ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგ, ვაჟა ბერიძეს ესაუბრა.

- ბატონო ვაჟა, გრილი ზაფხულის მიუხედავად პოლიტიკური თვალსაზრისით ზაფხული საკმაოდ „ცხელი“ აღმოჩნდა. ვგულისხმობს მმართველ პარტიაში მიმდინარე პროცესებს, ოპოზიციის წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს.

რადგან პოლიტიკური სეზონი დაწყებულია, მთავარია ახლა გავერკვით, როგორი პოლიტიკური გარემოთი შეხვდა ქვეყანა ახალ პოლტიკურ სეზონს, როგორი შედეგებით შეხვდა მას მმართველი „ქართული ოცნების“ გუნდი, ოპოზიცია, სავარაუდოდ, როგორი დღის წესრიგი ექნებათ მმართველ გუნდსა და ოპოზიციურ სპექტრს.

მმართველი გუნდი კი გვიმტკიცებს, რომ ეკონომიკაში მაღალი ზრდა გვაქვს, მაგრამ, ცოტა ვინმე თუ ამახვილებს ყურადღებას იმაზე, ქვეყნის ეკონომიკა პრაქტიკულად მიბმულია რუსულ ეკონომიკას, რომელსაც დღეს ისე უჭირს, როგორც სსრკ-ს დაშლიდან არასდროს.

როგორი პოლიტიკური გარემოთი, პოლიტიკური და ეკონომიკური პარამეტრებით შეხვდა ქვეყანა ახალ პოლტიკურ სეზონს?

- ეკონომიკაში ზრდა გვაქვს. მიუხედავად ამისა, თქვენი კრიტიკული პათოსი გასაგებია და მისაღები. დავიწყოთ ეკონომიკით. „ეკანომიკა მთავარია“, - როგორც ეს თქვა ედუარდ შევარდნაძემ აბობოქრობულ საქართველოში ჩამოსულმა, იმხანად საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრმა, როცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მისულმა მიმართა საზოგადოებას. დარბაზს უკმაყოფილო და „მოგუდული მრისხანების“ ტალღამ გადაუარა. არადა, შევარდნაძე მართალი იყო, ყოველ შემთხვევაში, ამაში მაინც.

რუსეთის ეკონომიკას, ცხადია, უჭირს. მე ის უფრო მიკვირს, რომ დასავლეთთან, ანუ ფაქტობრივად ნახევარ მსოფლიოსთან დაპირისპირებულს, ეკონომიკა არ ჩამოეშალა. თან იმ დროს, როცა მისი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები ინტენსიურად იბომბება და ექსპორტის ეს მისთვის ხელსაყრელი სფერო მნიშვნელოვნად შემცირდა.

რაც შეეხება ჩვენს ეკონომიკას, ჩვენ, რა თქმა უნდა, ბევრი არსებითი პრობლემა გვაქვს, მაგრამ უკეთესადაა საქმე, ვიდრე 90-იანებში, ან 2000-იანების დასაწყისში, როცა შევარდნაძე ბიზნესმენებს ეხვეწებოდა ბიუჯეტში კუთვნილი გადასახადები გადაიხადეთო და სახელმწიფო კომისია 14 ლარიანი პენსიის 6 თვიანი დავალიანების აღმოფხვრაზე იმტვრევდა თავს, და იმ თანხების მოძიებაზე, რომელსაც სავალუტო ფონდი გვირიცხავდა წინმსწრებ რეჟიმში.

ვერც 2000-იანების დასაწყისში დასადგურებულმა ოპტიმიზმმა მოაგვარა არსებული პრობლემები - ძნელი აღმოჩნდა ახალი ეკონომიკის შექმნა საბჭოთა ეკონომიკის ნანგრევებზე არცთუ საიმედო სამეზობლოს და ხიფათების გათვალისწინებით. გასაგები მიზეზების გამო ვერც „სინგაპურიზაცია“ შედგა და ეროვნულ ინტერესებსა და კარგახსნილი ეკონომიკის სპეციფიკის შეთავსება მოხერხდა...

დღეს გვაქვს ის, რაც გვაქვს. თუ ბოლო 5-6 წლის მონაცემებს შევხედავთ, აშკარად ურიგო მაჩვენებლები არ არის: 2021 - რეალური მშპ-ის ზრდა - 10,6%. იგივე მაჩვენებელი 2022 და შემდგომი წლები 2025-ის ჩათვლით: 11%, 7.8%, 9.7%, 7.5% - ეს უკანასკნელი 2025 წლის მაჩვენებელია.

რა თქმა უნდა, რუსეთის ბაზრის მოიმედეობა არ შეიძლება. ეს ვიცოდით და ვიცით და სომხეთის მიმართ ფაქტობრივმა რუსულმა სანქციებმაც დაადასტურა

სხვა საკითხია, ეს ზრდა რის ხარჯზე იქნა მიღწეული. აქ სერიოზული, ღრმა ანალიზი და შესაბამისი დასკვნებია გასაკეთებელი. მაგრამ ეს შედეგები რომ გვაქვს, ცუდი არ არის. ამის შემდეგ უნდა წავიდეთ იქეთ, რაც ჩვნი ინტერვიუს ფარგლებს სცდება და უნდა ვისაუბროთ სექტორების მიხედვით ეკონომიკის ზრდასა თუ შემცირებაზე. რა არის ამ უკანასკნელის მაჩვენებლებში დამაიმედებელი და რა შესაცვლელი, რის ხარჯზე ხდება ზრდა.

  • ინფორმატიკა და კომუნიკაცია, - 2025-ში - 28, 7%.
  • ფინანსები და დაზღვევა - 12,9 %.
  • უძრავი ქონება - 5%

და ასე შემდეგ.

დამაფიქრებელია სოფლის მეურნეობის ( მინუს 5,7%) და ენერგეტიკაში (მინუს 4,5%) შემცირების ტენდენცია. დამაფიქრებელი ისიც, რომ შიდა და გარე ინვესტორები დიდი ხალისით არ მოისწრაფიან საქართველოსკენ და მათთვის მეტ-ნაკლებად მიმზიდველად მხოლოდ დეველოპერული სფერო და ტრანსკავკასიურ მაგისტრალებთან დაკავშირებული საქმიანობა მოჩანს.

თითქოს ტურიზმიც წინ მიდის, მაგრამ ჯერ-ჯერობით მაღალი გადახდის უნარიანი ვიზიტორების რაოდენობა, მდიდარი ადამიანები მდიდარი ქვეყნებიდან, ნაკლებია, გარდა არაბული რკალის ქვეყნებისა.

დამაფიქრებელია სოფლის მეურნეობის (მინუს 5,7%) და ენერგეტიკაში (მინუს 4,5%) შემცირების ტენდენცია. დამაფიქრებელი ისიც, რომ შიდა და გარე ინვესტორები დიდი ხალისით არ მოისწრაფიან საქართველოსკენ და მათთვის მეტ-ნაკლებად მიმზიდველად მხოლოდ დეველოპერული სფერო და ტრანსკავკასიურ მაგისტრალებთან დაკავშირებული საქმიანობა მოჩანს

ვითარება გამოსასწორებელია ბევრი მიმართულებით. ეს საფუძველი რომ არსებობს, მისასალმებელია, მაგრამ ეკონომიკის განვითარების კონცეპტუალური მიდგომები ბუნდოვანია და ვექტორებთან დაკავშირებითაც ბევრი შეკითხვა არსებობს კონტექსტის გათვალისწინებით, - დავუშვათ, ისეთი ვექტორების, როგორიცაა ჩინეთი, ინდოეთი და ასე შემდეგ.

ერთი საეჭვო პოლიტიკური ელფერიც დაჰკრავს რუსეთის სანქციების ფონზე ჩვენი ეკონომიკის ზრდის თემას. არის ეს მომენტი, მაგრამ თქვენი შეფასება, რომ ჩვენი ეკონომიკა მიბმულია რუსულ ეკონომიკაზე, ცოტა გადაჭარბებული მგონია. ჯერ ერთი მისაბმელი არაფერია.

რასაც რუსეთის ბაზარი ითვისებდა, ვთქვათ ციტრუსები და ვაშლი - ფართობები და მოსავალი ბოლო 30 წელიწადში მნიშვნელოვნად შემცირდა. ციტრუსს, შესაბამის რეგიონებში აღარც ამუშავებენ სათანადოდ, რაც იმითაა გამოწვეული, რომ განსხვავებით გასული საუკუნის 70-იანი წლებისგან, საშუალო ოჯახი აჭარა-გურიაში, ციტრუსის შემოსავლით ვერ იარსებებს.

შედარებით ახალია ატმის და ვაშლატამას სავარგულები კახეთში და ამ მხრივ რუსეთის ბაზარი შეუცვლელია. რომ არაფერი ვთქვათ ღვინის ექსპორტზე რუსეთში, რაც ისევ მნიშვნელოვან მასშტაბებს აღწევს, მაგრამ კარგია, რომ დაიწყო ქართული ღვინისათვის ახალი ბაზრების ინტენსიური მოძიებაც.

ამ მხრივ ჩინეთიც კი საყურადღებოა, მიუხედავად იმისა, რომ ჩინელებისთვის ღვინო არ არის მასობრივი ცნობიერების მიერ ადეკვატურად აღქმადი პროდუქტი. მაგრამ ყოველმა მე-10-ე ჩინელმა 1 ბოთლი ქართული ღვინო რომ მიირთვას წელიწადში, ეგეც დიდი საქმე იქნება და ძალიან წაგვადგება.

სანქციებს რომ არ მივუერთდით, სწორი იყო. ამას ბევრი სხვა ქვეყნის გამოცდილებაც ადასტურებს. მაგრამ რა თქმა უნდა, რუსეთის ბაზრის მოიმედეობა არ შეიძლება. ეს ვიცოდით და ვიცით და სომხეთის მიმართ ფაქტობრივმა რუსულმა სანქციებმაც დაადასტურა.

- საუბარი უნდა გავაგრძელოთ ქართული პოლიტიკის მთავარ, ორგანიზაციულად ძლიერი და მდიდარ „ქართული ოცნებაზე“ საუბრით, რომელსაც ზურგს ადმინისტრაციული რესურსი უმაგრებს.

როგორი პოლიტიკური შედეგებით და როგორ პოლიტიკურ ფორმაში შეხვდა ახალ პოლიტიკურ სეზონს „ქართული ოცნება“?

- „ქართული ოცნება“ იმედიანადაა განწყობილი. რა თქმა უნდა, ადმინისტრაციულ რესურსსაც ჭარბად იყენებს. მაგრამ სამეზობლოში თუ მიმოვიხედავთ, ვინ არ იყენებს ასეთ რესურსს, ხელისუფლებაში მყოფი რომელი ძალა?

ჩვენი სამეზობლოსადმი დიდი პატივისცემის და მათი დიდი იმედის მიუხედავად, უნდა შევნიშნოთ, რომ ამ მხრივ აზერბაიჯანული დემოკრატიაც და თურქული დემოკრატიაც ხასიათდებიან. აშშ-სთან და ისრაელთან დაპირისპირებულ ირანში თეოკრატიაა, ხოლო სომხეთში არჩევნებში გამარჯვებული ფაშინიანი გრიგორიანული ეკლესიის მწყემსმთავრის არჩევის წესის შეცვლას აპირებს და სასამართლოში, ეს სურათი ერთობ შთამბეჭდავი იყო, საკაცით მიჰყავთ საგადასახადო უწყების მძიმე მდგომარეობაში მყოფი ყოფილი მაღალჩინოსანი.

ძნელია, თითქმის შეუძლებელი, რომ ასეთ სამეზობლოში დასავლური დემოკრატიის ოაზისად იქცეს ჩვენი ქვეყანა. და არც არის. დემოკრატიულობის თვალსაზრისით წინაა ვიდრე წინა ხელისუფლება, მაგრამ არაფორმალური მმართველობიდან გამომდინარე, ბევრი რამაა პრობლემური.

რეალურად, პოლიტიკურ ხაზს, მიმართულებას და შინაარსს განსაზღვრავს ბიძინა ივანიშვილი. რაც შეეხება გუნდს, ეს ამ ეტაპზე, ირაკლი კობახიძის გუნდია. საკმაოდ განათლებული და გამჭრიახი ადამიანებისგან შემდგარი.

რეალურად, პოლიტიკურ ხაზს, მიმართულებას და შინაარსს განსაზღვრავს ბიძინა ივანიშვილი

იქ ბევრია პერსპექტიული პოლიტიკოსი, მაგრამ უმეტესობა პოლიტიკოსის სტატუსის მოპოვების პრეტენდენტია, გარდა თავად ირაკლი კობახიძისა, რომელმაც დაამტკიცა, რომ პოლიტიკოსია იმ ფრგლებში, რაც მას მინიჭებული აქვს ქვეყნის ფაქტობრივი მმართველისგან, შალვა პაპუაშვილისა, თეა წულუკიანის და კიდევ ამ გუნდის რამდენიმე წევრისა.

- ზაფხულში მმართველ გუნდში განვითარებული პროცესები იმაზე მიუთითებს, რომ „ქართულ ოცნებაში“ ადგილი ჰქონდა შიდა გარჩევებს. ციხეში მყოფმა ექს-პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა რიგით მეექვსე წერილი გამოაქვეყნა. ვხედავთ რომ მისი ტონი სულ უფრო მკაცრდება. იგი ყველას აკრიტიკებს, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გარდა. ექს-პრემიერმა ღარიბაშვილმა კობახიძე-მდინარაძის ტანდემი მკვლელობებშიც კი დაადანაშაულა.

დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ივანიშვილმა მდინარაძე იმის გამო გაუშვა პოლიტიკიდან რომ მან „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებისაგან მოპარული ფულების დაბრუნება ვერ შეძლო.“ დამკვირვებელთა მეორე ნაწილი კი კარგა ხანია ვარაუდობს რომ მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ „კობახიძის ჩარეცხვა მალე დაიწყება“.

მესამე ნაწილი კი იმაზე ამახვილებს ყურადღებას რომ - „ქართული ოცნება“ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია“.

მეოთხენი კი ასე თვლიან - ქართულ ოცნებაშიდღეს არსებული დაპირისპირება არც იდეოლოგიურია და არც პროგრამული - ის იმაზეა, თუ ვის „შეეტენება“ პასუხისმგებლობა ჩადენილ დანაშაულებზე“.

თქვენ როგორ შეაფასებდით მმართველ გუნდში ექს-პრემიერსა და მოქმედ პრემიერ შორის ბრძოლას ივანიშვილის კარზე?

ეს პროცესები რაზე შეიძლება მიუთითებდეს?

- ვფიქრობ, არანაირი ბრძოლა არ არსებობს. ყველა თავისი გზით მიდის. ივანიშვილი ისევ შეუვალია იმ მიმართულებით, რომ მის მიერ დაწინაურებულმა და დანიშნულმა ადამიანმა ფული არ უნდა აკეთოს. მაღალ ხელფასებზე თანახმაა, შეიძლება როგორც ეს ადრე იყო, მაღალჩინოსნებს „კონვერტით დანამატიც“ არგუნოს, მაგრამ დიდი ფული და კორუფციული სქემები მისთვის დაუშვებელია.

კობახიძე-ღარიბაშვილის დაპირისპირება ჩვეულებრივი შიდასახელისუფლო დაპირისპირება მგონია, რაც ყველა ხელისუფლებაში წარმოიშობოდა და იქნება მომავალშიც, როგორც ეს იყო მიხეილ სააკაშვილის დროს მისი ჯახი, მაგალითად ირაკლი ოქრუაშვილთან.

კობახიძე-ღარიბაშვილის დაპირისპირება ჩვეულებრივი შიდასახელისუფლო დაპირისპირება მგონია, რაც ყველა ხელისუფლებაში წარმოიშობოდა და იქნება მომავალშიც, როგორც ეს იყო მიხეილ სააკაშვილის დროს მისი ჯახი, მაგალითად ირაკლი ოქრუაშვილთან

ამ დაპირისპირების დეტალებს არ შევაფასებ, რადგან რეალობა საზოგადოებისთვის, ფაქტობრივად, უცნობია. ჩვენი მედია, შეჭირვებულობის გამო, ჩვენს ინფორმირებას სრულყოფილად ვერ ახერხებს, ხოლო რაც პროპაგანდისტული ტელემედიიდან და სოციალური ქსელებიდან ჩანს, საფუძვლიანი დასკნების გაკეთების საშუალებას არ იძლევა. მით უმეტეს, როცა საქმე ეხება თვითმკვლელობას ან მკვლელობას. მხოლოდ მიუკერძოებელ გამოძიებას შეუძლია სიმართლის დადგენა და იმედია, ასეც იქნება.

მე პირადად, რა თქმა უნდა, ერთი ადამიანის ბედი მაღელვებს და მინდა სიმართლე დადგინდეს, მაგრამ არანაკლებ მაინტერესებს მოვისმინო კონკრეტული პასუხი კითხვაზე, მოეწერა თუ არა ხელი რაიმე დოკუმენტს აზერბაიჯან-საქართველოს საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კონტექსტში. პირადად, დარწმუნებული ვარ, რომ ირაკლი კობახიძე არაფერ ამდაგვარზე ხელს არ მოაწერდა. ამიტომ, ველი შესაბამის განცხადებას პრემიერის ადმინისტრაციის მხრიდან.

მინდა სიმართლე დადგინდეს, მაგრამ არანაკლებ მაინტერესებს მოვისმინო კონკრეტული პასუხი კითხვაზე, მოეწერა თუ არა ხელი რაიმე დოკუმენტს აზერბაიჯან-საქართველოს საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კონტექსტში. პირადად, დარწმუნებული ვარ, რომ ირაკლი კობახიძე არაფერ ამდაგვარზე ხელს არ მოაწერდა. ამიტომ, ველი შესაბამის განცხადებას პრემიერის ადმინისტრაციის მხრიდან

- ახალი პოლიტიკური სეზონის პირველივე დღეებში მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზეც მრავლად აკეთეს განცხადებები.

ამ განცხადებებში ახალია ბევრი არც არაფერია, მაგრამ მაინც ღურს მათი გახსენება - „ევროპელებმა ვერ შეძლეს ქართველ ხალხზე ზემოქმედება, ამიტომ ევროპამ საქართველო ისეთი უნდა მიიღოს, როგორიც ის ახლაა.“.

მმართველი გუნდის ლიდერები აშშ-საგან მოითხოვენ საქართველოსთან „სუფთა ფურცლიდან“ სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას. მისივე მტკიცებით, საქართველოს აშშ-თან ურთიერთობის „პოზიტიური დინამიკა აქვს“.

არადა, გვახსოვს ამერიკულმა მხარემ საქართველოსთან სტრატეგიული ურთიერთობები თავად შეაჩერა. რაც შეეხება ქვეყნის საგარეო ევროპულ მიმართულებას, ცხადადაც კი ჩანს, „ქართულმა ოცნებამ“, ბევრი იღვაწა იმისთვის, რომ ქვეყნის ევროპული მიმართულება რეალობად არ ქცეულიყო.

ეს ყველაფერი ხდება იმის ფონზე როცა ცხინვალის რეგიონში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოსკოვი სამხრეთ ოსეთის რუსეთთან მიერთებას გეგმავს. დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს - „მოსკოვს ცხივალის რეგიონის ანექსია კი არა, თბილისის შიში სჭირდება ანექსიის წინაშე - და ამ შიშის ფასად გადახდილი დათმობები“.

თქვენი შეფასებით, ახალ პოლიტიკურ სეზონზე, სავარაუდოდ, როგორი იქნება „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკა?

„ანექსიის შიშის ქვეშ ყოფნას და ამის სანაცვლოდ დათმობებზე წასვლის იმედს,“ ოფიციალური თბილისი შეძლებს გაუმკლავდეს იმ საგარეო პოლიტიკით, რომელიც დღეს აქვს?

- ევროპული არჩევანი ჩვენთვის დიდი ხანია გაკეთებულია და აქ რაიმე ახლის გამოგონებას ვერავინ შეძლებს. ოდითგან ცალსახა იყო ქართველების სწრაფვა დასავლური ცივილიზაციისკენ და დასავლეთისკენ.

თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენი მოდგმის ხალხები წარმოადგენდნენ ევროპა-ანატოლია-კავკასიის ერთმანეთის მონათესავე მოსახლეობას, რომლის საფუძველზე და რომელზე დაყრდნობითაც ინდო-ევროპელებმა დიდი ცივილიზაცია შექმნეს. ეს ჩვენი ფანტაზიების ნაყოფი არ არის. ეს საკმაოდ კვალიფიციური უცხოელი მეცნიერების დასაბუთებული შეხედულებები და ზოგჯერ ჰიპოთეზებია.

როცა ქართველობამ ქრისტიანობა, მართლმადიდებლობა მიიღო, ამით საშვილიშვილოდ დაასაბუთა და განსაზღვრა ერის ცივილიზაციური არჩევანი, ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ თუ ვინმემ თვითმკვლელობა მოინდომა და სხვა ცივილიზაციად გარდაიქმნა ჭარბი მიგრაციის ფონზე, ჩვენ ბოლომდე მასთან ვიქნებით და საფლავშიც ჩავყვებით. ამიტომ კობახიძის მთავრობის სკეპსისი და გაკერპება ზოგ საკითხთან მიმართებაში, გასაგებია, თუმცა ჩემთვის მისაღები არ არის.

ასე რომ, ქართველი ერის ევროპული ცივილიზაციური არჩევანი არც ივანიშვილის ხელისუფლების მიგნებაა და არც სააკაშვილის ხელისუფლების. ეს არ გამორიცხავს რუსეთთან ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყებას, ისე როგორც ჩვენი პრემიერი ითხოვს ამას ტრამპის ადმინისტრაციისგან.

ძნელია, პუტინი ამაზე წამოვიდეს, მაგრამ ჩვენი კოზირი პოლიტიკაში უნდა იყოს სისხარტე და მოქნილობა. ამით უნდა ვიყოთ დაკავებული. არ გამოგვეპაროს, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეძლებს სტრატეგიული მარცხის თავიდან აცილებას, ან უკიდურეს შემთხვევაში, ისე დაამთავრებს ომს, რომ სახეს შეინარჩუნებს (ანუ, იმდენს მაინც მიაღწევს, რომ გარკვეულწილად წარმატებად ჩაეთვალოს), ის ხვალვე დათანხმდება ზავს.

თუ რუსეთი უკრაინაში შეძლებს სტრატეგიული მარცხის თავიდან აცილებას, ან უკიდურეს შემთხვევაში, ისე დაამთავრებს ომს, რომ სახეს შეინარჩუნებს, ანუ, იმდენს მაინც მიაღწევს, რომ გარკვეულწილად წარმატებად ჩაეთვალოს, ის ხვალვე დათანხმდება ზავს

სხვათა შორის, თქვენს ყურადღებას მივაპყრობ, რომ ბოლო 2-3 თვის განმავლობაში პუტინმა დაიწყო ფიქრი ომის დასრულებაზე, რაც ადრე არ უფიქრია და მისთვის სასურველი ტერიტორიების სამუდამო დასაკუთრებაზე, აგრეთვე უკრაინაში მისთვის მისაღები ხელისუფლების დასმაზეც ჯიუტად აღარ დგას. ასე ჩანს.

ჩემი აზრით, ამაში გარკვეული როლი შეასრულა ფაშინიანის მთავრობის საგარეო-პოლიტიკური ვექტორის შეცვლამ, პროდასავლურ პოზიციებზე ნებისმიერ ფასად გადასვლამ და პრობლემების სომხური ლობების იმედით გადაწყვეტის კურსზე დაკონცენტრირებამ.

ეს თუ ასე მოხდა, და თუ ეს საბოლოოდ მოახერხა ფაშინიანმა პროევროპული კურსის დაცვა, რაც ძალიან ძნელი იქნება, აგრეთვე თუ ტრამპის გზა, ზანგეზურის გავლით, შედგა, ხოლო აზრბაიჯანის ალიანსი თურქეთთან და აშშ-სთან არ შეარყია ურთიერთობების დაძაბვამ ისრაელსა და თურქეთს შორის, რუსეთისთვის რეალური ხდება სამხრეთ კავკასიიდან გაძევება, რაც პერსპექტივაში, მისთვის ჩრდილოეთ კავკასიის დაკარგვის და იქ არეულობების საფრთხეს გაზრდის.

ამიტომ, სულო ცოდვილო და როგორ ვთქვა, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს.

ეს კარგად უნდა გავიაზროთ.

- თქვენთან შეხმიანებამდე გავრცელდა ინფორმაცია რომ ყოფილმა გენპროკურორმა, ოთარ ფარცხალაძემ, რომელმაც რუსეთში გადაბარგების შემდეგ რომანოვ-ფარცხალაძე გახდა, რუსეთში მცხოვრები ქართველებისგან მოხალისეთა რაზმი ჩამოაყალიბა და უკრაინა-რუსეთის ფრონტზე გაემგზავრა საბრძოლველად.

ამ ფაქტს დიდ ყურადღებას არც მივაქცევდი რომ არა ის, რომ ფარცხალაძის მოხალისეთა რაზმს, „გეიორგიევსკი“ არ ერქვას და „ქართული ოცნება“ გეორგიოვსკის ტრაქტატზე და რუსეთზე დრო და დრო, როგორც მართლმადიდებლურ ქვეყანაზე განცხადებებს და გეორგიევსკი ტრაქტატი-2-ის დადების აუცილებლობაზე ხშირად არ აკეთებდეს.

სხვადასხვა წყაროებიდან ცნობილი იყო, რომ რუსეთის ხელისუფლება რუსეთში მცხოვრები ქართველებისგან უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად ბატალიონს რომ ქმნიდა, მაგრამ, ყოფილი გენპროკურორი ფარცხალაძე თუ ამ მებრძოლ რაზმს ჩაუდგებოდა სათავეში.

თქვენ როგორ შეაფასებდით ამ ფაქტს? ასევე რუსეთ-საქართველოს შორის გეორგიევსკის ტრაქტატის-2-ის მსგავს შეთანხმებაზე გახშირებულ მსჯელობებს? სავარაუდოდ, ეს რას შეიძლება ნიშნავდეს?

- ვიცნობ რა ბიძინა ივანიშვილის საკადრო პოლიტიკისადმი მიდგომებს, გასაკვირი არაფერია. ზოგიერთი, შეიძლება, სომალელ და კოლუმბიელ ამბოხებულებს ჩაუდგეს სათავეში.ხელს რა შეუშლის? ადამ და ევადან ასე იყო - ქართველები იყვნენ თავისი ქვეყნის და მეფის მხარეზე და ნაწილი მტერს მოყვებოდა. იყო შემთხვევები, როცა ქართული წარმოშობის ხალხი - ნაწილი სპარსელების ლაშქარში იყო, ნაწილი ოსმალების ჯარში.

ახლა ტრაქტატზე. - ვწუხვარ, რომ პუტინი, რომელიც რუსული-სლავური წარმოშობის ერთ-ერთი საუკეთესო მმართველია თავისი ქვეყნის, რომელმაც შეაჩერა რუსეთის დეზინტეგრაციის პროცესი, რამდენადმე მოაწესრიგა ეკონომიკა და თავისი ქვეყნის სოციალური სფერო, სუსტი პოლიტიკოსი აღმოჩნდა. მან ვერ შესთავაზა თავის ხალხს რეალური პროგრესის გზა და ახალი პრინციპები, რომლითაც რუსი ერი უნდა შეხვდეს XXII საუკუნეს.

ერთადერთი, რაც მოიფიქრეს რუსეთის პოლიტიკურ ისტებლიშმენტში, ეს მართლმადიდებლობის დროშის ქვეშ ხალხის დარაზმვა იყო მეორე კონსტანტინეპოლის და მესამე რომის იდეის აღორძინებით.

მაგრამ ისიც ცხადია, რომ ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ. მართლმადიდებლობისადმი ერთგულება მისასალმებელია, მაგრამ ძნელია, ისეთმა ეთნიკურად ჭრელმა და ეკონომიკურად იზოლაციაში მყოფმა ქვეყანამ, როგორიც რუსეთია, ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში მხოლოდ ამაზე დაყრდნობით შეძლოს მესამე რომის ფუნქციის შესრულება.

იგივეს ვიტყოდი ახალი „გეორგიევსკი 2-ის“ დადების პერსპექტივაზე. ეს არ მგონია, თვითონ პუტინისგან მოდიოდეს, მაგრამ მისი იდეოლოგიური მხარდამჭერების ხედვის სპეციფიკურობაზე მიუთითებს.

საქართველოსთან ხელსაყრელი ურთიერთობების აღსადგენად არაფერი აღმოაჩნდათ ტრაქტატის იდეის გარდა, იმ ტრაქტატის, რომელიც ფაქტობრივად არ შესრულდა, რომ არაფერი ვთქვათ ტოტლებენის გაუგებარ მანევრებზე, აღა მაჰმად ხანის გამაჩანაგებელ ლაშქრობაზე და ოსმალთა და ლეკთა გააფთრებაზე ტრაქტატის დადების და ქართველი მეფე-მთავრების რუსეთისკენ სწრაფვის გამო. ასევე შევნიშნავ, რომ რაღაც მსგავსი შეთანხმება არსებობდა ოსმალებთანაც, როგორც არსებული სიტუაციის გათვალისწინების შედეგი.

დანარჩენი ყველამ ვიცით. ტრაქტატის 200 წლისთავიც ვიზეიმეთ საბჭოთა პერიოდში - იმ ტრაქტატის, რომელიც არ შესრულდა, რომელსაც ქართული სამეფო დინასტიის და ჩვენი დედაეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება და ჩვენი სამეფო-სამთავროების თანდათანობითი ანექსია მოჰყვა. როგორ უნდა დაგვარწმუნონ რუსებმა, ან პოლიტიკოსებმა, რომ „გეორგიევსკი 2“ შესრულდება და სასარგებლო იქნება საქართველოსთვის?

ტრაქტატის 200 წლისთავიც ვიზეიმეთ საბჭოთა პერიოდში - იმ ტრაქტატის, რომელიც არ შესრულდა, რომელსაც ქართული სამეფო დინასტიის და ჩვენი დედაეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება და ჩვენი სამეფო-სამთავროების თანდათანობითი ანექსია მოჰყვა. როგორ უნდა დაგვარწმუნონ რუსებმა, ან პოლიტიკოსებმა, რომ „გეორგიევსკი 2“ შესრულდება და სასარგებლო იქნება საქართველოსთვის?

- ახლა ბევრი საუბრობს იმაზე, რომ ახალი პოლიტიკურ სეზონის წინ ქვეყანაში საკმაოდ რთული პოლიტიკური გარემო და ვითარებაა.

ხელისუფლებას დააანონსებული აქვს ბოლო არჩევნებზე ბარიერგადალახული პოლიტიკური პარტიების საკონსტიტუციო სასამართლოთი აკრძალვა. ფაქტია, რომ ოპოზიციური სპექტრი ვერ ახერხებს ხელისუფლების წინააღმდეგ ერთიანი გეგმის შემუშავებას და მოქმედებას.

ოპოზიციაში „ქართული ოცნების“ დაანონსებული ერთიანობაც მოკლევადიანი აღმოჩნდა. „ლელოს“ და გახარიას „საქართველოსათვის“, ოპოზიციურ ერთიანობაში მონაწილეობას არ აპირებენ.

ციხეში მყოფი მესამე პრეზიდენტის სააკაშვილის ინიციატივით „ნაცმოძრაობაშიც“ დაწყებულია პროცესები, რომლის მიზანია სააკაშვილის გახდეს ერთიანი ოპოზიციის ლიდერი, მაგრამ, ეს რომ ძალიან რთულად რეალიზებადია მიზანია, არა მგონია ეს „ნაცმოძრაობაში“ არ ესმოდეთ.

პოლიტიკის ანალიტიკოსის გია ხუხაშვილის აზრით, - “ივანიშვილმა პოლიტიკა ფაქტობრივად მოკლა, შესაბამისად, პოლიტიკოსებიც აღარ სჭირდება”.

„ინტერპრესნიუსთან“ ერთ ერთ ინტერვიუში თქვენ გაქვთ ნათქვამი - „ქართული პოლიტიკური ველი დღეს არ არსებობს, დღეს ის ტრანსფორმაციის სტადიაშია.“

ვითარებაში, რომელშიც ვართ, სულ უფრო ჭირს იმაზე საუბარი, რომ „ქართული პოლიტიკური ველი დღეს ტრანსფორმაციის სტადიაშია“.

როგორ პოლიტიკურ ფორმაში შეხვდნენ ოპოზიციური სპექტრის ძირითადი აქტორები უკვე დამდგარ ახალ პოლიტიკურ სეზონს?

- მე არაერთგზის მითქვამს, რომ მე პარტიების აკრძალვის მომხრე არ ვარ. მით უმეტეს არ ვარ პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაკისრების მომხრე ამა თუ იმ პარტიის აქტივისტებისა და რიგითი წევრებისთვის.

ლიდერების პოლიტიკური პასუხისმგებლობაც ხალხმა უნდა შეაფასოს, ხოლო თუ დანაშაულები აქვთ ჩადენილი, დამოუკიდებელმა სასამართლომ უნდა იმსჯელოს თითოეულ ფაქტზე მიუკერძოებელი გამოძიებების შედეგებზე დაყრდნობით.

ახლა ჩვენს ოპოზიციაზე. - მათ არ შეაფასეს დაშვებული შეცდომები, გადაცდომები. არ გამოხატეს დამოკიდებულება მიუტევებელ და დაუშვებელ პროცესებზე და მიდგომებზე „იმ 9 წლიანი მმართველობის“ პერიოდში რომ ჰქონდა ადგილი. შესაბამისად, დაიკარგა და დაემცრო ელექტორალური მხარდაჭერა.

მათი ნაქმნარის გამო 10-იან წლებში, მათი შემდგომი რეიტინგი, უკეთეს შემთხვევაში, 30%-ს არ ასცილებია. აქედანაც 20% პირადად მიხეილ სააკაშვილის ფაქტორით იყო განპირობებული. სადღეისოდ ეს მხარდაჭერა სადღაც 20 %-მდეა და აქედან 10-15 % ისევ სააკაშვილის ფაქტორის გამო ერთგულებს ნაც-მოძრაობას. ეს ფაქტია და ამას ვერავინ უარყოფს. მაგრამ იმავე მიხეილ სააკაშვილის, როგორც ქვეყნის მმართველის საქმიანობის გამო ელექტორატის 60%, თუ მეტი არა, იმ ძალას არასოდეს დაუჭერს მხარს, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი უწინამძღვრებს.

მიხეილ სააკაშვილის, როგორც ქვეყნის მმართველის საქმიანობის გამო ელექტორატის 60%, თუ მეტი არა, იმ ძალას არასოდეს დაუჭერს მხარს, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი უწინამძღვრებს

ესაა რეალობა.

თავად „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების რაოდენობაც შემცირებულია. სახელისუფლო-ადმინისტრაციული რესურსის გათვალისწინებით, ის 35-40%-ს შეადგენს. დაახლოებით 20-30 % მერყევი ელექტორატია, რომელსაც არც ერთი პარტია არ მოსწონს, ან იმედი გაუცრუვდა ერთ ნაწილს „ოცნებისგან“, ხოლო მეორეს - ოპოზიციისგან.

ეს ყველაფერი პოლიტიკურ პროცესზე და გარემოზე დაკვირვების შედეგია, თორემ სოციოლოგია, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა, ჩვენთან როგორც მეცნიერებაც და როგორც გამოყენებითი დარგიც, კარგა ხანია გაუქმებულია.

თავად „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების რაოდენობაც შემცირებულია. სახელისუფლო-ადმინისტრაციული რესურსის გათვალისწინებით, ის 35-40%-ს შეადგენს. დაახლოებით 20-30 % მერყევი ელექტორატია, რომელსაც არც ერთი პარტია არ მოსწონს, ან იმედი გაუცრუვდა ერთ ნაწილს „ოცნებისგან“, ხოლო მეორეს - ოპოზიციისგან

ოპოზიციას სერიოზული პრობლემები აქვს და მისი დაძლევა მხოლოდ ერთმანეთისგან გამიჯვნით არის შესაძლებელი. მხოლოდ ამ გზით დაიძლევა ის პოლიტიკური ჩიხი, რომელიც მათმა არათანმიმდევრულობამ და არაადეკვატურობამ შექმნა. მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი ამომრჩევლის მიერ მხარდაჭერილი, შესაბამისი პოლიტიკური პლატფორმის მქონე პოლიტიკური სუბიექტების გაერთიანება.

დადგა დრო, ლიდერების ფარული გარიგებებიდან ქვეყანა გადავიდეს თვალსაზრისების შეჯერებაზე და საზოგადოებასთან დიალოგზე. ერთი შეხედვით, ეს ბიძინა ივანიშვილს არ აწყობს. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით...

დადგა დრო, ლიდერების ფარული გარიგებებიდან ქვეყანა გადავიდეს თვალსაზრისების შეჯერებაზე და საზოგადოებასთან დიალოგზე. ერთი შეხედვით, ეს ბიძინა ივანიშვილს არ აწყობს. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით...

- ოპოზიციაზე მსჯელობისას კონსტიტუციონალისტმა და პოლიტელოგმა ვახტანგ ძაბირაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა - „როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ, ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც“.

ის რომ ოპოზიციას მმართველ გუნდთან ბრძოლის ერთიანი გეგმა არ აქვს და უმეტეს შემთხვევაში ერთმანეთის კრიტიკით არიან დაკავებული, ბევრი იმას აბრალებს, რაც ბატონმა ვახტანგ ძაბირაძემ მოურიდებლადაც კი თქვა.

რამდენადა დიდია იმის ალბათობა, რომ „ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც აკონტროლებდეს“?

- დიახ, ასეა. პირადად ივანიშვილის და მისი პარტიის ფინანსური და ინტელექტუალური შესაძლებლობები, სახელისუფლო რესურსი და შედარებითი ორგანიზაციული სიმყარე ამას განაპირობებს.

მე წინააღმდეგი ვარ ერთმანეთისგან არსებითად განსხვავებული სუბიექტების გაერთიანების. ეს გაერთიანება კია რა, ერთაზრიანობაა, რომელიც ეძებს ბელადს, რომლის პარტიასაც ყველა სხვა დაემორჩილება. არანაირი მიზეზით ასეთი რამის გამართლება არ შეიძლება.

არანაირი ორპარტიული დემოკრატია, არანაირი მართვადი ოპოზიცია ამ ქვეყანაში არ გამოვიდა და არც გამოვა. ამდენად, არ მაქვს იმედი გაერთიანებული, ძლიერი ოპოზიციის. მათ ჰეგელის ფრაზას შევახსენებ - რომ გავერთიანდეთ, საჭიროა გავიმიჯნოთ

მიმაჩნია, რომ ჩვენს ქვეყანაში დღეს არის „ქართული ოცნება“, როგორც დომინირებადი პოლიტიკური ძალა. არის მისგან გაშვებული და წარმოშობილი პარტიები - მაგალითად, „ხალხის ძალა“ და „ნეიტრალური საქართველო“. არის „ნაცმოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი. არის მათგან განზე გამდგარი პოლიტიკოსების და პარტიების ჯგუფი, ფაქტობრივად ერთი პარტია, რასაც გაერთიანებულ ოპოზიციას ეძახიან. არის „გირჩი“ - ორიგინალობით გამორჩეული. არის „გახარია საქართველოსთვის“. არის „ლელო“, რომლისგანაც მე გაცილებით მეტს ველოდი და არიან სხვა პარტიები, რომელთაც ჰყავთ გამოცდილი ლიდერები და შეუძლიათ პერსპექტივაში პროგრესის მიღწევა. ესენია „ლეიბორისტული პარტია“, „პატრიოტთა ალიანსი“ და კიდევ რამდენიმე.

აი, ამათგან თავისუფალი და თანასწორი კონკურენციის პირობებში უნდა ტრანსფორმირდეს რეალურად ფუნქციონირებადი პოლიტიკური სისტემა, რაც დღეს არ არსებობს. არანაირი ორპარტიული დემოკრატია, არანაირი მართვადი ოპოზიცია ამ ქვეყანაში არ გამოვიდა და არც გამოვა. ამდენად, არ მაქვს იმედი გაერთიანებული, ძლიერი ოპოზიციის. მათ ჰეგელის ფრაზას შევახსენებ - რომ გავერთიანდეთ, საჭიროა გავიმიჯნოთ.

- დამკვირვებელთა საკმაოდ დიდი ნაწილი თვლის - „დიდი კვლევა არ სჭირდება იმას, რომ საქართველოში საზოგადოების ასევე საკმაოდ დიდი ნაწილს აქვს მზაობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება გაუშვან“, მაგრამ, ხალხმა არ იცის, სავარაუდოდ, ვინ შეიძლება მოვიდეს ხელისუფლებაში.

ფაქტი ისაა, რომ ჯერჯერობით, ოპოზიცია ვერ ჩამოყალიბდა პოლიტიკური ბრძოლის ისეთ ფორმაზე, რომელიც ეფექტური იქნება „ქართულ ოცნებასთან“ საბრძოლველად.

ფაქტია ისიც, რომ „ქართულ ოპოზიციას პრობლემა აქვს ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებასთან. თუ ოპოზიცია ამ პრობლემას დაძლევს, ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ დამარცხება მხოლოდ დროის ამბავი იქნება“.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ბევრი თვალსაზრისით ჭრელმა ოპოზიციამ შეძლოს მის მიმართ საზოგადოების უნდობლობის დაძლევა და საზოგადოებაში „ქართული ოცნების“ ალტერნატივად თავის დამკვიდრება?

- მიუხედავად თქვენდამი ჩემი დიდი პატივისცმისა, ვერ დაგეთანხმებით, რომ ოპოზიციას პრობლემა აქვს ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებასთან. მე უფრო პირიქით მგონია, - ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებას და მთლიანად საზოგადოებას, პრობლემა აქვს ოპოზიციასთან. - გაუგებარია, რა უნდათ, რისთვის იბრძვიან, რა ტაქტიკა ურჩევნიათ, რაზე რას ფიქრობენ.

ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებას და მთლიანად საზოგადოებას, პრობლემა აქვს ოპოზიციასთან. - გაუგებარია, რა უნდათ, რისთვის იბრძვიან, რა ტაქტიკა ურჩევნიათ, რაზე რას ფიქრობენ

ეჭვგარეშეა, რომ ხელისუფლებათა ცვალებადობა ნებისმიერი ფუნქციონირებადი, კონსოლიდირებული დემოკრატიის აუცილებელი ნიშანია. ვთქვათ, ჯერ-ჯერობით ასეთი ქვეყანა ჩვენ არ გვაქვს. მაგრამ ავტორიტარული რეჟიმიც არ მგონია ჩვენს წინაშე არსებული პრობლემებისთვის თავის დაღწევის რეალური გზა იყოს.

ჩვენი ეროვნული ფსიქიკიდან, ჩვენი ეთნოფსიქიკიდან და ქვეყნის სპეციფიკიდან გამომდინარე, რასაც ემატება წიაღისეულით და რესურსებით არცთუ მდიდარი ჩვენი ზღვა და ხმელეთი, ასეთი ქვეყნისთვის მაინც დემოკრატია სჯობს, სადაც თუ თუკიდიდეს დავუჯერებთ, „პელოპონესის ომების“ ავტორს, ასეთი დემოკრატია გაჯერებული ხელისუფლებასთან ახლოს მდგომი, მაგრამ არა ხელისუფლებაში უშუალოდ მყოფი ოლიგარქებით, თავისუფალი ოხლოკრატიისგან, ანუ ბრბოს მმართველობისგან, - ჩვენი ქვეყნისთვის გამოსავალი იქნება.

ხელისუფლებათა ცვალებადობა აუცილებელია და თუ ხელისუფლება 10 და 20 წელი არ იცვლება, მას ისეთი პოლიტიკური პარტია უნდა ხელმძღვანელობდეს, როგორიცაა იაპონიის ლიბერალური-დემოკრატიული პარტია, რომელიც ათეულობით წელია მართავს იაპონიას, ორი მცირეხნიანი პაუზით, მაგრამ აქვს სრულყოფილი შიდაპარტიული დემოკრატია, ყველა დონის წარმომადგენლობითი ორგანოები თავისუფალი არჩევით და ფრაქციების და დაჯგუფებების მთელი რიგი სპექტრით. დემოკრატია არის, მაგრამ ასეთი დემოკრატია „ქართულ ოცნებაში“ ჯერ-ჯერობით არ არის.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა