მიხეილ დუნდუა - ნულამდე იქნება დაყვანილი ვერიფიკაციის და იდენტიფიკაციის გარეშე როგორც კაზინოს მფლობელების, ისე მოთამაშე პირის პროცესში მონაწილეობა

საქართველოს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე გააგრძელა მსჯელობა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის განხილვაც გასულ კვირაში დაიწყეს, მაგრამ გარკვეული საკითხების დაზუსტების მიზნით დამატებითი კონსულტაციების გამართვის საჭიროების გამო გადაიდო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საკანონმდებლო ორგანოდან აცნობეს, საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ საკანონმდებლო დონეზე მკაფიოდ დარეგულირდეს საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი (არარეზიდენტი) პირების მოქმედების საკითხი, რომლებიც არ ფლობენ კანონმდებლობით გათვალისწინებულ თამაშების მიწოდების შესახებ ნებართვას.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, მიხეილ დუნდუას თქმით, დღეის მდგომარეობით, საქართველოში არსებულ სათამაშო აპარატებზე არ არსებობს მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ნებართვის გამცემი ეფექტიანად გააკონტროლებს აღნიშნული საკანონმდებლო მოთხოვნის შესრულებას.

კომიტეტმა გასულ კვირაში საკითხი ფაქტობრივად განიხილა, დასაზუსტებელი დარჩა რამდენიმე ნიუანსი, რომელთა თაობაზეც მეტი სიცხადის შეტანისთვის მომხსენებელს კიდევ რამდენიმე დამაზუსტებელი შეკითხვა დაუსვეს.

მომხსენებელმა უპასუხა დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს და დეტალურად ისაუბრა, თუ რა მექანიზმებს გულისხმობს კანონპროექტი სათამაშო ბიზნესის კონტროლისთვის, რომ არ არსებობდეს ფულის გათეთრების ფაქტები.

ასევე, კანონი განსაზღვრავს მთავრობის პასუხისმგებლობას სფეროს ზედამხედველობისადმი.

მიხეილ დუნდუას განმარტებით, მივიღებთ შედეგს, რომ ონლაინ კაზინოებსა და საერთოდ სათამაშო ბიზნესში ფულის გათეთრების რისკები იქნება მინიმუმამდე დაყვანილი.

"ნულამდე იქნება დაყვანილი ვერიფიკაციის და იდენტიფიკაციის გარეშე როგორც კაზინოს მფლობელების, ისე მოთამაშე პირის პროცესში მონაწილეობა. არასწორი კომპიუტერული პროგრამების და თამაშობების გზით, ასეთი მაქინაციების შესაძლებლობა ან თაღლითური გზით ფულის კეთება შეუძლებელი იქნება და ეს სფერო გახდება უსაფრთხო. ამის შემდგომ საშუალება მოგვეცემა, რომ ნებისმიერი საკანონმდებლო ინიციატივა დავაშენოთ და ამა თუ იმ ნიშნით შევზღუდოთ ან არ შევზღუდოთ ბიზნესი, მოქალაქეებს შევუზღუდოთ თუ არა წვდომა. უკვე საზოგადოების გადასაწყვეტი იქნება რა ფორმით მოვისურვებთ ამა თუ იმ კომპონენტით სათამაშო ბიზნესის ან წახალისებას, ან შეზღუდვას, გაუქმებას, ან პრობლემის მოგვარებას“, - განაცხადა მომხსენებელმა.

კითხვა-პასუხის ამოწურვის შემდეგ კომიტეტმა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო