ვაჟა ბერიძე - ხედვების ერთობლიობა „ოცნების“  საქმიანობაში არ იკვეთება, არადა, ელექტორატის 40-45%  აუცილებლად დაუსვამს ივანიშვილს კითხვას - რას აპირებთ? რატომ უნდა დაგიჭიროთ მხარი?

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძეს ესაუბრა.

- ბატონო ვაჟა, პარლამენტმა მეორე მოსმენით, 115 ხმით კენჭი უყარა საკონსტიტუციო ცვლილებებს. მაგრამ, ამჯერად ეს საპარლამენტო ოპოზიციის, კერძოდ ევროპული საქართველოს გარეშე მოხდა. ისეთი პირი უჩანს, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება საპარლამენტო ოპოზიციის გარეშე მოხდება.

თუ მოვლენები ამგვარად განვითარდა, თქვენ როგორ შეაფასებდით მომხდარს და ასეთ შემთხვევაში სავარაუდოდ, რა სურათს მივიღებთ?

- როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, საერთო სურათი არ შეიცვლება. თუმცა, ვერც პოლიტიკური სპექტრი და ვერც საზოგადოება ვერ გარკვეულა, თუ რა რეალობა გვაქვს. ჩვენ არ ვიცით საზოგადოების განწყობის შესახებ პოლიტიკური აქტორების მიმართ.

ჩვენ შევეგუეთ ვითარებას, როცა საზოგადოებრივი აზრი ქვეყანაში არ იზომება. სოციოლოგიური კვლევები ტარდება არა საზოგადოების განწყობის შესასწავლად, არამედ საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების მიზნით. აქედან გამომდინარე, გვიხდება მჩხიბავობა ხალხის რეალური განწყობის გაზომვისას. ასეთი ვითარება ხელს აძლევს ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც.

მიუხედავად ამისა, სურათი თვალნათელია - დღეს რომ საპარლამენტო არჩევნების დღე იყოს, არჩევნებს მმართველი „ქართული ოცნება“ მოიგებდა. მთავარი ოპოზიციური პარტიები ვერც არჩევნების მოგებას შეძლებდნენ, ვერც გაერთიანებას და ვერც კოალიციური მთავრობის დაკომპლექტებას. ძველი, შერეული სისტემით „ოცნება“ უმრავლესობის მოპოვებას შეძლებდა. ცვლილებების გათვალისწინებით, ის ამას ვერ მოახერხებს.

ყველა შემთხვევაში, საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენითაც იქნება მიღებული და არ მგონია, რომ ეს საპარლამენტო ოპოზიციის გარეშე მოხდეს. ეს ყველაფერი კი მაინც უკანა პლანზე გადადის, რადგან მომავალი არჩევნების შედეგად ქმედუნარიანი მთავრობისა და ნორმალური პოლიტიკური პროცესის ჩამოყალიბება, ვფიქრობ, შეუძლებელი იქნება. სავარაუდოდ, ჩვენ გავაგრძელებთ ყოფნას საარჩევნო სპირალში, რაც გულისხმობს, რომ 2024 წლამდე კიდევ გვექნება საპარლამენტო არჩევნები და პოლიტიკური კრიზისების ალბათობა გაიზრდება.

ყველა შემთხვევაში, საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენითაც იქნება მიღებული და არ მგონია, რომ ეს საპარლამენტო ოპოზიციის გარეშე მოხდეს

და კიდევ ერთ, პროცესის განმსაზღვრელ მომენტზე გავამახვილებდი თქვენს ყურადღებას - იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბიძინა ივანიშვილი შეეგუა, რომ სასურველ შედეგს ამ არჩევნებზე ვერ მიაღწევს და კოალიციური მთავრობის შექმნა მოუწევს. ასეთ შემთხვევაში, გასარკვევი მხოლოდ ერთია - ვისთან ერთად? – „ევროპულ საქართველოსთან“, თუ „პატრიოტთა ალიანსთან“. ორივეს მყარი ელექტორატი ჰყავს 7-10 %-ის ფარგლებში.

მოცემული პარტიების ფიცი-მტკიცი, ასეთი პერსპექტივის შეუძლებლობის შესახებ, მხოლოდ ფორმალური ეკვილიბრისტიკაა. კულუარული ინფორმაცია კი ასეთი პერსპექტივის თაობაზე, ნამდვილად არსებობს.

იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბიძინა ივანიშვილი შეეგუა, რომ სასურველ შედეგს ამ არჩევნებზე ვერ მიაღწევს და კოალიციური მთავრობის შექმნა მოუწევს. ასეთ შემთხვევაში, გასარკვევი მხოლოდ ერთია - ვისთან ერთად? – „ევროპულ საქართველოსთან“, თუ „პატრიოტთა ალიანსთან“. ორივეს მყარი ელექტორატი ჰყავს 7-10 %-ის ფარგლებში

- რაც მეტი დრო გადის, მით მეტად ვემსგავსებით პარადოქსების ქვეყანას. გვახსოვს, თუ როგორ არ უნდოდა „ქართული ოცნების“ ლიდერთან დაახლოებულ მაჟორიტართა ჯგუფს პროპორციული სისტემის მიღება.

ისიც გვახსოვს, თუ როგორ იბრძოდა პროპორციული არჩევნების სისტემისთვის საპარლამენტო ოპოზიცია, მაგრამ ისე განვითარდა მოვლენები, რომ სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები.

შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ რჩება შთაბეჭდილება, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებით „ქართულმა ოცნებამ“, ისევე როგორც „ნაცმოძრაობამ“ და „ევროპულმ საქართველომაც“ თუ უხერხულ არა, გაუგებარ მდგომარეობაში ჩააყენეს ამომრჩეველი.

ასეა, თუნდაც იმიტომ, რომ ერთს მისი მიღება არ უნდოდა, თან ძალიან, მაგრამ მოუწია, მეორემ ამისთვის იბრძოლა, მაგრამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ამგვარი პერიპეტიების შემდეგ სავარაუდოდ, როგორ შეიძლება აღიქვას ჩამოყალიბებული რეალობა ამომრჩეველმა, რომლის ხმა 31 ოქტომბერს გადამწყვეტი იქნება?

- ჩვენი ამომრჩეველი ჩვენს პოლიტიკურ სპექტრზე გაცილებით ბრძენი, წინდახედული და შორსმჭვრეტელია. დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან მოყოლებული, თუ არჩევნებს არ უყალბებდნენ, ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებას იღებდა. არც დღეს მგონია, რამე რომ შეეშალოს.

ეს რია-რია და მიეთ-მოეთი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, იმის გამო არ გაჩაღებულა, რომ პროპორციული სისტემა უდაოდ სჯობს მაჟორიტარულს. მით უმეტეს, ქართველების ეთნოფსიქოლოგიის გათვალისწინებით, ინდივიდუალიზმის ჭარბი დოზის პირობებში.

უბრალოდ, „ქართული ოცნების“ დამარცხება და არაფორმალური მმართველობის დასრულება, არსებული რეალობის გათვალისწინებით, შეუძლებელი იყო და ოპოზიციამ, ამ თვალსაზრისით, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებით მიზანს მიაღწია - შანსი გაუჩნდა.

„ქართული ოცნების“ დამარცხება და არაფორმალური მმართველობის დასრულება, არსებული რეალობის გათვალისწინებით, შეუძლებელი იყო და ოპოზიციამ, ამ თვალსაზრისით, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებით მიზანს მიაღწია - შანსი გაუჩნდა

თუმცა, ამ ახალ რეალობაზე ამომრჩეველს უეჭველად ექნება თავისი ადეკვატური რეაქცია და იგი შესაძლოა, არც „ოცნებისთვის“ აღმოჩნდეს მისაღები და არც ნაციონალური ოპოზიციისთვის.

„ქართული ოცნების“ მაჟორიტართა ჯგუფს მართლაც არ უნდოდა პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, მაგრამ ივანიშვილის დიქტატს დაექვემდებარა, გარდა კახა ოქრიაშვილისა, რომელიც ამ ხელისუფლების პირობებშიც ინარჩუნებს, გარკვეული დოზით, „ავტონომიას“.

მაგრამ, მერწმუნებთ, ქვეყანა სერიოზულად რისკავს. კლასიკურ საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლა, სუსტი პოლიტიკური პარტიების არსებობის პირობებში, სახიფათოა მყიფე პოლიტიკური სისტემის სტაბილურობისთვის. ან კი როგორ უნდა ააშენონ დემოკრატიული ქვეყანა არადემოკრატიულმა პარტიებმა, რომელთაც „ატამანები“ ხელმძღვანელობენ, ფინანსური რესურსი არა აქვთ და არც ადამიანური - ინტელექტუალური რესურსით გამოირჩევიან. უბრალოდ წარმოუდგენელია.

დიახაც, 31 ოქტომბერს ამომრჩევლისგან სერიოზული სიურპრიზიც არ არის გამორიცხული.

მერწმუნებთ, ქვეყანა სერიოზულად რისკავს. კლასიკურ საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლა, სუსტი პოლიტიკური პარტიების არსებობის პირობებში, სახიფათოა მყიფე პოლიტიკური სისტემის სტაბილურობისთვის

- არჩევნებამდე არც ისე დიდი დროა დარჩენილი, მაგრამ ფაქტია, რომ წინასაარჩევნო კამპანია კარგა ხანია დაწყებულია. რადგან არჩევნებამდე 4 თვეა დარჩენილი, თქვენ როგორ შეაფასებდით არჩევნებამდე 4 თვით ადრე ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო ვითარებას?

2020 წლის წინასაარჩევნო პერიოდი რით განსხვდება წინა წლების საარჩევნო პერიოდებისაგან და რა ტიპის მსგავსებებზე შეიძლება საუბარი?

- წინასაარჩევნო ვითარება ამ ქვეყანაში 30 წელია არ იცვლება. ისევ არიან ფავორიტები, რომელთაც საზოგადოების მეტი წილი არ ენდობა, ისევ შორსაა ქვეყანა კონსოლიდირებული დემოკრატიისგან, ისევ მიუწვდომელია მათი უმეტესობისთვის მედიასაშუალებები, განსაკუთრებით ტელემედია, რომელიც არსებითად ორპარტიულია.

ისევ არის ახალი ხედვების და იდეების მძაფრი დეფიციტი. ისევ პოპულისტურ ტალღაზეა აწყობილი წინასაარჩევნო რიტორიკა. პარტიები არ სთავაზობენ მოსახლეობას მათთვის ყველაზე საარსებო და მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრის კონკრეტულ გეგმას. ისინი შემოიფარგლებიან ლანძღვა-გინებით, კინკლაობით და ერთმანეთის მარგინალიზაციით.

არადა, მეც და ვფიქრობ საზოგადოების ყველა წევრს აინტერესებს, ვინ რას გვთავაზობს ხუთი მთავარი საარსებო მიმართულებით - დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობა, ეკონომიკა, დასაქმება, ქვეყნის დეპოპულაცია და სამართლიანი მართლმსაჯულება. „ოცნებას“ მხოლოდ ის შეცვლის, ვისაც ამ მიმართულებებით რეალური სამოქმედო გეგმა აქვს. ლაი-ლაი და ბაქი-ბუქი არავის აინტერესებს.

საზოგადოების ყველა წევრს აინტერესებს, ვინ რას გვთავაზობს ხუთი მთავარი საარსებო მიმართულებით - დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობა, ეკონომიკა, დასაქმება, ქვეყნის დეპოპულაცია და სამართლიანი მართლმსაჯულება. „ოცნებას“ მხოლოდ ის შეცვლის, ვისაც ამ მიმართულებებით რეალური სამოქმედო გეგმა აქვს. ლაი-ლაი და ბაქი-ბუქი არავის აინტერესებს

- როცა მსგავსებებზე ვსაუბრობთ, გვინდა არგვინდა მოგვიწევს იმის გახსენება, რომ საქართველოში ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო მესამე ვადით ძალაუფლების შენარჩუნება.

თქვენ უკვე კი თქვით, დღეს რომ არჩევნები იყო „ქართული ოცნება“ არჩევნებს მოიგებდა, მაგრამ დამკვირვებელთა ნაწილი იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ „ქართული ოცნება“ განწირულია მოიგოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები. მეორე ნაწილის აზრით კი, „ოცნება“ არჩევნებს მოიგებს, მაგრამ ძალაუფლების შენარჩუნება გაუჭირდება.

თქვენი დაკვირვებით, რა შანსები აქვს „ქართულ ოცნებას“ მესამეჯერ შეინარჩუნოს ძალაუფლება?

- ის, რომ ვერც ერთმა ხელისუფლებამ მესამე ვადით ვერ შეძლო ძალაუფლების შენარჩუნება, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ამის გამო „ოცნება“ შემოდგომაზე ვერ გაიმარჯვებს.

მოდი, ვთქვათ გარკვევით, რომ „ქართული ოცნება“ საარჩევნო მარათონის ლიდერი და ფავორიტია. მას ელექტორატის მესამედი ცალსახად უჭერს მხარს. თუ გავითვალისწინებთ მმართველი პარტიის ხელთ არსებულ რესურსს, ადმინისტრაციულს და ფინანსურს, გამორიცხული არაა 40-45%-იანი მაჩვენებელიც დადოს.

ის, რომ ვერც ერთმა ხელისუფლებამ მესამე ვადით ვერ შეძლო ძალაუფლების შენარჩუნება, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ამის გამო „ოცნება“ შემოდგომაზე ვერ გაიმარჯვებს

პრობლემა სხვაა. ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ არ ეტყობა, რომ კიდევ 4 ან 8 წლით სურს ქვეყნის მართვა. არ შეიძლება „ჟამი კითხულისა“, თამაზ ბიბილურს დავესესხები, უსასრულოდ გაგრძელდეს.

„ოცნებას“ და მის პოლიტიკურ ბირთვს, ლიდერის ჩათვლით, არ ჰქონდეს ხედვა, არ ჰქონდეს მკაფიო გეგმა, რას იზამს ეკონომიკის განვითარებისთვის, უმუშევრობის შესამცირებლად, სამართლიანი მართლმსაჯულების მისაღწევად, ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ასე თვითდინებას მიყოლილი პოლიტიკური ძალა არათუ სამი ვადით, ერთითაც კი არ უნდა მართავდეს ქვეყანას.

კი ბატონო, კოვიდთან დაკავშირებულ კრიზისმენეჯმენტს გახარიამ და გუნდმა შესანიშნავად გაართვა თავი, მაგრამ ეს აშკარად არასაკმარისია. საერთოდ, გაუგებარია საზოგადოების რომელი ნაწილის ინტერესებს ასახავს და წარმოადგენს „ოცნების“ პლატფორმა, მას არ ჰყავს მოკავშირეები და მხარდამჭერები არასამთავრობო სექტორში, აკადემიურ წრეებში, მას არ აქვს პლატფორმა და დღემდე გაურკვეველია, პარტია მემარცხენეა თუ ცენტრისტული.

თავიდან ევროსოციალისტებთან თანამშრომლობდნენ, მიუხედავად იმისა, რომ კოალიციაში მემარჯვენე რესპუბლიკელები და თავისუფალი დემოკრატები შეიყვანეს. მერე პრემიერად მემარჯვენე კვირიკაშვილი გაამწესეს.

დღეს ხედვების ერთობლიობა „ოცნების“ საქმიანობაში საერთოდ არ იკვეთება. არადა, სადღეისოდ გამოურკვეველი ელექტორატის 40-45% უეჭველად დაუსვამს ივანიშვილს კითხვას - რას აპირებთ? რატომ უნდა დაგიჭიროთ მხარი?

დღეს ხედვების ერთობლიობა „ოცნების“ საქმიანობაში საერთოდ არ იკვეთება. არადა, სადღეისოდ გამოურკვეველი ელექტორატის 40-45% უეჭველად დაუსვამს ივანიშვილს კითხვას - რას აპირებთ? რატომ უნდა დაგიჭიროთ მხარი?

დღეს ხედვების ერთობლიობა „ოცნების“ საქმიანობაში საერთოდ არ იკვეთება. არადა, სადღეისოდ გამოურკვეველი ელექტორატის 40-45% უეჭველად დაუსვამს ივანიშვილს კითხვას - რას აპირებთ? რატომ უნდა დაგიჭიროთ მხარი?

- ფაქტია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ბევრ პოლიტიკურ ძალას აძლევს შანს მოხვდეს პარლამენტში.

მიუხედავად იმისა რომ ასეა, მაინც აქტუალურია კითხვა - 2020 წლის არჩევნები ისევ „ნაცმოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის დაპირისპირების ნიშნით წარიმართება, თუ ქართულ პოლიტიკურ ველზე აქტიურობით გამორჩეულ პოლიტიკურ სუბიექტებს ექნებათ შანსები მოახლოებულ არჩევნებზე?

- ვიტყვი ცალსახად - 2020 წლის არჩევნები ისევ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაცმოძრაობას“ შორის, ბიძინა ივანიშვილსა და მიხეილ სააკაშვილს შორის დაპირისპირების ნიშნით ჩაივლის. სამწუხაროა, მაგრამ სხვა ალტერნატივა, რეალური საპირწონე „ოცნებას“ ამ ეტაპზე არ ჰყავს.

2020 წლის არჩევნები ისევ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაცმოძრაობას“ შორის, ბიძინა ივანიშვილსა და მიხეილ სააკაშვილს შორის დაპირისპირების ნიშნით ჩაივლის. სამწუხაროა, მაგრამ სხვა ალტერნატივა, რეალური საპირწონე „ოცნებას“ ამ ეტაპზე არ ჰყავს

სხვათაშორის, მიშა სააკაშვილი ამჯერადაც მართალია როცა თავისიანებს შეუძახებს და როცა მოუწოდებს მისი ფლანგის ძალებს გაერთიანებისკენ, ერთიანი სიისკენ და ა.შ. მან კარგად იცის, რომ სხვა შემთხვევაში „ოცნება“ გამარჯვებულია.

ისიც კარგად ესმის სააკაშვილს, რომ ნორმალური, მშვიდი, კონსტრუქციული საარჩევნო პროცესით ვერასდროს დაბრუნდება ხელისუფლებაში. მხოლოდ ქუჩა და დესტრუქცია მისცემს მას შანსს მომავალ არჩევნებზე.

რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ ძალებს, ცხადია, არის ახალი პოლიტიკური სუბიექტების გაჩენის ყველა წინაპირობა და აქა-იქ ყალიბდებიან კიდეც ასეთი ძალები. „ლელო“ იქნება ეს, დოლიძე-ელისაშვილი-კობერიძის პლატფორმა, ეკა ბესელიას პარტია თუ სხვა. მაქვს ინფორმაცია, რომ კიდევ რამდენიმე საინტერესო ახალ ძალას ვიხილავთ უახლოეს მომავალში არენაზე.

თუმცა, მათი შანსები ამ არჩევნებზე დიდი არ არის. უფრო მეტი რესურსი, ინტელექტუალური და ფინანსური, „ლელოს“ აქვს, მაგრამ ამ პარტიის სტრატეგია და ტაქტიკა, პერსონალიები და კონკრეტული ნაბიჯები გაუაზრებლად მეჩვენება და მათ შანსებს საშემოდგომოდ ამცირებს.

უფრო მეტი რესურსი, ინტელექტუალური და ფინანსური, „ლელოს“ აქვს, მაგრამ ამ პარტიის სტრატეგია და ტაქტიკა, პერსონალიები და კონკრეტული ნაბიჯები გაუაზრებლად მეჩვენება და მათ შანსებს საშემოდგომოდ ამცირებს

- ოპოზიციურმა ძალებმა, რომლების ერთმანეთთან კარგა ხანია კოორდინაციაში არიან თბილისის 6 მაჟორიტარულ ოლქებში თავისი ფავორიტები დაასახელეს.

როგორ შეაფასებდით თბილისის ოლქებში ოპოზიციის კანდიდატებს და თქვენი აზრით, სავარაუდოდ, ვის დაუპირისპირებს მათ „ქართული ოცნება“

- „ინფორმატორები“ „ოცნებაში“ არ მყავს და ამდენად არც მათი მომავალი საარჩევნო 8 თბილისელი ფალავანის ვინაობა ვიცი, თუმცა სტილი იგივე იქნება და „ოცნება“ ისევ დააყენებს პოლიტიკური ბექგრაუნდის არმქონე, კარგად განსწავლულ, უკომპრომატო კანდიდატურებს.

ოპოზიციის კანდიდატები მეტწილად გამოცდილი პოლიტიკური მებრძოლები არიან და მიუხედავად პოლიტიკოსების მიმართ საზოგადო არაკეთილგანწყობისა, თითოეულ მათგანს თავისი მხარდამჭერები ჰყავს და შანსიც აქვთ, მაგრამ იმის მოლოდინი, რომ „ლეიბორისტების“ ოფისში შეკრებილი პარტიების ხმები არითმეტიკული თვალსაზრისით ზუსტად შეიკრიბება თითოეული მათი კანდიდატის სასარგებლოდ, არ უნდა გვქონდეს.

იმის მოლოდინი, რომ „ლეიბორისტების“ ოფისში შეკრებილი პარტიების ხმები არითმეტიკული თვალსაზრისით ზუსტად შეიკრიბება თითოეული მათი კანდიდატის სასარგებლოდ, არ უნდა გვქონდეს

- პარლამენტის სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ თქვა, რომ ის მოხარული იქნება, თუ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველ ნომრად გიორგი გახარია იქნება. როგორც ჩანს, ასეც იქნება, მაგრამ დამკვირვებელთა ნაწილი იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ თუ ასეც იქნა, გახარია პრემიერის პოსტს ვერ შეინარჩუნებს.

თქვენც ასე ფიქრობთ, თუ კი სავარაუდოდ რა იძლევა ამის თქმის საშუალებას?

- გახარია „ოცნების“ რიგებში გამოკვეთილი ფიგურაა, პრემიერის პოსტზე ყველა წინამორბედთან შედარებით მეტად შეიძლება მოვიაზროთ ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერად. ენერგიულია, თანმიმდევრული და მებრძოლიც. სიაში პირველი იქნება, თუ არა, არჩევნების შემდეგ პრემიერი იქნება, თუ არა, ეს, რა თქმა უნდა, არჩევნების შედეგებზე და ახალ პოლიტიკურ კონიუნქტურაზეა დამოკიდებული.

თუმცა, მოდი ცოტა სივრცეში გავიხედოთ და გულახდილები ვიყოთ - ივანიშვილს, თუ გაიმარჯვა, უკეთესი პრემიერის მოძიება, მისი მწირი საკადრო რესურსის გათვალისწინებით, გაუჭირდება. მთავარი აქ სხვაა. გახარიას მარგინალიზაციისთვის ოპოზიციამ დიდი შრომა და ჯაფა გასწია, თუმცა უშედეგოდ.

გახარიას მომავალი პოლიტიკური კარიერისთვის ერთი „პატარა“ საკითხია მოსაგვარებელი. მისი კანდიდატურა და პოლიტიკური მომავალი შესათანხმებელია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, ამერიკელებთან. მათ, სავარაუდოდ, აშინებთ და აშფოთებთ გახარიას მოსკოვური განათლება და რუსულ ბიზნესში საქმიანობის გამოცდილება.

გახარიას მომავალი პოლიტიკური კარიერისთვის ერთი „პატარა“ საკითხია მოსაგვარებელი. მისი კანდიდატურა და პოლიტიკური მომავალი შესათანხმებელია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, ამერიკელებთან. მათ, სავარაუდოდ, აშინებთ და აშფოთებთ გახარიას მოსკოვური განათლება და რუსულ ბიზნესში საქმიანობის გამოცდილება

რას ვიზამთ, ასეთია რეალობა. იმედია, შტატებში სიტუაცია დალაგდება და ის ხალხიც გამოიკვეთება, ვისთანაც ივანიშვილმა, საჭიროების შემთხვევაში, ეს საკითხი უნდა შეათანახმოს.

- მრავალპარტიულ პარლამენტზე, მეტ დემოკრატიაზე, კოალიციურ მთავრობაზე ოპოზიციის ფლანგზე ყველა ძალა საუბრობს, მმართველი გუნდიც. ეს უკანასკნელი ნაკლებად, მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით, არც ერთს არ წარმოუდგენია პარლამენტში ერთმანეთთან თანამშრომლობა, მითუმეტეს კოალიციური მთავრობის პირობებში.

დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ შემდგომ პარლამენტში ყველაზე ბევრი „“ქართული ოცნების“ და „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები მოხვდებიან, მაგრამ ვერც ერთ მათგანს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პარლამენტში გასული ოპოზიციონერი დეპუტატები „ნაცმოძრაობის“ ირგვლივ ჩამოყალიბდებიან, არ ექნება 76 ხმა, რის გამოც მთავრობის ჩამოყალიბების საშუალებას არც ერთს არ ექნება.

თუ მართლაც ასე მოხდა, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ 2020 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ აუცილებელი გახდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება?

- მოდი, უმადურს საქმეს ხელი არ მოვკიდოთ და მჩხიბაობას არ მივყვეთ. შესაძლებელი და დასაშვები ყველაფერია. თუ ჩვენ კლასიკური საპარლამენტო მოდელისკენ მივდივართ, ყველა პოლიტიკურმა სუბიექტმა უნდა დაუშვას ნებისმიერ სხვასთან თანამშრომლობის პერსპექტივა. სხვაგვარად პროპორციულობაზე ვაი-ვიში უფრო დიდი პოლიტიკური ჩიხის წინაპირობა შეიძლება გახდეს, როგორც ეს ახლახანს მოხდა ისრაელში, ჩვენს მეგობარ ქვეყანაში, რომლის დემოკრატია, რა თქმა უნდა, გაცილებით მაღალი ხარისხისაა.

თუ ჩვენ კლასიკური საპარლამენტო მოდელისკენ მივდივართ, ყველა პოლიტიკურმა სუბიექტმა უნდა დაუშვას ნებისმიერ სხვასთან თანამშრომლობის პერსპექტივა

ხოლო, არც თუ დიდი ხნის წინ, გერმანიაში, მთავრობის დაკომპლექტებისას, „დაუძინებელმა მეტოქეებმა“, ქრისტიან-დემოკრატებმა და სოციალ-დემოკრატებმაც კი ითანამშრომლეს. ასე რომ, ვადამდელი არჩევნებისთვის აწი ჩვენ სულ მზად უნდა ვიყოთ.

- თითქმის 30 წელია ჩვენში ყველა არჩევნები ჩვენი დასავლეთისა პარტნიორებისა და ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის, პირველ შემთხვევაში პატრონაჟით, ხოლო მეორე შემთხვევაში „მეთვალყურეობის მცდელობებითა“ თუ „უხეირო არანჟირება-აკომპანიმენტით ტარდება“, ვიცით.

დარწმუნებული ვარ, არც 2020 წლის არჩევნები იქნება გამონაკლისი. თქვენი დაკვირვებით, 2020 წლის არჩევნებში რა როლს შეასრულებს პირობითი დასავლეთი და რუსეთი?

- უნდა ვიოცნებოთ, რომ დასავლეთმა ჩვენი არჩევნებისთვის მოიცალოს. „ამერიკული ხატმებრძოლეობა“ ძალიან შორს წავიდა. სერვანტესის ძეგლის შეურაცხყოფამდე მისულ ამერიკას თავისი გასჭირვებია და ჩვენ უნდა ვილოცოთ ამერიკისთვის, ჩვენი სუვერენიტეტი და გამთლიანება დიდწილადაა დამოკიდებული შეერთებულ შტატებთან ნაყოფიერ თანამშრომლობაზე. მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, ასეთია რეალობა.

იმათაც მინდა გული დავწყვიტო, ვინც ფიქრობს, რომ გლობალიზაციის მიმდინარე კრიზისი, ამ საკმაოდ შორს წასულ პროცესს დაასამარებს. თუმცა, რაღა თქმა უნდა, ეს არ იქნება განუკითხაობასა და უთანასწორობაზე აგებული მსოფლიო.

ევროკავშირში ვითარება კიდევ უფრო დამაფიქრებელია და რთული, თუმცა ეს შეიძლება სადღეისოდ არ ჩანდეს და არც ესაა ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის სახარბიელო.

კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ რუსეთთან მუდმივი, უმძიმესი და ურთულესი, მაგრამ სასიცოცხლოდ აუცილებელი დიალოგის გარეშე, საქართველოს უახლოესი პერსპექტივა საკმაოდ რთულად და მძიმედ მეჩვენება.

ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ისეთი ვითარებისთვისაც, როცა ჩვენთვის და ჩვენი არჩევნებისთვის არც ამერიკას ეცლება და არც რუსეთს და ჩვენი რეგიონული გეოპოლიტიკის გათვალისწინებით, ეს კიდევ უფრო არაპროგნოზირებადს გახდის საქართველოს პერსპექტივას.

ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ისეთი ვითარებისთვისაც, როცა ჩვენთვის და ჩვენი არჩევნებისთვის არც ამერიკას ეცლება და არც რუსეთს და ჩვენი რეგიონული გეოპოლიტიკის გათვალისწინებით, ეს კიდევ უფრო არაპროგნოზირებადს გახდის საქართველოს პერსპექტივას

და ბოლოს, თქვენ და „ინტერპრესნიუსის“ პატივსაცემ მკითხველებს, კიდევ ერთხელ მინდა გაგიზიაროთ ჩემი მტკიცე რწმენა - სამწუხაროდ, საქართველოში აღლუმი, ისევ რუსეთს მიჰყავს. აქ არ ვგულისხმობ მხოლოდ „ქართული ოცნებისთვის“ ოპოზიციის მიერ მიკერებულ იარლიყს - მის პრორუსულობას.

მე არც „ქართული ოცნების“ პრორუსულობის მჯერა. თუმცა, მჯერა რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში პოლიტიკური პროცესი საქართველოში რუსული სცენარით მიმდინარეობს და ამ სცენარში რუსეთისთვის ხელსაყრელ საქმეს შესაძლოა „ოცნების“ ოპოზიცია უფრო აკეთებდეს.

მე არც „ქართული ოცნების“ პრორუსულობის მჯერა. თუმცა, მჯერა რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში პოლიტიკური პროცესი საქართველოში რუსული სცენარით მიმდინარეობს და ამ სცენარში რუსეთისთვის ხელსაყრელ საქმეს შესაძლოა „ოცნების“ ოპოზიცია უფრო აკეთებდეს

გამოსავალი რაა? თავი დავანებოთ მდინარე ხობისწყლის პირას დგომას, აიეტისა და ფარტაძის უმიზნო გადამღერებას და მარადიული კითხვის განუწყვეტლივ გამეორებას - ბიზანტია თუ ირანი? უფრო ადრე - პართია თუ რომი... დასავლეთი თუ რუსეთი? რა თქმა უნდა, დასავლეთი! თან ჩრდილოეთიც და აღმოსავლეთიც და სამხრეთიც.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, უნდა გავაკეთოთ არჩევანი 2020 წლის ოქტომბერშიც.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა