ტერაბანკმა მომხმარებლებისთვის, რომლებიც საკუთარ ბიზნესებს მართავენ, ახალი მხარდამჭერი ინიციატივა წამოიწყო. ბანკი მათ საქმიანობის პოპულარიზაციაში დაეხმარება და კონკრეტული საჭიროებების შესაბამისი, სხვადასხვა მომსახურებით დაასაჩუქრებს.
სასაჩუქრე პაკეტები ისეთ სერვისებს აერთიანებს, როგორებიცაა ლოგოსა და კორპორაციული სტილის, სოციალური მედიის არხებისა და ვებგვერდის შექმნა, რეკლამისა თუ ბიუჯეტის დაგეგმარება, ტურისტულ პლატფორმებზე პოპულარიზაცია, ფოტოგადაღება და სხვა. ამას გარდა, ტერაბანკი ბიზნესკლიენტებს საკუთარ საკომუნიკაციო არხებსაც დაუთმობს. აღსანიშნავია, რომ მომხმარებლები სერვისებს თავადვე, საჭიროებების მიხედვით შეარჩევენ.
ინიციატივაში ჩართვა განაცხადის შევსების საფუძველზე ხდება. განაცხადი ტერაბანკის ოფიციალურ ვებგვერდსა და საიტზეა ხელმისაწვდომი. ინიციატივაში ტერაბანკის პირველი 50 მომხმარებელი ჩაერთვება.
COVID-19-მა მცირე და საშუალო ბიზნესი განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დააყენა. პანდემიის ადრეულ ეტაპზევე ბანკმა ბიზნესკლიენტების დახმარება გადაწყვიტა და კონკრეტული, შედეგზე ორიენტირებული შეთავაზებების მოსამზადებლად მათი საჭიროებების კვლევა ჩაატარა. როგორც ტერაბანკში აცხადებენ, კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ბიზნესკლიენტების უმეტესობას მხარდაჭერა სწორედ საქმიანობის პოპულარიზაციის, ბრენდინგის, მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით სჭირდება.
„ტერაბანკი მომხმარებლებისთვის მხოლოდ საბანკო სერვისების მიმწოდებელი არ არის. ჩვენ თითოეულს პარტნიორად განვიხილავთ და ამ რთულ მდგომარეობაში მათ დახმარებას საკუთარ მოვალეობად მივიჩნევთ. გვჯერა, რომ ტერაბანკის ინიციატივა მასში მონაწილე ყველა ბიზნესისთვის წარმატების მომტანი და ახალი ბიძგის მიმცემი აღმოჩნდება“- აღნიშნავენ ტერაბანკში.
მცირე და საშუალო ბიზნესი ტერაბანკის ერთ-ერთი მთავარი და სტრატეგიული მიმართულებაა. ამ სეგმენტის მხარდაჭერას ბანკი სამომავლოდაც განაგრძობს.
(R)