აგებს „ოცნებასთან“.

პროპორციული საარჩევნო სისტემა კიდევ უფრო მარცხიანს გახდის ოპოზიციის მდგომარეობას. ამიტომაა, რომ ოპოზიციის ლიდერები მაჟორიტარობისკენ მიიწევენ და კიდევ უფრო ასუსტებენ საკუთარ პარტიებს. ულიდერო პარტიული სიებიც შეიძლება ამ არჩევნების განმასხვავებელი ნიშანი გახდეს.

პროპორციული საარჩევნო სისტემა კიდევ უფრო მარცხიანს გახდის ოპოზიციის მდგომარეობას. ამიტომაა, რომ ოპოზიციის ლიდერები მაჟორიტარობისკენ მიიწევენ და კიდევ უფრო ასუსტებენ საკუთარ პარტიებს. ულიდერო პარტიული სიებიც შეიძლება ამ არჩევნების განმასხვავებელი ნიშანი გახდეს

- რადგან როგორც ყველაგან, ისე ჩვენთანაც ყველა არჩევნების უმთავრესი საკითხი იყო, შეძლებდა თუ არაა ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნებას, ალბათ სწორიც იქნება, თუ ამ თემებზე მსჯელობას ხელისუფლებაზე საუბრით გავაგრძელებთ.

ჩვენში არჩევნების 30 წლიან გამოცდილებას თუ თვალს გადავავლებთ დაახლოებით ასეთ სურათს მივიღებთ - 1990 წლის არჩევნებიდან მოყოლებული თითქმის ყველა ცვლილება პროგნოზირებადი იყო.

სააკაშვილის მშვიდობიანად ხელისუფლებიდან გასტუმრება ივანიშვილმა იმიტომ შეძლო, რომ ხალხის დიდი უმრავლესობისთვის მისი ხელისუფლება მიუღებელი იყო.

„ოცნების“ 8 წლიანი მმართველობით ბევრი კმაყოფილია, მაგრამ ამომრჩეველთა უმეტესი ნაწილი არა. თუ კვლევებს დავუჯერებთ, როგორც მინიმუმ, ამომრჩეველთა 50%-ზე მეტს ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს ვის მისცემს ხმას. რამდენად აქვს შანსი „ოცნებას“ შევარდნაძისა და სააკაშვილის ხელისუფლებებისაგან განსხვავებით მესამეჯერაც იქნას არჩეული?

- „ოცნება“ განწირულია იმისთვის, რომ მესამეჯერ იქნეს არჩეული, სხვა ვარიანტს არ აჩენს ალტერნატივები. პოლიტიკური მენიუს კერძები ასე აღიქმება საზოგადოების მიერ: უვნებელი („ოცნება“), მავნე („ნაციონალები“ სხვადასხვა ვარიანტით) და უცნობები ორიოდე აქტიური ფიგურით.

რესტორანში საღად მოაზროვნე ადამიანს რომ შესთავაზონ არჩევა უვნებელი, მავნე და უცნობი კერძებიდან, იგი პირველს აირჩევს. სავარაუდოა, რომ იგივე მოხდება პოლიტიკაშიც.

2020 წლის არჩევნების წინ ასეთი ღარიბი მენიუ დიდი ხანია არის და ანალიტიკოსებიც ქმედითი ალტერნატივების აუცილებლობაზე ლაპარაკობდნენ სულ, მაგრამ მათმა შეგულიანებამ შედეგი არ გამოიღო.

2020 წლის არჩევნების წინ ასეთი ღარიბი მენიუ დიდი ხანია არის და ანალიტიკოსებიც ქმედითი ალტერნატივების აუცილებლობაზე ლაპარაკობდნენ სულ, მაგრამ მათმა შეგულიანებამ შედეგი არ გამოიღო

- ბატონი ვახტანგ ძაბირაძე არ გამორიცხავს, რომ „ოცნება“ არჩევნებს მოიგებს, მაგრამ, მისივე აზრით, არჩევნების შემდეგ მას გაუჭირდება ხელისუფლების შენარჩუნება.

აღავის ეპარება ეჭვი, რომ „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი იქნება გიორგი გახარია. მაგრამ, ვინ იქნებიან დანარჩენები ჯერ ცნობილი არაა. იმის გათვალისწინებით, რომ მმართველი გუნდი სულ ცოტა ხნის წინ საკმაოდ საინტერესო და უკვე გამოცდილმა ადამიანებმა დატოვეს, საინტერესოა მოინდომებენ თუ არა „ქართული ოცნების“ შემადგენლობაში გამოსვლას დასავლეთში განათლება მიღებული და დასავლეთზე ორიენტირებული ახალი სახეები.

თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, ვინ შეიძლება აღმოჩდნენ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში?

- ხელისუფლების შენარჩუნებაც იმ მენიუზეა დამოკიდებული, რაც ზემოთ ვახსენე. ფეხბურთის მწვრთნელს სათადარიგო სკამზე თუ ძლიერი მოთამაშე არ ჰყავს, მოედანზე მყოფ ფეხბურთელს ვერ შეცვლის. გაუგებარია როგორ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება, თუ პერსპექტიული შემცვლელი არ ეგულება ხალხს.

გაუგებარია როგორ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება, თუ პერსპექტიული შემცვლელი არ ეგულება ხალხს

რაც შეეხება დასავლური განათლების და ორიენტაციის პიროვნებებს, ისინი ყველა პარტიას დასჭირდება საქმეში, მაგრამ შეიძლება ამომრჩევლების ხმების მოზიდვისთვის ნაკლებად გამოდგნენ, ხალხისთვის უცნობები იქნებიან.

მეორე მხრივ, პოპულარული პიროვნებებიც არაა ჭარბად. შეიძლება უფრო შედეგიანი იყოს რეგიონალური ფიგურების წინ წამოწევა, ვისაც ხალხთან ლაპარაკი შეუძლია მათთვის გასაგები ენით. თანაც, მათი საქმეები გამოდგება მათი შეფასებისთვის.

- რადგან აქტუალური თემაა თუ ვის წარადგენენ 30 მაჟორიტარულ ოლქებში პარტიები, საინტერესოა ვის დაასახელებს მაჟორიტარებად „ქართული ოცნება“. უკვე საუბრობენ იმაზე, რომ მმართველი გუნდიდან მაჟორიტარულ ოლქებში გამარჯვებისათვის იბრძოლებენ დეპუტატები ხუნდაძე და ოქრიაშვილი.

სავარაუდოდ, ვის დაასახელებს „ქართული ოცნება“ მაჟორიტარულ ოლქებში და მათ რიცხვში იქნებიან თუ არა ხელისუფლების ცნობილი სახეები, ვთქვათ იგივე კობახიძე, ღარიბაშვილი ანაც სხვები?

- მაჟორიტარად დასახელებისთვის საჭიროა საკუთარი და მეტოქის კანდიდატების რეიტინგების დადგენა წინასწარ და ამის საფუძველზე მოქმედება. ამგვარი მასალის გარეშე კანდიდატების დასახელება და მათი პროგნოზი შეუძლებელია.

მედიით ცნობილი თუ არის პოლიტიკოსი, ეს ჯერ კიდევ არ გულისხმობს, რომ მას კარგი მხარით იცნობენ. ამას კვლევა უნდა.

- რადგან მეტ-ნაკლებად ხელისუფლების თემა ამოვწურეთ, ახლა შეგვიძლია ოპოზიციის ეზოში გადავიხედოთ და შეძლებისდაგვარად გავერკვეთ თუ რა ხდება ოპოზიციურ ფლანგზე.

რადგან ოპოზიციური ფლანგიც საკმაოდ ჭრელია, მოდით, საუბარი დავიწყოთ „ნაციონალებით“ და მათ ირგვლივ „ლეობორსიტების“ შტაბში ერთი საკითხის გამო გაერთიანებულ პოლიტიკურ ჯგუფებზე.

საუბრები იმაზე, რომ ისინი არჩევნებამდე დავობენ სხვადასხვა საკითხებზე, ანაც იმაზე, რომ ერთმანეთს დაერივნენ, აშკარად გადაჭარბებული ჩანს. მათ არასდროს არ უთქვამთ, რომ ერთ პარტიულ ბლოკში იქნებიან.

რა ხდება „ნაციონალებში“? სავარაუდოდ, რატომ დაბლოკეს „ნაციონალებმა“ ოპოზიციიდან პრემიერის თანამდებობაზე გიორგი ვაშაძის კანდიდატურის დასახელება?

- ლოგიკური არ იქნებოდა „ნაციონალების“ მიერ ვაშაძის კანდიდატურის მხარდაჭრა, ის სხვა პარტიას წარმოადგენს. წესით, თავისი უნდა იყოლიონ.

ნებისმიერ შემთხვევაში ეს დასახელებები ამ ეტაპზე სერიოზულ შთაბეჭდილებას არ ტოვებს, რადგან ყველას გაუელვებს აზრი „ჯერ გაიმარჯვეთო“.

„ევროპულ საქართველოს“ თითქოს მეტი პროფესიული რესურსი აქვს, მაგრამ ამით არ გამოირჩევა, დაახლოებით ანალოგიური რესურსი აქვს „ლელოსაც“. გამოკითხვების შედეგები აჩვენებს, რომ მოსახლეობას ეს რესურსი ნაკლებად იზიდავს

- რაც უფრო ვუახლოვდებით არჩევნების ფინიშს, სულ უფრო იოლია იმის კონსტატირება, რომ „ნაცები“ და „ევროპული საქართველო“ ერთი პოლიტიკური გუნდის წევრებს ნამდვილად არ გვანან.

რა ხდება „ნაციონალებსა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის და სავარუდოდ, რატომ? თქვენი დაკვირვებიათ, ამ ეტაპზე მათ შორის რა განსხვავებებზე შეიძლება საუბარი?

- „ევროპულ საქართველოს“ თითქოს მეტი პროფესიული რესურსი აქვს, მაგრამ ამით არ გამოირჩევა, დაახლოებით ანალოგიური რესურსი აქვს „ლელოსაც“. გამოკითხვების შედეგები აჩვენებს, რომ მოსახლეობას ეს რესურსი ნაკლებად იზიდავს.

სამაგიეროდ, სააკაშვილის ქარიზმატური ფაქტორი უფრო მეტისთვის არის მიმზიდველი. ამგვარი ქარიზმის შექმნა „ევროპულმა საქართველო“-ომ ვერ შესძლო.

მე მგონი, „ლელოს“ პარლამენტში ვნახავთ. ვისურვებდი, რომ მაქსიმალური შანსები ჰქონდეთ, რადგან კარგად ვიცნობ „ლელოს“ ელიტას და იგი იმსახურებს პოლიტიკურ გამარჯვებას

- შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ ასე ჩანს, - იმის გაცხადებით, რომ „ნაციონალები“ თბილისის ორ დიდ ოლქში, გლდანსა და ისანში თავის კანდიდატურებს დააყენებენ, მათ ბევრი თვალსაზრისით სტრატეგიული მნიშვნელობის ნაბიჯი გადადგეს.

სავარაუდოდ, ვინ შეიძლება იყაროს კენჭი გლდანსა და ისანში „ნაციონალებიდან“ და „ოცნებიდან“?

- არ ვფლობ ინფორმაციას, რომელიც ამგვარი კონკრეტულ ვერსიების ჩამოყალიბებაში დამეხმარებოდა.

- ოპოზიციური ფლანგის სიჭრელეზე როცა საუბრობენ, გულისხმობენ იმას, რომ ოპოზიციურ ფლანგზე არიან პრორუსულ პარტიებად მიჩნეული ირმა ინაშვილის „პატრიოტთა ალიანსი“ და ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობა“.

სხვათა შორის, დამკვირვებელთა ნაწილი იმაზეც საუბრობს, რომ „ოცნების“ მხარდამჭერებს შორის, ამ პარტიების გულშემატკივრებიც არიან.

თქვენი დაკვირვებით, 2020 წლის არჩევნებზე რა შანსები აქვთ პრორუსულ ძალებად მიჩნეულ პოლიტიკურ ძალებს?

- ჟურნალისტები და ანალიტიკოსები ჰყოფენ პარტიებს „პრო“-ებად. ვეჭვობ, რომ ამომრჩეველი ამაში ერკვეოდეს. მეტი მნიშვნელობისაა აქტიურობა იმ მიმართულებით, რაც ხალხს სურს.

აქტიურ ინაშვილს ახლა ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. ასევე იყო ბურჯანაძე, როცა აქტიურად ებრძოდა სააკაშვილის შექმნილ სისტემას. აქტიურობას პოლიტიკაში ყოველთვის აქვს შანსი.

- პოლიტიკურ ველზე გააქტიურებულია „ლელო საქართველოსათვის“. „ლელოს“ ლიდერებს რომ საინტერესო იდეები, ხედვები და გამოცდილება აქვთ, ფაქტია. არჩევნებამდე 5 თვით ადრე სავარაუდოდ როგორია არჩევნებში „ლელოს“ შანსები?

- მე მგონი, „ლელოს“ პარლამენტში ვნახავთ. ვისურვებდი, რომ მაქსიმალური შანსები ჰქონდეთ, რადგან კარგად ვიცნობ „ლელოს“ ელიტას და იგი იმსახურებს პოლიტიკურ გამარჯვებას, მაგრამ მათ, ძირითადად, ბიზნესმენებად აღიქვამენ. მიმაჩნია, რომ მათ ლიდფერებს უფრო მეტი შედეგისთვის ბიზნესმენობის სტერეოტიპი აქვთ შესაცვლელი.

თუ ახლადდაფუძნებული პარტიები, რომელთა ლიდერები უკვე ცნობადი აქტივისტები არიაბ, ვინმეს მიუერთდებიან, თავისავე რესურსს დაკარგავენ

- მოძრაობების პოლიტიკურ პარტიებად დარეგისტრების აღლუმი დაიწყო. არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პარტიად დარეგისტრირდა ბრეგაძის „ქართული მარში“, ანა დოლიძის სამოქალაქო მოძრაობა. პარტიის დააფუძნება აქვს დაანონსებული ალეკო ელისაშვილს.

ყველა აცხადებს, რომ არჩევნებში ცაკლე მიიღებს მონაწილეობას.

თქვენი დაკვირვებით, ეს პარტიები ცალკე მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში თუ მაინც გაერთიანდებიან სხვა უფრო მსხვილ პარტიებთან?

- მათთვის ეს არჩევნები პირველია. განსაკუთრებული სიტყვა მათ ჯერ არ უთქვამთ, მაგრამ მათი მთავარი რესურსი სწორედ დამოუკიდებლობაა. თუ ახლადდაფუძნებული პარტიები, რომელთა ლიდერები უკვე ცნობადი აქტივისტები არიაბ, ვინმეს მიუერთდებიან, თავისავე რესურსს დაჰკარგავენ.

პარტიას, რომელსაც მხარდაჭერა არა აქვს და მაინც სურს ხელისუფლებაში მოსვლა, რევულუციის იდეა რომ გაუჩნდეს, გასაკვირი არაა

- „ქართული ოცნება“ საკმაოდ საინტერესო ადამიანებმა დატოვეს. მათმა ნაწილმა ასევე დაანონსა პარტიების დაფუძნება და ცალკე არჩევნებში მონაწილეობა.

თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, რა შედეგი შეიძლება ჰქონდეთ მათ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე?

- დაახლოებით იგივე, რაც ზემოხსენებულ ახლადშექმნილებს.

- წინა ხელისუფლების მმართველობისას „ნაცმოძრაობის“ ერთერთმა სახემ გიორგი არველაძემ ყოფილ თანაგუნდელებს მიმართა და მოუწოდა - „ემზადეთ რევოლიციისთვის“!

მართალია, „ნაციონალების“ ლიდერებმა ყოფილი თანაგუნდელის მოწოდება მხოლოდ მის პირად აზრად მიიჩნიეს, მაგრამ, ბევრი თვლის, რომ ისინი რევოლუციისა და რევანშისთვის ემზადებიან. რამდენად საფუძვლია ამგვარი მტკიცებები?

- პარტიას, რომელსაც მხარდაჭერა არა აქვს და მაინც სურს ხელისუფლებაში მოსვლა, რევულუციის იდეა რომ გაუჩნდეს, გასაკვირი არაა. მით უფრო, თუ ეს პარტია არც ძალის გამოყენებაზე ამბობს უარს.

ამ დონეზე, რევოლუციის ვერსიას მოტივაციური საფუძველი აქვს, მაგრამ სხვა არცერთი ფაქტორი, არც საშინაო და არც საგარეო არ უწყობს ხელს რევოლუციურ სცენარს.

შეუძლებელია ეს არ იცოდნენ ერთხელ რევოლუცია გამოვლილებმა, მაგრამ ისინი არ იმჩნევენ რევოლუციური სცენარის უსუსურობას. ვფიქრობ, მათ საკუთარი რევოლუციური ამომრჩევლის დაკარგვა არ სურთ და მხოლოდ მათი შენარჩუნებისთვის აკეთებენ ამგვარ განცხადებებს.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით