დავით ზალკალიანი გაერო-ს მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი გაეროს მაღალი დონის ღონისძიებაში - ,,გაერო-ს ქარტია 75 წლის შემდეგ: მულტილატერალიზმი დანაწევრებულ მსოფლიოში“ (The UN Charter at 75: Multilateralism in a Fragmented World) მიიღებს მონაწილეობას.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიება სინგაპურის, როგორც მცირე სახელმწიფოთა ფორუმის (FOSS) მომწვევი ქვეყნის ორგანიზებით იმართება.

ღონისძიების ფარგლებში მოხსენებით წარდგებიან გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის პრეზიდენტი, ტიჯანი მუჰამად ბანდე, FOSS-ის თავმჯდომარე, სინგაპურის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვივიან ბალაკრიშნანი, ირლანდიის ყოფილი პრეზიდენტი, მერი რობისონი, გაერო-ს წევრი ქვეყნების სახელმწიფოს, ასევე მთავრობის მეთაურები და საგარეო საქმეთა მინისტრები.

„ღონისძიება მიეძღვნება გაერო-ს ქარტიის 75-ე წლისთავს და მრავალმხრივი დიპლომატიის როლს დღევანდელ მსოფლიოში. აღნიშნულ კონტექსტში, ყურადღება დაეთმობა მულტილატერალიზმის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზების განხილვას. გამოსვლაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ისაუბრებს საერთაშორისო უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე, მდგრადი მშვიდობისა და განვითარების უზრუნველყოფის საქმეში მრავალმხრივი დიპლომატიის როლსა და საერთაშორისო სამართლისა და გაერო-ს პრინციპების უპირობო შესრულების აუცილებლობაზე. მინისტრი, ასევე, ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მძიმე ვითარებასა და რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს, ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაზე. აღსანიშნავია, რომ მცირე სახელმწიფოთა ფორუმი პირველად 1992 წელს, გაერო-სთან სინგაპურის დელეგაციის ორგანიზებით მოიწვიეს და მას შემდეგ, სწორედ სინგაპურის ეგიდით იმართება ყოველწლიურად. ფორუმის მიზანია გაერო-ს წევრი მცირე სახელმწიფოების პოტენციალის გამოყენების ხელშეწყობა და საერთო ინტერესების საკითხებზე პოზიციათა შეჯერება,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო