20 ივნისი ლტოლვილთა/დევნილთა საერთაშორისო დღეა - პრობლემები, გამოწვევები, გზავნილები

საქართველოში 291.000 იძულებით გადაადგილებული პირი / დევნილი ცხოვრობს, მათ შორის, 50% დაკმაყოფილებულია გრძელვადიანი საცხოვრებლით, თუმცა დევნილი თემის დიდი ნაწილი ისევ პრობლემებისა და მრავალი გამოწვევის წინაშე რჩება. საქართველოს დიდ ქალაქებსა და სოფლებში 411 ძველი, ამორტიზირებული, ნგრევადი და საცხოვრებლად უვარგისი შენობა ე.წ. კოლექტიური ცენტრია, სადაც დაახლოებით 40.000 დევნილი სიცოცხლისთვის საშიშ გარემოში ცხოვრობს.

არასამთავრობო ორგანიზაცია საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ (CHCA) დევნილებთან და კონფლიქტით დაზარალებულ თემთან 1995 წლიდან მუშაობს. „აფხაზეთი“ პროექტებს დევნილთა გაძლიერების და მშვიდობის მშენებლობის მიმართულებით ახორციელებს და ძირითად სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლები - დევნილები, კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადამიანები, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები, კანონთან კონფლიქტში მყოფი ადამიანები, მიგრანტები და სხვ. ორგანიზაცია ყოველწლიურად 2000-მდე ადამიანს ეხმარება.

20 ივნისს, ლტოლვლთა/დევნილთა საერთაშორისო დღეს, ცენტრი „აფხაზეთი“ ტრადიციულად აღნიშნავს. ამ თარიღს ორგანიზაცია წლების მანძილზე აქტივობათა კვირეულს უძღვნიდა და სხვადასხვა სახის ღონისძიებით (გადაუდებელი დახმარება, თემის ლიდერებთან შეხვედრები, სათემო პროექტების დაფინანსება, კონფერენციები, ტელე-რადიო გადაცემები, ადვოკატირების კამპანიები, სპორტული ღონისძიებები და ა.შ.) ეხმაურებოდა. თუმცა, წელს ახალი კორონავირუსის შეკავებისა და ბრძოლის რეკომენდაციების გათვალისწინებით, შეცვლილია ღონისძიებათა ხასიათი, ფორმა და მასშტაბი. ორგანიზაცია რეგიონული ოფისების დახმარებით დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში ჰუმანიტარული დახმარების (პირველადი საკვები პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები) დარიგებით და მედია აქტივობებით შემოიფარგლება.

COVID-19-ის გავრცელების დაწყებასთან ერთად ორგანიზაციის აქტივობები დროებით შეჩერდა და „აფხაზეთი“ მთლიანად პანდემიის წინააღმდეგ რეაგირებისა და შეჩერების საქმეში გადაერთო და დაიწყო თანხების მობილიზება, რათა უსწრაფესი და ქმედითი ნაბიჯებით დევნილთა კომპაქტურად ჩასახლებაში COVID-9-ის წინააღმდეგ მოქმედება დაიწყო.

საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრის, „აფხაზეთის“ აღმასრულებელი დირექტორი ნუკრი მილორავა:

"დევნილი მოსახლეობის მონაცემების ანალიზი გვკარნახობს მოსალოდნელი საფრთხეებისა და რისკების პროგნოზირებას. თუ კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრებ თუნდაც ერთ დევნილს დაუდასტურდება კორონავირუსი, ადვილი წარმოსადგენია, რამხელა საფრთხეში ჩააგდებს ეს კოლექტიური ცენტრის თითოეულ მაცხოვრებელს. ასეთ ცენტრებში ხომ პრაქტიკულად არ არსებობს წყლის მიწოდების სისტემა და მოშლილია კანალიზაცია. ამასთან, მცირე ფართზე ცხოვრობს რამდენიმე ოჯახი, სხვადასხვა თაობის რამდენიმე ადამიანი ერთად და მათ უწევთ საერთო სამზარეულოსა და სველი წერტილებით სარგებლობა. CHCA-მა ჰუმანიტარული მისიის ფარგლებში, სახელმწიფოს მიერ მონიჭებული საქველმოქმედო სტატუსის პირობებში, ასევე, დევნილებისა თუ სხვა მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერის 25-წლიანი გამოცდილების გათვალისწინებით, დააორგანიზა დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრები ოჯახების გადაუდებელი და მიზნობრივი დახმარების პროგრამები."

მარტის ბოლოს ცენტრი „აფხაზეთი“ დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში უკვე ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებებს ატარებდა და უკიდურესად მოწყვლად ადამიანებს სხვადასხვა ჰუმანიტარული დახმარებებით უზრუნველყოფდა. ამჟამად ორგანიზაცია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით მუშაობს დევნილთა 100 კოლექტიურ ცენტრში. საცხოვრისებში ტარდება ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო მოქმედებები - საკვები პროდუქტების და ჰიგიენური საშუალებების დარიგება, საინფორმაციო კამპანია, ყოველკვირეული დეზინფექცია, საერთო სველი წერტილების რეაბილიტაცია და სხვა.

„20 ივნისი არის დევნილთა უფლებების და ადვოკატირების მთავარი დღე. ჩვენ ვართ საველე ორგანიზაცია, ჩვენ ვმუშაობთ რეგიონებში, ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია დევნილებთან და ჩვენ სხვა დღე დევნილთა ადვოკატირებისთვის არ გვაქვს. ჩვენთვის ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მიერ დასახელებულ 400 კოლექტიურ ცენტრში დევნილები ძალიან ცუდ პიროებებში ცხოვრობენ, დევნილები ასეთ კოლექტიურ ცენტრში უკიდურესად მოწყვლადები არიან და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, საერთაშორისო ორგანიზაციებს მეტი ყურადღება მიაქციონ ასეთ ცენტრებში მცხოვრებ დევნილებს, რამეთუ ადამიანთა ცხოვრება არის საფრთხის შემცველი. მე მინდა და ჩემი ორგანიზაციის მიდგომაც ეს არის, რომ ამ ადამიანების ინტეგრაციას ხელი შევუწყოთ ახალი პროექტებით ახალი მიდგომით და ეს გავაკეთოთ არა მხოლოდ დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის პროექტებით, არამედ განვითარების, ინტეგრაციის და მხარდაჭერის პროექტებით.“

„დახმარება შეუძლია ყველას. ყველას წვლილი მნიშვნელოვანია,“ - ეს გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარის (UNHCR) 2020 წლის მოწოდებაა. ფილიპო გრანდი, გაეროს უმაღლესი კომისარი, 20 ივნისისადმი მიძღვნილ განცხადებაში ყველას მოუწოდებს გლობალური სოლიდარობისკენ, მოქმედებებისკენ და მხარდაჭერისკენ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც არიან ლტოლვილები, დევნილები, მოქალაქეობის არმქონე პირები და, ასევე, წარმოადგენენ მათ მასპინძელ ქვეყნებს. „ვინც არ უნდა იყოთ თქვენ ან რომელი ქვეყნიდან, თითოეულ ჩვენგანს შეუძლია ცვლილების შეტანა ცხოვრებაში და ყველას წვლილი ნამდვილად მნიშვნელოვანია.“

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 20 ივნისი ლტოლვილთა/დევნილთა მსოფლიო დღედ 2000 წლის 4 დეკემბერს გამოაცხადა. 1951 წელს გაეროს კონვენციის საფუძველზე პირველად მოხდა ადგილნაცვალი პირებისათვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭება. 2001 წლის 20 ივნისს, ლტოლვილის სტატუსის მინიჭების 50 წლისთავზე, მთელს მსოფლიოში პირველად ლტოლვილთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

„ცენტრი „აფხაზეთი“ გააგრძელებს დევნილი თემის დახმარებას. ჩვენ ამას ვაკეთებთ უკვე 25 წელია. ყველა ჩვენი დახმარება და მოქმედება გამომდინარეობს ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევიდან და ეფუძნება დევნილთა ამჟამად არსებულ გადაუდებელ საჭიროებებს. ჩვენ ამას საჭიროებებზე მორგებულ დახმარებას ვუწოდებთ, ვინაიდან დევნილებს დახმარება სჭირდებათ ახლა და გადაუდებლად. ვფიქრობ, როცა ქვეყანაში არის დევნილი მოსახლეობის ასეთი მაღალი მაჩვენებელი და სანამ დევნილთა პრობლემები არ დაიძლევა, ჩვენ დევნილთა საკითხებზე მომუშავე სამინისტრო უნდა გვყავდეს. დღევანდელი რეალობით ასეთი სამინისტრო ჩვენ არ გვაქვს. ცენტრი „აფხაზეთი“ აქტიურად იყო უკრაინელი კოლეგებისათვის გამოცდილების გაზიარების პროცესში ჩართული. იქ შეიქმნა და არსებობს დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და დევნილთა სამინისტრო, რომელიც თავის საქმეს კომპეტენტურად და სწორი მიდგომებით აგრძელებს. თუ გინდა დევნილთა პრობლემებსა და გამოწვევებზე სწრაფი რეაგირება ეს ასე უნდა იყოს“,- ამბობს ნუკრი მილორავა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს