ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2020

რადიკალური დაპირისპირება ქართულ მედიაში - პოლიტიკური დაძაბულობა ჟურნალისტებსაც გადაედოთ

ახალი საგუშაგო, 3-კილომეტრიანი გზა და საველე ჰოსპიტალი - ოკუპანტები მცოცავ ოკუპაციაში ჩვენ გვადანაშაულებენ

რითი ჰგავს კობახიძე კალიგულას და ნერონს - გედევან ფოფხაძის შეფასება

* * *

რადიკალური დაპირისპირება ქართულ მედიაში - პოლიტიკური დაძაბულობა ჟურნალისტებსაც გადაედოთ

“ბოლო დროს ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერტურის აწევის პარალელურად, ვითარების დაძაბვა მედიაშიც დაიწყო. უკვე ღიად ხდება დაპირისპირება როგორც ცალკეულ ჟურნალისტებს, ასევე ცალკეულ მედიასაშუალებებს შორის. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მსგავსი დაძაბულობა ჟურნალისტებს შორის არასდროს ყოფილა. მათი თქმით, მედიასაშუალებები ორ რადიკალურად დაპირისპირებულ ჯგუფად ჩამოყალიბდა და ყველა მათგანში ჟურნალისტების პოლიტიზირება მოხდა, ეს კი საკმაოდ მძიმე მოვლენაა, რადგანაც საზოგადოება ასეთი ჟურნალისტების და მედიასაშუალებების მიმართ ნდობას კარგავს. რაც პირველ რიგში ზიანს სიტყვის თავისუფლებას აყენებს. ასეთი დაპირისპირების მაგალითია ორ ტელეკომპანიას - “პოს ტვ”-სა და “ტვ პირველს” შორის დაწყებული კონფლიქტი. “პოს ტვ”-ის ეთერში გასულ ერთ-ერთ გადაცემაში, ტელეკომპანიის ხელმძღვანელი შალვა რამიშვილი ნოდარ მელაძესა და “ტვ პირველის” გუნდს დაუპირისპირდა და ღია ბრძოლა გამოუცხადა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რადიკალური დაპირისპირება ქართულ მედიაში - პოლიტიკური დაძაბულობა ჟურნალისტებსაც გადაედოთ.

“პირდაპირ გეუბნებით, ბატონო ნოდარ და ვიღაცეებო, “ტვ პირველში” ვინც დარჩით მანდ, ბოლომდე მივალ, არ გაგახარებთ, მართალი ვარ, მართლები ვართ და აი, როგორც მე, შალვა რამიშვილს მიყურებთ, ამოგშანთავთ! ყველა კანონიერი მეთოდით, ტელეეთერიდან. ასეთი სიბინძურე და ქაქი არ უნდა მოედინებოდეს არც ერთი ტელევიზიიდან. გაგექცევათ ხალხი? - ძალიან კარგი, დარჩება? - მით უარესი მათთვის. ხომ იცით, რომ ჯიუტობა არ გვაკლია?! - თქვენ, ბიჭო, ვისთან, სად ბლატაობთ? ვინ ხართ საერთოდ? საიდან მოხვედით, რატომ აღმოცენდით?!” - თქვა რამიშვილმა მისივე არხის პირდაპირ ეთერში. შალვა რამიშვილის ეს განცხადება “ტვ პირველში” განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა. არხზე ერთი თვის წინ ჟურნალისტი ნოდარ მელაძე, საკუთარ გუნდთან ერთად მივიდა. 12 ივნისს არხი ტელეწამყვანებმა ვახო სანაიამ, ნინო ჟიჟილაშვილმა, დიანა ტრაპაიძემ და გადაცემა “პოლიტმეტრის” შემოქმედებითმა ჯგუფმა დატოვეს. ჟურნალისტი ვახო სანაია შალვა რამიშვილის მუქარას პასუხობს...”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მეგონა გუშინ ბოლოჯერ ვახსენე “ტვ პირველი”, მაგრამ ერთხელ კიდევ უნდა ვთქვა რაღაც. შალვა რამიშვილი რომ არის, ეგ წერს “ტვ პირველს” ამოვშანთავო. გუშინ წამოვედით “ტვ პირველიდან”, არ ვეთანხმებით ამ არხის მიერ აღებულ მიმართულებას და ჩვენი გზები გაიყო ცივილიზებულად, მაგრამ იქ ბევრი მეგობარი დაგვრჩა მე და ჟიჟის. საუკეთესო მოგონებები. ჰოდა, მოკლედ, ეს არარაობა ემუქრება ახლა “ტვ პირველს”, ამოგშანთავთო. ესე იგი, სულ ასეა ხოლმე ტელესივრცეში - ვიღაც საიდანღაც მიდის, ვიღაც სადღაც რჩება, მაგრამ ეს შალვა რამიშვილი სულ რატომ რჩება ხოლმე - ....დ ?!” - წერს ვახო სანაია. (სტილი დაცულია). რამიშვილს “ტვ პირველის” ჟურნალისტმა და გადაცემა “რეაქციის” წამყვანმა ინგა გრიგოლიამაც უპასუხა. “მოგელანდებითო, ამას რა რიხი მისცემია ხმაში ბოლო დღეებში. შენი დაბულინგებულის დედა ვატირე, შალიკო… “ტვ პირველი” ძაან გაქვს გაჩხერილი…“ - წერს გრიგოლია სოციალურ ქსელში”, - განაგრძობს გამოცემა.

“ამ ინციდენტის გარდა, ბოლო დღეებში სხვა პრეცედენტიც იყო - მოსახლეობამ “მაესტროს” პირდაპირი ეთერით იხილა, “იმედის” და “პალიტრის” ჟურნალისტების ფიზიკური დაპირისპირება. ფაქტი 13 ივნისს, პრემიერის გიორგი გახარიას ჩაწერის დროს მოხდა. ჟურნალისტებს შორის ჩხუბის მიზეზი კი ჩაწერის დროს მიკროფონის სახეზე აფარება გახდა. საბოლოოდ მოჩხუბარი ჟურნალისტები კოლეგებმა და პოლიციამ გააშველეს. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ დაპირისპირებასთან ერთად მედიის რადიკალიზება ხდება. მისი თქმით, ეს გასაკვირი არ არის, თუმცა, ჟურნალისტების ამ ფორმით და ამ სიმწვავის დაპირისპირება მას ჯერ არ ახსოვს. საყვარელიძე აცხადებს, რომ ჟურნალისტები ყოველთვის ცდილობდნენ, რომ მიუხდევად პოლიტიკური დაძაბულობისა, სახე მაინც შეენარჩუნებინათ და საჯაროდ ამ სახის დაპირისპირება არ მომხდარიყო. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ქვეყანაში მედიაც კი ორ ბანაკად დაიყო, რაც მოსახლეობაში ზოგადად ჟურნალისტების მიმართ გარკვეულ აგრესიას იწვევს”, - დასძენს გამოცემა.

“წინასაარჩევნოდ დაძაბულობა მაქსიმუმს აღწევს ხოლმე, თუმცა მედიაში ასეთი რადიკალური დაპირისპირება ჯერ არ ყოფილა. დიდი ხანია, რომ მედიას თვალყურს ვადევნებ, მაგრამ ჟურნალისტების ერთმანეთზე ფიზიკური გაწევა, ასევე ამგვარი სიტყვიერი დაპირისპირება არ მინახავს. ჟურნალისტები ყოველთვის ცდილობდნენ, რომ ურთიერთობაში პროფესიული ეთიკა დაეცვათ. ეს სიახლე ამჟამად ნამდვილად არის. ეს კი იმის ბრალია, რომ თავად ჟურნალისტები პოლიტიზირებულები გახდნენ. მათში ეს პრობლემები დაგროვდა და უკვე ზედაპირზე ამოხეთქა. როდესაც ჟურნალისტი გუნდში ერთვება და მისი ხელმძღვანელი რადიკალურ პოლიტიკურ დღის წესრიგს კარნახობს, რა თქმა უნდა, ამას უკვე თავისი ასახვა აქვს. სამწუხარო ისაა, რომ ასეთი მედია და ჟურნალისტები საზოგადოებისთვის ნაკლებად სანდოები ხდებიან. რა სახის სიმართლეც არ უნდა ისაუბროს, მის მიმართ ნდობაა დაკარგული”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

“ანალიტიკოსი და კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ ბოლო დროს მედიაში ნამდვილად შეიმჩნევა რადიკალურად განწყობილი და ორ ბანაკად დაყოფილი ჟურნალისტების ჯგუფი. მათ, სამწუხაროდ, მათივე დამქირავებლისგან აქვთ კონკრეტული მითითებები, რომელსაც ასრულებენ. ანალიტიკოსი ამბობს, რომ არა მარტო პოლიტიკური და საზოგადოებრივი სპექტრი, არამედ ჟურნალისტებიც ორ ბანაკად გაიყო. მისი აზრით, დღეს იშვიათია ტელევიზია, რომელიც რომელიმე ბანაკს არ მიეკუთვნება. ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ როდესაც პოლიტიკური ძალების პოლარიზაცია იწყება, სამწუხაროდ, მედიაც მინიმუმ თავის პოლიტიკურ გემოვნებას გამოხატავს. ეს ასე ხდება და ამას თავისი ობიექტური მიზეზი აქვს. ხუხაშვილი ამბობს, რომ პატარა ეკონომიკის ქვეყანა ვართ და შესაბამისდ, სარეკლამო ბაზარი ამ მოცულობის მედიას ვერ იტანს და ტელევიზიების ნაწილში პოლიტიკური ინვესტორი ჩნდება”, - წერს სტატიის ავტორი.

“ცალკეული ჟურნალისტები საკუთარი ინიციატივითაც აკეთებენ რაღაცას, თუმცა ბევრი მათგანი სარედაქციო პოლიტიკის შესაბამისად მოქმედებს. ზოგადად, თუ ტელევიზიას რაიმე მიმართულება აქვს არჩეული, რა თქმა უნდა, ჟურნლისტმაც ის ინტერესები უნდა გაატაროს. ეს ოპოზიციური მედიაც არ არის ერთიანი. მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელია, თუმცა ყველა მის მეპატრონეს კონკრეტული მიზნები აქვს. ჩვენს ქვეყანაში მედიით ბიზნესი ვერ კეთდება. ამიტომაც ზოგი მას საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გასატარებლად იყენებს, ზოგიც კი - ბიზნესის დასაცავად. მეპატრონეების გარეშე მედიაში ჟურნალისტი რომ ვერაფერს აკეთებს, ეს ჩვენ ქვეყანაში ახალი არ არის. ჩვენი ჟურნალისტების უმეტესობა საკმაოდ პოლიტიზირებულია და ბევრი მათგანი მხარესაც წარმოადგენს. ამიტომაც არის, რომ არჩევნების მოახლოვებასთან ერთად სიტუაცია იძაბება და ჟურნალისტებს შორისაც დაპირისპირება მწვავდება“, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“მედიის იდეოლოგიზაცია ხდება და შესაბამისად, ყველაფერი ამ თარგზეა მოჭრილი. ბუნებრივია, როდესაც პოლიტიკური ტემპერატურა იწევს. მედია პოლიტიკური მოთამაშე ხდება და ის კონფლიქტები, რასაც ჩვენ პოლიტიკოსებს შორის ვუყურებთ, მედიებზეც გადადის. ახლა საერთოდ უნიკალური არხები გაჩნდა, რომლებიც ძირითადად თავისი კონკურენტების განკითხვით არიან დაკავებული. ცდილობენ, რომ ისინი ტყუილზე დაიჭირონ. ამაზე მთელს თავის მედია პოლიტიკას აწყობენ. ეს კი ძალიან მძიმე საყურებულია. ასეთი რამ მართლა არ მახსოვს. ის, რომ მედია საშუალება სპეციალურად იქმნებოდეს იმისთვის, რომ თავის კონკურენტებზე ცუდად ისაუბროს - ასეთი მართლა არ მახსენდება. ეს ყველაფერი კი ერთი ჯაჭვია და საზოგადოება ამ პოლარიზაციის მსხვერპლი ხდება. რაც შემდეგ მის დაყოფას და დაპირისპირებას იწვევს”, - განმარტავს გამოცემასთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

ახალი საგუშაგო, 3-კილომეტრიანი გზა და საველე ჰოსპიტალი - ოკუპანტები მცოცავ ოკუპაციაში ჩვენ გვადანაშაულებენ

“ცხინვალის დე ფატქო უშიშროების კომიტეტი ოფიციალურ თბილისს ახალი ბრალდებებს უყენებს და რეგიონში ახალი შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებაზე აკეთებს მინიშნებებს. თბილისში ოკუპაციის ხაზზე პროვოკაციებსა და ვითარების მკვეთრ გამწვავებას არ გამორიცხავენ, თუმცა უფრო რეალურად მიაჩნიათ ვერსია, რომ ამით დე ფაქტო ხელისუფლება საკუთარი მნიშნველობის დემონსტრირებას ახდენს. დე ფაქტო “კაგებეს” ვრცელ განცხადებაში საუბარია სოფელ წნელისთან განთავსებულ ქართული პოლიციის ახალ ბლოკ-საგუშაგოზე, ქართული მხარის მიერ სამკილომეტრიან ახალი გზის მშენებლობასა, სოფელ აბისში მდებარე საველე ჰოსპიტალის მოწყობაზე”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ახალი საგუშაგო, 3-კილომეტრიანი გზა და საველე ჰოსპიტალი - ოკუპანტები მცოცავ ოკუპაციაში ჩვენ გვადანაშაულებენ.

“მათი ცნობით, ჩორჩანასა და წნელისს შორის ქართულმა მხარემ პოლიციის ახალი საგუშაგო მოაწყო, რომელიც ტყიან მასივშია განთავსებული და იქ მუდმივად იმყოფება სულ მცირე 5 ქართველო პოლიციელი. დე ფაქტო უშიშროების სამსახური ამ ფაქტში კიდევ ერთ საფრთხეს ხედავს და აღნიშნავს, რომ ე.წ. სასაზღვრო ინფრასტრუქტურის განვითარების ფარგლებში, ქართული მხარე ამ ბლოკპოსტამდე მისასვლელად ბროლოსანი-ჩორჩანას სამკილომენტრიანი ახალი მოასფალტებული გზა გაჰყავს, რომელიც, დე ფაქტო რეჟიმის თქმით, ქართულ მხარეს საჭიროების შემთხვევაში თავის საგუშაგოზე დამატებითი ძალების მაქსიმალურად სწრაფად გადასროლის საშუალებას მისცემს. გარდა ამისა, დე ფაქტო კომიტეტმა ყურადღება ქარელის მუნიციპალიტეტის დასახლებულ პუნქტ აბისში განთავსებული კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებისთვის განკუთვნილ ჰოსპიტალზეც გაამახვილა, რომელთა საქმიანობასაც, მათივე თქმით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები აკონტროლებენ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“სამედიცინო აპარატურის განთავსება ცარიელ მუნიციპალურ შენობაში მოხდა. საავადმყოფოს ტერიტორიაზე შეინიშნება კერძო სამედიცინო კომპანია “Pრივატე”-ს (“Pრივატე” ქართულად „”კერძოს” ნიშნავს - რედ.) კუთვნილი ავტომობილები და მედპერსონალი. ამ სამედიცინო დაწესებულების კონტროლს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ახორციელებენ”, - ნათქვამია განცხადებაში. გარდა ამისა, დე ფაქტო ხელისუფლება ერთ ინციდენტზეც ამახვილებს ყურადღებას - მათი ცნობით, 12 ივნისს 8:55 საათზე ახალგორის რაიონთან ქართული სადაზვერვო თვითმფრინავი დააფიქსირეს. ამასთან დაკავშირებით მათ “ცხელი ხაზი” აამოქმედეს, თუმცა, როგორც განცხადებაში წერენ, ამ ფრენის მიზეზებსა და მიზნებზე არ ქართული მხარისგან და არც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისგან არანაირი განმარტება არ მიუღიათ. გარდა ამისა დე ფაქტო ხელისუფლება ოფიციალურ თბილისს მცოცავ ოკუპაციაშიც ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ქართული პოლიციის ყველა “საზღვრისპირა ობიექტი” მათ ტერიტორიაზე განთავსებული. ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე “რეზონასთან” ამბობს, რომ გამორიცხული არაა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ამ მიმართულებით რაიმე პროვოკაციას გეგმავდნენ, თუმცა უფრო სავარაუდოა, რომ დე ფაქტო ხელისუფლება ამით თავისი მნიშვნელობის დემონსტრირებას ახდენს”, - დასძენს გამოცემა.

“აბსოლუტურად ვერაფერს ვერ გამოვრიცხავ. თვითონ რისი თავი აქვთ, რას უნდა ამზადებდნენ, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ ეს რუსეთის წაქეზებით ხდება. მაგრამ მე მაინც უფრო მგონია ისეთი ვარიანტი, რომ ჯერ ერთი თავიანთი აქტივობის დემონსტრირებას ახდენენ, და მეორე - ასე მგონია, რომ ეს ახალი ტაქტიკაა, ევროპელ კოლეგებს ამცნონ, რომ შექმნილ სტატუს-კვოს მარტო თვითონ კი არ არღვევენ, არამედ ქართული მხარეცაა დამნაშავე. იმიტომ რომ ჟენევის მოლაპარაკებებზე მუდმივად ისინი არიან დამნაშავის მდგომარეობაში (სავსებით სამართლიანადაც) და ახლა უნდათ, რომ თვითონაც ერთგვარი მასალა დააგროვონ იმისთვის, რომ სალაპარაკო ჰქონდეთ. მე ვიცი ადგილზე რაც ხდება. ის პროცესი, რაც თქვენ იცით, ეს არის. დანარჩენი კი სალაპარაკო ალბათ არაა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

რითი ჰგავს კობახიძე კალიგულას და ნერონს - გედევან ფოფხაძის შეფასება

ბიძინა ივანიშვილისგან ძალაუფლება მიიღო და როგორც კალიგულას ან ნერონის ფსიქოტიპი, ისე ხმარობს ამ რესურსს. ასეთი ფსიქოტიპია და ამიტომ კობახიძის ქცევაში არც ვცდილობ ლოგიკა დავიჭირო”, - ასე აფასებს “რეზონანსთან” საუბრისას საპარლამენტო ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” ერთ-ერთი ლიდერი გედევან ფოფხაძე, “ქართული ოცნების” ლიდერის ირაკლი კობახიძის მიერ არჩევნების თარიღის შეცვლასთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების გაკეთებას”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რითი ჰგავს კობახიძე კალიგულას და ნერონს - გედევან ფოფხაძის შეფასება.

“ორიოდე დღის წინ კობახიძე აცხადებდა, რომ თუ საქართველოში ეპიდსიტუაცია გართულდა, შესაძლოა არჩევნები პირობითად დეკემბერში ჩატარდეს. ოთხშაბათს კი მან განაცხადა: “მაღალი ალბათობით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ უნდა დაგვჭირდეს და შესაბამისად, არ გადაიდება არჩევნები”. ფოფხაძე ამბობს, რომ “ქართული ოცნების” ქცევაში ლოგიკა არაა და კობახიძის შეცვლილი რიტორიკაც გასაკვირი არ არის. “ქართული ოცნების” ქცევაში ლოგიკას ეძებთ? “ქართული ოცნების” ქცევაში რომ ლოგიკა იყოს, ჩვენ როცა ვიყავით “ოცნებაში”, ამ ქცევაზე რაიმე ზეგავლენის მოხდენას შევეცდებოდით. ლოგიკა არ აქვთ. თავიდან პროპორციული არჩევნები რატომ ჩააგდეს? რატომ გააგდეს კვირიკაშვილი? ღარიბაშვილი რატომ მოხსნეს და მერე ისევ რატომ დააბრუნეს? აქ პოლიტიკური ლოგიკა არაა”, - აცხადებს ფოფხაძე, რომლის აზრით, “აქაა ემოციები”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ცალსახა ემოციებია - ვიღაცამ რაღაც ხასიათზე გაიღვიძა და ამის მერე რაღაც გადაწყვეტილებებს მიიღებს... რა ლოგიკა უნდა ჰქონდეს კობახიძეს? მე ამ ადამიანს ვიცნობ და გეტყვით, რომ ესაა ცინიკოსი ადამიანი. ბიძინა ივანიშვილისგან ძალაუფლება მიიღო და როგორც კალიგულას ან ნერონის ფსიქოტიპი, ისე ხმარობს ამ რესურსს, ასეთი ფსიქოტიპია და ამიტომ კობახიძის ქცევაში არც ვცდილობ ლოგიკა დავიჭირო. მაგათ თავის დროზე პროპორციული არჩევნები ჩააგდეს, სპექტაკლი გაათამაშეს,მერე, როცა მთელი საერთაშორისო რესურსი დაუპირისპირდა, იძულებული გახდნენ 120/30 ზე წასულიყვნენ. დაიჭირეს ოქრუაშვილი და უგულავა, მერე სალომე ზურაბიშვილს გაათავისუფლბინეს, ამ ფონზე კიდე ზურაბიშვილი გალანძღეს, როცა თვითონ გააკეთეს ეს ყველაფერი”, - ამბობს ფოფხაძე, რომელიც დასძენს - “თუ თქვენ ამ ქცევებში რაიმე ლოგიკას ხედავთ მაშინ ანალიზის გაკეთება თქვენთვის მომინდია”, - წერს სტატიის ავტორი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა