კახა კუკავა - „თავისუფალი საქართველოს“ გარდა, მთელი პოლიტიკური სპექტრი დაშლილებში აწყობილი პარტიებია - ზოგი „ქოცების“ დაშლილებია, ზოგი „ნაცების“

რა გეგმები აქვს „თავისუფალ საქართველოს“ და რა სიახლეებს სთავაზობს პარტია ამომრჩეველს. აღნიშნულ საკითხზე „ინტერპრესნიუსი“ „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერს, კახა კუკავას ესაუბრა.

- 120/30-ზე საარჩევნო სისტემის მომხრე რამდენად ხართ და მოგწონთ თუ არა ახალი საარჩევნო სისტემა, რომლითაც 2020 წლეს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება?

- ნორმალური და კომპრომისული სისტემაა და ითვალისწინებს იმ ძირითად შენიშვნას, რომ მაჟორიტარ-დეპუტატებს აღარ ექნებათ აშკარა უპირატესობა პარლამენტში და რეგიონული წარმომადგენლობის პრინციპიც დაცულია, რაზეც ბევრი ლაპარაკი იყო. შეიძლება იდეალური არ იყოს, მაგრამ ნორმალური საარჩევნო სისტემაა.

- აპირებთ თუ არა თქვენი პარტიიდან მაჟორიტარდეპუტატობის კანდიდატების დაყენებას? თუ აპირებთ, რომელ ოლქებში?

- დიახ, ვაპირებ, მაგრამ ოლქი არ გვაქვს გადაწყვეტილი. შეიძლება რეგიონში იყოს, შეიძლება თბილისში. უახლოეს ხანში ჩამოვყალიბდებით ამაზე საბოლოოდ.

- როგორ აფასებთ შანსებს, აღნიშნული სისტემით რამდენად აქვს „თავისუფალ საქართველოს“ პარლამენტში მოხვედრის შანსი?

- ჩვენ არ გვაქვს მიზანი მხოლოდ პარლამენტში მოვხვდეთ. ჩვენ გვინდა, რომ ფრაქცია გავიყვანოთ. ეს არის ჩვენი ამოცანა. შეიძლება ეს არ იყოს ზუსტად 6 ადამიანი, შეიძლება 5 იყოს, შეიძლება მეტიც იყოს, მაგრამ საბოლოო ჯამში, ორიენტაციას ვიღებთ ამაზე იმიტომ, რომ ჩვენ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგის მიხედვით, უკვე 2 მანდატი გვეკუთვნის - 1,3 % ავიღეთ და იმედი გვაქვს, რომ ამ შედეგს მინიმუმ გავაორმაგებთ.

- ზოგადად, როგორია თქვენი შეფასება, როგორი იქნება საარჩევნო პოლიტიკური გარემო?

- გარემოს რაც შეეხება, იდეალური გარემო საქართველოში არასდროს ყოფილა და ახლაც არ მგონია, რომ იყოს. რა თქმა უნდა, იქნება დაპირისპირება, მცდელობა იმისა, რომ იყოს ორპოლუსიანობა. ხელისუფლება აუცილებლად აღმოაჩენს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას, მერე გახსნის და არჩევნების შემდეგ დაივიწყებს ამასაც. თუმცა, ამომრჩევლებს რაღაც გარკვეული გამოცდილება დაუგროვდა და შეიძლება ეს დაინახოს. რეალურად, ხელისუფლების სისტემური ალტერნატივა არის მხოლოდ „თავისუფალი საქართველო“. „თავისუფალი საქართველოს“ გარდა, მთელი დანარჩენი პოლიტიკური სპექტრი არის მოქალაქეთა კავშირი - დაშლილებში აწყობილი პარტიები. ყველა ასეა. ზოგი „ქოცების“ დაშლილებია, ზოგი „ნაცების“. რომელი იყო, ვინც უპირისპირდებოდა სისტემურად ან სააკაშვილს ან ივანიშვილს? ჩვენ ვიყავით პირველივე დღიდან დაპირისპირებული სააკაშვილთანაც და ასევე, „ოცნებასთანაც“. არც ერთი ასეთი პოლიტიკური ძალა საქართველოში არ არსებობს. ყველა იყო კარგად, ან ერთ ან მეორე მთავრობაში, ზოგი ორივე მთავრობაში, მერე ვიღაცას რაღაც ტენდერი არ მისცეს, ვიღაცას ანაკლია არ ააშენებინეს, ვიღაცას მანდატი არ მისცეს, ამაზე განაწყენდნენ და მერე შექმნეს ოპოზიციური პარტიები. ერთადერთი პარტია ვართ, რომელიც ამბობდა, რომ არც სააკაშვილთან და არც ივანიშვილთან არ იქნებოდა. არც ერთთან პირადი უთანხმოება არ მაქვს, არც ტენდერზე შემიტანია ოდესმე განცხადება, არც პრივატიზაციაზე და არც ჩემი ოჯახის წევრები არ ყოფილან რამე თანამდებობზე ან სახელისუფლებო ბიზნესში. პირადი წყენა მე არც ბიძინასთან და არც მიშასთან არ მაქვს, ჩვენ უბრალოდ ვთვლით, რომ არაეროვნული ლიბერალური რეჟიმი ჩვენთვის არის მიუღებელი. ასეთი პარტია საქართველოში მეტი არ არსებობს. ეს ბოლოსაც გაირკვა, როდესაც თბილისის მაჟორიტარებს იყოფდნენ, მოლაპარაკებები რომ იყო და სანამ შეთანხმდებოდნენ, საუბარი იყო, რომ „მთავარია ერთობა“და „ძველი წყენა უნდა დავივიწყოთო“და შემდეგ რაღაც ოლქზე რომ ვერ შეთანხმდნენ, მერე გახდა ბოკერია სისხლიანი და მექრთამე. ამიტომაც, ჩვენ გვაქვს ამასთან დაკავშირებით ბევრად მკაფიო და თანმიმდევრული პოზიცია. ჩვენ ვუპირისპირდებით მთლიანად იმ არაეროვნულ და კორუმპირებულ სისტემას, რომელიც არის საქართველოში და არა კონკრეტულად მხოლოდ ერთ, რომელიმე პარტიას.

- რა გეგმები აქვს პარტიას, აპირებს თუ არა აქტიურობას და უფრო მეტად გაძლიერებას საარჩევნოდ?

- ვაპირებთ უფრო მეტად აქტიურობას. გვაქვს პროგრამის პრეზენტაცია, რის შემდეგაც ვიწყებთ უკვე რეგიონებში კამპანიას. გვექნება შეხვედრები ყველა რეგიონში აბსოლუტურად. ერთი მომენტია აქტიურობა-პასიურობასთან დაკავშირებით - ვინ უფრო აქტიურ კამპანიას აწარმოებს, ხშირად არის ძალიან პირობითი ანუ, ხშირად არის ხოლმე ასეთი ამბავი - გრიგოლ ვაშაძე ან დავით ბაქრაძე წყნეთში მცხოვრებ დევნილს შეხვდა. შეხვედრა კი არ გამართა, ან აქცია, ერთ კაცს შეხვდა და ეს შუქდება როგორც დღის მთავარი ამბავი იმის გამო, რომ თავისი ჯიბის ტელევიზიები ჰყავთ. ეგეთი აქტიურობა დღეში იმდენი მაქვს, რომ ჰიპერაქტიური ვარ. გასაგებია, რომ მე რომ შევხვდი დღეს ვიღაცას, ამას არ აშუქებენ და გზა თუ არ გადავკეტე და 500 კაცი არ გამოვიყვანე, ისე რა თქმა უნდა, ცენტრალური ტელევიზიები ჩემს აქტიურობას არ გააშუქებენ. ჩვენ სხვაზე ნაკლებად აქტიურები არ ვართ, უბრალოდ ეს არის ცენტრალური არხების პოლიტიკა, რომ ლიბერალური პარტიები, „ქოცები“ და „ნაცები“ უნდა გააპიარონ და დანარჩენი პარტიების იგნორირება გააკეთონ. ეს ამ, ქვეყნის არაფორმალური მმართველის პირადი განკარგულებაა.

- როგორც ვიცით, იაფი მედიკამენტების პროგრამას ისევ აგრძელებთ. ამჯერად რომელი მედიკამენტების იმპორტს ახორციელებთ და რომელი ქვეყნებიდან?

- ჩვენ ჯერჯერობით თურქეთიდან ვახორციელებთ მედიკამენტების იმპორტს. ვგეგმავთ, რომ ევროკავშირიდანაც დავიწყოთ. ვახორციელებთ პრაქტიკულად ყველა მედიკამენტის იმპორტს, რომელიც მოთხოვნადია ქართულ ბაზარზე. მე ვფიქრობ, რომ ეს პროგრამა მნიშვნელოვანი მარტო იმიტომ კი არ არის, რომ სწორია და მოსახლეობას შეღავათს აძლევს და ხარისხიანი პროდუქტია, მთავარი არის ის, რომ ეს არის ოპოზიციის მიერ გაკეთებული პრაქტიკულად ერთადერთი საქმე. ხალხმა როგორ გაარჩიოს, როცა ყველა ოპოზიციური პარტია პირდება, რომ დაგასაქმებთ, პენსიას გაგიზრდით, აფხაზეთშიც დავბრუნდებით, ნატო-შიც მიგვიღებენო, ყველა ყველაფერს პირდება. ხალხი ხშირად ამით ტყუვდება. ეს კი არის დაპირება, რომელიც შეგიძლია არჩევნებამდეც შეამოწმო. არანაირ არჩევნების მოგებაზე არ არის მიბმული ეს კამპანია. დარეკე, თუ გჭირდება მედიკამენტი, სამჯერ უფრო იაფად, ვიდრე ჩვენს სააფთიაქო ქსელშია, შემოვიტანთ ამას და მივცემთ მოსახლეობას. თუ ამას ვახერხებთ ოპოზიციის ეგიდით, ბუნებრივია, თუ გვექნება სახელისუფლებო ბერკეტი, ამას ბევრად უფრო მასშტაბურად მოვახერხებთ. მოთხოვნადი მედიკამენტები არის უფრო გულის, წნევის, ანტიდიაბეტური. ჩვენ არ ვარჩევთ მედიკამენტებს, ჩვენ როდესაც ადამიანი გვეუბნება,რომ მას უნდა მედიკამენტი, ვამოწმებთ, თუ ის მედიკამენტი არის თურქეთში უფრო იაფად, მაშინვე ვაძლევთ შეკვეთას. ასევე გეტყვით ექსკლუზიურად იმისაც, რომ ჩვენ ვაპირებთ აგრეთვე არჩევნებამდე კიდევ ერთი პროგრამის - იაფი საწვავის პროგრამის მიწოდებას. სავარაუდოდ, ამ თვის ბოლოდან დავიწყებთ ამ პროგრამასაც.

- თუ გყავთ კონკრეტული მიზნობრივი აუდიტორია, ვისაც აღნიშნულ მედიკამენტებს გადასცემთ დაბალ ფასებში და თუ თანამშრომლობთ რომელიმე სააფთიაქო ქსელთან?

- ნებისმიერ მსურველს გადავცემთ ჩვენ ამ მედიკამენტს, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება. რაც შეეხება სააფთიაქო ქსელებს, არ ვთანამშრომლობთ. ისინი არიან ჩვენი მთავარი კონკურენტები. სულ ყველა არის „ქართული ოცნების“ საკუთრება. 4-ჯერ მეტად რომ ყიდიან მედიკამენტებს, ეს ფული პირდაპირ მიდის „ქართული ოცნების“ შავ სალაროში და აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ სააფთიაქო ქსელები ჩვენთან არ თანამშრომლობენ.

ვთვლი, რომ ეს არის ძალიან წარმატებული პროექტი. კონკრეტული ადამიანი იღებს 3-4ჯერ იაფად მედიკამენტს, ეს არის მთავარი წარმატება და მეორე არის პარტიული წარმატება. „თავისუფალი საქართველო“ არის ერთადერთი ოპოზიციური პარტია, რომელმაც საქმე კონკრეტულად გააკეთა.

მარიამ ციცქიშვილი

„ინტერპრესნიუსი“

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით