იპოთეკის სუბსიდირების დადებითი ეფექტი ეკონომიკაზე

სამშენებლო სექტორის მხარდასაჭერად უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა მთავრობის გადაწყვეტილება იპოთეკური სესხების 4%-იანი სუბსიდირების შესახებ. დეველოპერული კომპანიები ერთხმად აღნიშნავენ, რომ დახმარება დროული იყო, რადგან პრობლემის კიდევ უფრო გამწვავება უძრავი ქონების ბაზარს გამოუსწორებელ შედეგამდე მიიყვანდა.

რატომ გახდა სახელმწიფოს მხრიდან დარგის სტიმულირება ასეთი აუცილებელი და რა კონკრეტულ შედეგს მოიტანს სექტორისთვის იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა? ამ თემებზე სამშენებლო კომპანია „არსის“ გენერალური დირექტორი ბესო ორთოიძე გვესაუბრება.

- როგორია თბილისში უძრავი ქონების გაყიდვების სტატისტიკა, ან ზოგადი სურათი ბოლო 3 თვის განმავლობაში?

- უძრავი ქონების სტატისტიკა საჯარო რეესტრში ასახული ტრანზაქციებით გამოითვლება. ამ მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის აპრილში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტრანზაქციები 90%-ით იყო შემცირებული. მალევე, მაისიდან, კლება გარკვეულწილად შემცირდა 70%-მდე. რაც შეეხება პირველ კვარტალს, გაყიდვები ნორმალურად მიმდინარეობდა მარტის პირველ ნახევრამდე, ხოლო თვის მეორე ნახევრიდან რეცესია დაიწყო. გვაქვს მოლოდინი, რომ ივნისი გაცილებით უკეთესი იქნება, ვიდრე მაისი. წინა წლის მაჩვენებელზე გასვლა წარმოუდგენელია, თუმცა, ველოდებით, რომ ტრანზაქციების კლების მაჩვენებელი 50%-მდე ჩამოვა.

როგორც წესი, მშენებარე ბინის გაყიდვის შემთხვევაში ტრანზაქციის რეგისტრირება შესაძლებელია 6 თვის ან 1 წლის მერე მოხდეს, შესაბამისად, კრიზისული პერიოდის მდგომარეობას წლის ბოლოს უკვეთ დავინახავთ.

- მთავრობის გადაწყვეტილებამ, იპოთეკურ სესხებზე დარიცხული პროცენტიდან 4%-ის სუბსიდირებაზე რა მოლოდინები შექმნა სამშენებლო ბაზარზე?

- ბიზნესში, სწორედაც რომ, ძალიან მნიშვნელოვანია მოლოდინები და განწყობა. თავად კომპანიებსა და ინვესტორებში, ასევე მომხმარებელში, კრიზისულ სიტუაციებში იქმნება შიშები. მთავრობის ეს გადაწყვეტილება სწორედ პოზიტიურ მოლოდინებსა და დადებით განწყობას ქმნის ბაზარზე. მეტსაც ვიტყვი, რომ ეს შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე თავად სესხის სუბსიდირება, რადგან იმ შემთხვევაში, როდესაც მთავრობა პასიურია, კრიზისი კიდევ უფრო ღრმავდება, ხოლო, როცა მთავრობისგან მხარდაჭერა იგრძნობა, პოზიტიური მოლოდინები იქმნება და ეკონომიკის ესა თუ ის დარგი გაცილებით ადვილად გამოდის რთული მდგომარეობიდან.

ჩვენ, ინვესტორებთან ერთად, გადავწყვიტეთ, პროექტი, რომელიც აპრილში უნდა დაგვეწყო, ახლა განვახორციელოთ. ინვესტორებისთვის სწორედ ესაა მნიშვნელოვანი – როგორ იქცევა მთავრობა კრიზისის დროს. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობას ჯერ ერთი თეთრიც არ დაუხარჯავს, ამ გადაწყვეტილებამ უკვე შედეგი გამოიღო.

სუბსიდირება ხელს უწყობს ეკონომიკის სტიმულირებას და ტრანზაქციების გაზრდას, რაც საბიუჯეტო შემოსავლებზე პირდაპირ აისახება. გარდა ამისა, გადაწყვეტილება დროულად არის მიღებული, რადგან, თუ კრიზისი გაღრმავდება, მერე ძალიან რთულია იქიდან გამოსვლა. ამის მკაფიო მაგალითია 2008 წლის იპოთეკური კრიზისი, როდესაც აგვისტოს ომის გამო, სამშენებლო სექტორის დროული დახმარება ვერ მოხერხდა. აღსანიშნავია, რომ 2008 წლის კრიზისის შემდეგაც ბიუჯეტიდან მოხდა დახმარება, თუმცა, არსებობს პროექტები და მშენებლობები, რომლებიც მაშინ დაიწყო და დღემდე დაუმთავრებელია. ეს სწორედ იმიტომ მოხდა, რომ კრიზისი უფრო ღრმად განვითარდა.

- მთავრობის ამ გადაწყვეტილებამ, ვიდრე ის ამოქმედდება, ხომ არ შეაჩერა გაყიდვები მყიდველთა მოლოდინის გამო?

- გარკვეული მოლოდინის მომენტი, რა თქმა უნდა, შეიქმნა, თუმცა ეს დადებითი მოვლენაა და როგორც ინფორმაცია გვაქვს, სუბსიდირების პროგრამა დაახლოებით უახლოეს დღეებში ამოქმედდება.

- უძრავი ქონების, კონკრეტულად საცხოვრებელი ფართების ფასზე რა გავლენა იქონია პანდემია საქართველოში, რა მიმართულებით წავიდა ფასი?

- აპრილში ბაზარი გაჩერებული იყო და ტრანზაქციები თითქმის არ ხორციელდებოდა. ამიტომ კომპანიებმა მიმართეს გარკვეულ აქციებს, რომლებიც, ალბათ, მოკლევადიან პერიოდში, პერმანენტულად გაგრძელდება. ეს შეიძლება იყოს მაქსიმუმ 5-10%-იანი კორექტირებები წლის განმავლობაში. თუ დადებითი ტენდენცია გაგრძელდა, როგორც მაისის პერიოდმა აჩვენა, სავარაუდოდ, მომავალ წელს პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას უნდა დავუბრუნდეთ, მოთხოვნა-მიწოდებისა და ფასის თვალსაზრისით.

უძრავ ქონებაზე ფასის მკვეთრი ვარდნა არავის ინტერესში არ შედის, რადგან ის ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.

- ბალტიის ქვეყნების მაგალითს თუ ავიღებთ, მაისში ესტონეთის დედაქალაქში კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართის ფასი, პანდემიის მიუხედავად, 9%-ით გაიზარდა, ხოლო გაყიდვებმა 30%-ზე მეტით იკლო. მოსალოდნელია თუ არა, ასეთი ტენდენცია თბილისშიც ვიხილოთ?

- უცხოელ პარტნიორებთან მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს და ასეთ ინფორმაციას არ ადასტურებენ. ერთადერთი, რის გამოც ასეთი ზრდა შესაძლოა, მომხდარიყო, ეს არის გაყიდვების კლება ბიუჯეტური პროექტების ნაწილში. თუ ამ ფონზე შენარჩუნდა მაღალფასიანი ტრანზაქციების რაოდენობა, შესაბამისად, გაყიდვების საშუალო ფასი შედარებით მაღალ მაჩვენებელზე დაანგარიშდება.

წელს საქართველოში უძრავ ქონებაზე ფასის ზრდა, ჩემი აზრით, გამორიცხულია. თუ მსგავსი რამ მაინც მოხდება, ეს იმის უტყუარი ნიშანი იქნება, რომ ქვეყნის ეკონომიკური პარამეტრები გაუმჯობესებულია და ვითარება ბევრად უკეთესია ყველა მიმართულებით.

- .. კორონაკრიზისის პერიოდში რატომ გახდა მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი სამშენებლო სექტორის დახმარება?

– სამშენებლო სექტორი ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი დარგია, ამიტომ მთავრობისთვის მისი სტიმულირება პრიორიტეტული იყო. ამ სექტორის პირდაპირი წილი ეკონომიკაში დაახლოებით 10%-ს შეადგენს, თუმცა მასზე დამოკიდებულია ძალიან ბევრი მომიჯნავე დარგი და უამრავი დასაქმებული ადამიანი, მათ შორის თვითდასაქმებულებიც, რაც, საბოლოოდ, უდიდეს კლასტერს ქმნის ქართულ ეკონომიკაში. ამას ემატება ის ფაქტორი, რომ სამშენებლო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი დარგია საქართველოს ეკონომიკაში.

- რით განსხვავდება დღევანდელი კრიზისი 2008 წლის იპოთეკური კრიზისისგან და როგორია თქვენი პროგნოზირამდენად სწრაფად გამოვა სამშენებლო სექტორი არსებული მდგომარეობიდან?

- თვისობრივად ორ სხვადასხვა ვითარებასთან გვაქვს საქმე – მიუხედავად იმისა, რომ იპოთეკური კრიზისიც გლობალური იყო. 2008 წელს ეკონომიკურ კრიზისს პოლიტიკურიც დაემატა, ომის სახით, რომელმაც გადაწყვეტილებების მიღება და ეკონომიკის აღდგენა შეაფერხა. მაშინ კრიზისი უფრო მძიმე აღმოჩნდა სამშენებლო ბიზნესისთვის, რადგან პრობლემები გაღრმავდა. 2008 წელს ამ ბიზნესს ისედაც ჰქონდა პრობლემები, ბაზარი იყო გადატვირთული და რომ არა ომი, ეს პრობლემები გარკვეულ პერიოდში მაინც იჩენდა თავს. დღეს გარემო ბევრად ჯანსაღია, კომპანიებს კრიზისულ სიტუაციაში მოქმედების მეტი გამოცდილება აქვთ. ასევე, განხორციელდა ბევრი რეგულაცია და, შეიძლება ითქვას, კომპანიებიც საკმაო გამოცდილებით დახვდნენ კრიზისს.

მთავარია, ახლა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა და ეკონომიკაშიც ავსახოთ ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება. როგორ განვითარდება პროცესები, რთული სათქმელია, თუმცა, ოპტიმისტური პროგნოზით, მომავალ წელს სექტორში ბევრად გაუმჯობესებული უნდა იყოს ვითარება. ყველაფერი მაინც ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული, ამიტომ ზუსტი პროგნოზის გაკეთება საკმაოდ რთულია.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა