თამარ ჩუგოშვილი - არჩევნების ფიქსირებული თარიღის შეცვლა ან შეცვლის მცდელობა არის დამატებით სერიოზული პრობლემა როგორც საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის, ისე არჩევნებისთვის

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ არჩევნების თარიღთან დაკავშირებით უმრავლესობას, საკონსტიტუციო ცვლილებების კონტექსტში, გარკვეული გეგმები აქვს და სწორედ ამას უკავშირდება ის საუბრები, რომელიც არჩევნების გადატანასთან დაკავშირებით გააქტიურდა.

„მე კითხვას მიჩენს და მთავარ პრობლემას, რასაც ამ დისკუსიის ახლა დაწყებაში ვხედავ, არის ის, რომ ფაქტია, არჩევნების თარიღზე საუბარი დაემთხვა საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას. ამ დროიდან მოყოლებული ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა ბედი ელის არჩევნების თარიღს. ამ საკითხის წამოწევის საჭიროება არ იდგა, ისედაც წერია კონსტიტუციაში და ყველამ ვიცით, რომ თუკი საგანგებო მდგომარეობა გვექნება შემოდგომაზე, მაშინ გადაიწევს არჩევნები და როგორ და რამდენი ხნით, ეს ყველაფერი არის განსაზღვრული, ამიტომ ამ საუბრის ახლა დაწყება, როცა სულ რამდენიმე დღე დარჩა საკონსტიტუციო ცვლილებების პარლამენტში მოტანამდე, მაფიქრებინებს იმას, რომ უმრავლესობას აქვს გარკვეული გეგმები არჩევნების თარიღთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების კონტექსტში. როგორც ჩანს, უახლოეს დღეებში შეიძლება ველოდოთ ისინი იტყვიან ზუსტად რა აქვთ ჩაფიქრებული ამ მიმართულებით,"- განაცხადა ჩუგოშვილმა.

მისი თქმით, დისკუსიაში კიდევ ერთი სადაო საკითხის შემოტანა თითქმის შეუძლებელს გახდის ამ ცვლილების მიღებას. ამასთან, ეს საფრთხე იქნება ასევე არჩევნების ლეგიტიმურობის თვალსაზრისითაც. ამ მიმართულებით, ჩუგოშვილი 8 მარტის შეთანხმებაზე საუბრობს, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით გაფორმდა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის.

„სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ყველა საკითხი, რომელიც არის შეტანილი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში, არის გაწერილი 8 მარტის შეთანხმებით. ამ შეთანხმებაში ყველა საკითხი, რომელსაც ფარავს საკონსტიტუციო ცვლილება, არის განსაზღვრული, ამ სიას არც არაფერი უნდა დაემატოს და არც არაფერი მოაკლდეს. რაზეც შევთანხმდით ზუსტად ის ცვლილებები უნდა მივიღოთ. ამიტომ წინ რაღაც სიურპრიზი გველის კიდევ თუ არა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ხელახალი პრობლემა შეიქმნას, ამას უახლოეს დღეებში ვნახავთ. ნებისმიერ შემთხვევაში არჩევნების ფიქსირებული თარიღის შეცვლა ან შეცვლის მცდელობა არის დამატებით სერიოზული პრობლემა როგორც საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის, ისე არჩევნებისთვის და არჩევნების ლეგიტიმურობისთვის. ამიტომ უკეთესი იქნება თუ ამ თემაზე უმრავლესობა სპეკულაციებს შეეშვება,"- აცხადებს ჩუგოშვილი.

შეგახსენებთ, უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თუ ოქტომბრისთვის კორონავირუსის მეორე ტალღა იქნება, შესაძლოა, არჩევნების დეკემბერში ჩატარება გახდეს საჭირო.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს