ნიკოლოზ მეტრეველი: „კულტურული ომი“ ამერიკაში დღეს მეტაფორა არ არის

ყველასათვის ცნობილი „კულტურული ომი“, რომელიც ამერიკაში 1968 წლიდან ვულკანივით თვლემდა, არ დასრულებულა, დღეს ეს მეტაფორა აღარ არის. ისევ ისე, როგორც შორეულ 1914 წლის სარაევოს მკვლელობა, ჯორჯ ფლოიდის ტრაგიკული სიკვდილი, აღმოჩნდა საბაბი და არა მიზეზი ძალადობის ასეთი მასშტაბის აფეთქების. არ არის აუცილებელი, იყო ამერიკანისტი ან სოციალური მართვის დარგის მეცნიერი, რათა იცოდე, რომ დღეს ამერიკაში სისტემური რასიზმი არ არსებობს. დაუშვებელია მსგავსი მოვლენების ახსნა მარტივი კლიშეებით, ისეთიც, როგორიც არის თუნდაც „სისტემური რასიზმი“.

ამერიკაში ისტორიამ ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში სვლა დააჩქარა. ჩვენ მოწმენი ვხდებით ძველი ლიბერალური ამერიკისა და ევროპის დასასრულის, მემარცხენეებად და მემარჯვენეებად დაყოფის და იმ იდეალების გაქრობის, რომლის მატარებელიც იყო დასავლეთ სამყარო 80-90 -იან წლებში. პრეზიდენტ ტრამპის მომხრეები თუ მოწინააღმდეგეები მას ვფიქრობ, სამართლიანად, ამ პროცესის კატალიზატორად მიიჩნევენ. მჯერა - ფრანკლინ რუზველტი, ჯონ კენედი და მართინ ლუთერ კინგი დღევანდელ ამერიკაში უცხოებად იგრძნობდნენ თავს. მემარცხენეები მრავალი წელია უნივერსიტეტებში, კოლეჯებში, სკოლებსა და მედიაში ამკვიდრებდნენ იდეას იმის თაობაზე, რომ ფერადკანიანები სასტიკი და უსამართლო ჩაგვრის მსხვერპლნი არიან და რომ მათი მრისხანებისა და პროტესტის ნებისმიერი ფორმა გამართლებულია. დღეს ამ იდეების მატერიალიზაცია ამერიკის, საფრანგეთის, გერმანიის და მსოფლიოს კიდევ მრავალი ცეცხლმოდებულ და ძალადობით მოცულ ქალაქში მოხდა. მინეაპოლისის მემარცხენე მერი, რომელმაც ქალაქის პოლიციის შენობები „ანტიფას“ აქტივისტებს და სხვა ექსტრემისტებს დასარბევად დაუთმო, მხოლოდ ერთ-ერთი მრავალთაგანია იმ მემარცხენეთა შორის, რომლებმაც სახელმწიფო ინსტიტუტები საკუთარი იდეალებისა თუ პოლიტიკური ამბიციების გამო რადიკალებს დასანგრევად მიუგდო.

ძალადობის აფეთქება ამერიკაში პანდემიის ფონზე მიმდინარეობს, რომელმაც ქვეყნის ეკონომიკა შეარყია და 40 მილიონი ამერიკის მოქალაქე უმუშევრად დატოვა. ჰანა არენდტმა თავის ფუნდამენტალურ ნაშრომში „ტოტალიტარიზმის წარმოშობა“ გვიჩვენა, თუ როგორ მოვიდნენ ხელისუფლებაში საბჭოთა კომუნისტები და ნაცისტები. ეს პროცესი ტოტალიტარიზმის წინა პერიოდში, სოციალური ანომიის და ეკონომიკური კრიზისის ფონზე ხდება შესაძლებელი და ამას ხელს უწყობენ დღევანდელი ულტრამემარცხენეები. ისევე, როგორც რევოლუციამდელი რუსეთის და 20-იანი წლების ევროპელი ულტრალიბერალები, რომლებიც არსებული სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევის თითქმის რელიგიური ფეტიშიზმით იყვნენ შეპყრობილნი. ჰანა არენდტი თავის შესანიშნავ ნაშრომში აღნიშნავს: „წარმოიდგინეთ, ელიტები სრულიად არ იყვნენ უარზე ცივილიზაციიდან უსამართლოდ გარიყულების ძალით მასში დაბრუნებისათვის, ცივილიზაციის დანგრევა ენახათო“. ანუ დღევანდელი მემარცხენე რადიკალები ისევე, როგორც მათი რუსი და ევროპელი წინამორბედები, არ თვლიან საჭიროდ საკუთარ იდეოლოგიას კრიტიკულად შეხედონ. ისინი მრავალფეროვნების, ინკლუზიურობის და თანასწორობის იდეაზე აფიცებენ საკუთარ მიმდევრებს და ამით ფარავენ საკუთარი ხელისუფლებაში მოსვლის სურვილს.

დონალდ ტრამპის გამარჯვებამ აჩვენა, რომ ამერიკელი ამომრჩევლის უმრავლესობა ხედავს პოსტმოდერნისტი მემარცხენეებისათვის სიტყვის თავისუფლება, რასობრივი თანასწორობა, იდენტობა და სხვა ფასეულობები რეალურად რომ არაფერს ნიშნავს. ამერიკის თითქმის ყველა კუთხეში პოსტმოდერნისტი მემარცხენეების მიერ დანთებული ხანძარი საფრთხეს უქმნის ჭეშმარიტ ამერიკულ დემოკრატიას, ამერიკაში და მსოფლიოში. საბედნიეროდ, დღევანდელ ამერიკაში ჯერ არ ჩანან ტროცკები, ლენინები, სტალინები, ლუქსემბურგები. და მათ მაგივრად ჩანს ამერიკელი ხალხი, რომელიც კანის ფერის, რელიგიური და სხვა განსხვავების მიუხედავად, მხარს უჭერს დემოკრატიას, სახელმწიფო ინსტიტუტებს და იმ იდეალებს, რომლისთვისაც იბრძოდნენ მართინ ლუთერ კინგი და სხვა ამერიკელი პატრიოტები.

სწორედ ამ ამერიკელებს და ასეთ ამერიკას მიმართა პრეზიდენტმა ტრამპმა: „იმ შემთხვევაში, თუ ქალაქი ან შტატი უარს იტყვის გადადგას ნაბიჯები იმისათვის, რათა დაიცვას ადამიანების სიცოცხლე და საკუთრება, მე თვითონ მივიღებ ზომებს, შევიყვან ჯარებს და სწრაფად გადავწყვეტ პრობლემას მათ მაგიერ“.“ „ანტიფას“ და სხვა ანალოგიური დაჯგუფებების მიერ წაქეზებული და განხორციელებული ძალადობა, შიდა ტერორიზმია და ჩვენ ამას შესაბამისად მოვექცევით,“ - განაცხადა აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმა. “ანტიფას“ ასეთი შეფასებები მხოლოდ უილიამ ბარს არ გაუკეთებია, ასევე აფასებენ ამ ორგანიზაციას სენატორი თედ კრუზი და სხვა კონსერვატიული პოლიტიკოსებიც. როდესაც წინა კვირას პრეზიდენტმა ტრამპმა წმინდა იოანეს რადიკალების მიერ გადამწვარ ტაძარში ბიბლიით ხელში, მწუხარება გამოთქვა ფლოიდის ტრაგიკული სიკვდილის გამო, მან თავის თავს „კანონისა და წესრიგის პრეზიდენტი“ უწოდა. ამ ჟესტის პოლიტიკური ახსნა რთული არ არის. ყველა რასის ევანგელისტი, პროტესტანტი და კონსერვატიული კათოლიკე ამომრჩეველი დონალდ ტრამპის მძლავრ ელექტორალურ ბაზას წარმოადგენს. 2016 წლის არჩევნებში მას 81% ევანგელისტმა და 52% კათოლიკე ამომრჩეველმა მისცა ხმა ( კათოლიკე ამომრჩეველი ტრადიციულად დემოკრატებს უჭერდნენ მხარს). ახალი გამოკითხვებით ტრამპისადმი ამომრჩევლის ამ კატეგორიის მხარდაჭერა კიდევ უფრო გაზრდილია. მაგრამ, პრეზიდენტი ამ გამოსვლაში თანაუგრძნობდა არა მხოლოდ საკუთარ ამომრჩევლებს, არამედ ჯორჯ ფლოიდის ოჯახს და ყველა ადამიანს, რომელიც სტრუქტურული რასიზმის მსხვერპლი აღმოჩნდა.

ამერიკული კონსერვატიზმის საუკეთესო მაგალითებად ითვლება ნიუ-იორკის ყოფილი მერის, რუდოლფ ჯულიანის და ამერიკელი პოლიციელის განცხადებები რესპუბლიკელთა ყრილობაზე, როდესაც მათ დაგმეს სტრუქტურული რასიზმის გამოვლინება როგორც ფერადკანიანთა, ასევე თეთრკანიანთა მიმართ. სწორედ ასეთი სოლიდარობის მაგალითია ამერიკის ექსტრემიზმით და ვანდალიზმით მოცულ მრავალ ქალაქში, ყველა რასის მოქალაქეთა მიერ სამოქალაქო წესრიგის რაზმების შექმნა. როდესაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ის პრეზიდენტია, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა შავკანიანი ამერიკელებისათვის, ეს სიმართლეა. მისი პრეზიდენტობის პერიოდში წინა ადმინისტრაციასთან შედარებით, 13%-ით გაიზარდა იმ შავკანიანი ამერიკელების რაოდენობა, რომლებიც ბაკალავრისა და მაგისტრის წოდებას მიიღებენ, მკვეთრად შემცირდა შავკანიანათა შორის აბორტების რაოდენობა, მრავალი აფროამერიკელი სათავეში უდგას დიდ სამრეწველო და საფინანსო კორპორაციას, თითქმის ორჯერ შემცირდა მკვლელობების როდენობა (90% აფროამერიკელების აფროამერიკელისვე ხელით იღუპება).

ზემოთქმული სრულებით არ ნიშნავს, რომ ამერიკაში სტრუქტურული და არა სისტემური რასიზმი არ არსებობს. მაგრამ არსებობს ასევე ყალბი ფარისევლური ანტირასიზმი, როდესაც მერკანტილური პოლიტიკოსები ცდილობენ თანასწორობისა და ადამიანების უფლებების კეთილშობილური იდეების გამოყენებას საკუთარი ინტერესებისათვის. ეს აქტუალურია დღევანდელ ამერიკაში და მსოფლიოში. რასიზმი მხოლოდ თეთრკანიანების მონოპოლია არ არის. თითოეული ადამიანი ყოველდღიურად უნდა ებრძოდეს ამ ცრურწმენას, რომელიც უმეტესად შიშითა და მრისხანებით წარმოიქმნება. ამერიკელმა ხალხმა საკუთარი ისტორიის მანძილზე მრავალჯერ მისცა მსოფლიოს იმის მაგალითი, თუ როგორ უნდა იძლეოდეს ყველაზე რთული კრიზისები. მჯერა, ეს კრიზისიც წარმატებით გადაიჭრება.

ნიკოლოზ მეტრეველი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „კავკასიის ისტორიის გეოპოლიტიკისა და ეკონომიკური კვლევების ცენტრის“ დირექტორი

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს