ნათია თურნავა - მთავრობა ადგილობრივი შაქრის წარმოებას მხარდაჭერას რამდენიმე მიმართულებით გაუწევს

საქართველოს მთავრობა ადგილობრივი შაქრის წარმოებას მხარდაჭერას რამდენიმე მიმართულებით გაუწევს, - ამის შესახებ დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აგარის შაქრის ქარხანაში ისაუბრა, სადაც მან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად ქარხანაში განახლებული სამუშაო პროცესი დაათვალიერა.

„ადგილობრივ წარმოებას მეტი მხარდაჭერა სჭირდება, გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიო ბაზარზე მასშტაბები უფრო დიდია, თვითღირებულება კი უფრო დაბალი. რა თქმა უნდა, კონკურენტუნარიანობა რომ შეინარჩუნოს ადგილობრივმა პროდუქციამ და მათ შორის ადგილობრივმა შაქარმა, ამას მხარდაჭერა სჭირდება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის ინფორმაციით, მთავრობის წევრებმა კომპანიის ხელმძღვანელობასთან ერთად დეტალურად განიხილეს ქარხნის ბიზნესგეგმა, მათი თვითღრებულების სტრუქტურა, რომელშიც დიდი წილი ბუნებრივ აირს და ლოგისტიკურ მომსახურებას უჭირავს. ნათია თურნავას განცხადებით, სახელმწიფო წარმოებას სწორედ ამ კომპონენტებში აღმოუჩენს მხარდაჭერას. კერძოდ - ქარხანა შედარებით შეღავათიან ფასში მიიღებს ბუნებრივ აირს და სარკინიგზო მომსახურებას.

„ჩვენ წარმოებას დავეხმარეთ იმით, რომ შედარებით შეღავათიან ფასში მივაწოდეთ ბუნებრივი აირი - ნავთობის და გაზის კორპორაციამ. ასევე საქართველოს რკინიგზა დაპირდა, რომ შეღავათიან ტარიფში გაუწევს ლოგისტიკურ მომსახურებას. ეს სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ წარმოება და აგარის შაქრის ღირებულება იყოს კონკურენტული, მდგრადი, და აქ დასაქმებულმა 500-მდე ადამიანმა ხელფასები დროულად მიიღოს“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, კომპანიის დამფუძნებლის წარმომადგენლის ნიკოლოზ ნათბილაძის განცხადებით, წარმოებისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მთავრობის მიერ გამოცხადებული საშემოსავლო შეღავათები 6 თვის განმავლობაში, რამაც ასევე ხელი შეუწყო ქარხნის ამოქმედებას და კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებას.

აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა