ქართული პრესის მიმოხილვა 10.06.2020

საქართველოში ტურისტული ნაკადების აღდგენის საკითხი დაკონსერვებულია - ზაფხულის სეზონი შიდა ტურისტების ამარა რჩება?!

მოსკოვში ღარიბაშვილის გეგმებს დასცინეს - “მას საკუთარ თავზე ზედმეტად დიდი წარმოდგენა აქვს”

უცხოურ ინვესტიციებში უდიდესი ვარდნაა, წინ უარესი გველოდება

* * *

საქართველოში ტურისტული ნაკადების აღდგენის საკითხი დაკონსერვებულია - ზაფხულის სეზონი შიდა ტურისტების ამარა რჩება?!

“თითოეული თქვენგანს მოვუწოდებს, ვიმოგზაუროთ და დავისვენოთ საქართველოში. ეს იქნება ყველაზე დიდი მხარდაჭერა ამ წელს ჩვენი ეკონომიკისთვის და ჩვენი ტურისტული სექტორისთვის” - ასეთი განცხადებით პრემიერ-მონისტრმა გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ბიუჯეტის განხილვისას მთავრობის წევრებს მიმართა. გახარიამ სხდომაზე ტურიზმის აღდგენასთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, რომ ქვეყნებთან, რომლებთანაც ტურიზმის საკითხზე მოლაპარაკებები თითქმის დასრულებული იყო, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მოულოდნელად გაუარესდა, რის გამოც ამ ქვეყნებიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების აღდგენის საკითხი დაკონსერვებულია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით აეკრძალებათ თუ არა საჯარო მოხელეებს საზღვარგარეთ დასვენება - პრემიერის მიმართვა მთავრობის წევრებს.

“ქვეყნებთან, რომელთანაც მოლაპარაკებები თითქმის ბოლომდე იყო მისული და დასრულებულიც გვქონდა, ამ ქვეყნებში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მოულოდნელად გაუარესდა და ჩვენმა კოლეგებმა თვითონ ჩვენივე ინტერესებიდან, საქართველოს უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით გვითხრეს, რომ ცოტა ხანი დავლოდოთ და ვნახოთ ციფრები როგორი იქნება. ეს ტურბულენტობა დაკავშირებულია არაპროგნოზირებადობასთან. მოგეხსენებათ, რომ ბევრია საუბარი მეორე ტალღაზე, ვაქცინის ერთ თვეში, ერთ წელიწადში ან ორ წელიწადში გამოჩენაზე. ყველას უნდა გვესმოდეს ერთი რამ - რომ თითოეული ჩვენი ნაბიჯი, როგორც ეპიდემიასთან ბრძოლის, ასევე ანტიკრიზისული ეკონომიკური აღდგენის თვალსაზრისით, უნდა იყოს უაღრესად გონივრული, უაღრესად ფრთხილი და უაღრესად გაზომილი ჩვენს ეკონომიკასთან შესაბამისობაში”, - განაცხადა გახარიამ. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო, ეპიდემიოლოგიურად, კრიზისისა და ეპიდემიის რისკების მართვის თვალსაზრისით, ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა და საერთაშორისო ტურიზმის თვალსაზრისით, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად იქნა აღიარებული”, - აღნიშნავს გამოცემა.

“პრემიერი კორონავირუსის რვა ახალ დადასტურებულ შემთხვევას გამოეხმაურა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საუბრები კორონავირუსის დამარცხებაზე უკიდურესად ნაადრევია. “თითქოს არ არის ეს 8 შემთხვევა ბევრი, მეტიც გვქონია, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ 8 შემთხვევიდან 3 გახლავთ სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი, კერძოდ, ბოჭორიშვილის კლინიკის თანამშრომელი. სამწუხაროდ, 2 შემთხვევაში, წარმომავლობის თვალსაზრისით, ჯერ კიდევ გაურკვეველია საბოლოოდ პირველწყარო რა იყო. ფაქტობრივად, ჩვენ კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ რეალურად საუბრები ეპიდემიის დამარცხებასთან დაკავშირებით, როგორც მინიმუმ, უკიდურესად ნაადრევია. ამიტომ, მობილიზაციის კიდევ უფრო მაღალი ხარისხი გვმართებს”, - თქვა გახარიამ.

“უცხოელი ტურისტების მიღება და ქვეყნის საზღვრების გახსნა, როგორც ჩანს, გაურკვეველი ვადით გადაიდო. პრემიერი ამბობს, რომ მიზეზი იმ სახელმწიფოებში დამძიმებული ეპიდვითარებაა, რომლებთანაც საქართველოს მთავრობა მოლაპარაკებებს აწარმოებდა. “რეზონანსი” არაერთ უწყებას დაუკავშირდა, თუმცა მეტზე საუბარი არავის სურს. საქმე იქითკენ მიდის, რომ ზაფხულის სეზონი შიდა ტურისტების ამარა რჩება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით უცხოელი ტურისტები პირველი ივლისიდან საქართველოში ვერ შემოვლენ?! / საერთაშორისო ვიზიტორების მიღების დრო გადაიწევს და, სავარაუდოდ, მხოლოდ ერთთვიანი საზღვაო სეზონი გვექნება.

“ანტიკრიზისული ბიუჯეტის განხილვის წინ თავისებური მინიშნება გააკეთა პრემიერ-მინისტრმა - გახარია თქმით, ქვეყნებში, რომლებთანაც ტურიზმის საკითხებზე მოლაპარალება თითქმის დასრულებული იყო ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მოულოდნელად გაუარესდა. დღემდე რთულია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოს მეზობელ ქვეყნებში და ნაკლებად იყო მოლოდინი, რომ ამ ქვეყნებიდან სტუმრებს მივიღებდით. იმას, რომ ტურიზმის ივლისიდან ვეღარ გაიხსნება ფაქტობრივად ადასტურებს ფინანსთა მინისტრი, რომლის განცხადებით “ზოგიერთ ქვეყანასთან მიმოსტვლის აღდგენას ვაპირებდით და ახლა შეიძლება ასე აღარ მოხდეს”. 3 კვირაში უცხოელი ტურისტების მიღება არარეალურად მიაჩნია ტურიზმის სფეროს სპეციალისტს, პროფესორ ნიკა კვარაცხელიას, რომლის აზრით წელს მხოლოდ ერთთვიანი საზღვაო სეზონი გვექნება და სტუმრები მხოლოდ აგვისტოში თუ ჩამოვლენ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ვითარება ისეთია, რომ ტურიზმზეც აზრი ექიმბეს უნდა ვკითხოთ და არა ჩვენი სფეროს სპეციალისტებს. სავარაუდოდ, ვიზიტორბის მიღება ერთი თვის დაგვიანებით, აგვისტოში მოხდება და საერთაშორისო დამსვენებლებისათავის მოკლე ერთთვიანი საზღვაო სეზონი გვექნება, რადგან სწავლა და სამუშაო რეჟიმი ყველგან სექტემბრიდან იწყება. გარდა ამისა, ჩამოსვლის სურვილს ანელებს რეგულაციები, რომლებიც მთელ ქვეყანაში მოქმედებს. ასე რომ, დამაიმედებელი ნამდვილად არაფერი ელის წელს ტურიზმს საქართველოში”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა კვარაცხელია.

მოსკოვში ღარიბაშვილის გეგმებს დასცინეს - “მას საკუთარ თავზე ზედმეტად დიდი წარმოდგენა აქვს”

“საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ საქართველომ შესაძლოა ავიამოერიშე “სუ-25”-ების წარმოება განაახლოს, მოსკოვში ირონიით შეხვდნენ. რუსი ანალიტიკოსი აცხადებს, რომ ეს შეუძლებელია და რომ ღარიბაშვილს ზედმეტად მაღალი თვითშეფასება აქვს. ექსპერტი უსაფრთხოების საქმეში ვახტანგ მაისაია ამას კრემლის საინფორმაციო ომის ნაწილად მიიჩნევს და ღარიბაშვილს ურჩევს, “სუ-25”-ების წარმოებაში სუამ-ის ქვეყნების (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი და მოლდოვა) პოტენციალი გამოიყენოს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით მოსკოვში ღარიბაშვილის გეგმებს დასცინეს - “მას საკუთარ თავზე ზედმეტად დიდი წარმოდგენა აქვს”.

“ექსპერტი საავიაციო საკითხებში ოლეგ პანტელეევი აცხადებს, რომ საქართველო “სუ-25”-ის ძირითადი ნაწილები მხოლოდ რუსეთში იწარმოება და საქართველო ამ ავიგამანადგურებლის დამოუკიდებლად წარმოებას ვერანაირად ვერ შეძლებს. “ღარიბაშვილის განცხადება იმაზე მეტყველებს, რომ მას საკუთარ თავზე ზედმეტად დიდი წარმოდგენა აქვს. როდესაც საუბარია მაღალტექნოლოგიურ წარმოებაზე, როგორც წესი, წარმოების საზღვარგარეთ გატანა არ ხდება. აქედან გამომდინარე გასაგებია, რომ საქართველოს არც ჰქონია და არც აქვს შესაბამისი კომპეტენცია საფრენი აპარატების, საავიაციო ძრავებისა და სხვა დეტალების დამუშავებისათვის. აქედან გამომდინარე, ავიაპროდუქციის წარმოებაზე საუბარი რთულია”, - განაცხადა პანტელეევმა. მისი ცნობით, თავის დროზე თბილისის ავიამშენებელი ქარხანა მხოლოდ საავიაციო პროდუქციის აწყობის საბოლოო ადგილი იყო, სადაც უბრალოდ ჩაჰქონდათ საფრენი აპარატების მზა დეტალები და ნაწილები და თბილისში მხოლოდ თვითმფრინავების აწყობა ხდებოდა. ვახტანგ მაისაია კი საქართველოში „სუ-25"-ების წარმოაბის აღდგენის პერსპექტივას ხედავს და მიიჩნევს, რომ ამისთვის სპეციალური ღონისძიებების გატარებაა საჭირო”, - აღნიშნავს გამოცემა.

“სუ 25”-ებს საბჭოთა კავშირის პერიოდში ორი ქარხანა უშვებდა - თბილისის საავიაციო და ულიანოვსკის სამხედრო საავიაციო ქარხანა. ორივეში ხდებოდა საფრონტო ტაქტიკური ბომბდამშენების აწყობა. რა თქმა უნდა, თვითმფრინავის აწყობა მთელი ციკლია, სხვადასხვა ტიპის დეტალები და კონსტრუქციები საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქვეყნიდან მოდიოდა და ეს იყო ერთიანი სისტემა. როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, საქართველოს ეს პოტენციალი გარკვეულწილად ჰქონდა და უშვებდა კიდევაც “სუ-25”-ებს. რაღაც მომენტი ჩვენ გავქაჩეთ. რუსეთი დიდი ქვეყანაა და ბუნებრივია, ამის აღდგენა შეძლო, საქართველოს კი ბუნებრივია, რომ ასეთი ფუფუნება არ ჰქონდა. ამას კიდევ იმან შეუშალა ხელი, რომ ედუარდ შევარდნაძის პერიოდში საეჭვო პროცესები დაიწყო - საავიაციო ქარხნის გაყიდვა უნდა მომხდარიყო. მიხეილ სააკაშვილის პერიოდში კი ეს მიმართულება საერთოდ ჩავარდა, რაც ჩვენი ყველაზე დიდი შეცდომა იყო”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს ემბარგო გამოუცხადა, რომლის მიხედვითაც, სააკაშვილს ნატო-ს ნებისმიერი წევრი სახელმწიფოსგან შეიარაღების შესყიდვა აეკრძალა. ობამას ამის სრული საფუძველი ჰქონდა იმიტომ, რომ სააკაშვილის რეჟიმის პირობებში, როცა ჩვენს წინააღმდეგ რუსეთის აგრესია განხორციელდა, სააკაშვილის მაშინდელმა გაერთიანებულმა შტაბმა და თავდაცვის სამინისტრომ არათუ ვერ უზრუნველყო, არ უზრუნველყო გატანილი და განადგურებული ყოფილიყო და მტერს არ ჩავარდნოდა ხელში ის ახალი ტექნოლოგიები, რომლებიც იმ პერიოდში ნატო-ს წევრმა სახელმწიფოებმა საქართველოს მისცეს. ეს ახალი ტექნოლოგიები რუსებმა ფაქტობრივად უფასოდ მიიღეს და ეს დიდი წყრომის საფუძველი იყო. ისრაელმა სააკაშვილის რეჟიმთან ურთიერთობა მაშინვე გაწყვიტა, ობამამ სრული ემბარგო გამოუცხადა” - განაგრძობს რესპონდენტი.

“როგორც ჩანს, ღარიბაშვილის განცხადება მათ გულზე მოხვდათ. “სუ 25”-ების წარმოების აღდგენის პროცესში საქართველოს ურთიერთობა ალბათ უკრაინასთან ექნება, მას ავიამშენებლობის საკმაოდ მძლავრი საფუძვლები გააჩნია. ბელარუსთან რამდენად ექნება, ვერ გეტყვით. შეუძლია აზერბაიჯანთან განავითაროს. მე თავდაცვის მინისტრს მივმართავ, რომ იგივე სუამ-ის პოტენციალი გამოიყენოს. ჩვენი ლეგენდარული “სუ-25”-ების აღდგენისა და წარმოების საქმეში, ასევე ისრაელთანაც უნდა აღვადგინოთ ამ მხრივ ურთიერთობა, რომ ეს პოტენციალი განვავითაროთ”, - მიიჩნევს ვახტანგ მაისაია.

უცხოურ ინვესტიციებში უდიდესი ვარდნაა, წინ უარესი გველოდება

“2020 წლის პირველმა კვარტალმა სავალალო შედეგი მოიტანა - პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 41.7 %-ით შემცირდა. წლის დასაწყისში, პირველ ორ თვეში, კორონავირუსის პანდემია არ იყო მძლავრად მოდებული მსოფლიოში და თითქმის საერთოდ არ ფიქსირდებოდა საქართველოში. მიუხედავად ამისა, ვარდნა კატასტროფულია. გაცილებით უარესი იქნება მეორე კვარტალი. რა წილი აქვს პანდემიას შემცირებულ ინვესტიციებში და რა წილი - მთავრობის ნაბიჯებსა და ქვეყნის ეკონომიკურ გარემოს, “რეზონანსთან” სპეციალისტები საუბრობენ. წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წლის 1-ელ კვარტალში 165.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის 1-ლი კვარტალის წინასწარ მონაცემებზე 41.7 პროცენტით ნაკლებია - იანვარ-მარტში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა ყველაზე დაბალია 2009 წლის შემდეგ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით უცხოურ ინვესტიციებში უდიდესი ვარდნაა, წინ უარესი გველოდება.

“კერძოდ, 2019 წლის 1-ელ კვარტალში 283.6 მლნ აშშ დოლარი შემოვიდა, 2018 წლის ამავე პერიოდში - 323.5 მლნ დოლარი; 2017-ში - 411.7 მლნ დოლარი; 2016 წლის 1-ელ კვარტალში - 392.2 მლნ დოლარი; 2015 წლის საანგარიშო პერიოდში - 343.4 მლნ დოლარი; 2014-ში - 331.9 მლნ დოლარი; 2013 წლის ამავე პერიოდში - 291.8 მლნ დოლარი; 2012 წლის 1-ელ კვარტალში - 312.4 მლნ დოლარი; 2011-ში - 222.6 მლნ დოლარი; 2010 წლის 1-ელ კვარტალში - 176.1 მლნ დოლარი; ხოლო 2009 წლის საანგარიშო პერიოდში - 114.5 მლნ აშშ დოლარი. ეკონომიკის დოქტორი რამაზ გერლიანი “რეზონანსთან” აღნიშნავს, რომ მასშტაბურ კლებაში პანდემიის წილი ნაკლებია და, ძირითადად, არასწორი და არასახარბიელო საინვესტიციო გარემოს დამსახურებაა სავალალო შედეგი. უფრო მძიმე იქნება მომდევნო 3 კვარტალის შედეგი”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ეს არის მუდმივი ვარდნის სამწუხარო ტენდენცია, რომელიც ბოლო წლებში სახეზეა. კლება იყო მოსალოდნელი, თუმცა ასეთ დიდ მასშტაბებზე, რასაკვირველია, თავისი როლი ითამაშა კოვიდ პანდემიამაც. მიუხედავად იმისა, რომ პირველი კვარტალის ორ თვეში არ იყო ჩვენთან ვირუსის გავრცელება, მაინც არსებობდა მოლოდინი, როგორც ევროპის მთელ კონტინენტზე, ისევე საქართველოში, რომ ინფექცია შემოიჭრებოდა. ასეთ შემთხვევაში, როგორც წესი, საერთაშორისო ინვესტორები ფრთხილობენ. უნდა ითქვას ისიც, რომ ინვესტორები ერთ და ორ დღეში არ იღებენ გადაწყვეტილებებს. შესაბამისად, კლება არასწორი ეკონომიკური პოლიტიკით და არასწორი ფუნდამენტის მომზადებით უფროა განპირობებული. წინასწარ რთულია და არასწორიც პროგნოზის გაკეთება, მაგრამ ნამდვილად სავარაუდო იყო ეს შედეგი, რაშიც მცირედი წვლილი კორონავირუსსაც აქვს. არასწორი და ცუდი საბაზრო პირობები, ლიკვიდურობის არქონა, კაპიტალიზაციის დაბალი დონე - ეს არის ინვესტიცების ნაკლებობის ძირითადი მიზეზები. როგორც წესი, არავის სურს ასეთ პირობებში ფულის ჩადება. საქართველოს საერთაშორისო ინდექსებშიც ბოლო ორი წლის განმავლობაში ჰქონდა კლება და, შესაბამისად, ამას ინვესტორებიც უყურებენ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ გერლიანი.

“დღეს საქართველოს უკვე აღარ აქვს სახარბიელო მდგომარეობა საინვესტიციო მიმზიდველობის თვალსაზრისით. შესაბამისად, წლის დარჩენილ პერიოდშიც აუცილებლად ვარდნა გვექნება, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნე, ერთ და ორ დღეში არ წყდება ინვესტიციების დაბანდების საკითხი... ორი ძირითადი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომლებიც საქართველომ უნდა გადადგას, ეს არის კერძო საკუთრების სრულად ფორმირება და, პარალელურად, საგადასახადო ლიბერალიზაცია. ასეთ შემთხვევაში, მართლაც გვექნება ინვესტიციების ბუმი, მით უფრო, როცა საერთაშორისო ბაზარზე არ არის სხვებისათვის სახარბიელო მდგომარეობა. თუ ამ ორი ნაბიჯიდან არც ერთი არ გადაიდგა, საქართველოში ინვესტიციების საკითხი მომავალშიც ბუნდოვანი იქნება. მსხვილი საინვესტიციო პროექტები სრულდება და არ იწყება არაფერი ახალი”, - დასძენს გერლიანი.

“ინვესტიციების კლების ძირითადი მიზეზი იყო ის, რომ ქვეყნების უმრავლესობიდან შემომავალი საინვესტიციო ნაკადები მკვეთრად შემცირდა. ამასთანავე, რამდენიმე შემთხვევაში დაფიქსირდა საქართველოდან ინვესტიციების გადინებაც, რაც ინვესტორთა მხრიდან ვალდებულების მომსახურებას უკავშირდებოდა. შედეგად რამდენიმე ქვეყნიდან, რომლებიც ტოპ ინვესტორთა რიგებში იყვნენ, პირიქით, გამსვლელი საინვესტიციო ნაკადები დაფიქსირდა. მათ შორისაა აზერბაიჯანიც, სადაც საქართველოდან 13.9 მილიონი დოლარი გავიდა. ამაზე უფრო დიდი იყო გამსვლელი საინვესტიციო ნაკადი ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებში და ის მინუს 38 მილიონ დოლარს შეადგენდა. ეკონომისტი სოსო სიმონიშვილი კაპიტალის შემცირებას ტექნიკური მიზეზებითა და დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების დამთავრებით ხსნის. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2019 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში კაპიტალდაბანდებამ 1.267 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის მაჩვენებელთან შედარებით 0.2%-ით მეტია”, - წერს სტატიის ავტორი.

“ასეთი შემცირება, როგორც წესი, არის ტექნიკური მიზეზებით გამოწვეული. ჩვენს შემთხვევაში, ეს არის მსხვილი ინფრასტრუქტურული პროეტების დამთავრება და ეს დროებითი მოვლენაა, არაფერია აქ განსაკუთრებული. თანაც იმ ფონზე, რომ ჩვენ გვახსოვს, რამდენი რამ იდებოდა ანაკლიის პორტში და სწორედ პირველი კვარტალის დასაწყისში შეწყდა ეს პროექტი. მანკიერი მიდგომა, რაც”ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის დღევანდელმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს წარმოადგინა, რომ ინდუსტრიული განვითარების დრო პოსტინდუსტრიულ სამყაროში არ არის, სისტემურად არასწორია. ვფიქრობ, დღევნადელი პრემიერი ამ საკითხს სწორად ხედავს და, შესაბამისად, განვითარების იმედიც მეტია”, - მიიჩნევს სოსო სიმონიშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო