მაიკლ კარპენტერი გაბუნიას საქმეზე - კრემლს ქვეყნის გარეთ ადამიანების მოკვლის მცდელობის დიდი გამოცდილება აქვს - უნდა ვიზეიმოთ, რომ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა გადამჭრელად იმოქმედა

სამწუხაროდ, კრემლს საკუთარი ქვეყნის გარეთ ადამიანების მოკვლის მცდელობის დიდი გამოცდილება აქვს. ამ შემთხვევაში უნდა ვიზეიმოთ ის, რომ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა გადამჭრელად იმოქმედა,- ასე გამოეხმაურა დემოკრატი საპრეზიდენტო კანდიდატის ჯო ბაიდენის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მრჩეველი და ბაიდენის ცენტრის დირექტორი მაიკლ კარპენტერი „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრისას ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდირების ორგანიზების ფაქტს.

მისი შეფასებით, საქართველოს უშიშროების სამსახურმა კარგად იმუშავა და ტრაგედიის თავიდან აცილება შეძლო. კარპენტერის თქმით, ეს მკვლელობა რომ მომხდარიყო, საქართველოსთვის უდიდეს დესტაბილიზაციას გამოიწვევდა.

„პირველ რიგში, საქართველოს უშიშროების სამსახურები მინდა შევაქო იმ არაჩვეულებრივი საქმისთვის, რომლითაც მათ ამ მკვლელობის პრევენცია შეძლეს. რამდენადაც მე მესმის, მათ დააკავეს არა მხოლოდ ეს პირი, არამედ მისი ქსელის წევრებიც. მეორე საკითხი სპეკულაციებია, რომ ამ ადამიანს კავშირები აქვს რუსეთის ფედერაციის ოფიციალურ პირებთან. ამ ეტაპზე, ეს მხოლოდ სპეკულაციებია და მტკიცებულება ჯერ არ არსებობს.

სამწუხაროდ, კრემლს საკუთარი ქვეყნის გარეთ ადამიანების მოკვლის მცდელობის დიდი გამოცდილება აქვს. ამ შემთხვევაში უნდა ვიზეიმოთ ის, რომ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა გადამჭრელად იმოქმედა და ამ ტრაგედიის თავიდან აცილება შეძლო. ჩანს, რომ დაზვერვა კარგად მუშაობს.

სიმართლე გითხრათ, სიტუაცია ძალიან მყიფეა. ეს მკვლელობა რომ მომხდარიყო, საქართველოსთვის უდიდეს დესტაბილიზაციას გამოიწვევდა. თუ მართლაც არსებობს ამ პირსა და კრემლს შორის კავშირი, მაშინ ეს ნამდვილად აჩვენებს, რომ რუსეთი ყველაფერზეა წამსვლელი, რომ არამარტო მეზობელ ქვეყნებში, არამედ მთელს მსოფლიოში ცეცხლს ეთამაშება და სინამდვილეში უკონტროლოდ იქცევა. ეს კი ძალიან საშიშია. ამას შეიძლება გაუთვლელი შედეგები და შესაბამისად, ესკალაცია მოჰყვეს. ძალიან გაგვიმართლა, რომ ამ შემთხვევაში ეს არ მოხდა,“- განაცხადა კარპენტერმა.

ამასთანავე მან აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობას არაერთხელ უჩვენებია ის, რომ ერიდება რუსეთის ხმამაღლა კრიტიკას, მაგრამ ასევე იყო შემთხვევები, როცა მათ ეს გააკეთეს.

„მე ამას დიდ მნიშვნელობას არ მივანიჭებდი. საქართველო ფრთხილად უნდა მოიქცეს და სანამ ბრალდებებს გააჟღერებს, ფაქტები დაადგინოს. ვფიქრობ, მთავრობა ამ საკითხს პასუხისმგებლობით ეკიდება, ამ ეტაპზე ხმამაღალ ბრალდებებს არ აცხადებს და ამ საქმეში ყველა მტკიცებულების გამოვლენას ელოდება. ალბათ, გახსოვთ, ბერლინში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. გერმანიის ოფიციალური პირებიც, თავდაპირველად, ძალიან ფრთხილობდნენ, სანამ მეტი ინფორმაცია და მტკიცებულებები არ მოაგროვეს,“- განაცხადა კარპენტერმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა