ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2020

შეძლებს თუ არა ოპოზიცია 20 ივნისს დიდი აქციის გამართვას

შემოდგომიდანაც დისტანციური სწავლება იქნება? – რას ამბობენ განათლების სამინისტროში

პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილთა ნაწილი ფულად დახმარებას ვერ იღებს

* * *

შეძლებს თუ არა ოპოზიცია 20 ივნისს დიდი აქციის გამართვას

“რას აპირებს ოპოზიცია 20 ივნისს და მიიღებს თუ არა თბილისის მერიისგან თანხმობას აქციის ჩატარების მოთხოვნაზე, ჯერჯერობით უცნობია. კონკრეტულად როგორ მოხდება კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე დისტანციის დაცვა და გაითვალისწინებს თუ არა ოპოზიცია იმ რეკომენდაციებს, რომელსაც ჯანდაცის სამინისტრო იძლევა, კვლავ გაუგებარია. აქციაზე ყველა პირბადით უნდა მივიდეს და ორ მეტრიანი დისტანცია მაინც უნდა დაიცვან. როგორც ჩანს “ქართულ ოცნებაში” იმის შიში აქვთ, რომ ოპოზიციამ დისტანციის და უსაფრთხოების დაუცველობის გამო, პოლიციასთან ისევ შეხლა-შემოხლა დაიწყონ. რასაც, არ არის გამორიცხული, კვლავ დაპირისპირება მოჰყვეს. თუმცა ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მსგავსი არაფერი მოხდება და ეს იქნება მხოლოდ 20 ივნისის დღის აღნიშვნა და კიდევ ერთხელ გაპროტესტება იმ უსამართლობის, რაც ე.წ. გავრილოვის ღამეს მოხდა. როგორც ჩანს, 20 ივნისს ხელისუფლებას კვლავ ბეწვის ხიდზე გავლა მოუწევს და განსაკუთრებული სიფრთხილე დასჭირდება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით შეძლებს თუ არა ოპოზიცია 20 ივნისს დიდი აქციის გამართვას.

“მმართველი გუნდი საკანონმდებლო ცვლილებების სატელევიზიო განხილვას 21 ივნისიდან იწყებს. ეს იმას ნიშნავს, რომ 20 ივნისს ოპოზიციას ბოლო ვადა აქვს, შეთანხმებული პროექტი ჩაშალოს და ხალხი ქუჩაში გამოიყვანოს. თუმცა მოვლენები ამ ფორმით განვითარდება თუ არა ორივე მხარეზე იქნება დამოკიდებული. ცნობისთვის, შარშან დემონსტრაცია პარლამენტის შტურმის მცდელობითა და დაშლით დასრულდა. მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებისას დაშავდა 240 ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი. როგორც ჩანს კორონავირუსის ფონზე აქცია ახალ ელფერს იძენს და მმართველ პარტიაში იმაზეც დაობენ, ღირს თუ არა მის ჩატარებაზე ნებართვის გაცემა. მართალია, აკრძალვა აღარ ვრცელდება საპროტესტო აქციებსა და მანიფესტაციებზე, თუმცა ახალგაზრდულმა სამოქალაქო მოძრაობამ “სირცხვილია” უკვე აცნობა მერიას, რომ აპირებს აქციის გამართვას და საჭიროა ზომების მიღება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანმა მოქალაქეებმა, გადავწყვიტეთ მაქსიმალურად დავიცვათ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაცია. ამისათვის აუცილებლად გვჭირდება რუსთაველის გამზირის გადაკეტვა ორი-სამი საათით. ამ თემას ეხება ჩვენი განცხადება თბილისის მერიაში”, - განაცხადა ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა მაქარაშვილმა. მისი თქმით, დღეს არ არსებობს რეგულაცია, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს აქციის ჩატარებას. აქციის ორგანიზატორებისგან მიღებული წინასწარი ინფორმაციით, მონაწილეებს შორის დაცული იქნება დისტანცია. “ჩვენ აუცილებლად შევიკრიბებით რუსთაველის გამზირზე, მიუხედავად იმისა, რომ უკვე მეექვსე თვეა, რაც პარლამენტის ტერიტორია შემოღობილია... თუ ადრე რუსთაველის გამზირის გადასაკეტად საჭირო იყო 5 ათასი ადამიანი, ახლა საკმარისია 500. ჩვენ ვიდგებით დისტანციის დაცვით, ვიქნებით მაქსიმალურად ფრთხილად, გვექნება ნიღბები და სადეზინფექციო საშუალებები“, - აღნიშნა მაქარაშვილმა. თბილისის მერი კახი კალაძე 20 ივნისს აქციის გამართვის ნებართვაზე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს. მერი ამბობს, რომ ვერავის ვერც ნებართვას დართავენ და ვერც აუკრძალავენ”,- განაგრძობს გამოცემა.

“ეს არის მათი უფლება, ჩაატარონ აქცია კონკრეტულ ლოკაციაზე, სადაც ისინი მოითხოვენ”, - ამბობს ის. მერის თქმით, პარლამენტის წინ აქციის გამართვის მსურველებს მიაწვდიან ინფორმაციას, ხომ არ არის დაგეგმილი სხვა ღონისძიება იმავე ლოკაციაზე. “ჩვენ უბრალოდ ვალდებულები ვართ, თუ კონკრეტულ ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტს, ან სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებებს, სხვა პიროვნებებს, სხვა ადამიანების დაჯგუფებებს აქვთ შემოტანილი კონკრეტულ ტერიტორიაზე ნებართვა სხვადასხვა ღონისძიებების წარმართვის, მერია უფლებამოსილია, ვალდებულია, ეს აცნობოს იმ მხარეს, რომელსაც შემოაქვს წერილი”, - ამბობს კალაძე. კალაძე 20 ივნისის ღამის მოვლენებს იხსენებს და კვლავ პარლამენტში შეჭრასა და ოპოზიციის პასუხისმგებლობაზე საუბრობს. “პარლამენტის წინ ვხედავდით ასევე პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც ცდილობდნენ შეცდომაში შეეყვანათ ახალგაზრდები და პარლამენტში შეჭრას, შევარდნას, არეულობის მოწყობას და ამის აღიარებითი ჩვენებებიც არსებობს პირდაპირ სატელევიზიო ეთერებში”, - განაცხადა კახა კალაძემ. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელიც სწორედ 20 ივნისის მოვლენების გამო გადადგა, დაგეგმილ აქციას ეხმაურება და ამბობს, რომ “200 ნაციონალის შეკრება” რთული არ იქნება”, - დასძენს გამოცემა.

“ის აქციის მონაწილეების თავების დათვლას აპირებს. კობახიძე დარწმუნებულია, რომ აქციაზე მხოლოდ პარტიული აქტივი მივა: “შეიკრიბონ რამდენიც უნდათ. იქ იდგება 200 “ნაციონალი”, ყველა სათითაოდ შეგვიძლია დავთვალოთ. ეს უფრო მარტივი იქნება იმის გათვალისწინებით, რომ ისინი გარკვეულ სოციალურ დისტანციას ალბათ, დაიცავენ, თავებიც შეგვიძლია, დავთვალოთ 200 “ნაციონალის” - განაცხადა კობახიძემ. “ევროპული საქართველოს” წევრი სერგი კაპანაძე კი პარლამენტის ექსთავმჯდომარეს ამშვიდებს და ამბობს, რომ წინასწარ ნერვიულობა არ ღირს. “აქციაზე 200-ზე მეტი ადამიანი ნამდვილად იქნება და არც მარტო “ნაციონალები” იქნებიან. მინდა კობახიძე დავამშვიდო და ვუთხრა, რომ უფრო მეტი ხალხი იქნება, ვიდრე ის ელოდება. ამიტომაც წინასწარ ნერვიულობას არ ვურჩევ. ერთხელ მაინც ხომ შეიძლება გაარტყას, სულ ასე აცილებს ხოლმე, როდესაც რამე შეფასებას აკეთებს”, - განაცხადა სერგი კაპანაძემ. “ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე “რეზონანსთან” ამბობს, რომ თავების დათვლა უთავო ადამიანის პრეროგატივაა. გოცირიძე აცხადებს, რომ 20 ივნისის ხსენება ხელისუფლებისთვის იმ ძალადობის და უსამართლობის შეხსენებაა, რომელიც მათ გავრილოვის ღამეს ჩაიდინეს”, - წერს სტატიის ავტორი.

“20 ივნისის ხსენება მათთვის არის შემახსენებელი იმ ძალადობისა და უსამართლობის, რომელსაც ჩადიოდნენ მთელი რვა წლის განმავლობაში, ამიტომ უფრთხიან. მნიშვნელობა არ აქვს ადამიანების რაოდენობას, რომლებზეც ისინი აპელირებენ. ერთიც რომ იდგეს და გავრილოვის სურათი დაიჭიროს, ეს არის საქართველოს ხელისუფლების მახინჯი სახე”, - ამბობს რომან გოცირიძე. “ვაპირებთ 20 ივნისის აღნიშვნას”, – ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა. თუმცა ოქრუაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციაში არ ჩამოყალიბებულან რა ფორმით გაიმართება აქცია პარლამენტის შენობის წინ. მისი თქმით, რამდენად იქნება ეს მასობრივი შეკრება ჯერჯერობით უცნობია. თუმცა დაადასტურა, რომ საზოგადდოებისთვის თბილისის 8 მაჟორიტარობის კანდიდატის ვინაობას დაასახელებენ”- დასძენს სტატიის ავტორი.

შემოდგომიდანაც დისტანციური სწავლება იქნება? – რას ამბობენ განათლების სამინისტროში

“არ არის გამორიცხული, რომ კორონავირუსის მეორე ტალღის შემთხვევაში, საქართველოში სექტემბრიდან სკოლები და უნივერსიტეტები არ გაიხსნას და სწავლა ისევ დისტანციურ რეჟიმში წარიმართოს. “რეზონანსს” განათლების სამინისტროდან წყარო უდასტურებს, რომ უკვე მიმდინარეობს განხილვა, როგორ და რა ფორმით შეიძლება ონლაინ სწავლება განახლდეს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძეც მედიასთან საუბარში არ გამორიცხავს, რომ თუკი სექტემბერში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია რთული იყო და მეორე ტალღა დაიწყო, სკოლები და უნივერსიტეტები არ გაიხსნას და სწავლება კვლავ დისტანციურ რეჟიმში წარიმართოს. პარლამენტმა კი დისტანციური სწავლების შესახებ კანონპროექტს პირველი მოსმენით (82 მომხრე) მხარი დაუჭირა. ცვლილებები “ზოგადი განათლების შესახებ”, “უმაღლესი განათლების შესახებ”, “პროფესიული განათლების შესახებ” და “განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” კანონებში შედის”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით შემოდგომიდანაც დისტანციური სწავლება იქნება? – რას ამბობენ განათლების სამინისტროში.

“საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის თანახმად, განისაზღვრება ტერმინი - დისტანციური სწავლება. წარმოდგენილი რედაქციით, დისტანციურ სწავლებაში მოიაზრება საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ზოგადი/უმაღლესი/პროფესიული განათლების მისაღებად ან/და ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის დასაძლევად ორგანიზებული, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესი, რომელიც არ ითვალისწინებს განსაზღვრულ ადგილას მოსწავლის/სტუდენტის და საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალის ერთდროულად ყოფნას. დისტანციური სწავლების განხორციელებისათვის აუცილებელია კურიკულუმის დაგეგმვის, სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და წარმართვის შესაბამისი მიდგომებისა და მეთოდების გამოყენება. გარდა ზემოაღნიშნულისა, “უმაღლესი განათლების შესახებ კანონში” შესატანი ცვლილებების პროექტის თანახმად, დისტანციური სწავლების განხორციელების მიზნით, თითოეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს დისტანციური სწავლების აპლიკაციის/პლატფორმის შერჩევას და გამართულად გამოყენებას, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება სასწავლო პროცესის ინტერაქტიულად წარმართვა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“საკანონმდებლო ცვლილებებით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის უფლებამოსილებებს ემატება ჩანაწერი, რომ იგი ეპიდემიის/პანდემიის დროს იღებს გადაწყვეტილებას სასწავლო პროცესის შეჩერების, განახლების, აგრეთვე ამ დაწესებულებებში სასწავლო პროცესის დისტანციურად წარმართვის თაობაზე. დისტანციური სწავლების ფორმით წარმართვის წესსაც მინისტრი დაამტკიცებს. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დაჩქარებული წესით იხილება და მისი ინიციატორი მთავრობაა. “დისტანციური სწავლება ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ჩვეულებრივი ატრიბუტი გახდა და არ გამოვრიცხავ, რომ ეს შემოდგომაზე საჭირო კიდევ გახდეს. ამიტომ, ჩვენ უფრო აქტიურად უნდა მოვემზადოთ შემოდგომისთვის. თუ ეპიდსიტუაცია იქნება ისეთი, როგორიც დღეს გვაქვს - შედარებით მშვიდი, სწავლის გადადების საჭიროება არ დადგება. სექტემბერში სწავლა აღდგება, მაგრამ შესაბამისი წესების დაცვით”, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ “POSTV”-ის ეთერში”, - განაგრძობს გამოცემა.

“ისეთი ტიპის თავისუფალი გარემო, როგორიც შარშან სექტემბერში გვქონდა, არ იქნება. სასწავლო პროცესის დაწყებისა და განვითარების უფრო მკაცრი რეგულაციები იქნება”, - თქვა გამყრელიძემ. პედაგოგი ლადო აფხაზავა ამბობს, რომ დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით უკვე ბევრი პრობლემები შეიქმნა და თუკი სექტემბრიდან ისევ ონლაინ სწავლება იქნება, მაშინ ხელისუფლებამ ეს პრობლემები აუცილებლად უნდა გადაჭრას. ამბობს, რომ როდესაც უკვე სკოლიდან დაითხოვეს და ონლაინ სწავლა დაიწყო, ბევრმა მოსწავლემ და მასწავლებელმა სხვადასხვა პლატფორმებზე მუშაობა არ იცოდა. რეგიონში ბევრ ბავშვს ინტერნეტი არ ჰქონდა და ამიტომ ბევრი პრობლემები შეიქმნა”, - დასძენს გამოცემა.

“ონლაინ გაკვეთილებმა დადებითი რაც შესძინა ჩვენს საგანმანათლებლო სფეროს ის არის, რომ ბევრმა მასწავლებელმა ციფრულ პლატფორმაზე მუშაობა ისწავლა. ეს კომპეტენცია დაჩქარებული ტემპით მივიღეთ. შესაძლოა განათლების სამინისტროს პედაგოგებისთვის ტრენინგები ჩაეტარებინა, მაგრამ ამ ხარისხის ცოდნას მაინც ვერ მივიღებდით. ზღვაში აღმოვჩნდით და ცურვა ვისწავლეთ, ასე შეიძლება ითქვას. კიდევ ბევრი უნდა ვისწავლოთ, რომ ჩვენც ბავშვებს მივცეთ ის ცოდნა, რაც ახლა მათთვის აუცილებელია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლადო აფხაზავა. “ჩვენი მოსწავლეები საკმაოდ სტრესულ სიტუაციაში აღმოჩდნენ. სკოლებმა კარგი ის გააკეთეს, რომ ძალიან გადატვირთული პროგრამა არ გააკეთეს და ასეც თუ იქნება ისევ კარგია. ძალიან ბევრ ბავშვს ვიცით, რომ ინტერნეტის ფული არა აქვს და მათთვის კარგი იყო, რომ გაკვეთილების რაოდენობა დღეში 1 საათს არ აღემატებოდა. ჩემს სკოლაში, მაგალითად, დირექტორი სხვადასხვა სასწავლო რესურსებს გვაწვდიდა. მე პირადად ერთი კვირა ონლაინ სწავლება დავაგვიანე, რადგანაც ჩემს მოსწავლეებს ინტერნეტთან ხელმისაწვდომობა არ ჰქონდათ. სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს ვეხმაურებოდი და მარტის თვეში 302 მოსწავლეს ულიმიტო 19 ლარიანი ინტერნეტი ჩავურიცხეთ. მაისში კი 480 მოსწავლე გვყვადა, რომელსაც ინტერნეტი სჭირდებოდა და მათ ულიმიტო ინტერნეტი დავურიცხეთ. მასწავლებლებმა კორპორატიული სიმბარათები იყიდეს, რომ თავისი მოსწავლეებისთვის მიეცათ, რომელთაც ინტერნეტის ყიდვის საშუალება არ ჰქონდათ. ამიტომაც ძალიან მინდა, რომ თუ კი სექტემრიდან ისევ ონალინ სწავლებაზე ვიქნებით, ეს პრობლემები მოგვარდეს“, - ამბობს პედაგოგი.

“განათლების საკითხების ექსპერტი რეზო აფხაზავა კი აცხადებს, რომ ჯერჯერობით არ არსებობს არანაირი კვლევა, რომლის მიხედვითაც დავადგენთ, დისტანციურმა სწავლებამ რა სახის შედეგი მოგვცა, ან რა პრობლემების წინაშე დაგვაყენა. მასწავლებლები მოსწავლეების პირისპირ აღმოჩდნენ და პასუხისმგებლობამ პირდაპირ მათზე გადაინაცვლა. ამიტომაც ამ ადამიანებს დიდი მხარდაჭერა სჭირდებათ, რადგანაც საკმაოდ რთულია ონლაინ გაკვეთილები ატარონ ისეთმა პედაგოგებმა, რომლებსაც ტექნოლოგიებთან ნაკლები შეხება ჰქონდათ და ახლა იძულებულები არიან ის შეისწავლონ”, - წერს სტატიის ავტორი.

“სწავლების მეთოდოლოგიური ჩარჩო საერთოდ შეცვლილია. ამბობენ, რომ ბევრი კერძო სკოლა დისტანციურ სწავლებას კარგად ახერხებს. თუმცა საჯარო სკოლების უმრავლესობას ეს უჭირთ. ამას როგორი შედეგი აქვს, რა ეფექტს იძლევა, არავინ არ იცის, ეს ყველაფერი გასაზომია. ან ონლაინ სწავლებამ მოსწავლეებს ცოდნის რა პროცენტი მისცა, 80%, 70% თუ უფრო ცოტა. არც იმის ილუზია მაქვს, რომ ასე ფორსირებულ რეეჟიმში ამ სისტემის გამართვა მოხდება, მაგრამ გარკვეული პრობლემები უნდა მოგვარდეს. ჩვენს ქვეყანაში განათლების ხელმისწავდომობის პრობლემა გვაქვს და ეს დისტანციური სწავლების დროს უფრო რთულდება. მაღალ კლასებში შესაძლოა ონლაინ გაკვეთილები უფრო ადვილი ჩასატარებელია, მაგრამ თუ კი სექტემბრიდან ისევ დისტანციურ სწავლებაზე გადავალთ, დიდი პრობლემის წინაშე პირველკლასელები და მათი მშობლები აღმოჩდებიან. ამ შემთხვევაში სწავლებაში ისინიც უნდა ჩაერთვნენ. ამიტომაც ეს ყველაფერი დასაგეგმია. თუ კი სექტემბერში არ იყო ცუდი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და დაიწყო სწავლა, მერე ხომ არ მოგვიწევს შეწყვეტა და რას ვაკეთებთ. ანუ სხვადასხვა ვერსიების განხილვა უნდა მოხდეს“, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ექსპერტი რეზო აფხაზავა.

პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილთა ნაწილი ფულად დახმარებას ვერ იღებს

“კორონავირუსის გამო სამსახური უამრავმა ადამიანმა დაკარგა, რის შემდეგაც, მთავრობამ მათთვის დახმარებების გაცემა დაიწყო. თუმცა, როგორც ირკვევა, ყველა შემოსავალდაკარგულს სახელმწიფოსგან დახმარება ჯერ არ მიუღია. ეკონომისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ზოგადად ანტიკრიზისული გეგმაა ხარვეზიანი, რომელიც მოსახლეობის მცირე სეგმენტს მოიცავს. მთავრობის მიერ დაწესებული ფულადი დახმარებების გაცემა უკვე დაწყებულია, მაგრამ ამით ყველა ვერ სარგებლობს. არის კატეგორია, რომელსაც თანხა არ ჩაერიცხა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილთა ნაწილი ფულად დახმარებას ვერ იღებს / “კომპანიებს ჯერ აქვთ სიების წარდგენის ვალდებულება და მონაცემი შეიცვლება”.

“ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერის, გიგლა მიქაუტაძის განცხადებით, ის ადამიანები, ვინც აპრილში დაკარგეს ოფიციალური სამსახური, ვერ იღებენ 200-ლარიან დახმარებას იმ მიზეზით, რომ მათ მარტის ხელფასი აპრილის პირველ რიცხვებში ჩაერიცხათ. “მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა მიზერულ დახმარებებს ითვალისწინებს შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადამიანებისთვის, თუნდაც ის დაპირებული 200 ლარი ბევრი ადამიანისთვის მნიშვნელოვანი თანხაა. მოვუწოდებ ფინანსთა სამინისტროს დახმარების გაცემისას შეისწავლოს უმუშევრად დარჩენილი ადამიანების პირველი კვარტალის შემოსავლები და არ იხელმძღვანელოს მხოლოდ საბანკო ჩარიცხვებით. სხვა შემთხვევაში, ათასობით თანამოქალაქე უსამართლოდ დარჩება დაპირებული მინიმალური დახმარების გარეშე”, - აღნიშნა მიქაუტაძემ. არსებობენ ისეთი ადამიანებიც, ვინც სამსახური კოვიდ-19-ისგან დამოუკიდებელი მიზეზით დაკარგეს და ბუნებრივია, ისინი სახელმწიფოსგან ფულად დახმარებას ვერ მიიღებენ. სავარაუდოდ, ამ ფაქტორს უკავშირებს საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე სამსახურიდან წასულთა შესახებ მონაცემის უქონლობას”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ადამიანმა დახმარება თუ ვერ მიიღო, არ ნიშნავს, რომ მიზეზი ყოველთვის კოვიდ-19-ს უკავშირდება. კომპანიებში მუდმივად ხდება სხვადასხვა მიზეზით თანამშრომლების დათხოვნა, მიღება და ა.შ. შეიძლება ისიც, რომ დასაქმებულმა დაწერა განცხადება და წავიდა. შემოსავლების სამსახურის ერთ-ერთი მოთხოვნაა კომპანიების მიმართ, რომ სიაში არ მოხვდნენ მოქალაქეები, თუ პირდაპირი კავშირი არ იკვეთება კორონავირუსსა და მათი სამსახურიდან წასვლას შორის. შესაბამისად, ასეთი შეიძლება იყო სამუშაო დაკარგულთა, მაქსიმუმ, 10%, ვინც სხვა მიზეზის გამო ვერ მიიღო ხელფასი აპრილში. კომპანიებს ჯერ აქვთ სიების წარდგენის ვალდებულება და მონაცემი შეიცვლება. თუმცა, თუკი ვერ ახერხებენ სიების გადაგზავნას, შეიძლება, პრობლემა უკავშირდებოდეს წვრილ კომპანიებს და ტექნიკურად იყო ელექტრონული სიების შექმნის და სხვა ტიპის ტექნიკური ხარვეზი. მსხვილ კომპანიებს, ყველა მათგანს, რომელიც ბიზნესასოციაციის წევრები არიან, ეს პრობლემა არ აქვთ”, - თქვა ლევან ვეფხვაძემ პრესასთან საუბრისას. საბოლოო ჯამში, კორონავირუსმა უამრავი ადამიანი დააზარალა. ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი მიიჩნევს, რომ კრიზისული ვითარების დროს, მთავრობა მოსახლეობის მცირე ნაწილს დაეხმარა”, - განაგრძობს გამოცემა.

“მთავარი პრობლემა სწორედ ისაა, რომ მთავრობის მიერ წარმოდგენილი დახმარება უამრავ ადამიანს ჰაერში ტოვებს. თვითონვე გვეუბნებიან, რომ 840 ათასი თვითდასაქმებულიდან დახმარებას რეალურად 250 ათასი ადამიანი იღებს, რაც პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ დანარჩენი ასი ათასობით მოქალაქე რჩება მის გარეშე. დახმარება უნდა იყოს ყველასთვის. მაგალითად, უმუშევრების დახმარება უნდა იყოს მიბმული იმ შემოსავალზე, რომელიც მათ ჰქონდათ, ანუ შემოსავლის რაღაც პროცენტი უნდა აუნაზღაუროს მთავრობამ. უამრავი ადამიანია, ვისაც უნდა მიეღოთ დახმარება, მაგრამ ჯერ არ მიუღიათ. ხელისუფლება ძალიან მცირე ნაწილს დაეხმარა. ამიტომ, ეს პროცესი მიდის ძალიან ნელა, უსამართლოდ და ისე, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ვერანაირ შეღავათს ვერ ნახავს. სინამდვილეში, ეს ანატიკრიზისული გეგმაც კი არ არის, ესაა სოციალური დახმარების გეგმა. ანტიკრიზისული პროგრამა უნდა ემსახურებოდეს იმას, რომ ეკონომიკა მინიმალურად შემცირდეს და უმუშევარი ნაკლები ადამიანი დარჩეს”, - აცხადებს გამოცემი8ს კორესპონდენტთან სავურისას ზვიად ხორგუაშვილი.

“ანტიკრიზისულმა გეგმამ, რომელიც მთავრობამ შეიმუშავა, უამრავი ადამიანი მოიცვა, თუმცა ფულადი დახმარება ყველას არ ჩაერიცხა. შემოსავალდაკარგული უამრავი ადამიანი სწორედ მთავრობის იმედად იყო დარჩეილი. ეკონომისტ ირაკლი ყიფიანის აზრით, მთავრობამ თავისი რესურსები არასწორად გადაანაწილა”, - დასძენს გამოცემა.

“წარმოდგენილი ბიუჯეტის ახალ პროექტში სოციალური უზრუნველყოფის მუხლში ჩადებული არის 4 მილიარდი ლარი. ეს თანხა მარტივად რომ გაეყოთ მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ჯგუფზე (გარდა 40 ათასზე მეტი შემოსავალი ვისაც აქვს და საჯარო მოხელეებზე), თითოეულ სამსულიან ოჯახზე გამოვიდოდა 1000-1200 ლარამდე. გამოდის, რომ ბიუჯეტში ფული იყო და ისეთი არასწორი ნაბიჯები შევიმუშავეთ, რომ ახლა ადამიანები დახმარებას ვერ იღებენ. ეს ხდება იმიტომ, რომ არასწორი კრიტერიუმები შემუშავდა. მაგალითად, სოციალურად დაუცველები 164 ათასი ოჯახი გვყავს ისეთი, რომელთაც იმიტომ, რომ სამი შვილი არ ჰყავთ, დახმარებას ვერ მიიღებენ. რა შუაში იყო შვილი, როგორც კომპონენტი? 550 თვითდასაქმებულიდან დაახლოებით 150 ათასი პენსიონერია, რომელთაც შემოსავალი დაკარგეს, მაგრამ ფულად კომპანსაციას ვერ მიიღებენ, რადგან საბუთებს ვერ წარადგენენ. რესურსები არასწორად და არაეფექტურად განაწილდა, როცა შეიძლებოდა, რომ თითოეულ ოჯახს დახმარება ჰქონდა 1200 ლარი. ეს არის უსამართლო ანტიკრიზისული გეგმა, რომელმაც, რესურსების არსებობის პირობებშიც კი, სიღარიბეში დატოვა ათასობით ადამიანი”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ყიფიანი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა