გიორგი ობოლაშვილი - ტყიბულის შახტებზე უსაფრთხოების აუდიტი გერმანული კომპანია DMT-ს მიერ განხორციელდა

მსოფლიოს მასშტაბით სამთო-მოპოვებითი სფეროს მთავარ პრიორიტეტს მაღაროებსა და შახტებზე უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა და უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვა წარმოადგენს. საქართველოში, კერძოდ კი ტყიბულში არსებულ შახტებზე უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესების მიმართულებით სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. ტყიბულის შახტებზე უსაფრთხოების აუდიტი გერმანული კომპანია DMT-ს მიერ ჩატარდა. DMT-ს ბიზნესის განვითარების მენეჯერმა კავკასიის რეგიონში, გიორგი ობოლაშვილმა კომპანია DMT-ს საქმიანობასა და ქვანახშირის ინდუსტრიაში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა:

- DMT-ს წინამორბედი კომპანია გერმანიის ქვანახშირის ინდუსტრიაში 1734 წელს გაჩნდა და მას შემდეგ გერმანიის და საერთაშორისო ქვანახშირის ინდუსტრიას ემსახურება. DMT-ს წინამორბედი კომპანია შახტებში უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, ასევე მეშახტეებისა და ინჟინრების განათლების დონის ასამაღლებლად და გასაკონტროლებლად შეიქმნა.

1900-იანი წლების დასაწყისში, სამთო სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები კომპანია RAG Coal-ის (German Coal Company) ქოლგის ქვეშ დაფუძნდა, ხოლო 1990 წელს ყველა ეს სერვისი და კვლევითი ცენტრი გაერთიანდა, რათა ჩამოყალიბებულიყო Deutsche Montan Technologie (DMT) - საინჟინრო და საკონსულტაციო კომპანია ქვანახშირის ინდუსტრიის სიღრმისეული ცოდნით. 2007 წელს DMT შეუერთდა TÜV NORD GROUP- ს, გერმანიის უმსხვილეს საინსპექციო და ტესტირების კომპანიას, 1 მილიარდ ევროზე მეტი წლიური ბრუნვით, 10.000-ზე მეტი თანამშრომლით და ოფისებით 70 ქვეყანაში. დღეს, DMT ოპერირებს თითქმის ყველა ქვეყანაში და ოფისები აქვს როგორც გერმანიაში, ისე დიდ ბრიტანეთში, სამხრეთ აფრიკაში, ინდონეზიაში, თურქეთში, ინდოეთში, ავსტრალიასა და კანადაში.

- რა გამოწვევების წინაშე დგანან სამთო-მოპოვებითი სექტორში მომუშავე კომპანიები და რა არის წარმატებული მუშაობის მთავარი ინდიკატორი?

- როგორც საერთშორისო დონეზე, ისე საქართველოში არსებული გამოწვევები შემდეგია: ოპერირების სოციალური ლიცენზია, იურიდიული და ფისკალური სტრუქტურა, სამთავრობო ადმინისტრაცია და მმართველობა, სამთო სამუშაოების ინჟინერია და კონსულტაცია. წარმატებული მუშაობის მთავარი ინდიკატორი კმაყოფილი მომხმარებელია, რომელსაც აქვს დროულად და ბიუჯეტის ფარგლებში მიწოდებული პროექტები და მომსახურები; ასევე უსაფრთხოებით, დაცულობით და ბენეფიტით კმაყოფილება, რომელსაც უნდა ელოდო DMT-სგან.

- როგორია უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტები შახტებსა და მაღაროებზე?

- არ არსებობს ზოგადი, ყოვლისმომცველი საერთაშორისო სტანდარტები, რომლებიც ყველა ქვეყანაში და კანონმდებლობაში იმოქმედებს. საშიშროებებთან და რისკებთან მიმართებაში თითოეულ საბადოს საკუთარი მახასიათებლები აქვს და სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ეკონომიკური და უსაფრთხო ოპერირებისთვის, სამთო საკონსულტაციო და საინჟინრო კომპანიები, ადგილობრივ სამთო მარეგულირებელ ორგანოებთან მჭიდროდ და შეთანხმებულად თანამშრომლობენ. ამასთან, არსებობს ძირითადი პრინციპებიც, რომლებიც დაფუძნებულია ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკასა და სახელმძღვანელო პრინციპებზე და რომლებიც გამოქვეყნებულია სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, აგრეთვე სხვა დაინტერესებული მხარეების მიერ - როგორიცაა სამრეწველო, სავაჭრო პალატები, პროფკავშირები და ა.შ.

- რა ეტაპები უნდა გაიაროს კომპანიამ, რომ შექმნას უსაფრთხო სამუშაო გარემო?

- აუცილებელია მაღაროს/შახტის უსაფრთხოების მაკონტროლებელი პირობების შესწავლა (მაგ. გეოტექნიკური პარამეტრების, ჰიდროგეოლოგიური მდგომარეობის, გაზის შემცველობის, წვის, მტვერის და ა.შ.), ასევე რისკებისა და ამ რისკების შემცირების მატრიცის შემუშავება. შახტის ინფრასტრუქტურა და მოპოვება-წარმოება მოითხოვს დაგეგმვას რისკის მატრიცის საფუძველზე და კვლევებს-გაზომვებს რისკების შესამსუბუქებლად, მაგ. დე-გაზაცია და დე-განტვირთვა.

- მოგვიყევით „საქნახშირისა“ და DMT-ს თანამშრომლობის შესახებ, რა სამუშაოები ხორციელდება ამჟამად?

- DMT- სა და „საქნახშირის“ საქმიანი ურთიერთობა 2017 წელს დაიწყო. გავუწიეთ საკონსულტაციო მომსახურება, ხოლო 2018 წელს, საქართველოს მთავრობის ბრძანებით, DMT-მ ტყიბულის შახტებში ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების აუდიტი ჩაატარა. გავაკეთეთ დეტალური ანგარიში, თუმცა გარკვეული პერიოდის განმავლობაში შახტები დაკეტილი იყო და შესაბამისად, ჩვენი რეკომენდაციების შესრულება ამ პერიოდის განმავლობაში ვერ მოხერხდა.

გასულ წელს, ახალი ხელმძღვანელობა დაგვიკავშირდა, წარმოგვიდგინა განახლებული სამოქმედო გეგმა და მოითხოვა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების აუდიტის ხელახლა ჩატარება. აღნიშნული აუდიტი უკვე ჩატარებულია და ამჟამად საბოლოო დეტალებს ვათანხმებთ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ კომპანიის მიდგომა შახტებზე უსაფრთხოების გაუმჯობესების მხრივ, ძალიან სერიოზულია და ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს, რომ შახტებზე უსაფრთხო სამუშაო გარემო შეიქმნას. ისინი აქტიურად და ღიად თანამშრომლობენ ჩვენთან, რათა ერთად მივიდეთ სასურველ შედეგამდე. პირადად მე, ძალიან პოზიტიური გრძნობა მაქვს. კომპანიის მოთხოვნით, საბოლოო რეკომენდაციების შემდეგ, რისკების შემცირების მიზნით DMT -ის ექსპერტები შახტებში პერიოდულად გააკონტროლებენ სამუშაო პროცესებს.

- ზოგადად, როგორ კონტროლდება შახტებზე უსაფრთხოების სტანდარტები?

- უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ ხდება გაზის, მტვრის და სხვა გეოტექნიკური და წარმოების უსაფრთხოების პარამეტრების მუდმივი მონიტორინგი. ხდება რეგულარული შემოწმება და მაღაროების მუშაობაზე ზედამხედველობა; პოტენციური სამთო სამუშაოების მქონე ტერიტორიების დაზვერვა-შესწავლა, წარმოების და უსაფრთხოების პარამეტრების მოდელირება და პროგნოზირება, სამთო ოპერაციებიდან ფაქტობრივი და მიმდინარე მონაცემებით ჯვარედინი შემოწმება.

- გარდა კომპანიის მხრიდან ჩატარებული ტექნიკური სამუშაოებისა, კიდევ რა არის საჭირო შრომითი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად?

- ნებისმიერ ინდუსტრიაში, ყველა ტექნიკური ოპერაცია ატარებს მინიმალურ რისკებს. ტექნიკური პროცედურები შექმნილია იმისათვის, რომ მოხდეს ნებისმიერი სახიფათო ქმედების თავიდან აცილება. თუმცა, ტექნიკური ან ინდივიდუალური ხარვეზები და გაუთვალისწინებელი შემთხვევები შეუძლებელია სრულიად გამორიცხული იყოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ყველასთვის, ვინც სამთო ინდუსტრიაში საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობს, მათთვის უსაფრთხოების გაუმჯობესება მუდმივი ამოცანაა. პირველი 3 წლის განმავლობაში, როდესაც DMT-ს გუნდს შევუერთდი, ერთ-ერთ ადგილობრივ შახტაში კვლევას ვატარებდი. კარგად მახსოვს, რომ სამთო რევიზორები თვალის დახუჭვაზეც კი რეაგირებდნენ.

აქედან გამომდინარე, ცხადია, თითოეულმა მეშახტემ მკაცრად უნდა დაიცვას სამთო რეგულაციები. ისინი მომზადებულები არიან, მიღებული აქვთ უსაფრთხოების სისტემის ყველა საჭირო ინდუქცია და გააჩნიათ უსაფრთხოების კულტურა. რეკომენდაციები ყოველთვიურად შეგვიძლია დავწეროთ, მაგრამ დღის ბოლოს სწორედ მეშახტეები დგებიან იმ გამოწვევის წინაშე, რასაც ამ რეკომენდაციების შესრულება ჰქვია. ისინი არიან ცხელ ხაზთან. შახტებში მომუშავე უსაფრთხოების ექსპერტებისთვის, უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელობითა და ზედამხედველობით, უსაფრთხოების კულტურის განხორციელება არის უზარმაზარი, გრძელვადიანი ამოცანა.

ტყიბულში უნდა განახლდეს უსაფრთხოების განყოფილება, დირექტორატსა და ზოგადად, მეშახტეებთან მიდგომა უნდა გამკაცრდეს და გაუმჯობესდეს. საჭიროა მუდმივი ტრენინგები, აღჭურვილობის, პროცესებისა და პროცედურების მუდმივი ოპტიმიზაცია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო