ქართული პრესის მიმოხილვა 03.07.2020

ივანიშვილის სათადარიგო სკამი და რჩეულნი

პუტინმა სოხუმში 67% და ცხინვალში 87%-იანი მხარდაჭერა მიიღო

სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ “არსენალის” ივლისის ნომრის (N7) მიმოხილვა

* * *

ივანიშვილის სათადარიგო სკამი და რჩეულნი

“პარტიულ სიასთან და მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით ჯერ გუნდში მსჯელობა არ ყოფილა. ვადებს არ ვარღვევთ და რესურსიც საკმარისია. საკმაოდ გამოცდილი ადამიანებით დაკომპლექტდება პარტიული სია და მაჟორიტარულ ოლქებშიც “ოცნებას” ბრძოლაში ნაწრთობი ადამიანები ეყოლება” - აცხადებს უმრავლესობის დეპუტატი ლადო კახაძე “ოცნების” საარჩევნო გეგმებთან დაკავშირებით. პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძის თქმით, “ოცნებისთვის” რთული იქნება ახალი სახეების მოძიება, რადგან მისი სათადარიგო სკამი გრძელი არ არის. როგორც “ოცნებაში” აცხადებდნენ, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემდეგ, “ოცნება” მაჟორიტარულ ოლქებში თავის კანდიდატებს დაასახელებდა, მაგრამ ამ დრომდე უცნობია ვინ იქნებიან “ოცნების” ფავორიტები მაჟორიტარულ ოლქებში. რაც შეეხება “ოცნების” ახალ პარტიულ სიას, კულუარული ინფორმაციით, ძველი სახეებიდან ძალიან ცოტა შეინარჩუნებს ადგილს, რადგან ახალი სია, ახალი სახეებით უნდა დაკომპლექტდეს. ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ივანიშვილის სათადარიგო სკამი და რჩეულნი / რატომ არ ჩქარობს “ოცნება” მაჟორიტარი კანდიდატების დასახელებას.

“ეს არის შიდა პარტიული საქმე და ვფიქრობ, რომ არც საჩქაროა. არანაირ ვადებს არ ვარღვევთ და ზედმიწევნით ვასრულებთ ყველა იმ რეკომენდაციას, რასაც ეუთო ითვალისწინებს. რესურსი არის, რომ მაჟორიტარ კანდიდატებად პარტიამ დააყენოს ბრძოლაში ნაწრთობი ადამიანები. ვფიქრობ, რომ მომავალ პარლამენტში ქალები ჭარბად უნდა იყვნენ წარმოდგენილნი. თუმცა, ოპოზიციამ ამჯერად ქალებზე გაილაშქრა, როცა წარმოვადგინეთ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები, სადაც ეს საკითხი იყო. სიებთან და მაჟორიტარებთან დაკავშირებით, თუ არა ვცდები, ოპოზიციაშია დიდი უნდობლობა. 1%-იანი ბარიერის დაწესებამ “ნაცმოძრაობას” დიდი დისკომფორტი შეუქმნა, რადგან ისინი ყველგან ამბობენ, რომ მხოლოდ ისინი არიან და პატარა პარტიები არაფერს წარმოადგენენ. ახლა პატარა პარტიებს აქვთ საშუალება მოხვდნენ პარლამენტში და რატომ დაივალდებულებენ თავს “ნაციონალური მოძრაობისგან”, ეტყვიან რომ აგერ თქვენს გარეშეც შევალთ პარლამენტშიო. მაგრამ ეს მათი პრობლემაა და თვითონ უნდა მოაგვარონ. ჩვენ არსად არ გვეჩქარება, არჩევნებმდე 60 დღით ადრეც შეგვიძლია წარვადგინოთ კანდიდატები” - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლადო კახაძე.

“ახალი სახეების შერჩევა რთული პროცესი იქნება “ოცნებისთვის”. გახსოვთ ალბათ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს "ძველი გვარდია" რომ გაუშვეს, მაშინ კვირიკაშვილმა მოიყვანა 15 ახალი სახე, ჩუგოშვილი, მაქაცარია, კილაძე და სხვები. მაშინდელი ახალი სახეებიდან “ოცნება” ბევრმა უკვე დატოვა, როცა საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდა. ასე, რომ “ოცნების” სათადარიგო საკმი გრძელი არ არის. ვფიქრობ, რომ ამ პროცესს დიდი დრო სჭირდება და ამიტომ არ ასახელებს “ოცნება” კანდიდატებს. თანაც ამ მოწვევის პარლამენტში სულ 30 მაჟორიტარი უნდა იყოს. მაჟორიტარი კანდიდატებიც და პარტიული სიაც ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებით მოხდება. არ გამორიცხავ, რომ სიის პირველი ნომერი იყოს გახარია. ძველი სახეებიდან კი ადგილებს სავარაუდოდ შეინარჩუნებენ კობახიძე, მდინარაძე და სხვები. რამდენადაც ვიცი, “ოცნება” უკვე აწარმოებს მოლაპარკებას რამდენიმე ექსპერტთან, ალბათ მათაც შეიყვანენ სიაში. ასევე “ოცნების” პარტიულ სიაში შეყვანილი იქნებიან ინტელიგენციის წარმომადგენლები”, -ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

პუტინმა სოხუმში 67% და ცხინვალში 87%-იანი მხარდაჭერა მიიღო

“რუსეთის ცესკოს ინფორმაციით რეფერენდუმის ხმების 99.9% დათვლილია და მოსახლეობის 77,93% პუტინის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს უჭერს მხარს. 2020 წლის 15 იანვარს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გამოვიდა რამდენიმე საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივით. ამ ცვლილებების თანახმად, საკანონმდებლო ორგანოს, მინისტრთა კაბინეტის და პრემიერ მინისტრის წარდგენა-დამტკიცების უფლება რუსეთის პრეზიდენტს გადაეცემა. პრეზიდენტს ექნება მათი დათხოვნის უფლება. ასევე, გაიზრდება “სახელმწიფო საბჭოს” როლი. ცვლილებები ასევე შეეხება უცხოეთის მოქალაქეობის აკრძალვას, ფედერალური საბჭოსთვის მოსამართლეები მოხსნის უფლების მიცემას, კონსტიტუციიდან რამდენიმე სიტყვის ამოღებას და ა.შ.”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით პუტინმა სოხუმში 67% და ცხინვალში 87%-იანი მხარდაჭერა მიიღო / რეფერენდუმის ხმების 99.9% დათვლილია და რუსეთის მოსახლეობის 77,93% პუტინის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს უჭერს მხარს.

“ამ ცვლილებების მისაღებად რეფერენდუმი ჩატარდა, რომელში მონაწილეობის მიღებაც ყველა პირს შეეძლო, ვისაც კი რუსეთის პასპორტი აქვს, მათ შორის ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის მოქალაქეებს. ოკუპირებულ ცხინვალში საკონტიტუციო ცვლილებების პროექტმა 87%-იანი მხარდაჭერა მიიღო, სოხუმში კი ხმების 67% მოაგროვა. ყველაზე მთავარი არის ის, რომ აღნიშნული ცვლილებები ვლადიმირ პუტინს 2036 წლამდე ხელისუფლებაში ყოფნის და ძალაუფლების გახანგრძლივების იურიდიულ საფუძველს აძლევს. რეფერენდუმს გამოხმაურება მოჰყვა თბილისშიც, შვეიცარიის საელჩოსთან, რომელშიც რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციაა განთავსებული, რუსეთის საკონსტიტუციო ცვლილებებს აპროტესტებდნენ საქართველოში მყოფი და მცხოვრები რუსები. პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” საუბრისას ამბობს, რომ ეს ცვლილებები მხოლოდ და მხოლოდ პუტინის ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივებას ემსახურება დანარჩენი ყველაფერი კი - დეკორაციაა. მაისაიას განმარტებით, ოკუპირებულ რეგიონებში ხმები ასე იმიტომ გადანაწილდა, რომ ცხინვალში უფრო მეტი რუსეთის მოქალაქე ცხოვრობს და ცხინვალის პოლიტიკა რუსეთთან სრულ მიერთებას ისახავს მიზნად”, - აღნიშნავს გამოცემა.

“პუტინმა ეს ნაბიჯი გადადგა იმისათვის, რომ მოეხდინა მისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდის განულება. ანუ მას შეუძლია 2036 წლამდე კვლავ მართოს რუსეთი. ეს იყო მისი მთავარი ამოცანა. დანარჩენი ყველაფერი სხვა არის დეკორაცია. პლუს კიდევ ამას, ამით პუტინმა მოახდინა “სახელმწიფო საბჭოს” ლეგიტიმაცია. პუტინმა 2002 წელს შემიღო ორგანო „სახელმწიფო საბჭო”, რომლითაც რეალურად იგი მართავდა იმ პერიოდში ქვეყანას და ახლა კი უბრალოდ ამ ცვლილებებით, მისი ლეგალიზაცია მოახდინა. ყველაფერი ეს კიდევ იმის გამო გააკეთა, რომ კიდევ 4-ჯერ გავიდეს საპრეზიდენტო ვადაზე. კიდევ ძალიან საიტერსო საკითხია, ის რომ ამ რეფერენდუმითა და ცვლილებებით ცდილობენ, რომ პუტინს მიენიჭოს ერთგვარი ეროვნული მეთაურის სახელი და სიცოცხლის ბოლომდე იყოს ქვეყნის სათავეში... ცხინვალის რეგიონში უფრო მეტი რუსეთის მოქალაქე ცხოვრობს ვიდრე აფხაზეთში. ცხინვალის რეგიონს სურს სრული მიერთება რუსეთთან და ეს გამოიხატება კიდეც მათ ქმედებებში”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ “არსენალის” ივლისის ნომრის N7 (269) მიმოხილვა

რატომ ესხმის თავს ოპოზიცია თავდაცვის მინისტრს? / საჰაერო-კოსმოსური საფარი საქართველოსთვის / ბირთვულმა სახელმწიფოებმა ერთმანეთს... ქვები დაუშინეს / SpaceX-მა აშშ-ს კოსმოსში პირველობა დაუბრუნა / გერმანული აბვერი ჩრდილოეთ კავკასიაში / ქართველი ძმების რთული გზა ამერიკულ არმიაში / უკრაინული “ნეპტუნი” რუსული ფლოტის წინააღმდეგ / როგორ იხსენებენ ვარკეთილის ბაზრობის ხანძარს მეხანძრე-მაშველები / უგზო-უკვლოდ დაკარგული მებრძოლის დაბრუნება აფხაზეთიდან / კაიზერის სუბმარინები ქართული ემიგრაციის სამსახურში

“დღე არ გავა, საქართველოს საინფორმაციო საშუალებების ერთი კლასტერი, რომელიც კონკრეტულ ოპოზიციურ პარტიებთან უფრო ასოცირდება, ვიდრე თავისუფალ და დამოუკიდებელ მედიასთან, მწვავე კრიტიკული ინფორმაციების “კასკადით” თავს არ დაესხას თავდაცვის ამჟამინდელ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყანაში ხელისუფლების კრიტიკა არათუ ნებადართული, აუცილებელიც კია, რადგან მრავალწლიანი ძალაუფლება ნებისმიერ, შეიძლება თავიდან ნორმალურად მომზირალ მთავრობასაც კი რყვნის და ამის არაერთი სამწუხარო ფაქტი გვაქვს საქართველოს უახლეს ისტორიაში, მაგრამ თავდაცვის მინისტრ ღარიბაშვილის წინააღმდეგ სამი ტელევიზიისა და რამდენიმე სხვა საინფორმაციო საშუალების მოქმედება უკვე სცდება დამოუკიდებელი და ობიექტური ჟურნალისტიკის ფარგლებს”, - წერს სამხედრო ანალიტიკური ჟურნალი “არსენალი” (N7, ივლისი, 2020) სტატიაში, სათაურით რატომ ესხმის თავს ოპოზიცია თავდაცვის მინისტრს? / ირაკლი ღარიბაშვილზე ოპოზიციის თავდასხმებს ქართული არმიის პოლიტიკაში ჩათრევის სუნი ასდის...

“გასაგებია ოპოზიციური პარტიების ლიდერებისა და პარტიული ტელევიზიების ხელმძღვანელთა მთავარი მიზანი - შეუტიონ საქართველოს მე-19 თავდაცვის მინისტრს, რადგან მათ თვალში ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის წევრია და ღარიბაშვილზე თავდასხმა ივანიშვილზე თავდასხმას ნიშნავს, მაგრამ რა დააშავა ქართულმა ჯარმა?! თავდაცვის მინისტრ ღარიბაშვილის წინააღმდეგ ოპოზიციისა და მის მიერ მართული ტელევიზიების ბრალდებები, რომელთა უდიდესი ნაწილი, სამწუხაროდ, ან თითიდან გამოწოვილი, ან უარესი - ტყუილია, ქართული არმიის იმიჯსაც აზიანებს როგორც ჩვენს საზოგადოებაში, ისე - საზღვარგარეთ... ნათელია, რატომ გახდა ოპოზიციის განსაკუთრებული სამიზნე ღარიბაშვილი. საქმე ის არის, რომ თავდაცვის მინისტრის საქმიანობის ისტორიაში მას ყველაზე დიდი პოლიტიკური ამბიციები აქვს, რაც არც არის გასაკვირი, რადგან ის თავდაცვის მინისტრის სავარძელში პრემიერ-მინისტრის კაბინეტიდან წლების შემდეგ დაბრუნდა. პოლიტიკურ ფიგურად ჩამოყალიბების ამბიცია სხვა თავდაცვის მინისტრებსაც ჰქონდათ, მათ შორის - თენგიზ კიტოვანს, ირაკლი ოქრუაშვილს, ბაჩო ახალაიას, ირაკლი ალასანიასა თუ თინა ხიდაშელს, თუმცა ამას ვერ ვიტყვით ვარდიკო ნადიბაიძეზე ან დავით თევზაძეზე”, - აღნიშნავს გამოცემა.

“სწორედ ის ფაქტორი, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკური ფიგურაა, რომელიც საპარლამენტო არჩევნების წინ უფრო გააძლიერებს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას, გახლავთ ოპოზიციის მიერ ღარიბაშვილის ათიანში ამოღების უმთავრესი მიზეზი, მაგრამ ეს ყველაფერი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების პოლიტიკურ თამაშებში ჩათრევის მცდელობად შეიძლება იქცეს, რის საშიში ნიშნებიც უკვე გამოჩნდა - ყოფილი მაღალჩინოსანი სამხედროები ცდილობენ (და ზოგჯერ დაუფარავადაც კი), ჯარში დარჩენილ კადრის ოფიცრებს თავიანთი ოპოზიციური პილიტიკური განწყობა თავს მოახვიონ. კონსტიტუციის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს, ისევე, როგორ პოლიციელს, ეკრძალება, იყოს რომელიმე პარტიის წევრი, რაც საქართველოს სამხედრო ძალების დეპოლიტიზაციის უმთავრესი გარანტიაა...”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.

“სამხედრო ტერმინი “საჰაერო-კოსმოსური თავდაცვა” 1970-იანი წლების ბოლოს და 1980-იანი წლების დასაწყისში გაჩნდა. ომებმა სპარსეთის ყურეში, იუგოსლავიაში, ავღანეთში, ერაყსა და ამჟამად სირიაში საჰაერო-კოსმოსური თავდაცვისადმი ინტერესი გაზარდა. რაც ბევრად განაპირობა საჰაერო და სარაკეტო თავდასხმის თანამედროვე საშუალებათა მუდმივმა სრულყოფამ, რომელიც ასუსტებს რა მოწინააღმდეგის სამხედრო პოტენციალს, მწყობრიდან გამოჰყავს მართვის სისტემები, ენერგეტიკული, ინფრასტრუქტურული და სატრანსპორტო ობიექტები, წინააღმდეგობის შეწყვეტასა და მოთხოვნებზე იძულებით დათანხმებას აიძულებს. ჩვენი ქვეყნისთვის საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის აუცილებლობაზე ჟურნალ “არსენალს” ესაუბრა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, გენერალ-მაიორი ელგუჯა მეძმარიაშვილი”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით საჰაერო-კოსმოსური საფარი საქართველოსთვის.

“საჰაერო და სარაკეტო თავდასხმის საშუალებები სამხედრო კონფლიქტში მთავარ როლს ასრულებს და ომის შედეგებზეც დიდ გავლენას ახდენს. მოწინავე ქვეყნების სამხედრო ბიუჯეტებში საჰაერო-კოსმოსურ თავდაცვაზე ხარჯების 26-37% მოდის. საჰაერო-კოსმოსური დაცვის სისტემა აერთიანებს საჰაერო თავდაცვის, რაკეტსაწინააღმდეგო, კოსმოსური თავდაცვის სტრატეგიულ, რადიოელექტრონული დათრგუნვისა და მოიერიშე კოსმოსურ თანამგზავრთა კომპლექსებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მოწინააღმდეგის საჰაერო და სარაკეტო თავდასხმის საშუალებებისგან ქვეყნის სრული დაცვა შეუძლებელია, რადგან ეს მოითხოვს საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის მაღალეფექტური ტერიტორიული სისტემის შექმნას, რაც მწირი ეკონომიკური და სამხედრო რესურსების მქონე სახელმწიფოსთვის უაღრესად რთულია. პატარა და შეზღუდული რესურსების მქონე სახელმწიფოებმა საჰაერო-კოსმოსური დაცვის მთლიანი, მრავალელემენტიანი სისტემების ნაცვლად უნდა შეიმუშაონ თავდაცვის შედარებით გამარტივებული კონცეფცია, სადაც მთავარ ადგილს დაიჭერს გეოსტაციონარულ ორბიტაზე განთავსებული საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის საინფორმაციო-დაზვერვითი თანამგზავრი, რომელიც იმავდროულად საკომუნიკაციო-სამოქალაქო დანიშნულებასაც შეითავსებს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ელგუჯა მეძმარიაშვილი.

“ასეთი თანამგზავრით მიღებული ინფორმაცია საშუალებას მოგვცემს: - მოწინააღმდეგის სარაკეტო-საჰაერო დარტყმებით მოყენებული ზიანი მინიმუმამდე შემცირდეს; - მოსალოდნელ საჰაერო-სარაკეტო დარტყმებზე თავდაცვის ძალების ინფორმირება უმოკლეს დროში წინასწარ მოხდეს; - წინასწარ გაფრთხილდეს სამოქალაქო მოსახლეობა და გატარდეს სამოქალაქო თავდაცვის ღონისძიებები; - თავდაცვის ძალებისთვის განისაზღვროს მოწინააღმდეგის დასაზიანებელი მფრინავი, მიწისზედა და საზღვაო მიზნები; - დავაკვირდეთ თავდაცვის ძალების, სამხედრო ტექნიკის, მოსახლეობის გადაადგილებას; ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკისა და საკომუნიკაციო ობიექტების მდგომარეობას; - ინფორმაციები ოპერატიულად გავრცელდეს ქვეყნისა და შეიარაღებული ძალების მართვის ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ შტოებში; - განისაზღვროს ადგილმდებარეობა და ობიექტების განლაგება ტოპო-გეოდეზიური ინფორმაციით უზრუნველსაყოფად. იმავე თანამგზავრით შესაძლებელი იქნება, მაგალითად, გამოვლინდეს ტყეში ხანძრის კერები, დადგინდეს მთებში ზვავსაშიში და სხვა სტიქიური მოვლენების თვალსაზრისით სახიფათო რაიონები და სხვა...” - განაგრძობს რესპონდენტი.

“დღეს მთელი მსოფლიო, როცა კორონავირუსთან ბრძოლის პრობლემითაა დაკავებული, ბირთვული იარაღის მფლობელმა აზიის ყველაზე დიდმა ორმა სახელმწიფომ - ინდოეთმა და ჩინეთმა დაუზუსტებელი საზღვრის გამო შეიარაღებული კონფლიქტისთვის დრო მოიხელთა. ინდოეთს სახელმწიფო საზღვრები დასაზუსტებელი აქვს პაკისტანთან და განსაკუთრებით ჩინეთთან. ამ უკანასკნელთან სადავო ტერიტორიებად ითვლება სამხრეთი ტიბეტი, ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ არუნაჩალ-პრადეშის შტატი, რეგიონი აქსაი ჩინი და სხვ. ამჯერად დაპირისპირებას ადგილი ჰქონდა აქსაი ჩინის რეგიონში, სადაც ჩინეთის სინძიან-უიგურების ავტონომიური რაიონის, პაკისტანისა და ინდოეთის საზღვრები იკვეთება”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით ბირთვულმა სახელმწიფოებმა ერთმანეთს... ქვები დაუშინეს.

“რეგიონი ზღვის დონიდან 5 ათას მ-ზე მდებარეობს და მარილიან მაღალმთიან უდაბნოს წარმოადგენს. კლიმატის გლობალური ცვლილებების შედეგად აღნიშნულ რაიონში მდინარეები, ტბები თუ დათოვლილი მთები გეოგრაფიულ მდებარეობას იცვლიან, რაც საზღვრის მდებარეობაზეც აისახება და გაურკვევლობას იწვევს. ორივე ქვეყანა სასაზღვრო რეგიონის ინფრასტრუქტურის განვითარებას ცდილობს და აშენებს გზებს, ხიდებს, აეროდრომებს, რკინიგზის ხაზებს. მოპირდაპირე მხარე ამას ტაქტიკური უპირატესობის მოპოვების მცდელობად აღიქვამს, რაც ესკალაციის მიზეზი ხდება. პირველ ინციდენტს ადგილი ჰქონდა მიმდინარე წლის 5-6 მაისს მაღალმთიანი ტბის პანგონგ ცოს რაიონში, როცა ჩინელმა სამხედროებმა მდინარე გალვანის ხეობაში კარვები დადგეს და სამშენებლო სამუშაოები დაიწყეს. ტბა ზღვის დონიდან 4 334 მ-ზე მდებარეობს და გაუმდინარია, ხოლო მისი 60% ჩინეთს, დანარჩენი კი ინდოეთს ეკუთვნის. დაპირისპირების გამწვავების თავიდან ასაცილებლად შეხლა-შემოხლის დროს ინდოელმა და ჩინელმა ჯარისკაცებმა მხოლოდ ჯოხები და ქვები გამოიყენეს. როგორც ჩანს, რიცხობრივი უპირატესობა ჩინელთა მხარეს იყო, რადგან ტყვედ რამდენიმე ინდოელი სამხედრო ჩავარდა და ყველას ცემის კვალი ეტყობოდა. ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, ინციდენტი გამოიწვია ჩინელების სურვილმა მშენებლობა დაეწყოთ ინდოეთის სასაზღვრო ტერიტორიაზე”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ამის შემდეგ ინდოეთმა სადავო სასაზღვრო რაიონში სამხედრო ნაწილების გადასროლა დაიწყო და განაცხადა, რომ ჩინეთს ინდოეთის ტერიტორიის 38 ათასი კვკმ ტერიტორია ოკუპირებული აქვს. ნიუ დელი აქსაი ჩინს მიიჩნევს რეგიონ ლადაკხის განუყოფელ ნაწილად, რომელიც 2019 წლამდე ჯამუსა და ქაშმირის შტატში შედიოდა, ხოლო ამჟამად ინდოეთის მოკავშირე ტერიტორიად ითვლება. ინდოეთმა ინციდენტის ადგილისკენ დაძრა Т-72М1 Ajeya-სა და Т-90С Bhishma-ს ტიპის ტანკები, ქვეითები, სპეცდანიშნულების დანაყოფები. ვალში არც პეკინი დარჩა და ნიუ დელის ტანკების განადგურებით დაემუქრა, ხოლო მესაზღვრეებს თყპე 15 ტიპის მსუბუქი ტანკები, არტილერია, ნაღმმტყორცნები და კატარღები მიაშველა. ორივე მხარემ მაინც გონიერება გამოიჩინა და 6 ივნისს მხარეები კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაზე შეთანხმდნენ. 9 ივნისიდან თითქოს საზღვართან თავმოყრილი ჯარების გაყვანა და დისლოკაციის ადგილებისკენ დაბრუნება დაიწყო. მაგრამ 15-16 ივნისის ღამით მოულოდნელად სადავო ტერიტორიაზე – სტრატეგიულად მნიშვნელოვან მდინარე გალვანის ხეობაში კლდოვან ფერდობზე ისევ მოხდა სისხლისმღვრელი შეტაკება...”- განაგრძობს გამოცემა.

“2020 წლის 30 მაისს კოსმოსში რუსეთის თითქმის 9-წლიანი მონოპოლია დასრულდა. ილონ მასკმა და მისმა SpaceX-მა 2011 წელს შეწყვეტილი ამერიკული პილოტირებული კოსმოსური ფრენა განაახლეს. Space Shuttle-ის პროგრამის დახურვის შემდეგ, რაშიც დიდი როლი 2003 წლის 1-ლ თებერვალს მომხდარმა შატლ Columbia-ს კატასტროფამ ითამაშა, საერთაშორისო ორბიტულ სადგურზე ამერიკული ასტრონავტების ტრანსპორტირება რუსულმა კოსმოსურმა ხომალდებმა (Союз ТМА, Союз ТМА-М, Союз МС) დაიწყეს. თავის დროზე ამ მომსახურებაში ამერიკელებმა დაახლოებით სამი მილიარდი დოლარი გადაიხადეს. ამჟამად სამადგილიან რუსულ კოსმოსურ ხომალდში ერთი ადგილის ღირებულება საშუალოდ 82 მლნ დოლარია. ამერიკული Crew Dragon-ის შემთხვევაში (წელიწადში არანაკლებ ოთხი სტარტისას) სტარტის სრული ღირებულება 160 მლნ დოლარი იქნება, რაც შვიდკაციანი ეკიპაჟის შემთხვევაში თითო ადამიანზე 23 მლნ-ზე ნაკლები გამოდის”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით SpaceX-მა აშშ-ს კოსმოსში პირველობა დაუბრუნა.

“კოსმოსისა და კოსმოსური ტექნიკის ათვისების სფეროში ამერიკულმა SpaceX-მა მთელი მსოფლიო გააოცა. განსხვავებული შეხედულებებითა და ერთობ უჩვეულო გადაწყვეტილებებით ილონ მასკმა მსოფლიოს წამყვანი კოსმოსური სააგენტოების სკეპტიკური დამოკიდებულება გააქარწყლა. კოსმოსზე ორიენტირებული SpaceX-ი მასკმა 2002 წელს დააარსა. საიმედო და უნიკალური კონსტრუქციით შექმნილმა მძიმე კლასის რაკეტა Falcon 9 v1.0 (ციფრი 9 პირველი საფეხურის ძრავების რაოდენობაზე მიუთითებს) SpaceX-ს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კოსმოსური კომპანიის სახელი მოუხვეჭა. რაკეტის პირველი სტარტი 2010 წლის 4 ივნისს განხორციელდა. საწყის კონფიგურაციაში Falcon 9 v1.0-ის წონა 333 ტ-ს აღწევდა. დაბალ საყრდენ ორბიტაზე მას 10,5 ტ ტვირთის გატანა შეეძლო და ერთჯერადად გამოიყენებოდა იყო, თუმცა მასკს შორს მიმავალი გეგმები ჰქონდა - ორსაფეხურიანი Falcon 9-ის პირველი საფეხურის მიწაზე დაბრუნებასა და მრავალჯერად გამოყენებაზე მუშაობდა. 2013 წლის შემოდგომიდან კოსმოსში Falcon 9 v1.1 დაფრინავს. ამ მოდელის რაკეტის სასტარტო წონა 505,8 ტ-მდე გაიზარდა, მთავარი სიახლე კი რაკეტის კონსტრუქციაში იმალებოდა - განცალკევების შემდეგ პირველ საფეხურს მიწაზე დაბრუნება შეეძლო. რაკეტების შექმნის პარალელურად, 2014 წლიდან მასკი პილოტირებად ფრენებზეც მუშაობდა...” - აღნიშნავს გამოცემა.

“Crew Dragon-ს (მას Dragon-2-საც უწოდებენ) სატვირთო საფუძვლად დაედო ხომალდი Dragon-ი, რომელიც 2012 წლიდან აქტიურ ექსპლუატაციაშია. საერთაშორისო პროგრამით დღემდე შესრულებული 22 სტარტიდან წარუმატებელი მხოლოდ ერთი იყო. ექსპლუატაციის დაწყების დღიდან Dragon-ი მრავალჯერადი გამოყენების ერთადერთი მოქმედი კოსმოსური ხომალდია. ასტრონავტებისთვის განკუთვნილი მოდიფიკაციის შემუშავებისას Dragon-ის კონსტრუქცია საფუძვლიანად შეიცვალა. ადამიანების განთავსებისა და მათი ნორმალური საქმიანობისთვის ბორტზე შესაბამისი აღჭურვილობა და სისტემები დამონტაჟდა. Crew Dragon-ი შვიდკაციან ეკიპაჟსა და ორბიტაზე ერთკვირიან ავტონომიურ ფრენაზეა გათვლილი. სატვირთო ხომალდებისგან განსხვავებით, პილოტირებულის უსაფრთხოებას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო და კრიტიკულ სიტუაციაში Crew Dragon-ი საკუთარ ძრავებს გამოიყენებს. ხომალდს რვა ძრავა აქვს და ავარიის შემთხვევაში რაკეტიდან ხომალდის მოცილება რვავე ძრავის ერთდროული ამოქმედებით შეიძლება. ამ ძრავების დამზადებაში გამოყენებულია ნოვატორული და მოწინავე ტექნოლოგიები, მაგალითად, მაღალი სიმტკიცის შენადნობისგან ძრავის წვის კამერა 3D პრინტერზე იბეჭდება...” - განაგრძობს გამოცემა.

“მეორე მსოფლიო ომის დაწყების წინ ჩეჩნეთ-ინგუშეთში შეინიშნებოდა რელიგიური და კრიმინალური ავტორიტეტების აქტიურობა, რომლებიც ჩრდილოეთ კავკასიას თურქეთის პროტექტორატში შემავალ ერთიან სახელმწიფოდ თვლიდნენ. იქაური ლიდერები მოსახლეობას ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი მთავრობის უგულებელყოფისკენ მოუწოდებდნენ. ახალგაზრდებს უკრძალავდნენ წითელ არმიაში სამსახურსა და საფაბრიკო-საქარხნო სასწავლებლებში სწავლას, ქვეყანაში მრავლდებოდა კანონგარეშე ადამიანებისა და დეზერტირების რაოდენობა. 1940-41 წლებში ჩეჩნეთ-ინგუშეთში დააპატიმრეს ათასზე მეტი ადამიანი, ამოიღეს ასეულობით ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი საბრძოლო მასალებით, სასამართლოს გადაეცა 846 დეზერტირის საქმე. 1941 წელს არალეგალურად მოქმედი ანტისაბჭოთა ლიდერები თვლიდნენ, რომ საბჭოთა კავშირი მალე დაემხობოდა და ფართო ანტისაბჭოთა აგიტაციას ეწეოდნენ...”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით გერმანული აბვერი ჩრდილოეთ კავკასიაში.

“1941 წელს არალეგალურად მოქმედი ანტისაბჭოთა ლიდერები თვლიდნენ, რომ საბჭოთა კავშირი მალე დაემხობოდა და ფართო ანტისაბჭოთა აგიტაციას ეწეოდნენ. ახალგაზრდებს მოუწოდებდნენ, არ გამოცხადებულიყვნენ არმიაში გასაწვევ პუნქტებში და ჩაეშალათ მობილიზაცია... წითელი არმიის რიგებში სამსახურს თავს არიდებდნენ ადგილობრივი კომპარტიის წევრები, კომკავშირლები, რაიკომებისა და რაიაღმასკომების პასუხისმგებელი მუშაკები, კოლმეურნეობების თავმჯდომარეები... სულ კანონგარეშე აღმოჩნდა 14 500 ადამიანი. ამის გამო წითელმა არმიამ ვერ მიიღო სრულყოფილი დივიზია. სსრკ-ის თავდაცვის სახალხო კომისარმა ჩეჩნებისა და ინგუშების არასანდოობის გამო მათი წითელ არმიაში გამოძახება აკრძალა. მობილიზაციის ჩაშლაში დიდ როლს ასრულებდა ჩეჩნურ-ინგუშური იატაკქვეშა “კავკასიელი ძმების ნაციონალ-სოციალისტური პარტია”, რომელშიც უკვე 5 ათასზე მეტი მოქალაქე ირიცხებოდა, ხოლო განდგომილთა საერთო რაოდენობამ 20 ათასს გადააჭარბა. ასე რომ, იმ დროისათვის ჩეჩნეთ-ინგუშეთის ტერიტორიაზე, წითელი არმიის ზურგში, გერმანელთა მხარეს მთელი დივიზია მოქმედებდა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“გერმანულმა სპეცსამსახურებმა სწორად შეაფასეს ჩეჩნეთ-ინგუშეთში შექმნილი მდგომარეობის პოტენციალი და წითელი არმიის ზურგში ერთიანი საყოველთაო აჯანყების მომზადების მიზნით ჩეჩნეთ-ინგუშეთში შეგზავნეს აბვერის წარმომადგენლები. 1942 წლის აგვისტოში ობერ-ლეიტენანტ ერჰარდ ლანგეს 30-კაციანი ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში იყვნენ ჩეჩნები, ინგუშები და ოსები, ჩეჩნეთში, სოფელ ჩიშკის რაიონში დაეშვა. ჯგუფს დავალებული ჰქონდა დივერსიულ-ტერორისტული აქტების მოწყობა და ხელისუფლების საწინააღმდეგო მოძრაობის მომზადება. იმავე დღეს სოფელ ბერეჟკისთან დაეშვა მეორე ექვსკაციანი ჯგუფი, რომელსაც დაღესტნელი ემიგრანტი ოსმან გუბე მეთაურობდა. გუბეს საბუთებში მითითებული ჰქონდა, რომ ის იყო ვერმახტის პოლკოვნიკი. მას დავალებული ჰქონდა ჩეჩნეთ-ინგუშეთში მოქმედი ყველა შეიარაღებული ანტისაბჭოთა ჯგუფის თავმოყრა. მტრის ზურგში აღმოჩენილი პარაშუტისტები მოსახლეობის საყოველთაო სიმპათიით სარგებლობდნენ. მათ ეხმარებოდნენ პროდუქტებით, ეპატიჟებოდნენ სახლებში. დივერსანტებისადმი ადგილობრივების დამოკიდებულება ისეთი ლოიალური იყო, რომ ისინი “დღისით, მზისით”, წითელი არმიის ზურგში, გერმანული სამხედრო ფორმით დადიოდნენ...”, - განაგრძობს გამოცემა.

“მესამე წელია, ამერიკის შეიარაღებულ ძალებში სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად ქართველი ძმები - გიორგი და დავით ჩილინგარაშვილები მსახურობენ. სირთულე, რომელსაც ნებისმიერი მოქალაქე ფორმის ჩაცმამდე გადის, როგორც თვითონ ამბობენ, მიწიერი ჯოჯოხეთია, თუმცა, ჯარისკაცების თქმით, ამერიკის არმიის ფორმის ჩაცმით ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება, რადგან აშშ-ში ჯარი გაქცევს ადამიანად და მის გამო ყველანაირი სირთულის ატანა ღირს. სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი “არსენალი" ძმებს ამერიკაში დაუკავშირდა. 25 წლის გიორგი ჩილინგარაშვილი ერთ-ერთი პირველი ქართველი ოფიცერია ოკეანის გადაღმა, მერე კი მან გზა თავის ძმასაც გაუკვალა”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით ქართველი ძმების რთული გზა ამერიკულ არმიაში.

“ჩვენამდე მამა იყო ჩამოსული ამერიკაში. მერე მე და ჩემი ძმაც წაგვიყვანა. უკვე ექვსი წელია, კონექტიკუტის შტატში ვცხოვრობ. იქაურ უმაღლეს სასწავლებელში ჩავაბარე, ციფრული მარკეტინგისა და ანალიტიკის სპეციალობით ვსწავლობდი და იმავდროულად ჩავირიცხე ამერიკის ნაციონალურ გვარდიაშიც, რადგან ის სწავლაში ყველანაირად მიწყობდა ხელს. ჩემი უნივერსიტეტის სამხედრო კათედრა გვთავაზობდა მათ კადრებს და მეც ამ შესაძლებლობის გამოყენებაზე უარი არ ვთქვი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ოფიცერი გავხდი, ლეიტენანტის წოდება მქონდა და არმიაში სამსახურის გაგრძელება გადავწყვიტე. ნაციონალური გვარდია ეკუთვნის შტატს და თუ რამე გამონაკლისი არ ხდება, თვეში მხოლოდ სამი დღე - პარასკევი, შაბათი, კვირა და წელიწადში ერთხელ ორი თვე გადაბმულად უნდა იმსახურო. ყოველთვის მინდოდა არმიაში მემსახურა. 21 წლის ვიყავი, ამერიკის ნაციონალურ გვარდიაში რომ ჩავირიცხე. უცხო ქვეყნის წარმომადგენლებს ორმაგი მუშაობა გვიწევს, რომ მეთაურობის ნდობა მოვიპოვოთ და მაღალი დონის პროფესიონალიზმი ვაჩვენოთ. რაც შეეხება განსხვავებას, ეროვნულ გვარდიაში საწყისი საბრძოლო მომზადების კურსების დამთავრების შემდეგ სამხედრო ისევ იმ შტატს უბრუნდება, სადაც ცხოვრობს. არმიაში არავინ იცის, რომელ ქვეყანაში, ნატოს რომელ ბაზაზე გაგიშვებენ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი ჩილინგარაშვილი.

“ჩემი ძმის მაგალითით მეც სამხედრო კარიერის აწყობა გადავწყვიტე. ვიცოდი, თუ გიორგის ნაკვალევს გავყვებოდი, რადგან მას ეტაპები გავლილი აქვს, მოულოდნელობების წინაშე არ აღმოვჩნდებოდი. ცხრა კვირისა და სამი დღის უმძიმესი კარანტინის შემდეგ ოთხთვიანი სამსახურებრივი მომზადების კურსების გავლამ მომიწია, რაც ადვილი არ არის. სამხედრო იქ ნამდვილ საბრძოლო განათლებას იღებს. ბევრი გამოეთიშა ამ წვრთნებს, მაგრამ მე ჩემს თავს არ მივეცი უფლება, უკან დამეხია და უკვე მიღწეული წყალში ჩამეყარა. უამრავმა ადამიანმა ვერ გაუძლო ნორმატივებს - ორ წუთში რამდენიც შეგეძლო, იმდენი აზიდვა უნდა გაგეკეთებინა და მათი რაოდენობის მიხედვით გამოჰყავდათ საბოლოო ქულები. ასევე იყო გრძელ დისტანციაზე სირბილი, პრესის ვარჯიში... სულ 100 ქულა უნდა აიღო. ახლა ეროვნული გვარდიის ჯარისკაცი ვარ, რომელიც ინტერნაციონალურია. ძალიან ბევრია სამხრეთ და ცენტრალური ამერიკიდან, აღმოსავლეთ ევროპიდან...” - განაგრძობს გიორგის ძმა დავით ჩილინგარაშვილი.

“მიმდინარე წლის აპრილის დასაწყისში უკრაინაში ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა Нептун-ის (Р-360) მორიგი გამოცდა ჩატარდა. ადრინდელი საცდელი გაშვებებისგან განსხვავებით, ამჯერად რაკეტა აქტიური რადიოლოკაციური თავაკით იყო დაკომპლექტებული და მიზანიც წარმატებით გაანადგურა. ამ ხომალდსაწინააღმდეგო საშუალებაზე, როგორც მის ხელთ არსებულ ერთადერთ ანგარიშგასაწევ და შემაკავებელ იარაღზე, უკრაინა დიდ იმედს ამყარებს შავ და აზოვის ზღვებში რუსული ფლოტის წინააღმდეგ მოქმედების შემთხვევაში. Нептун-ზე უკრაინელები 10 წელიწადზე მეტხანს მუშაობდნენ. დღევანდელი სახით ის პირველად 2010 წელს წარადგინეს, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო საქმე მხოლოდ 2014 წელს დაიძრა. ერთი წლის შემდეგ საკონსტრუქტორო ბიურო Луч-მა (ის რაკეტის სათავო შემმუშავებელია) რაკეტის მაკეტი წარმოადგინა”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით უკრაინული “ნეპტუნი” რუსული ფლოტის წინააღმდეგ.

“ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტის და შემდგომ მის ბაზაზე მოქმედი კომპლექსის შექმნა უკრაინის დიდ წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ Нептун-ს საბჭოთა ფესვები აქვს. სსრკ-ში ახალ ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტაზე 1970-იანი წლების ბოლოს დაიწყეს მუშაობა, რომლითაც საზღვაო ავიაციის შვეულმფრენები და თვითმფრინავები უნდა შეიარაღებულიყო. თუმცა რაკეტა შეიარაღებაში მხოლოდ 2003 წელს მიიღეს. საინტერესო ის არის, რომ საბჭოთა დროს რაკეტის სერიული წარმოება ხარკოვის საავიაციო ქარხანაში იგეგმებოდა. რაკეტის გამოცდების პარალელურად ხარკოვში წარმოება მზადდებოდა, შესაბამისად, Нептун-ის შექმნისას უკრაინელებმა საბჭოთა დროიდან შემორჩენილი ტექნიკური დოკუმენტაცია გამოიყენეს. ანალოგიური ვითარებაა ძრავასთან დაკავშირებითაც... სანაპირო დაცვაში რაკეტა კომპლექსის შემადგენლობაში მოქმედებს. მასში შედის მოძრავი საკომანდო პუნქტი (РПК-360), უნიფიცირებული გამშვები დანადგარი (УСПУ-360) ზედ განთავსებული Нептун-ის ოთხი სატრანსპორტო-გამშვები კონტეინერით, სატრანსპორტო-დამტენი (ТЗМ-360) და სატრანსპორტო (ТМ-360) მანქანები”, - აღნიშნავს გამოცემა.

“შეიარაღებაში მიღების შემდეგ კომპლექსი დივიზიონის სახით იმოქმედებს. უკრაინა შეიარაღებაში სამი დივიზიონის მიღებას გეგმავს. კომპლექსში შედის საკომანდო პუნქტი, სამი სასტარტო ბატარეა 24 რაკეტით, ამრიგად, თითოეული დივიზიონი 72 ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტით იქნება შეიარაღებული.. ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსის შექმნა და მისი შეიარაღებაში მიღება (რასაც სერიული წარმოებაც ახლავს) სამხედრო-პოლიტიკური ფაქტორის გარდა, კიევის მზარდ სამრეწველო-ტექნიკურ შესაძლებლობებზე მეტყველებს. შედარებით დაბალი ტემპის მიუხედავად, უკრაინის სამხედრო მრეწველობა ბოლო წლებში მუდმივად ახდენს საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირებას. რაკეტის შეიარაღებაში მიღებით უკრაინა შავ და აზოვის ზღვებში თავისი ინტერესების დაცვას შორ მანძილზე შეძლებს... ურიგო არ იქნებოდა, სანაპირო დაცვის კომპლექსებზე ფიქრი ჩვენც დაგვეწყო. ყურადღების ტანკსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვაზე გადატანის პირობებში რუსეთის შავი ზღვის ფლოტისგან საქართველოს საზღვაო სივრცე კვლავ დაუცველია”, - დასძენს გამოცემა.

“16 ივნისს, თბილისში, ვარკეთილში, შუამთის ქუჩაზე არსებულ შერეული ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის ჩაქრობაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 130-მდე მეხანძრე-მაშველი და 25 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა მუშაობდა. ხანძარი, მასშტაბის გარდა, იმითაც გამოირჩეოდა, რომ ახლოს იყო დასახლება და რამდენიმე მეტრში ავტოგასამართი სადგური, რომელიც ძალიან დიდ საფრთხეს ქმნიდა. შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალებმა დროის უმოკლეს ვადაში შეძლეს სახიფათო ხანძრის ლოკალიზება. სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ “არსენალთან” საუბრისას უწყების თანამშრომლები გამორჩეულად მასშტაბურ და სპეციფიკურ ხანძართან ბრძოლას იხსენებენ”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით ადამიანები, რომლებიც ჩვენსა და სტიქიას შორის დგანან / როგორ იხსენებენ ვარკეთილის ბაზრობის ხანძარს მეხანძრე-მაშველები.

“ადგილზე რომ მივედით, დაახლოებით, 4 ათასი კვმ ფართობზე სასაწყობე ჯიხურები იწვოდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 130-მდე მეხანძრე-მაშველი და 25 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა შეტყობინების მიღებიდან ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდა, რის შემდეგაც ცეცხლის ჩაქრობა დაუყოვნებლივ დავიწყეთ. იმ ღამეს წყალიც და ქაფიც ორივე დაგვჭირდა, რადგან სპეციფიკური ხანძარი იყო. დაგვჭირდა ამწე საშუალებები, რათა სიმაღლიდან, წყლის ჭავლით, დროულად და ეფექტურად ჩაგვექრო ხანძარი, რადგან, ბაზრობასთან ახლოს ავტოგასამართი სადგურია. უსაფრთხოების მიზნით, პერიმეტრი გადაკეტილი ჰქონდათ სამართალდამცველებს. ადგილზე სრულიად მობილიზებული ვიყავით, იქ იმყოფებოდა საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები, ასევე, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები. საბედნიეროდ, ჩვენი მეხანძრე-მაშველების თავდაუზოგავი მუშაობით ხანძრის უსაფრთხოდ ლოკალიზება შევძელით. ხანძრის ქრობის პროცესს პირადად ხელმძღვანელობდნენ შს მინისტრის მოადგილე - იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი - თემურ მღებრიშვილი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას შშ სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი ოთარ კერესელიძე.

სამაშველო შემადგენლობის მობილიზაცია გახდა საჭირო, რადგან ახლოს იყო დასახლება, რომლის ევაკუაციაც მოხდა და რაც მთავარია, გვერდით იყო ავტოგასამართი სადგური. სწორედ იმ მხარეს მოგვიწია მუშაობამ ჩემი სადგურის მეხანძრე-მაშველებს. ძალიან დიდი რისკი იყო, რადგან ცეცხლი ძალიან ახლოს იყო მოსული, თან ღია ცეცხლი და მის ჩაქრობას ძალიან დიდი შრომა სჭირდებოდა და ჩვენც ყველაფერი უნდა გაგვეკეთებინა იმისთვის, რომ ის ავტოგასამართ სადგურამდე არ მიგვეშვა, გაუთვალისწინებელი შემთხვევა რომ არ მომხდარიყო, ამისთვის ერთი ჯგუფი სისტემების მუდმივ გაგრილებაზე იყო გადართული. მეხანძრე-მაშველების თავდაუზოგავი შრომით, ხანძარი როგორღაც ჩავაქრეთ... ასეთ სიტუაციაში, რამდენი ხანი ვმუშაობთ, არასდროს ვითვლით, მაგრამ, ალბათ საათზე მეტხანს ვაქრობდით ცეცხლს, მთავარია ცეცხლის ძლიერი კერები მოვსპეთ. ხანძრის მთლიანი ლოკალიზება მერე დავიწყეთ. ეს იყო ძალიან მასშტაბური ცეცხლი, თავდაპირველად 100 კვმ-ზე, შემდეგ კი ძალიან სწრაფად გავრცელდა...”, - განაგრძობს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს უფროსი ლაშა შალაშვილი.

“ისტორია, რომელიც ომის ქრონიკასთან ერთად, სიკეთის გაკვეთილიცაა, ქუთაისელ ამირან შაშიაშვილს ეხება. 30 წლის მეომარი აფხაზეთის ომში თავგანწირვით ებრძოდა მტერსა და სიკვდილს, მისი სიცოცხლისთვის ბრძოლა კი სულ სხვას მოუხდა - კაცს, რომელსაც მტერი უფრო ერქვა, ვიდრე მოყვარე. მძაფრი დღეების მნახველი ვეტერანი ახლა სულ სხვა რეალობაში ცხოვრობს. ეზოში გვერდებშეჭეჭყილი მანქანა დგას, რომელსაც ამირანმა პირვანდელი სახე უნდა დაუბრუნოს. ეს მისი ომის შემდეგ შეძენილი ხელობაა, რაც არსებობაში ეხმარება, მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი კი ის საქმეა, რომელმაც სამშობლოს მცველის სახელი მოუპოვა. გაგრის ბრძოლების შემდეგ ამირან შაშიაშვილი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. ამის შესახებ ცნობა ადგილობრივ გაზეთშიც კი გამოქვეყნდა. თანამებრძოლებმა ოჯახს ამბავი ჩამოუტანეს, ამირანი გაგრის ბრძოლებში დაიღუპა და იქ დავტოვეთო...”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში სათაურით სიკეთის სასწაული.

“ომში დაკარგულ მებრძოლს სიმბოლური საფლავი გაუკეთეს, ოჯახი გლოვობდა... ერთ დღესაც აფხაზეთიდან წერილი მოვიდა - ცოცხალი ვარ, ჩემზე არ იდარდოთო, იტყობინებოდა ამირანი. მეუღლის ხელწერა და სიტყვათა წყობა მაშინვე იცნო ქალბატონმა ზიზიმ, მაგრამ თვითმხილველთა ნათქვამი უფრო სარწმუნოდ მოეჩვენა და გლოვა განაგრძო, ამ დროს კი ამირანი შინ დასაბრუნებლად იბრძოდა. ბევრი ცდის შემდეგ მართლაც დაბრუნდა, თუმცა ეს ადვილი არ იყო. ალბათ, წარმოუდგენელიც, მაგრამ ღმერთმა ასე ინება. 27 წლის შემდეგაც მძიმედ მოსაგონარია ამბავი, რომელიც ამირან შაშიაშვილს აფხაზეთის ომში გადახდა, მაგრამ მაინც გვიამბო, ნაწილ-ნაწილ და შესვენებით”, - აღნიშნავს გამოცემა.

“საბჭოთა ჯარიდან სერჟანტის წოდებით დავბრუნდი. როგორც რეზერვში მყოფი, ომში ქუთაისის კომისარიატმა გამიწვია. 21-ე ბრიგადის რეზერვისტთა ბატალიონში ჩავირიცხე. 120 კაცი სოხუმში ჩავფრინდით, სადაც ორი დღე დავრჩით, შემდეგ 20 კაცი ლესელიძეში გადაგვაფრინეს. შვეულმფრენს ზაურ ონიანი მართავდა, რომელსაც ქუთაისიდან ვიცნობდი. მფრინავმა შვეულმფრენი სტადიონის თავზე, ჰაერში ჩამოჰკიდა და სიმაღლიდან მოგვიხდა გადმოხტომა... ლესელიძიდან გაგრისკენ დავიძარით. ორი დღე ვუტევდით მოწინააღმდეგეს და უკან დავიხიეთ. ორი დღის შემდეგ ჯერ დაგვბომბეს და მერე რუსების ტექნიკა წამოვიდა. ძალიან ახლო ბრძოლები გვქონდა... სამ დღეში გაგრა დაეცა... უკან რომ ვიხევდით, ცეცხლმოკიდებულ სახლში პატარა ბავშვი დავინახე - განწირული ხმით ტიროდა. სახლში შევვარდი... დედ-მამა დამწვარი ეყარა. ბავშვს ვეცი და გამოვიყვანე. მეუბნებოდნენ, დატოვეო, მაგრამ შემეცოდა - აფხაზების სახლში შევიყვანე, სადაც ასაკოვანი ხალხი დამხვდა. დავსვი და უკან გამოვიქეცი..”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ამირან შაშიაშვილი.

“ცხვირიანი ავტობუსები მოდიოდა და ბიჭები მოჰყავდა, მაგრამ ერთი იმდენი გვაკლდებოდა. მანათობელ ბომბებს გვესროდნენ - რაც უნდა გესროლა, მაინც ვერ აგდებდი... გვეღუპებოდნენ ბიჭები და იქვე ვტოვებდით - მათი გამოყვანის არც დრო გვქონდა და არც თავი. სანაპიროზე სამკუთხედი გავაკეთეთ, მტერი ორი-სამი საათით შევაჩერეთ, მაგრამ ძალიან შემოგვიტიეს და ლესელიძისკენ დავიწყეთ უკან დახევა. სტალინის აგარაკებთან ვიყავი ჩამჯდარი. გასროლის ხმა გავიგონე და მაშინვე თავში საშინელი ტკივილი ვიგრძენი. ტყვია პირდაპირ შუბლში მომხვდა. ჩვენს ბიჭებს დაჭრილები კი გამოჰყვადათ, მაგრამ რომ დაინახეს, თავში ვიყავი დაჭრილი და გაუნძრევლად ვეგდე, ვინ იფიქრებდა, რომ ცოცხალი ვიყავი?! დამტოვეს და სახლში ჩემი დაღუპვის ამბავი ჩამოიტანეს. ერთი ახალქალაქელი სომეხი ბიჭი ომის დაწყებამდე მამიდასთან სტუმრად ყოფილა და შემორჩენილა. ჩემს ბედად, იმას შეუმჩნევია, რომ ვსუნთქავდი... მამიდის სახლში გადამიყვანა, მიმკურნალა. წელიწადი და სამი თვე ოჯახის წევრივით ვყავდი. ამ ხნის განმავლობაში ტყეში გავდიოდი ხოლმე და გვიან ღამით ვბრუნდებოდი. ხან ტყეშიც ვრჩებოდი, რადგან მეზობლები ხშირად შემოდიოდნენ. მარტო მე კი არა, ის ოჯახი ბევრ ქართველს დაეხმარა. ბოლოს გაუგეს და სახლი გადაუწვეს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“როცა ტყეში ვიყავი, მთელი დღე ხილით გამქონდა თავი. კარგად რომ შევძელი სიარული და მხედველობაც დამიბრუნდა, მასპინძელს ვუთხარი, აქ გაჩერება აღარ შემიძლია, აქედან წამიყვანე-მეთქი. ძველი ნავი ნახა, რომლითაც კატერი ავაწყვეთ და ზღვაზე ჩავიტანეთ. ცხრა ლიტრი ბენზინი მქონდა. ორიენტირით ფოთისკენ მივმართე. როგორც კი ზღვაში ასი მეტრი გავიარე, დაახლოებით ორასი მეტრიდან სანაპირო დაცვამ დამანათა და კატერით ჩემკენ წამოვიდა. ნაპირზე შევვარდი, კატერი მივატოვე და ტყე-ტყე ისევ იმ ოჯახში დავბრუნდი. კარგა ხანს ვეღარ მოვახერხე გამოსვლა. ჩემმა მასპინძელმა მისამართი გამომართვა, ადლერში ქართველები ნახა და იმათი ხელით ჩემებს წერილი გამოუგზავნა, რომ ცოცხალი გადავრჩი. სანამ იმათთან ვიყავი, დანებს ვაკეთებდი და დრო ამით გამყავდა. ჩემმა მასპინძელმა რამდენჯერმე გასაყიდადაც წაიღო და ფული მომიტანა. ერთ დღესაც მოვიდა და მითხრა, სოხუმი დაეცა, ომი დამთავრდა და საზღვარი გაიხსნაო. უნდა წამოვსულიყავი, სხვა გზა არ იყო, რადგან იქ გაჩერებაც აღარ შეიძლებოდა – ვიღაც მაინც მომკლავდა”, - განმარტავს ამირანი.

“რამდენჯერმე მივადექი ფსოუს, მაგრამ ფონი ვერ ვიპოვე და ვერ გადმოვედი. ხშირად ხალხმრავლობაც იყო - ხან ბადე ჰქონდათ ჩაგდებული, ხან მანდარინი გადაჰქონდათ... ერთ დღეს მეც მოვიგდე ზურგზე მანდარინით სავსე ტომარა და წამოვედი. სომეხმა ბიჭმა თავისი პასპორტი მომცა. ჩემთან ერთადერთი ქალი მოდიოდა. მესაზღვრემ სურათს დახედა, მაგრამ წვერ-ულვაში ჩემი მასპინძელივით მქონდა მოშვებული და ვერ მიცნო. როგორც კი საზღვარს გადავედი, მოვისროლე ყველაფერი, პასპორტი კი იმ სომეხ ბიჭს უკან ჩემმა გამყოლმა ქალმა წაუღო. რამდენიმე დღეში იმავე პასპორტით გადმოვიდა თვითონაც და ადლერი-კოპიტნარის რეისით გამოვფრინდით”, - ამბობს რესპონდენტი.

“ვერ გადმოგცემთ, რა იყო მისი დაბრუნება... პირველად ბიძამისს უნახავს. სახლში მოიჭრა, ამირანი მოვიდაო, ყვიროდა. ყველამ ვიცოდით, რომ მკვდარი იყო, არც იმ წერილისა დაგვიჯერებია, რადგან დაგვარწმუნეს, რომ ვიღაცას ფულის გამოძალვა უნდოდა. ბიცოლა გაუბრაზდა კიდეც, ახლა ხუმრობის დროაო?! მაგრამ ატირდა – არა, მართლა მოვიდაო... ხალხის ნაკადი არ წყდებოდა. ამდენი ხალხი საიდან მოვიდა, არ ვიცი. ის სომეხი ბიჭი კი, რომლის სახელსა და გვარს ხმამაღლა ვერ ვამბობთ, ხუთი დღე დარჩა. ჩვენს სოფელში წავიყვანეთ. ისე ეშინოდა, მგონი, ღამეც არ ეძინა. მომკლავენო, ამბობდა. იძულებული ვიყავი, თქვენს წინააღმდეგ მებრძოლა, თორემ დახვრეტით მემუქრებოდნენო”, - იხსენებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რესპონდენტის მეუღლე ქალბატონი ზიზი.

"ახალ ცხოვრებას ძალიან ძნელად შევეგუე. ვერ ვლაპარაკობდი, ენა მებმოდა. ძალიან ცუდად ვიყავი. მერე ჯარში დამიძახეს და ამან გამომიყვანა მდგომარეობიდან. იქ უკეთესად ვიყავი. მეკავშირედ ვმსახურობდი ჯერ მე-5 ბატალიონში, შემდეგ 21-ე ბრიგადაში. 1994 წელს დალის ხეობაში გამგზავნეს. გუჯარ ყურაშვილი იყო ჩვენი მეთაური. იქ შევხვდი დოდო გუგეშაშვილს. კარგად მახსოვს, “სტეჩკინი” ჰქონდა. ვაჟკაცური ქალი იყო, როგორც ქარი, ისე დაფრინავდა. შემტევი იყო. წავედითო, იტყოდა და წინ ყოველთვის თვითონ მიდიოდა. ბევრ ჯარისკაცს მაგალითს აძლევდა. ჯარის შემდეგ ავტობუსზეც ვმუშაობდი. ერთხელ ახალციხეში მოვხვდი. ვიკითხე ჩემი გადამრჩენელი, მაგრამ ვერავინ მიმასწავლა. იმის შემდეგ სულ ვეძებ იმ სომეხ ბიჭს. ალბათ, ოდესმე მაინც ვიპოვი”... - დასძენს ამირან შაშიაშვილი.

1914 წლის 19 ოქტომბერს რუსეთმა თურქეთს ომი ოფიციალურად გამოუცხადა. თურქეთთან ომის დაწყებას წინ უსწრებდა საქართველოსთვის ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა - 1914 წლის სექტემბერში ჟენევაში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლმა პატრიოტებმა ყოფილი მასწავლებლის პეტრე სურგულაძის თაოსნობით დააფუძნეს “დამოუკიდებლობის კომიტეტი”, რომელიც ქვეყნის რუსეთის იმპერიისგან დახსნისთვის იბრძოლებდა. მალე ქართველმა პოლიტემიგრანტებმა გერმანელი გენერლის, ერიხ ლიუდენდორფის, დახმარებით კაიზერ ვილჰელმ მეორესთან აუდიენცია მოახერხეს. შეხვედრაზე გერმანიის მხარემ საქართველოსთვის დამოუკიდებლობის მოპოვებაში დახმარების სურვილი გამოხატა. გავიდა არცთუ ბევრი დრო და სურვილმა კონკრეტული სახე მიიღო - “დამოუკიდებლობის კომიტეტის” თხოვნის შესაბამისად, კონსტანტინოპოლიდან წყალქვეშა ნავებით ქართველი ემიგრანტებისა და იარაღის ტრანსპორტირებას დაიწყებდნენ”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით კაიზერის სუბმარინები ქართული ემიგრაციის სამსახურში.

“ჯერ კიდევ 1916 წელს გერმანულმა წყალქვეშა ნავებმა რუსეთის არმიის ზურგში სპეცოპერაციების ჩასატარებლად კავკასიელთა ორი ჯგუფი შემოიყვანეს - სუბმარინა U-38-ის მეთაურმა ლეიტენანტმა მაქს ვალენტინერმა 1916 წლის 21 მაისს ანაკლიასთან ჯერ სამი ჩერქეზი მიიყვანა, ხოლო 1916 წლის 16 ივნისს ანაკლიასთან გიორგი მაჩაბელი, კიდევ ორი ქართველი და თითო აზერბაიჯანელი და ჩეჩენი გადასხა... 1917 წელს გერმანულმა სუბმარინებმა ოპერაციები განაახლეს. წყალქვეშა ნავმა UB-14-მა (მეთაური - უფროსი ლეიტენანტი ერნსტ ულრიხი) სამი ქართველი 23 მაისს ღამით სოჭთან გადასხა. ემიგრანტების მომდევნო ჯგუფი UB-42-ით (მეთაური – უფროსი ლეიტენანტი კურტ შვარცი) გაიგზავნა. კონსტანტინოპოლში წყალქვეშა ნავის ბორტზე მიხაკო წერეთელი, მელიტონ ქარცივაძე და კიდევ სამი ქართველი ემიგრანტი ავიდა. ხომალდზე აიტანეს იარაღის პარტიაც – 100 შაშხანა, 28 700 ვაზნა, 100 ხელყუმბარა და სხვა საბრძოლო საშუალებები. ქართველების იარაღმა წყალქვეშა ნავი ისე დაამძიმა, რომ ხომალდი ლაშქრობაში სათადარიგო ტორპედოების გარეშე გაიგზავნა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“25 სექტემბერს UB-42 ანაკლიასა და ფოთს შორის, მდინარე ჭურიას შესართავს მიუახლოვდა. სანაპიროდან შუქნიშნებით მინიშნების შემდეგ მელიტონ ქარცივაძემ ნავით ნაპირისკენ გაცურა. რაღაც დროის შემდეგ ის წყალქვეშა ნავზე დაბრუნდა და მის მიერ მოტანილი ინფორმაციის გამო ჯგუფის გადასხდომა მეორე დღისათვის გადაიდო. 26 სექტემბერს საღამოს, ნაპირზე ემიგრანტებისა და იარაღის გადასაზიდად იქაურების დიდი ტევადობის კანჯო გამოიყენეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მისი დაზიანებული კორპუსი წყალს უშვებდა, ამიტომ მხოლოდ ტვირთის ნაწილის – 90 შაშხანის, 18 900 ვაზნის, 5 რევოლვერისა და რევოლვერის 1000 ვაზნის, ფეთქებადი მასალებისა და ინსტრუმენტების ყუთების, აგრეთვე 370 ათასი რუბლის გადატანა მოხერხდა. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ UB-42 შავ ზღვაში ისევ დაბრუნდა. ამჯერად მის ბორტზე პეტრე სურგულაძე და კიდევ სამი ქართველი ემიგრანტი იყო. ტვირთი 470 `მაუზერის~, ვაზნების, 100 ხელყუმბარისა და 730 ათასი რუბლისგან შედგებოდა...”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.

ვაჟა ბერიძე -  „ნაციონალებს“ და მის მოკავშირეებს ელექტორატის ნახევარზე მეტი არ უჭერს მხარს, ხოლო 50%,  ვისაც არჩევანი გაკეთებული არ აქვს, „ოცნების“, დასავლელი პარტნიორებისა და საზოგადოების მთავარი პრობლემაა
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2020
აგვისტოს ომიდან 12 წლის შემდეგაც საქართველო დგას რუსული აგრესიის წინაშე
„თიბისის" პერსონალური საბანკო მომსახურება ტრანსფორმაციის ეტაპზე გადავიდა
Wolt და Mastercard ბათუმში გელიან!