ქართული პრესის მიმოხილვა 22.06.2020

გია ხუხაშვილი - “გახარია ერთჯერადი გამოყენების ორთქლმავლის როლს შეასრულებს”

ვის დაუტოვა თბილისის ორი ოლქი “გაერთიანებულმა ოპოზიციამ” და რომელ პარტიაში მიდის მარგველაშვილი

ანა დოლიძე - “ჩემს წინააღმდეგ დაიწყო ბინძური კამპანია, რომელიც ალბათ, “ოცნების” ოფისში დაიგეგმა”

* * *

გია ხუხაშვილი - “გახარია ერთჯერადი გამოყენების ორთქლმავლის როლს შეასრულებს”

“დიდი იმედი მაქვს, რომ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე და მესამე მოსმენითაც მიიღებენ, რადგან ეს არის უპირველესად სახელმწიფოს ინტერესებში. ეს მოდელი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მულტიპარტიული სისტემა დამკვიდრდეს და ერთხელ და სამუდამოდ დავაღწიოთ თავი ძალაუფლების უზურპაციის საფრთხეს. მოგეხსენებათ, ამ პროცესს დასავლეთი აქტიურად აზღვევს და სიურპრიზებს, ალბათ, აღარ უნდა ველოდოთ, თუმცა ამ ქვეყანაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს”, - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით “გახარია ერთჯერადი გამოყენების ორთქლმავლის როლს შეასრულებს” / “ფაქტობრივად, ჩვენ პოლიტიკურ პროცესში გვყავს ორი ტიტანიკი, რომლებიც იძირებიან, მაგრამ ერთმანეთისთვის ქვემეხების დაშენას თავს მაინც არ ანებებენ” / “ხანგოშვილი საქართველოს მოქალაქე იყო. მის მკვლელობაში გერმანიის პროკურატურა პირდაპირ ბრალს სდებს რუსეთის ხელისუფლებას, ამაზე მერკელმაც გააკეთა განცხადება, საქართველოს ხელისუფლება კი გასუსულია”.

“რაც შეეხება ოპოზიციას, ვფიქრობ, “ევროპული საქართველოს” გადაწყვეტილება სწორია. ეს მათი ტაქტიკის ნაწილია, მათ არ დააყენეს საფრთხის წინაშე მნიშვნელოვანი ცვლილებები და, იმავდროულად, დღის წესრიგში დატოვეს რურუას საკითხი. თითოეული ადამიანის ბედი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ გრძელვადიანი სახელმწიფოებრივი კრიზისი ყველა შემთხვევაში უნდა იყოს აცილებული. ველოდები რურუას განმარტებას ციხიდან, სადაც ის პარტიებს მიმართავს, რომ მისი პირადი ბედი ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესს არ დაუკავშირონ. ეს მისთვისაც მომგებიანი პოზიცია იქნება... რაც შეეხება გაბუნიას, ვფიქრობ, რომ შეკვეთილი მკვლელობის კვალიფიკაცია არ არის სწორი. მიზანი არ იყო მხოლოდ გაბუნიას ლიკვიდაცია, უფრო მეტად ამის მიზანი იყო ჩვენს საზოგადოებაში შიშის დათესვა, აგრესიის გამოწვევა, დესტაბილიზაცია და მასშტაბური კრიზისის შექმნა. შესაბამისად, ჩვენი კანონმდებლობით, ამის კვალიფიკაცია უნდა იყოს არა შეკვეთილი მკვლელობა, არამედ ტერაქტი, რომლის მიზნებიც ერთი ადამიანის მკვლელობას მნიშვნელოვნად სცილდება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“ვილაპარაკოთ ფაქტებზე, ამისთვის დავსვათ კითხვები: 1. შექმნა თუ არა გაბუნიამ იმის საფუძველი, რომ რუსეთის ნახევრად კრიმინალურ ხელისუფლებას ეფიქრა შურისძიებაზე? - დიახ, შექმნა იმ ცნობილი განცხადებით, რომელიც შეურაცხყოფდა რუსეთის ხელმძღვანელობას. ამ განცხადების ფორმა და ტონი მეც არ მომეწონა. ვფიქრობ, რომ არა აქვს მნიშვნელობა სხვა იმსახურებს ამას თუ არა, ადამიანმა უპირველესად საკუთარ თავს უნდა სცეს პატივი და ასეთი ფრაზებით არ ილაპარაკოს. 2. შეიძლებოდა თუ არა ამის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებას ჩაეფიქრებინა გაბუნიას დასჯა? - გამოცდილება აჩვენებს, რომ რუსეთის ხელისუფლებას ამგვარი განზრახვა შეიძლება ჰქონოდა. 3. მოვისმინეთ თუ არა კონკრეტული მუქარა რამზან კადიროვისგან, რომელიც ეჭვმიტანილია ამ ტიპის სადამსჯელო ღონისძიებების გატარებაში? - დიახ, მოვისმინეთ. მოკლედ, ჩვენ თუ ამ მოვლენების ჯაჭვს შევხედავთ, გამოძიების დასრულებამდე მართალია ვერაფრის მტკიცებას ვერ დავიწყებთ, მაგრამ საკმაოდ ბევრი მიზეზია იმისა, რომ რუსეთის ხელისუფლებისა და რამზან კადიროვის მხრიდან გაბუნიას მკვლელობის შეკვეთა ერთ-ერთ მთავარ ვერსიად განვიხილოთ. გამომდინარე იქიდან, რომ მე ამას ტერაქტად მივიჩნევ, ამ თემას აქვს 2 განზომილება”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ერთი - სისხლის სამართლებრივი, რაშიც ბუნებრივია ვერ ჩავერევით. ამ მიმართულებით ბევრი სპეციფიკური თემა შეიძლება იყოს, რაც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ხმამაღლა ვერ ითქმება... მეორე - პოლიტიკური განზომილებაა, რისი გამოცდილება ბევრ ქვეყანაში დაგროვდა უკვე. გავიხსენოთ “სოლსბერის საქმე”, გამოძიება ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე იყო, როდესაც ეჭვი მაღალი ალბათობით მიიტანეს რუსეთის ხელისუფლებაზე და ამის თაობაზე პოლიტიკური განცხადებები მეორე დღიდანვე კეთდებოდა. პოლიტიკოსი იმის პოლიტიკოსია, რომ საჯაროდ ილაპარაკოს ვერსიებზე. ეს უნდა იყოს პოლიტიკური განხილვის თემა და აბსოლუტურად არ ვეთანხმები იმ განცხადებებს, რომ თურმე უნდა დაველოდოთ გამოძიებას. არ მესმის ჩვენი ხელისუფლების დუმილის - მაინც, რას უნდა დაველოდოთ? თუ ვუშვებთ, რომ ასეთი რამ შეიძლება მომხდარიყო და კვლავაც მოხდეს, პრევენციის ერთადერთი საშუალება ამაზე ხმამაღლა ლაპარაკი და საჯაროობაა”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“ხელისუფლება ცდილობს “ნაციონალურ მოძრაობასა” და სააკაშვილზე გააკეთოს მინიშნება და მას დასდოს ბრალი დესტაბილიზაციის სურვილში, თუმცა ამგვარი შეთქმულების თეორიის ადრესატი ხელისუფლებაც შეიძლება იყოს - არსებობს გარკვეული საკითხები, რის გამოც ვიღაცამ შეიძლება დაუშვას, რომ “ქართულ ოცნებასაც” აწყობს არეულობა... რუსეთს რომ აქ დესტაბილიზაცია ყველაზე მეტად შეიძლება აწყობდეს, არა მგონია, ამას დიდი მკითხაობა სჭირდებოდეს. გავიხსენოთ, პარალელურად გერმანიაში მიმდინარეობს ზელიმხან ხანგოშვილის საქმე. ამ ორი თემის პარალელურად განხილვა შეგვიძლია. მესმის, რომ ხელისუფლებას კაპიტულანტური განწყობები და რუსეთის ხელისუფლების ეგზისტენციალური შიში აქვს... კარგი, შეიძლება კრემლისკენ არ გაიშვირო ხელი, მაგრამ კადიროვზე, როგორც ღია მუქარის ავტორზე, ხომ უნდა თქვა რაღაც?! გარდა ამისა, ხანგოშვილის თემაზე ერთი განცხადება არ გაუკეთებიათ, არადა, ხანგოშვილი საქართველოს მოქალაქე იყო. მის მკვლელობაში გერმანიის პროკურატურა პირდაპირ ბრალს სდებს რუსეთის ხელისუფლებას, ამაზე მერკელმაც გააკეთა განცხადება, საქართველოს ხელისუფლება კი გასუსულია”, - ამბობს გია ხუხაშვილი.

“ჭკვიანი ხელისუფალი ამ ვითარებას სათავისოდ გამოიყენებდა. საქმე ისაა, რომ ჩვენი ხელისუფლება კარგა ხანია დასავლეთის მხრიდან რუსეთთან რაღაც ტიპის ურთიერთობებშია ეჭვმიტანილი და ამაზე ზოგჯერ ღიადაც ლაპარაკობენ უკვე, შესაბამისად, “ქართულ ოცნებას” შეეძლო გაბუნიას საქმის მეშვეობით ჩამოერეცხა ეს იმიჯი. პირდაპირ კოზირი დააჭერინეს ხელში, რომ ამაზე აეგოთ, ასე ვთქვათ, საგარეო პოლიტიკური ალიბი, მაგრამ ამას არ იყენებენ, მეტიც, არანაირ განცხადებას არ აკეთებენ... რასთან გვაქვს საქმე? ასეთ ვითარებაში, შეგნებულად თუ შეუგნებლად, ან მძევალი ხარ რაღაცის და ამიტომ ვერაფერს ბედავ, ან უსაშველოდ მშიშარა ხარ”, - თვლის ექსპერტი და შეკითხვაზე - "20 ივნისს ერთი წელი გავიდა შარშანდელი მძიმე პოლიტიკური პროცესებიდან. როგორ შეიძლება შეფასდეს ამ გადასახედიდან მომხდარი?”, - პასუხობს:

“სამწუხაროდ, ისტორიული გამოცდილებიდან ჩვენ ვერაფერს ვსწავლობთ... უკვე რამდენჯერ ვნახეთ თავიდან თითქოს ხელისუფლება რეაგირებს რაღაც უკანონობაზე, თუმცა მერე ეს გადადის ძალის გადამეტებაში, საბოლოო ჯამში კი ძალის ბოროტად გამოყენებად იქცევა. არც ოპოზიცია გამოიყურება ხოლმე წელში გამოყვანილად, ისინიც მზად არიან, რომ გარკვეულწილად ხელისუფლება პროვოკაციაზე წამოაგონ. ეს მეორდება ისევ და ისევ... გავრილოვის პარლამენტში დანახვისთანვე აქცია დაიწყო სპონტანურად და თავიდან პოლიტიკოსებს ტრიბუნაზეც არ უშვებდნენ. ყველაფერი დაიწყო ანტისაოკუპაციო პროტესტით და პოლიტიკური მოთხოვნა იყო, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს აეღო პასუხისმგებლობა და გადამდგარიყო, მოგვიანებით მიემატა პროპორციული არჩევნების მოთხოვნა... საბოლოოდ ეს ორივე მოთხოვნა შესრულდა, გადადგომა მოუწია კობახიძესაც, სახელმწიფოში აბსოლუტური ძალაუფლების პირისგან კი მოვისმინეთ საკონსტიტუციო ცვლილებების დაპირებაც, მერე ეს როგორ გადათქვეს, სხვა საქმეა, მაგრამ იმ ეტაპზე აქციის მოთხოვნები შესრულდა...”

“შესაბამისად, ეს უნდა ყოფილიყო საზოგადოების გაერთიანების, გამთლიანების საფუძველი, ჭკვიანი ხელისუფლება ამას გამოიყენებდა სახელმწიფოს სასარგებლოდ, თუნდაც საკუთარი იმიჯისთვის და დასჯიდა ყველას, ვინც ამ პროცესში მონაწილეობდა და კანონს არღვევდა, როგორც ოპოზიციისგან, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, ოღონდ ადეკვატურად დასჯიდა... ანუ არა სახელმწიფო გადატრიალების მუხლით, რაც სისულელე იყო და პროცესში ესეც დადასტურდა, ამ მუხლით არავინ გასამართლებულა... ხელისუფლებას მიეცა კიდევ ერთი შანსი საზოგადოების კონსოლიდაციის და მან ეს შანსი არ გამოიყენა. სამაგიეროდ, კიდევ ერთხელ მოვისმინეთ სახელმწიფო გადატრიალების ბრალდება, თუმცა ასევე ტრადიციულად, მომხდარის გამო არავინ დაისაჯა... ხელისუფლებები იცვლება, სამწუხაროდ, მეთოდები იგივე რჩება”, - დაასკვნის რესპონდენტი.

“თუ გავითვალისწინებთ დასახელებული ოპოზიციური კანდიდატების ცნობადობას, სადებატო უნარებს და პოლიტიკურ გამოცდილებას, ისინი პერსონალურად ნამდვილად ძლიერად გამოიყურებიან და მათ საპირწონედ კანდიდატების შერჩევა “ოცნებაში” გაუჭირდებათ... `ლელოს~ ნამდვილად აქვს რესურსი, ჩამოყალიბდეს ალტერნატიულ ძალად, ცხადად ჩანს, რომ “ლელოს” შეუძლია კარგი პოლიტიკური შემადგენლობის შეკრება, მაგრამ მას აკლია ორთქლმავალი - გამწევი ძალა, რომელიც ამ კარგ შემადგენლობას ჩაიბამს და წავა დანიშნულების ადგილისკენ. ეს ამოცანა არ არის მარტივი, მაგრამ მისი შესრულების შანსი ჯერ კიდევ არსებობს... რაც შეეხება “ოცნებას, მოდი, თავშივე ვთქვათ, რომ `ქართული ოცნება~ არის ერთი ადამიანი, ანუ ეს პოლიტიკური ძალა უდრის ბიძინა ივანიშვილს. ამ ეტაპზე გაჩნდა ახალი ფაქტორი - გახარია, რომელიც სიის პირველი ნომერი იქნება თუ პრემიერ-მინისტრი, ნებისმიერ შემთხვევაში შეასრულებს ერთჯერადი გამოყენების ორთქლმავლის როლს. მისი კარიერის პერსპექტივაზე არ ვარ ოპტიმისტურად განწყობილი. ბიძინა ივანიშვილს ახლა მის მიმართ აქვს კოგნიტური დისონანსი - ერთი მხრივ ის ხვდება, რომ მას ამ არჩევნების მოსაგებად გახარია სჭირდება, მეორე მხრივ გახარია, როგორც პოლიტიკური ავტორიტეტი, არღვევს მისი, როგორც აბსოლუტური მმართველის “რელიგიას”. შესაბამისად, გახარია იქნება მთავარი ფიგურა ამ არჩევნებზე, შემდგომ კი შედარებით რბილი ან შესაძლოა მძიმე ფორმით, გაუშვებენ”, - დასძენს ხუხაშვილი.

ვის დაუტოვა თბილისის ორი ოლქი “გაერთიანებულმა ოპოზიციამ” და რომელ პარტიაში მიდის მარგველაშვილი

"რატომ დატოვა თბილისის ორი მაჟორიტარული ოლქი “ვაკანტურად” “გაერთიანებულმა ოპოზიციამ” და ამ საკითხზე ხომ არ მიდის მოლაპარაკებები კონკრეტულ პარტიებთან ან პოლიტიკოსებთან? მათ კიდევ აქვთ იმედი, რომ მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებზე შეთანხმებას სხვა ოპოზიციური პარტიებიც შეუერთდებიან. მითუმეტეს, რომ ამ ოლქებიდან ერთ-ერთში - საბურთალოზე - უკვე გეგმავენ საკუთარი კანდიდატურის დაყენებას თაკო ჩარკვიანი და ალეკო ელისაშვილი. წინასაარჩევნოდ ოპოზიციურ ფლანგზე მიმდინარე გადაადგილებების კიდევ ერთი ინტრიგა ექს-პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს უკავშირდება. “რეზონანსის” ინფორმაციით, მან პრაქტიკულად უკვე დაასრულა კონსულტაციები მოძრაობა “ლელოსთან” და დიდი ალბათობით, “ლელოს” საარჩევნო სიის პირველ ხუთეულში ვიხილავთ, ხოლო პირველ ნომრად მამუკა ხაზარაძე განიხილება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ვის დაუტოვა თბილისის ორი ოლქი “გაერთიანებულმა ოპოზიციამ” და რომელ პარტიაში მიდის მარგველაშვილი.

“მარგველაშვილი აცხადებს რომ მისი პოლიტიკური გემოვნება ახლა ყველაზე ახლოს “ლელოსთან” არის, თუმცა, არ აკონკრეტებს იქნება თუ არა არჩევნებზე “ლელოს” სიაში. “მაჟორიტარად კენჭისყრას არ ვაპირებ. შეთავაზებები და აზრები იყო ბევრი, მაგრამ ეს არ არის ყოველთვის ეთერში მოსაყოლი, ვისგან და რანაირად. პოლიტიკური სპექტრის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა გამოიყოს, ის, რაზეც არის ქართული საზოგადოების შეკვეთა. ქართული საზოგადოების შეკვეთა კი არის ახალ ძალაზე და არა წინა ხელისუფლებაზე, არა კიდევ იმის წინა ხელისუფლებაზე, არამედ ახალ, მომავალ ძალაზე. “ლელო” არის პოლიტიკური ძალა, რომელიც არა მხოლოდ ჩემს ღირებულებებთან არის ახლოს, არამედ იქ არის ჩემი ბევრი ყოფილი თანამებრძოლი”, - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი. “ლელოს” წევრი ანა ნაცვლიშვილი კი “რეზონანსთან” საუბრისას გამორიცხავს, რომ მათმა პარტიამ პოზიცია შეცვალოს და თუნდაც თბილისის ორ მაჟორიტარულ ოლქში დარჩენილ “ვაკანტურ ადგილებზე” ოპოზიციასთან შეთანხმებული კანდიდატები დააყენონ. მისივე თქმით, როგორც თავიდანვე განაცხადეს, მათ საკუთარი მაჟორიტარობის კანდიდატები ეყოლებათ და საერთო კანდიდატებზე კონსულტაციები არც ადრე და არც ახლა არ მიმდინარეობს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“იმ მაგიდასთან მსხდომმა ყველა ადამიანმა თავიდანვე იცოდა ჩვენი პოზიცია. მათაც არასდროს უთქვამთ, რომ “ლელო” ვინმეს რამეს დაპირდა და შემდეგ ეს შეცვალა. ისევ იმ ძველ აზრზე ვართ და თავიდანვე რა გზაც დავსახეთ, იმ გაზას მივყვებით. რა თქმა უნდა, ოპოზიციისგან თუ ეს შემოთავაზება გაკეთდება, ჩვენს მიზანს მაინც არ გადავუხვევთ. ეს ღიადაც განვაცხადეთ და არაც არავის არაფერს დავპირებივართ. სტრატეგია გვაქვს და ამაზე როგორც საზოგადოება, ასევე ოპოზიციური პარტიებიც ჩვენი მხრიდან ღიად და პატიოსნად გავაფრთხილეთ. ვინარჩუნებთ იმ გეგმას, რაც ადრევე ვთქვით. მარგველაშვილი “ლელოსთან” თავისი ღირებულებებით დგას, ეს საზოგადოებისთვის უცნობი არ არის. ასევე მისი გარემოცვის რამდენიმე წევრი ამ პარტიაში ვართ, რაც, რა თქმა უნდა, ამ კავშირებს კიდევ უფრო ახლოვებს. თუმცა, დღეის მონცემებით რაიმე კონკრეტულის თქმა ჯერ არ შემიძლია. თუკი გადაწყვეტილება მიღებული იქნება, ამაზე საზოგადოება აუცილებლად გაიგებს. ეს არის ორმხრივი პროცესი და თუ რაიმე კონკრეტულზე შეთანხმება იქნება, საჯაროდაც გაცხადდება. ურთიერთობა გვაქვს და არც არასდროს შეგვიწყვეტია და ეს მემგონი ძალიან ბუნებრივი ამბავია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ანა ნაცვლიშვილი.

“რატომ დატოვა “გაერთიანებულმა ოპოზიციამ” ღიად თბილისის მაჟორიტარული ორი ოლქი და ვისთან მიდის ამ ადგილების დასაკავებლად მოლაპარაკებები? - ამაზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე ამბობს, რომ ეს შესაძლოა იმ პარტიებისთვის არის დატოვებული, რომლებიც მაჟორიტარობის ერთიან კანდიდატებზე შეთანხმებაში შემოვლენ და საკუთარ კანდიდატებს “გაერთიანებული ოპოზიციის” ლიდერებს არ დაუყენებენ. მისი თქმით, შესაძლოა ამ ღია ოლქებზე “ლელოსთან” ან ელისაშვილის პარტიასთან შეთანხმება მოიაზრებოდეს, რომ ისინი ერთიან კანდიდატურაზე შეჯერდნენ. ასევე გოცირიძე არ გამორიცხავს, რომ ეს ადგილები ძალიან ცნობილი ადამიანებისთვის მოიაზრებოდეს, რომლებსაც საკმაოდ დიდი ელექტორატი ჰყავთ”, - განაგრძობს გამოცემა.

“შესაძლოა ეს ოლქები პოლიტიკოსისთვის, ცნობადი სახისთვის და კონკრეტული პარტიებისთვის იყოს. მრავალი გეგმა შეიძლება იქნას ამოქმედებული, რაც იმის საშუალებას მოგვცემს, რომ შეიქმნას ყველაზე კონკურენტუნარიანი კანდიდატი და “ოცნების” დამარცხება უფრო ადვილი იყოს. რაც შეეხება მარგველაშვილთან რაიმე მოლაპარაკებას, კონკრეტული საუბარი არ ყოფილა. მან თქვა, რომ პოლიტიკაში უკან დაბრუნება სურს. თუკი ის რომელიმე პარტიას უკვე მოიაზრებს, ეს მისი გადასაწყვეტია. აქ ბევრი ნიუანსია, რომელიც საბოლოო ჯამში გამოჩნდება”, - მიიჩნევს გამოცემასთან საუბრისას რომან გოცირიძე. რაც შეეხება მარგველაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას, ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ვინც რა არ უნდა თქვას, ის წლების განმავლობაში ქვეყნის პრეზიდენტი იყო და მას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ პოლიტიკური წონა აქვს. ხოლო რაც შეეხება მარგველაშვილთან არსებულ პრეტენზიებს, ანალიტიკოსი ამბობს, რომ ის ყოველთვის ცდილობდა რაღაც გაეკეთებინა, მაგრამ არ გამოსდიოდა იმ მანკიერი სისტემიდან გამომდინარე, რაც ქვეყანაში ჩამოყალიბდა. მისივე თქმით მარგველაშვილი „ქართული ოცნებისთვის“ დისკომფორტის შემცვლელია, რადგან მის სიტყვას უცხოეთში მაღალი ფასი აქვს და მისი აქტიური მონაწილეობა ამ პროცესში მნიშვნელოვანია. დასავლეთში არჩევნებთან დაკავშირებით მის ნათქვამს მეტი დამაჯერებლობა ექნება”, - დასძენს გამოცემა.

ანა დოლიძე - “ჩემს წინააღმდეგ დაიწყო ბინძური კამპანია, რომელიც ალბათ, “ოცნების” ოფისში დაიგეგმა”

“ორი წელია, ტელევიზიით უმწვავესად შუქდება იუსტიციის საბჭოში მიმდინარე პროცესები. იყო თავდასხმა, შეურაცხყოფა, ერთხელ ფიზიკურ ძალადობამდეც კი მივიდა საქმე და მიუხედავად იმისა, რომ მე ვიყავი პრეზიდენტის დანიშნული, თანაც - ქალი, სალომე ზურაბიშვილს არც ერთხელ ხმა არ ამოუღია. არც ინსტიტუციურად დაუჭერია მხარი და არც - ადამიანურად. მას ჟურნალისტებმა არაერთხელ სთხოვეს, გამოეხატა აზრი სასამართლოს კლანთან დაკავშირებით, მაგრამ განაცხადა, სასამართლოს ამბებზე რეაგირების უფლება არ მაქვსო, დღეს კი უსწრაფესად გააკეთა განცხადება და პროცესში ჩაერთო. ეს აჩვენებს, რომ ეს პროცესი მართულია. ჩემს წინააღმდეგ დაიწყო ბინძური კამპანია, რომელიც, ალბათ, “ოცნების” ოფისში დაიგეგმა. “ნაცქოცური” ალიანსი დაინტერესებულია, ჰორიზონტზე არ გამოჩნდეს ძლიერი ადამიანი ან ჯგუფი, რომელიც დღევანდელ დღის წესრიგს შექმნის, ეს არის ბინძური პოლიტიკური სქემა, რომლის მთავარი ამოცანაა, დააზიანოს ყველა, ვინც შეიძლება “ნაცქოცურ” ალიანსს დაუპირისპირდეს.”, - აცხადებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ანა დოლიძე: “ჩემს წინააღმდეგ დაიწყო ბინძური კამპანია, რომელიც ალბათ, „ოცნების“ ოფისში დაიგეგმა”.

“დავაარსე არასამთავრობო ორგანიზაცია “მოძრაობა ხალხისთვის” და ეს იუსტიციის საბჭოს წევრისთვის ნებადართულია. მე კანონს არ ვარღვევ. ალეკო ელისაშვილსა და ლევან კობერიძესთან ერთად თუ გამოვჩნდი და ფოტო გადავიღე, ეს ჩემი კონსტიტუციური უფლებაა. გული უსკდება “ოცნებას”, რომ სადმე რამე ერთობა არ გამოჩნდეს. ამიტომ არის 24 საათის განმავლობაში ჩემკენ ყურადღება მომართული. ამავე კონტექსტში უნდა განვიხილოთ ჯანეზაშვილის მიერ ელისაშვილის უადგილო შეურაცხყოფა და ამ საქმეში ჩუგოშვილის გარევაც. თურმე ნაზი ჯანეზაშვილი თვითონ ფარავდა დანაშაულს! თუ ერთი წელია, თამარ ჩუგოშვილი მასთან სატელეფონო მოლაპარაკებებს აწარმოებს, რაც ჩემთვის, როგორც თანამებრძოლისთვის, არ უთქვამს და ამას ფარავდა, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, რა გამოდის?! სამწუხაროა ნაზის საქციელი. მას ჩემს თანამებრძოლად ვთვლიდი. ჩემთან დაკავშირებით ჯანეზაშვილის ჰიპერაქტიურობა მაფიქრებინებს, რომ ის სათავეში უდგას მიქაუტაძის, გვრიტიშვილის, მეთოფიშვილის კლანის კამპანიას, რომლის მიზანია, შელახოს ჩემი იმიჯი 2017 წელს ირაკლი კობახიძეც იმავე საკითხზე მეკამათებოდა პარლამენტში და ეს პარალელები ძალიან მაფიქრებს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ანა დოლიძე.

“თუ საუბარია სამართლებრივ საკითხზე, მე ველოდები გვრიტიშვილის, მეთოფიშვილის, ჩინჩალაძისა და ჯანეზაშვილის ერთობლივ სარჩელს ჩემს წინააღმდეგ. 21 მაისს დავაარსე ორგანიზაცია, იმის შემდეგ სამჯერ ვნახეთ ერთმანეთი იუსტიციის საბჭოში და მას არც ერთხელ არაფერი უთქვამს ჩემთვის. არც რვა თვის წინ უთქვამს რამე, ესეც ტყუილია. ისიც კი თქვა, ანა უკანონოდ არის საბჭოში დანიშნულიო. აღარ გავყვები მასთან კინკლაობას, რადგან საქმე მაქვს გასაკეთებელი და ბრძოლა მაქვს გასაგრძელებელი. მთელი ცხოვრება ზედმიწევნით ვიცავ კანონებს. ჯანეზაშვილს შევთავაზე, თუ მართლაც კანონი დავარღვიე, დაწეროს სარჩელი და შეიტანოს სასამართლოში, რომ დავინახო სამართლებრივი არგუმენტები და სამართლებრივად ვუპასუხო, მაგრამ მას არ აქვს სამართლებრივი არგუმენტაცია. მე ყველგან უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები დამყვებიან, იღებენ ჩემს აქციებს და გამოსვლებს. თუ ორი წლის წინ უკანონოდ დამნიშნეს, ერთხელ მაინც რატომ არ ამოიღო ხმა? რატომ იბრძოდა ჩემთან ერთად? მაინცდამაინც დღეს რატომ ჰყვება ჩუგოშვილთან საუბრის მასაც ზიანი მიაყენოს? ეს არის ბინძური სქემა ახალი ძალის წინააღმდეგ და ეს ყველაფერი “ოცნებიდან” მოდის - არ დაგავიწყდეთ, რომ ნაზი ჯანეზაშვილი “ქართული ოცნების” დანიშნულია 108 ხმით, ერთობლივი გადაწყვეტილებით”, - განაგრძობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი.

“არაფერს ვმალავ. როდესაც გადავწყვეტ, წავიდე პოლიტიკაში, დავტოვებ თანამდებობას და კანონს არ დავარღვევ. რაც შეეხება ახალ პლატფორმას, ის ჯერ არ არის რეგისტრირებული. ეს არის საკონსულტაციო მაგიდა. უნდა შეიკრიბოს ის ხალხი, ვისაც უნდა, ორმეფობა დაასრულოს. პოლიტიკაში მოსვლას არ გამოვრიცხავ. ვფიქრობ მაჟორიტარობაზეც, რადგან მაჟორიტარობა მიმაჩნია ბრძოლის ერთ-ერთ ფორმად, თუმცა ჯერ გაურკვეველია, რა მოხდება. აქამდე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის საკითხის გამო ბრძოლა იყო უმნიშვნელოვანესი და მინდოდა, იუსტიციის საბჭოში ეს ბრძოლა ბოლომდე მიგვეყვანა. ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც ვარ ამ თანამდებობაზე. როცა გადაწყვეტილებას მივიღებ, განვაცხადებ. ჯერჯერობით ჩვეულებრივად ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას”, - ამბობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “ჯანეზაშვილის აზრით, შესაძლოა, თქვენ იუსტიციის საბჭოს წევრის სტატუსს პოლიტიკური საქმიანობისთვის იყენებდეთ... თან ცდილობთ, ხელფასი არ დაკარგოთ...” - პასუხობს: “თუ ჯანეზაშვილს ჰგონია, იქ ჯდომა, იმ მტრული გარემოს ატანა ამად ღირს, ცდება. მე ამას ორი წელი ვიტანდი მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ გვქონდა მისია. თუ ნაზი ამას ხელფასისა და სკამისთვის აკეთებდა, ეს მისი პრობლემაა.

“რაც შეეხება თამარ ჩუგოშვილს, ამ ახალ მემორანდუმში წერია, რომ ჩვენ ვართ სუფთა წარსულის ადამიანები, რომლებსაც შეგვიძლია ბრძოლა, გვინდა ქვეყნის გაერთიანება ევროატლანტიკურ ოჯახში და ორი პარტიის დამარცხება. არც “ლელოსთან” გამოვრიცხავ თანამშრომლობას. გამოირიცხება მხოლოდ მმართველი პარტია, “ნაცმოძრაობა”, “ევროპული საქართველო”. ჩვენს გვერდზე მუდმივად ვაქვეყნებთ ფინანსებთან დაკავშირებულ ანგარიშებს. ორგანიზაცია ჯერჯერობით ფინანსდება შემოწირულობებით. ამ ეტაპზე 30 პირია შემომწირველი, ეს საჯაროდ განვაცხადე და მათ მადლობაც გადავუხადე. საგრანტო განაცხადი შევიტანე და გრანტსაც ველოდები. ორგანიზაცია ჩემს მისამართზეა რეგისტრირებული, რადგან ოფისი არ გვაქვს. ვიკრიბებით ხან ახლობლების ოფისებში, ხან - კაფეებში. ახლა ვაპირებთ ვიქირაოთ ოფისი. პრეზენტაციაც გაიმართება და ჩვენი მიზნებიც გაცხადდება”, - დასძენს ანა დოლიძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა