სკოლა ჰელიოსის დირექტორი ონლაინ სწავლების დადებით და უარყოფით მხარეებზე

როგორ მიმდინარეობდა დისტანციური სწავლება სკოლა „ჰელიოსში“, რა გამოწვევების გადალახვა მოუწია ადმინისტრაციას და რა გეგმები აქვს სკოლას მომავალი წლისთვის - ამ თემებზე „ინტერპრესნიუსს“ სკოლა „ჰელიოსის“ დირექტორი, ქეთევან ვეშაპიძე ესაუბრა.

- როგორ დახვდა სკოლა „ჰელიოსი“ კორონავირუსის პანდემიას?

- თავიდან, როდესაც კორონავირუსი დაფიქსირდა საქართველოში, რეკომენდაციის სახით გაიცა, რომ რომ 1-7 მარტამდე სკოლებში შეწყვეტილიყო სწავლა, მაგრამ ჯერ არ იყო ცნობილი რამდენ ხანს გასტანდა ეს პერიოდი. ჩვენ იმედი გვქონდა, რომ სწავლა აღდგებოდა და გავაგრძელებდით ჩვეულ რეჟიმში საქმიანობას, მაგრამ როდესაც 7 მარტს გამოცხადდა, რომ კიდევ ერთი კვირა გადავადდა სასწავლო პროცესი და სკოლები დაიკეტა, სკოლა „ჰელიოსის“ ადმინისტრაციამ დაიწყო დისტანციურ სწავლებაზე მუშაობა იმისათვის, რომ მთლიანად ის გამოცდილება და პროცესი, რაც სკოლაში მიმდინარეობდა, ონლაინ სივრცეში გადაგვეტანა. 16 მარტს კი, უკვე ჩაირთო პირველი ონლაინ გაკვეთილი და ბავშვებმა დისტანციურ რეჟიმში გააგრძელეს სწავლა.

- როგორ მიმდინარეობდა დისტანციური სწავლება და რა გამოწვევები ახლდა მას თან? როგორ გაუმკლავდა სკოლა არსებულ გამოწვევებს?

- ყველაზე მთავარი გამოწვევა, რის წინაშეც სკოლის გუნდი იდგა, ეს იყო პროგრამული უზრუნველყოფა. სწავლის პროცესი ონლაინ სივრცეში უნდა გადაგვეტანა ისე, რომ არ დაკარგულიყო ხარისხი და ბავშვებსაც შესძლებოდათ იმ მასალის მარტივად აღქმა, რაც უნდა გაევლოთ სკოლაში. მეორე პრობლემა იყო მასწავლებლების და მშობლების დატრენინგება. იმის გამო, რომ აკრძალული იყო სკოლაში შეკრება და ამ საკითხების გავლა, ჩვენ მოგვიწია ყველა მასწავლებლის და ყველა მშობლის ონლაინ სივრცეში დატრენინგება, რაც საკმაოდ რთული იყო.პროგრამული უზრუნველყოფის კუთხით, ჩვენ განვიხილეთ რამდენიმე პროგრამა. იმისთვის, რომ ჩვენი მშობლების უმეტესობა იყო დაკავებული, მუშაობდნენ და ბავშვების უმეტესობა დატოვებული იყო ბებია-ბაბუებთან, შევარჩიეთ ისეთი პროგრამა, რომელიც გამოსაყენებლად მარტივი იქნებოდა და მისი ჩართვა შეეძლებოდა როგორც ბებია-ბაბუას, ასევე ბავშვს. ჩვენ შევჩერდით პროგრამა „ზუმზე“ და ასევე, გვაქვს edupage პროგრამა, რომელიც ოთხი წელია დანერგილია სკოლაში და ასე ვთქვათ, ამ ორი პროგრამის სიმბიოზი გავაკეთეთ. ბავშვები გაკვეთილს სწავლობდნენ ზუმში, ითვისებდნენ მასალას, უტარდებოდათ გაკვეთილები ცხრილის მიხედვით, შემდეგ უკვე დავალებებს და ტესტებს, აკეთებდნენ edupage პროგრამაში, რომელსაც მასწავლებლები ამოწმებდნენ. რაც შეეხება მშობლებთან კომუნიკაციას, ჩვენ ჩავატარეთ რამდენიმე ონლაინ ჩართვა მათთან, თუ როგორ უნდა გამოეყენებინათ „ზუმის“ აპლიკაცია. ასევე, 24-საათიან რეჟიმში მუშაობდა სკოლის დახმარების სამსახური, რომ თუკი რომელიმე მშობელს გაუჩნდებოდა კითხვა ან დასჭირდებოდა დახმარება, მზად ვიყავით ნებისმიერ დროს. ყველაზე მეტად რისი პრობლემაც დადგა და რასაც, სამწუხაროდ, ჩვენ ვერაფრით დავეხმარებოდით იყო ის, რომ ბავშვებს ერთმანეთთან უნდოდათ ურთიერთობა ისე, როგორც რეალურ ცხოვრებაში, კლასებში. სწორედ ეს არის დისტანციური სწავლების მინუსი.

- რამდენად მაღალი იყო აკადემიური მოსწრება მოსწავლეების მხრიდან?

- ზემოხსენებულიდან გამომდინარე, ჩვენ შევძელით, რომ აპრილის დასაწყისში გვქონდა 96%-იანი დასწრება მოსწავლეების და საშუალოდ მხოლოდ 4% ვერ ახერხებდა დასწრებას. აღსანიშნავია, რომ ამ 4%-თან მოხდა განსხვავებული მეთოდებით მასალების მიწოდება და შემდეგ განვლილი მასალების შემოწმება მასწავლებლების მხრიდან.

- როგორია შედეგები გაზაფხულის სემესტრის ბოლოს როგორც მაღალ კლასებში, ასევე დაწყებით კლასებში? დაბალ კლასებში ხომ არ გაუჭირდათ დისტანციურ რეჟიმთან ადაპტირება?

- ჩვენს სკოლაში, დაბალ კლასებში, განსაკუთრებით კი 1-3 კლასებში, გვაქვს სწავლა-თამაშის სისტემა. „ზუმს“ აქვს რამდენიმე აპლიკაცია, რითაც შეგვეძლო ზუსტად იგივე სისტემა გადაგვეტანა, რასაც სკოლაში აკეთებდნენ მასწავლებლები. სკოლაში მასწავლებლები აქტიურად იყენებენ პროექტორებს, „ნოუთბუქებს“ და ეს ყველაფერი გადავიტანეთ „ზუმში“. მისი აღქმა არ გაუჭირდათ ბავშვებს. რაც შეეხება სემესტრულ შედეგებს, მოსწავლეებს რაც უნდა გაევლოთ დაწყებით კლასებში, ზუსტად ის მასალა, გაიარეს.ინგლისურის გაძლიერებული მასალა, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება, ქართული - ეს ყველაფერი მათ გაიარეს და დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროგრამა, რაც უნდა აეთვისებინათ ჩვენს მოსწავლეებს ამ სემესტრში, სრულად აითვისეს და მზად არიან მომავალი სასწავლო წლისთვის.რაც შეეხება მაღალ კლასებს, აქ ჩატარდა საკონტროლო გამოკითხვები. შედეგები არის ძალიან მაღალი ხარისხის. ჩვენ თავიდანვე საკმაოდ სერიოზულად მივუდექით ამ პროცესს. პირველივე ეტაპზე შედგენილი იყო სრული ცხრილი. ცხრილი არ იყო ისე, რომ დღეში ერთი გაკვეთილი ჰქონოდათ. მათ დღეში ჰქონდათ მინიმუმ 5 გაკვეთილი. ასე, რომ ჩვეულებრივ რეჟიმში იყვნენ. პირველი გაკვეთილი იწყებოდა 10:00 საათზე. სწორედ ამის საშუალებით გავედით იმ შედეგზე, რაც ახლა გვაქვს.

- იქონია თუ არა გავლენა დისტანციურმა სწავლებამ ზოგადად სწავლის ხარისხზე?

- შემიძლია ვთქვა, რომ ონლაინ სწავლებას არაფერი შეუფერხებია ხარისხის მხრივ. თუმცა, გავლენა იქონია ბავშვების ფსიქოლოგიაზე იმიტომ, რომ მათ აკლდათ სოციუმში გამოსვლა, თანატოლებთან ურთიერთობა და თამაში. მაღალ კლასელებს აქვთ კომუნიკაცია „ფეისბუქით“ და ამ აპლიკაციითაც, თუმცა პატარებისთვის ძალიან რთული აღმოჩნდა ეს პროცესი. ჯგუფური მუშაობა, ვარჯიშები და ყველაფერი ის, რაც რეალურ საკლასო ოთახში კეთდებოდა, გადმოვიტანეთ ონლაინ საკლასო ოთახში და სწავლის ხარისხის მხრივ, შეფერხება არ გვქონია არც ერთი წამით.

- ეპიდემიოლოგები ვარაუდობენ, რომ სექტემბერში ვირუსის მეორე ტალღა იქნება. იმ შემთხვევაში, თუ სწავლა ისევ დისტანციურად გაგრძელდება, რამდენად აქვს სკოლას რესურსი, რომ სწავლა განაახლოს ისევ დისტანციურ რეჟიმში განაახლოს?

- პირველ რიგში, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და აღარ მოგვიწევს დისტანციურ რეჟიმში სწავლის განახლება, მაგრამ რადგან არსებობს ვარაუდი იმისა, რომ შესაძლოა ეპიდემიის მეორე ტალღა იყოს, ჩვენ ამასაც განვიხილავთ და ამიტომ სკოლა ამ ზაფხულს ზრდის თავის რესურსს, რაც გულისხმობს პროგრამულ-მატერიალური ბაზის გაუმჯობესებას. გამომდინარე იქიდან, რომ ზაფხულის პერიოდში მოგვეცა საშუალება, შეზღუდული რაოდენობით, თუმცა მასწავლებლების გარკვეული ნაწილი სკოლაში გამოვიყვანოთ, ჩვენ მათ კიდევ უფრო უკეთ დავატრენინგებთ. ის, რაც იყო წელს, ბევრად უფრო უკეთესი და ხარისხიანი იქნება მომავალ წელს. თუმცა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ვიმედოვნებ, ამის საჭიროება არ დადგება.

წელს ჩვენ გაკვეთილებთან ერთად გვქონდა ხატვა და ჭადრაკი ჩასმული იმისათვის, რომ ბავშვებს ეს რეჟიმი გამარტივებოდათ. შემდეგ წელს, საჭიროების შემთხვევაში, ვაპირებთ, რომ მეორე ცვლა დავამატოთ. ხშირ შემთხვევაში, მშობლები მუშაობენ და არ აქვთ დრო, რომ ბავშვები მოამზადონ მეორე დღის გაკვეთილებისთვის. ამიტომ, ჩვენ ვაპირებთ მეორე ცვლის ჩასმას, ოღონდ ეს რა თქმა უნდა, ვერ იქნება 3-4 საათიანი იმიტომ, რომ პირველ რიგში, ჩვენი პრიორიტეტია ბავშვის ჯანმრთელობა. ეს იქნება პატარა ჩართვები მასწავლებლის მხრიდან, რომელიც ბავშვს დაეხმარება იმაში, რომ დამოუკიდებლად გააკეთოს საშინაო დავალება. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ ვაპირებთ მომავალი წლიდან გავაუმჯობესოთ ფსიქოლოგის სამსახური. ვგეგმავთ, რომ ონლაინ გაკვეთილებში დაემატოს ფსიქოლოგის საათი, რომ ბავშვებს ეს სტრესი, რაც აქვთ, რომ ერთმანეთთან კომუნიკაციის ნაკლებობის გამო, მოეხსნათ“, - განაცხადა ქეთევან ვეშაპიძემ.

მარიამ ციცქიშვილი

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა