ძიუდოისტი გიგა ტატიაშვილი - არ მინდოდა, რომ  ჩხუბი მომხდარიყო, მაგრამ ჩემს მანქანაში მსხდომი პირები ცდილობდნენ გაეღოთ მანქანის კარი და იძულებული გავხდი გამეჩერებინა

ევროპის ჩემპიონი, ძიუდოისტი გიგა ტატიაშვილი, რომელიც ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზეა დაკავებული და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობას ედავებიან, აცხადებს, რომ ჩხუბის არცერთ ეპიზოდში მონაწილეობა არ მიუღია და პირიქით, კონფლიქტიდან გარიდებას ცდილობდა.

„ინტერპრესნიუსმა“ გიგა ტატიაშვილის ჩვენება მოიპოვა, რომელშიც სპორტსმენი აგარაკზე მომხდარ დაპირისპირებასა და შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს. ტატიაშვილის ჩვენების მიხედვით, კონფლიქტს გარიდებულს და თბილისში ჩასულს, მას ახალგაზრდებმა მცხეთაში დაბრუნება და მეგობრების წამოყვანა სთხოვეს. ის ასევე საუბრობს „ასკანელის“ მწვრთნელზე - ნიკა ჟვანიაზე, რომელსაც სპორტსმენის ჩვენებითვე, რკინის ხელკეტი ჰქონდა. გიგა ტატიაშვილი ჩვენებაში გიორგი ქათამაძის ცემის ფაქტზე ამახვილებს ყურადღებას.

„როდესაც მივედით მე და ჩემი მეგობარი ანასთან, ქალაქ მცხეთაში, იქ დაგვხვდნენ ჩემი კლასელები - ანა გაბეჩავა, ეთერ ხოშტარია, ვანო ტეგაძე, ლაშა შერმადინი, ნ.ც. გიორგი მერაბიშვილი, სალომე თოდუა, ირაკლი მუმლაძე და ჩემთვის უცნობი სამი პიროვნება, რომელთაგან ორი გამეცნო. ერთი იყო თენგო ბარბაქაძე, ხოლო მეორე იყო ქანაშვილი, რომლის სახელი არ მახსოვს. აქვე დავამატებ, რომ ჩემ მიერ ნახსენები პიროვნებები უკვე ქეიფობდნენ, იყვნენ ნასვამ მდგომარეობაში, ჩვენც მიგვიპატიჟეს, თუმცა, მე არ დამილევია, რადგან არ ვსვამ ალკოჰოლურ სასმელს, ხოლო ჩემმა მეგობარმა თამაზ დათაშვილმა დალია. მას შემდეგ, რაც ჩვენ მივედით დაბადების დღეზე, დაახლოებით, გასული იყო 40 წუთი, როდესაც ჩვენ სუფრას შემოემატნენ კიდევ ეტაპობრივად, მთლიანობაში, დაახლოებით, 15 ადამიანი, რომელთაგან ჩემთვის ყველა უცნობი იყო. მათაც დაიწყეს დალევა და ვინაიდან ყველა იყო ნასვამი, მე ვცდილობდი მათგან გარიდებას, რადგან ჩემი ზემოთხსენებული კლასელები, ასევე, ახალგაცნობილი თენგო ბარბაქაძე, ქანაშვილი, რომლის სახელი არ ვიცი და ასევე ჩვენს სუფრაზე შემომატებული ახალგაზრდა, ჩემთვის უცნობი ბიჭები ერთმანეთში კამათობდნენ და ერთმანეთს სიტყვებზე ეკიდებოდნენ, რაზედაც მე ვცდილობდი გავსულიყავი სახლის უკანა აივანზე და იქ ვყოფილიყავი, რადგან არ მინდოდა, რომ ვინმესთან მეკამათა.

დაახლოებით, იქნებოდა ღამის 23:00 საათი, როდესაც მე აივნიდან შევედი სახლში, სადაც იყო წვეულება და დავინახე, რომ ტირილით შემოვიდა ანა გაბეჩავა და ყველას გვეუბნებოდა, რომ სახლიდან წავსულიყავით, რაზეც მე მას ვკითხე, თუ რა ხდებოდა და მითხრა, რომ გარეთ ჩხუბობდნენ ჩვენი სუფრის წევრები, ხოლო ვინ, მას არ დაუკონკრეტებია. აღნიშნულის გაგებისთანავე მე გავედი გარეთ, ეზოში და დავინახე, რომ სიტუაცია იყო განმუხტული და ჩხუბის მონაწილე პირები ცდილობდნენ ტერიტორიიდან წასვლას, რაზეც მე ჩემ მეგობარს, თამაზ დათაშვილს ვუთხარი, რომ წავსულიყავით და გავრიდებოდით აღნიშნულ სახლს, რაზეც დამთანხმდა და ჩემი მართვის ქვეშ მყოფი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით წავედი ქალაქ თბილისის მიმართულებით და ასევე მე და თამაზს გამოგვყვა ჩემი კლასელი ირაკლი მუმლაძე და ნ.ც. და ჩვენ ოთხივე მივედით ნახალოვკაში, „მადას“ საკონდიტროსთან. მე გავაჩერე ავტომანქანა, საიდანაც გადავიდნენ ჩემი თანმხლები პირები და შევიდნენ არკას შენობაში. მე გადავწყვიტე, რომ დავლოდებოდი თამაზს, რომელიც უნდა წამეყვანა სახლში, თუმცა, იგი აღარ გამოვიდა, რადგან დარჩა მეგობართან, ხოლო ნ.ც. და ირაკლი მუმლაძე გამოვიდნენ არკას შენობიდან, რომლებსაც მოყვებოდნენ თენგო ბარბაქაძე, ქანაშვილი, რომლის სახელი მე არ ვიცი და ასევე მათ მოყვებოდა სრული აღნაგობის დაახლოებით, 20-25 წლის ბიჭი, რომელსაც ჰქონდა წვერი, ხოლო მე მისი სახელი და გვარი არ ვიცი, რადგან არ გამცნობია, თუმცა ნახვის შემთხვევაში მე შემიძლია მისი ამოცნობა. მათ მთხოვეს, რომ ისინი უკან წამეყვანა მცხეთაში, რადგან ჩემი კლასელები - ლაშა შერმადინი და გიორგი მერაბიშვილი იქ იყვნენ დარჩენილი და ვერაფრით მოდიოდნენ უკან, რაზეც მე მათ დავთანხმდი და ვუთხარი, რომ წავიყვანდი მათ უკან, რის შემდგომაც ჩემ გვერდით დადგა ჩემთვის უცნობი, სრული აღნაგობის პიროვნება, ხოლო უკანა სავარძელზე დასხდნენ ნ.ც. ირაკლი მუმლაძე, თენგო ბარბაქაძე და ქანაშვილი, რომლის სახელიც არ ვიცი და წავედით ჩემი მართვის ქვეშ მყოფი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით მცხეთის მიმართულებით, რა დროსაც ჩემი მანქანის უკანა სალონში მჯდომი ერთ-ერთი პიროვნება, კონკრეტულად რომელი არ ვიცი, საუბრობდა მობილურზე და მისი საუბრიდან გავარკვიე, რომ ჩემ მანქანას უკან მოსდევდა სხვა მანქანა, ხოლო იმ მანქანაში ვინ იჯდა, მე ეს არ ვიცი, რადგან მობილურზე ლაპარაკისას ეს არ დაუკონკრეტებია. როდესაც ჩვენ შევედით მცხეთაში, ვინაიდან მე ვიცოდი, რომ ჩემი კლასელები - ლაშა შერმადინი და გიორგი მერაბიშვილი ფეხით მოძრაობდნენ გზის მეორე მხარეს და მიდიოდნენ თბილისის მიმართულებით, მე მანქანა დავატრიალე ნატახტართან მდებარე ხიდზე და წავედი თბილისის მიმართულებით, სადაც გზაზე შემხვდნენ ზემოთაღნიშნული ჩემი კლასელები. მე მათ გავუჩერე მანქანა, ვიფიქრე ჩასხდებოდნენ, თუმცა, მათ ჩემ მანქანაში მყოფ პირებს უთხრეს, რომ მათ წინ მიმავალი დაახლოებით, 5-6 ახალგაზრდა, ჩემთვის უცნობი ბიჭები იყვნენ ისინი, ვინც სცემეს ჩემი კლასელები, რაზედაც ჩემ მანქანაში მსხდომმა პირებმა მითხრეს, რომ აღარ წავსულიყავი და მანქანა გამეჩერებინა, თუმცა მე დავძარი მანქანა, რადგან არ მინდოდა, რომ მომხდარიყო ჩხუბი, მაგრამ ჩემ მანქანაში მსხდომი პირები ცდილობდნენ გაეღოთ მანქანის კარები და გადმოსულიყვნენ, რაზეც იძულებული გავხდი მანქანა გამეჩერებინა და როდესაც გავაჩერე მანქანა, ჩემი მგზავრები გადმოვიდნენ და გაიქცნენ ჩვენ წინ ფეხით მოძრავი, ჩემთვის უცნობი პიროვნებების მიმართულებით, რა დროსაც დავინახე, რომ ჩემ გვერდით მჯდომი სრული აღნაგობის პიროვნებამ, რომელსაც ხელში ეჭირა რკინის ჯოხი, დაარტყა ერთ-ერთს ფეხში, რა დროსაც ჩვენ წინ ფეხით მოძრავი პირები გაიქცნენ, რომლებსაც გაეკიდნენ ჩემი მგზავრები და ერთ-ერთი მათგანი დაიჭირეს, რომელსაც ჩემი ყველა თანმხლები პირი ურტყამდა. მე მათ ვთხოვდი თავი დაენებებინა მისთვის და წამოსულიყვნენ, თუმცა, ისინი მაინც აგრძელებდნენ ჩემთვის უცნობი პირების ცემას და მე ჩემ მგზავრებს, ასევე ლაშა შერმადინს და გიორგი მერაბიშვილს მოვატყუე, რომ მოდიოდა პოლიცია, რაზედაც ჩემი კლასელები - ლაშა შერმადინი, გიორგი მერაბიშვილი, თენგო ბარბაქაძე, ირაკლი მუმლაძე, ქანაშვილი, რომლის სახელიც არ ვიცი, ასევე ჩემთვის უცნობი სრული აღნაგობის პიროვნება და ნ.ც. ჩასხდნენ ჩემ მანქანაში და ყველა ერთად წავედით თბილისში, რა დროსაც გზაში თენგო ბარბაქაძემ მითხრა, რომ მას მანქანა ჰყავდა დატოვებული მცხეთაში, ნაქირავებ სახლში და მთხოვა იქ მიმეყვანა, რაზედაც მე მანქანა დავატრიალე რესტორან „საჭაშნიკესთან“ და წავედი მცხეთის მიმართულებით, სადაც ჩემი თანმხლები პირები ჩავიყვანე აღნიშნულ სახლში, ვინაიდან მე მინდოდა საპირფარეშოში შესვლა, შევედი სახლში, სადაც ვნახე ჩემი კლასელი ეთერ ხოშტარია, რომელიც იყო თავის შეყვარებულთან, ვანო ტეგაძესთან ერთად. მე შევედი საპირფარეშოში, იქიდან გამოვედი დაახლოებით, 5 წუთში, ჩავჯექი ჩემ ავტომობილში, გვერდით დამიჯდა ჩემთვის უცნობი, სრული აღნაგობის პიროვნება, ასევე უკან სავარძელზე დაჯდა გიორგი მერაბიშვილი და ნ.ც. და ოთხივე ერთად წამოვედით თბილისში. მე ისინი დავტოვე ნახალოვკაში მდებარე „მადას“ საკონდიტროსთან მდებარე არკას შენობაში და მარტო წავედი სახლში“, - აცხადებს ტატიაშვილი.

გამომძიებლის კითხვაზე, ხომ არ დაურტყამს ვინმეს მისთვის და ხომ არ მიუღია რაიმე სახის დაზიანება, ტატიაშვილი პასუხობს, რომ „არანაირი ფიზიკური დაზიანება არ მიუღია და მისთვის არავის მიუყენებია ფიზიკური შეურაცხყოფა, ვინაიდან ჩხუბში არ მიუღია მონაწილეობა და არც ჩხუბის ფაქტს შესწრებია“.

გარდა ამისა, კიდევ ერთ კითხვაზე, იცნობდა თუ არა გიორგი შაქარაშვილს და ვისგან გაიგო, რომ ის დაიკარგა, გიგა ტატიაშვილი აღნიშნავს, რომ „გიორგი შაქარაშვილს არ იცნობდა და ისიც კი არ იცის, კონკრეტულად რომელი პიროვნება იყო დაბადების დღის სტუმრებიდან, ხოლო იმის შესახებ, რომ ანას რომელიღაც მეგობარი სახლში არ მივიდა, ანასგან გაიგო“.

გამომძიებლის კიდევ ერთ კითხვაზე, როცა სახლიდან გამოვიდა, დაინახა თუ არა, რომ ეზოში შეკრებილი ახალგაზრდებიდან რომელიმეს აღენიშნებოდა სხეულზე დაზიანების კვალი, ტატიაშვილი აღნიშნავს: „მე დავინახე, რომ ვახო ჩიქოვანს და ნიკა ხეჩოშვილს სახეზე და თავზე ჰქონდა დაზიანებები, ხოლო ვინ მიაყენა, ან რითი, ეს დაზიანებები მე არ დამინახავს“.

იხილეთ ვიდეო: შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული გიგა ტატიაშვილი - არ მინდოდა, ჩხუბი მომხდარიყო, მაგრამ ჩემს მანქანაში მსხდომები მანქანის კარის გაღებას ცდილობდნენ

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს