სავარაუდოდ თუ როგორ აისახება რუსეთში საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგები კრემლის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, „ინტერპრესნიუსი“ ცნობილ რუს არაბისტს, „ცივილიზაციათა დიალოგის“ ინსტიტუტის სამეცნიერო კვლევების ხელმძღვანელს ალექსეი მალაშენკოს ესაუბრა.
- ბატონო ალექსეი, რუსეთში საკონსტიტუციო ცვლილებებზე ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებზე, რომლის თანახმადაც პრეზიდენტ პუტინს ექნება შესაძლებობა 2036 წლამდე მართოს ქვეყანა, საკმაოდ ბევრი ითქვა და დაიწერა.
მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც გადავწყვიტეთ თქვენთან დაკავშირება და მომხდარზე თქვენი მოსაზრებების მოსმენა.
თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების შესაბამისად პრეზიდენტ პუტინს ექნება შესაძლებლობა ქვეყანა 2036 წლამდე მართოს?
- რაც ჩატარდა, იმას ძნელია რეფერენდუმი ეწოდოს. მიუხედავად ამისა, მაინც ვიტყვი, რომ ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ ჩვენ უნდა ვისაუბროთ მხოლოდ ასე - უძვირფასესო ვლადიმერ ვლადიმერის ძევ.
ჩემი აზრით, ამ რეფერენდუმის მთელი შედეგი სწორედ ესაა. ნორმალური ადამიანი არ შეიძლება იყოს ამდენი წელი ხელისუფლებაში. მაგრამ, რადგან რუსეთში საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ ხელისუფლების სისტემა იგივე დარჩება, რაც მანამდე იყო, ყველაფერი ისე იქნება, როგორც საკონსტიტუციო ცვლილებებზე რეფერენდუმის ჩატარებამდე იყო.
რადგან რუსეთში საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ ხელისუფლების სისტემა იგივე დარჩება, რაც მანამდე იყო, ყველაფერი ისე იქნება, როგორც საკონსტიტუციო ცვლილებებზე რეფერენდუმის ჩატარებამდე იყო
არაფერი არ შეიცვლება, რუსეთში არსებულ სახელისუფლებო სისტემას ახალი ლიდერი არ სჭირდება. ამ სისტემას აწყობს უძვირფასესი ვლადიმერ ვლადიმერის ძე. საზოგადოება პასიურია. საბჭოთა კავშირი მხოლოდ იმის გამო დაინგრა თავად და დაიშალა, რომ ეკონომიკას გაუჭირდა ძალიან და არა იმიტომ, ქვეყანაში დემოკრატია იყო.
რუსეთში არსებულ სახელისუფლებო სისტემას ახალი ლიდერი არ სჭირდება
ვიდრე რუსეთს აქვს ნავთობი და გაზი, ქვეყნის ეკონომიკა და ქვეყანა დაახლოებით ისეთივე ვითარებაში იქნება, როგორც ახლაა. როცა გაზი და ნავთობი დაიწყებს გამოლევას, მაშინ შეიძლება წარმოიშვას ახალი რეალობა. მანამდე კი ყველაფერი ისევ ისე იქნება, როგორც რეფერენდუმამდე იყო.
ქვეყნის ლიდერად რჩება ისევ ის ადამინი, რომელიც მანამდეც იყო, იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც მის ირგვლივ მანამდეც იყვნენ და მთავარი იქნება იგივე სახელისუფლებო სისტემა, რომელიც მანამდეც იყო.
- ვიდრე თქვენ დაგიკავშირდებოდით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პუტინის ბიძაშვილის შვილი რომან პუტინი პარტია „ხალხი კორუფციის წინააღმდეგ“ ხელმძღვანელი გახდა.
ამავე თემაზე თვალი მოვკარი მასალას, რომელშიც სერიოზულად განიხილებოდა ვლადიმერ პუტინის მემკვიდრედ რომან პუტინის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენა. თქვენი აზრით, რა ხდება? ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ რუსული მედია ვლადიმერ პუტინის მემკვიდრედ რომან პუტინის კანდიდატურას სერიოზულად განიხილავს...
- ჩემი აზრით, რომან პუტინის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენა ქსენია სობჩაკის მამაკაცით ჩანაცვლებაა და სხვა არაფერი. თუ საბოლოოდ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ რომან პუტინი ხალხის გარკვეულმა ნაწილმა უნდა მიიღოს, იმ შემთხვევაში მას მიეცემა ტელევიზიებში ხშირად გამოჩენისა და პოზიციონირების შესაძლებლობა.
რომან პუტინის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენა ქსენია სობჩაკის მამაკაცით ჩანაცვლებაა და სხვა არაფერი
მე არ მჯერა, რომ რომან პუტინის გამოჩენა შესაძლოა მონარქიის გაჩენას უკავშირდება, უბრალოდ არ მჯერა ამის... არა მხოლოდ იმიტომ, რომ რომან პუტინის პარამეტრები და მონაცემები გამოიყურება არადამაჯერებლად. ასე რომ, ჩემი აზრით, რომან პუტინის გამოჩენაც არანაირად რამე სერიოზულს არ შეიძლება ნიშნავდეს.
- თუ პუტინი 2036 წლამდე იქნა რუსეთის პრეზიდენტი იქნა, გასაგებია, რა შეიძლება იყოს რუსეთში. მაგრამ იმის გამო, რომ კრემლი აქტიურადაა ჩართული საერთაშორისო პოლიტიკაში, ამ თვალსაზრისით, საინტერესოა, რა სიახლეებია მოსალოდნელი რუსეთის პრეზიდენტისაგან ახლა, როცა მანაც და დანარჩენმა მსოფლიომაც იცის, რომ იგი შემდეგი 16 წელია იქნება კრემლის პოლიტიკის განმსაზღვრელი?
- პირადად მე, 2036 წლამდე ვერ მივაღწევ. რაც შეეხება თქვენს კითხვას, დარწმუნებული ვარ კრემლის საერთაშორისო პოლიტიკაში არანაირი ცვლილებები არ მოხდება, იქნება ისევ ისე, როგორც აქამდე, შეიძლება ითქვას, როგორც მინიმუმ 15 წელი მაინც იყო.
ასე იქნება იმის გამო, რომ კრემლის მმართველი ელიტა კვლავაც გააგრძელებს იმის მტკიცებას, რომ რუსეთი ახლა ალყაშემოტყმული ციხესიმაგრეა, რომ ამერიკა ცუდი ქვეყანაა, ევროპელებთან კი ვნახავთ საერთო ენას. ყველა ის ტენდენცია, რაც აქამდე იყო კრემლის საგარეო პოლიტიკაში, ყველაფერი ისევ ისე იქნება და რაიმე ტიპის ცვლილებები მოსალოდნელი არაა.
ყველა ის ტენდენცია, რაც აქამდე იყო კრემლის საგარეო პოლიტიკაში, ყველაფერი ისევ ისე იქნება და რაიმე ტიპის ცვლილებები მოსალოდნელი არაა
- თქვენი აზრით, სავარაუდოდ, როგორი იქნება რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები, რომელიც აშშ-ს მთავარ კონკურენტად განიხილება?
- ბოდიშს ვიხდი არაკორექტული გამოთქმისთვის, ვხედავთ, რომ რუსეთი ჩინეთს „უწვება“. თუ ადრე ჩინეთისთვის სსრკ იყო უფროსი ძმა, ახლა რუსეთი ჩინეთისთვის უმცროსი დაა.
თუ ადრე ჩინეთისთვის სსრკ იყო უფროსი ძმა, ახლა რუსეთი ჩინეთისთვის უმცროსი დაა
ახლა რუსეთი ჩინეთს უდაბლეს ფასად აწვდის ნავთობს. იმაზე უფრო იაფად აქვს რუსეთის ჩინეთს ნავთობს, ვიდრე უკრაინას. აღარაფერს ვამბობ იმ ფასებზე, თუ რა ფასში ვაწვდით ნავთობს ევროპის ქვეყნებს.
- ვხედავთ, რომ დაძაბულობა ნარჩუნდება ახლო აღმოსავლეთში. მხედველობაში მაქვს ლიბია და სირია. საუბრობენ იმაზე, რომ ლიბიისა და სირიის საკითხებში ერდოღანმა და პუტინმა რაღაც-რაღაცები დათმეს და მოილაპარაკეს და გადაწყვეტილებებიც კი აქვთ მიღებული...
- ამ თემაზე კი როგორც აღმოსავლეთის საკითხების პროფესიონალმა შემიძლია დარწმუნებით გითხრათ - ერდოღანსა და პუტინს შორის ლიბიისა და სირიის საკითხებში არანაირი შეთანხმება არ მომხდარა და მით უმეტეს არ მოლაპარაკებულან. სირიასა და ლიბანში გრძელდება ანკარსა და მოსკოვს შორის კონკურენცია.
ვხედავთ, რომ ამ თემებისაგან ყველა დაიღალა. რუსეთიც დაიღალა და თან მას ფულიც არ აქვს. ჩემი აზრით, ახლო აღმოსავლეთში მოვლენათა განვითარების შედეგად გამარჯვებული არავინ იქნება. დაპირისპირებული მხარეები, ნაკარა და მოსკოვი შეცდებიან პროცესები მდორედ გადავიდეს სამხედრო-დიპლომატიურ ასპექტში.
ახლო აღმოსავლეთში მოვლენათა განვითარების შედეგად გამარჯვებული არავინ იქნება. დაპირისპირებული მხარეები, ნაკარა და მოსკოვი შეცდებიან პროცესები მდორედ გადავიდეს სამხედრო-დიპლომატიურ ასპექტში
მიუხედავად იმისა, რომ ბაშარ ასადი ყველას ყელში ჰყავს ამოსული, მის ოპოზიციას ძლიერი ლიდერი არ ჰყავს. გარდა ამისა, ბაშარ ასადის ოპოზიცია საკმაოდ მრავალფეროვანია. რადგან ასეთი ვითარებაა, სირიაშიც ყველაფერი ისევ ისე გაგრძელდება, როგორც აქამდე იყო.
იმის გამო, რომ სირიაშიც დაიღალნენ. მოვლენები ისეთი სისასტიკით აღარ იქნება გამორჩეული, როგორც მანამდე. მოსკოვის ამოცანაა სირიაში სამხედრო ძალა ჰყავდეს და იქ დარჩეს.
ასეც იქნება მიუხედავად იმისა, რომ სირიის პარლამენტში საკმაოდ შესამჩნევმა პიროვნებამ თქვა - თუ კრემლს ჰგონია, რომ სირია რუსეთის გარეშე ვერ გაძლებს, ცდებიან, ჩვენ მათ გარეშეც გავუმკლავდებით ჩვენს პრობლემებს. ასე რომ, თუ რუსები თავს დაანებებენ ჩვენი პრეზიდენტისათვის თავისი პირობების კარნახს, კარგს იზამენ.
- როგორც ჩანს, დამასკოში იმედი აქვთ, რომ მათ ირანი დაეხმარება. მაგრამ, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ირანმა სირიაში რუსეთს გაუწიოს კონკურენცია?
- დიახ, დამასკოში გარკვეულ სამხედრო და პოლიტიკურ ძალებს ძალიან დიდი იმედი აქვთ, რომ მათ ირანი დაეხმარება, მაგრამ ირანსაც სჭირდება ფული. სირიაში პრაქტიკულად რუსეთსა და ირანს შორის მიმდინარეობს კონკურენცია.
ახლა სირიის ელიტის გარკვეულ წრეებზე რუსეთსაც და ირანსაც აქვს გავლენა, მაგრამ აქაც შეიძლება ითქვას, რომ არც მოსკოვს და არც თეირანს არ აქვს სირიაში საბოლოოდ გამარჯვების შანსი.
ახლა სირიის ელიტის გარკვეულ წრეებზე რუსეთსაც და ირანსაც აქვს გავლენა, მაგრამ არც მოსკოვს და არც თეირანს არ აქვს სირიაში საბოლოოდ გამარჯვების შანსი
ასე იქნება იმ შემთხვევაშიც, თუ ერთ დღეს ბაშარ ასადი „შემთხვევით“ ავტოკატასტროფაში დაიღუპა. მართალია, მე მოვლენათა ასეთი განვითარებაც ზღაპარი მგონია.
საქმე ისაა, რომ როცა სირიაში ვითარება გამწვავდა, სულ საუბრობდნენ, რომ მალე კონფლიქტი დასრულდება, მაგრამ ასე სულაც არ მომხდარა. პირიქით, სირიაში ისეთი მასშტაბის სამოქალაქო ომი გაჩაღდა, რომ მისი წარმოდგენაც კი თავიდან წარმოუდგენელი ჩანდა. ასე რომ, ვფიქრობ, სირიაში დღეისათვის არსებული ვითარებაც არ შეიცვლება. ამის არანაირი წინაპირობები არ არსებობს.
- ახლა, როცა პუტინს რუსეთის პრეზიდენტობა პრაქტიკულად გარანტირებული აქვს, ჩვენ ყველაზე მეტად გვაინტერესებს რა კორექტივებს შეიტანს ეს გარემოება კრემლის პოლიტიკაში პოსტსაბჭოთა ქვეყნების, უკრაინისა და საქართველოს საკითხებში?
- არც უკრაინისა და არც საქართველოს საკითხებით პროფესიონალურად არ ვარ დაკავებული. ამიტომ ვინმეს კრიტიკას არ ვაპირებ.
უკრაინასთან დაკავშირებით ამას წინათ წავიკითხე ამგვარი მოსაზრება - კარგი იქნება თუ ვინმეს მოუვა აზრად უკრაინაში ისეთი ვითარების შექმნა, როგორც თავის დროზე გერმანიასთან დაკავშირებით იყო. ანუ, იყო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა და თუ უკრაინას აქვს სურვილი იყოს ევროკავშირთან და ნატოსთან, ეს მათი საქმეა და აკეთონ რაც უნდათ, ხოლო რაც შეეხება დონბასს, იქნება უკრაინისგან დამოუკიდებელი ერთეული: მოსკოვს დემოკრატიული დონბასი არ სჭირდება. ეს მისთვის შესაძლოა პრობლემა აღმოჩნდეს. ასეთ ვითარებაში დანარჩენ უკრაინას კი ექნება საშუალება ისე იცხოვროს, როგორც თავად უნდა.
ეს ჩემი მოსაზრება არ გახლავთ. ის რაზეც ახლა ვისაუბრე, მხოლოდ ერთ სტატიაში წავიკითხე. არ გამოვრიცხავ, რომ უკრაინასთან მიმართებაში მოვლენათა ამგვარი სცენარით განვითარება გამორიცხული სულაც არაა.
- თუ მოვლენები მოვლენები ასე განვითარდა, დონბასი უკრაინისთვის გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა კი არა პალესტინა იქნება...
- ვერ გეტყვით. უკრაინის საკითხებში პროფესიონალი არ გახლავართ, მაგრამ რატომღაც ვფიქრობ, რომ უკრაინას დონბასი არ სჭირდება. კიევიდან კი გვესმის განცხადებები, რომ დონბასი მათი ტერიტორიაა და იგი უკრაინას წაართვეს. თუ თვლით, რომ დონბასი წაგართვეს და მის დასაბრუნებლად არაფერს აკეთებთ, მაშინ მიეცით ის იმას, ვინც წაგართვათ.
უკრაინის საკითხებში პროფესიონალი არ გახლავართ, მაგრამ რატომღაც ვფიქრობ, რომ უკრაინას დონბასი არ სჭირდება
მე მოვლენათა ასეთი სცენარით განვითარებას იმის გამო არ გამოვრიცხავ, რომ დონბასი რეალურად არასდროს არ ყოფილა უკრაინის. და რადგან ასეა, კიევისთვის ბევრად უკეთესი იქნებოდა დონბასისაგან განთავისუფლება და დანარჩენ უკრაინაზე უკეთესი ცხოვრებისათვის ზრუნვა.
ვიმეორებ, მე უკრაინის საკითხებით არ ვარ დაკავებული, ამ შემთხვევაში მხოლოდ ჩემი აზრი გამოვთქვი იმის შესაბამისად, რასაც დონბასთან დაკავშირებით ვადევნებ თვალს.
- საინტერესოა რას იტყვით საქართველოსთან მიმართებაში კრემლის დამოკიდებულებაზე?
- ახალს ვერაფერს. კრემლში არც საქართველოსთან მიმართებაში შეიცვლება საერთოდ რამე. ის საზღვრები, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს იყო, აღარ არსებობს და აღარასოდეს იქნება. უნდა გვესმოდეს, რომ საზღვრები მე-19 საუკუნეში მუდმივად იცვლებოდა. ასე იყო და ასე იქნება.
კრემლში არც საქართველოსთან მიმართებაში შეიცვლება საერთოდ რამე. ის საზღვრები, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს იყო, აღარ არსებობს და აღარასოდეს იქნება
რაც შეეხება კონკრეტულად საქართველოსა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებს, ეს თემები რუსეთისთვის პერიფერიულ საკითხებად იქცა. იმ შემთხვევაში თუ ერთ მშვენიერ დღეს რუსეთის დაშლის პროცესი დაიწყო, მხოლოდ მაშინ გახდება აქტუალური საქართველოს საკითხი, რომელსაც უკავშირდება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტები. მაგრამ, საქმე ისაა, რომ რუსეთის დაშლის პროცესი მალე არ დაიწყება.
- თუ ისევ ევროპა-რუსეთის ურთიერთობების თემას დავუბრუნდებით, ვნახავთ, რომ გერმანიასა და ევროპის რიგ ქვეყნებში გახშირდა იჩქერიის პრეზიდენტ მასხადოვის თანამებრძოლთა მკვლელობები და მათი დევნა.
თქვენ როგორ შეაფასებდით ევროპის ქვეყნებში კრემლის ოპონენტების მკვლელობებსა და დევნას?
- ეს პრობლემები მთლიანად ევროპის პრობლემას უკავშირდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ევროპა ამას უშვებს. ევროპას შეუძლია მკაცრად აღკვეთოს ამგვარი მოვლენები, მაგრამ იმასაც ვხედვთ, რომ მას ეს არ გამოსდის.
ევროპა ვერ ახერხებს მიგრანტების კონტროლს იმ მიზეზით, რომ ევროპის ქვეყნები ცდილობენ მიგრანტებისა და ადამიანის უფლებების დაცვას. არადა, ვხედავთ, რომ რამზან კადიროვი ისევე თავისუფლად მოქმედებს ევროპის ქვეყნებში, როგორც რუსეთში.
ევროპის ქვეყნებს შეუძლიათ უკანონო ქმედებებში შემჩნეული მიგრანტების მიმართ, მათ შორის რუსეთიდან, მკაცრი პოლიტიკა გაატარონ და გააძევონ ქვეყნიდან, მაგრამ, ვხედავთ, რომ ევროკავშირის ქვეყნები ამას არ აკეთებენ.
ევროპის ქვეყნებს შეუძლიათ უკანონო ქმედებებში შემჩნეული მიგრანტების მიმართ, მათ შორის რუსეთიდან, მკაცრი პოლიტიკა გაატარონ და გააძევონ ქვეყნიდან, მაგრამ, ვხედავთ, რომ ევროკავშირის ქვეყნები ამას არ აკეთებენ
- საქართველოში მალე არჩევნებია. ჩვენთან ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ რუსეთი საქართველოში დაგეგმილ არჩევნებში ჩაერევა. თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, როგორ შეიძლება ჩაერიოს მოსკოვი საქართველოში ოქტომბრისათვის დაგეგმილ არჩევნებში?
- იმედია არ მიწყენთ თუ ვიტყვი, რომ რუსეთისთვის საქართველოს თემა ყველაზე აქტუალური საკითხი არაა. გარდა იმისა, რომ რუსეთს ახლა სხვა უფრო დიდი გამოწვევები აქვს, ვიდრე საქართველოა, კრემლი ახლა ლუკაშენკოს ელოლიავება.
რაც შეეხება საქართველოში დაგეგმილ არჩევნებს. ვინც არ უნდა მოიგოს საქართველოს არჩევნებში, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები პრინციპულად არანაირად არ შეიცვლება.
ვინც არ უნდა მოიგოს საქართველოში დაგეგმილ არჩევნებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში არაფერი შეიცვლება, ამიტომ, კრემლისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს თქვენს არჩევნებში.
ვინც არ უნდა მოიგოს საქართველოში დაგეგმილ არჩევნებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში არაფერი შეიცვლება, ამიტომ, კრემლისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს თქვენს არჩევნებში
უნდა ითქვას, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობებში არსებული პრობლემების მიუხედავად, ჩვენი ქვეყნების ხალხებს შორის ურთიერთობები საკმაოდ კარგია. და ყველა ამას გაგებით ეკიდება. ყველას ესმის, რომ რაც საქართველოსა და რუსეთს შორის მოხდა, პოლიტიკური თამაშების შედეგია.
მალე აფხაზეთი საზღვრებს გახსნის რუსი დამსვენებლებისთვის. არა ვარ დარწმუნებული, რომ აფხაზეთში დასვენების ბევრი მსურველი იყოს რუსეთში, მაგრამ საქმე ისაა, რომ აფხაზეთის კონფლიქტი რუსეთ-საქართველოს მხოლოდ უახლოესი წარსულია. რაღაც ეტაპი წასულია. მართალია, არ ვიცი, აქედან გამოსავალი როგორი იქნება, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ე.წ. პოსტსაბჭოთა ეტაპი დასრულებულია და იგი ვეღარ დასრულდება.
რა იქნება მომავალში, ახლა ამის პროგნოზირება შეუძლებელია ისევე, როგორც სულ ცოტა ხნის წინ შეუძლებელი იყო იმის პროგნოზირება თუ როგორ განვითარდებოდა პროცესები ახლო აღმოსავლეთში. უფრო მეტიც, ჩვენ იმის პროგნოზირებაც არ შეგვეძლო, რომ სსრკ დაიშლებოდა. სხვათა შორის, იმის პროგროზირებაც ძნელი იყო სულ ცოტა ხნის წინ, თუ რა არეულ-დარეულობაა ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში.
- სხვათა შორის, ამერიკაზე გამახსენდა. გემახსოვრებთ, რომ ოპოზიცია ტრამპს იმაში ადანაშაულებდა, რომ გაპრეზიდენტებაში მას ხელი კრემლის ჰაკერებმა შეუწყვეს.
ყველას გვახსოვს, რომ ტრამპის აშშ-ში გაპრეზიდენტებას კრემლთან დაახლოებული ელიტა ზეიმობდა. მალე აშშ-შიც არჩევნებია. ნოემბერში აშშ-ში ისევ საპრეზიდენტო არჩევნებია და საინტერესოა, ამჯერად ვისი გულშემატკივარი იქნება კრემლი - ტრამპის თუ ბაიდენის?
- მე ასე ვიტყოდი, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე კრემლი არც ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის მხარეს არ იქნება.
ტრამპისა და პუტინის ურთიერთობებისას ხელში სანთელი არ მჭერია, მაგრამ ჩანს, რომ ტრამპსა და პუტინს შორის გარკვეული ურთიერთგაგება, თუ გნებავთ ურთიერპატივისცემა არსებობს. დაახლოებით ასეთი ურთიერთობა ჰქონდათ 50-იანი წლების შუა პერიოდიდან ხრუშჩოვსა და ეიზეინჰაუერს. სხვათა შორის, მაშინაც აშშ- სა და სსრკს შორის საკმაოდ ცუდი ურთიერთობები იყო.
ამიტომ ვამბობ, სულაც არა აქვს დიდი მნიშვნელობა როგორც აშშ-ში დაგეგმილ არჩევნებს, ისე იმას, რუსეთში განხორციელდა თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებები. დარწმუნებული ვარ, ამერიკელები თავად გაერკვევიან თავის საპრეზიდენტო არჩევნებში.
აშშ-ში ტრამპის წინააღმდეგ ბრძოლაში რუსული კარტის გათამაშება ადგილობრივი პოლიტიკოსების თამაშებია. ისევე როგორც ჩვენთან ადგილობრივი პოლიტიკოსების იდიოტური თამაშები ანტიამერიკულ პროპაგანდაზე. იქაც და აქაც ამგვარი თამაშები ადგილობრივ ამომრჩეველზეა გათვლილი.
აშშ-ში ტრამპის წინააღმდეგ ბრძოლაში რუსული კარტის გათამაშება ადგილობრივი პოლიტიკოსების თამაშებია. ისევე როგორც ჩვენთან ადგილობრივი პოლიტიკოსების იდიოტური თამაშები ანტიამერიკულ პროპაგანდაზე. იქაც და აქაც ამგვარი თამაშები ადგილობრივ ამომრჩეველზეა გათვლილი
- მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის ყოფილი პროფესორი ვალერი სოლოვეი, რომელიც ამ ინსტიტუტიდან ანტიპუტინური განწყობების გამო დაითხოვეს, ხშირად აცხადებს, რომ პუტინი ავადაა, იგი ან გარდაიცვლება, ან თავად დატოვებს პრეზიდენტის პოსტს.
პროფესორი სოლოვეი საკმაოდ ინფორმირებული ადამიანი კი ჩანს, მაგრამ გაუგებარია რას ეფუძნება მისი განცხადებები. თქვენი დაკვირვებით, რამდენად საფუძვლიანად გამოიყურება პროფესორ სოლოვეის პროგნოზი?
- ჩვენთან ყველა, ვინც სადმე საჯარო სივრცეში გამოდის, ამტკიცებს, რომ იგი ისეთ ინფორმაციას ფლობს, რომ მხოლოდ მან იცის.
მთავარი ის კი არაა პუტინი დარჩება თუ წავა, მთავარია, რომ რუსეთში არ იცვლება მმართველობის არსებული სისტემა. სხვათა შორის, იმათ შორის, ვისაც შეიძლება ჰქონდეს პრეტენზიები პუტინის ჩანაცვლებაზე, პუტინზე გაცილებით უარესები არიან. მაგალითად, რას იტყოდით, თუ რუსეთის პრეზიდენტი საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი ბასტრიკინი იქნებოდა?
მთავარი ის კი არაა პუტინი დარჩება თუ წავა, მთავარია, რომ რუსეთში არ იცვლება მმართველობის არსებული სისტემა. სხვათა შორის, იმათ შორის, ვისაც შეიძლება ჰქონდეს პრეტენზიები პუტინის ჩანაცვლებაზე, პუტინზე გაცილებით უარესები არიან
ვიმეორებ, რუსეთის პრობლემა ისაა, რომ ახლა ქვეყანაში არსებული მმართველობის სისტემა არ ვარგა. არადა ის ისეთი მყარია, კარგა ხანს არ შეიცვლება. ამ სისტემას კგბ-ს შემადგენლობა მართავს. მათ უდიდესი გავლენა აქვთ ქვეყნის ეკონომიკაზე. შეიძლება ითქვას, რომ კგბ-ს მმართველობა სახელმწიფოა სახელმწიფოში და რუსეთში ეს სისტემა კიდევ დიდხანს, შესაძლოა ათწლეულებიც კი იყოს.
აი, როცა რუსეთს ეკონომიკური რესურესები ამოეწურება, ამ სისტემის ბიჭები მაშინ გაიქცევიან. მაგრამ საინტერესო ისაა, რომ დღევანდელი რუსეთის დიდ ხელმძღვანელობაში შემავალი ყველა პერსონის შვილები და შვილიშვილები საზღვარგარეთ ცხოვრობენ.
სხვათა შორის, კრემლის საყვარელი პროპაგანდისტების ოჯახებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ. მათ კარგათ ესმით, რომ ადრე თუ გვიან იმ სისტემას, რომელსაც თავად ემსახურებიან, კარგი ბოლო არ ექნება. მათ არ შეიძლება ეს არ ესმოდეთ. ამიტომაცაა, რომ როცა ეძლევათ საშუალება საზღვარგარეთის ბანკებში აკეთებენ შენატანებს და ვილებსაც საზღვარგარეთ იშენებენ.
რუსულ პოლიტიკურ კლასში ახალი გორბაჩოვი არავინ არაა და არც იქნება
ამიტომაცაა რომ ვამბობ, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს პუტინი იქნება პრეზიდენტი თუ კიდევ ვინმე სხვა. ვთქვათ, შოიგუ, ან მოსკოვის მერი. ჩემი აზრით, მოსკოვის მერს ძალაუფლებას არავინ მისცემს, ვინაიდან ის საკმაოდ ჭკვიანი და პრაგმატული პიროვნებაა, თან ჯერ კიდევ არც ისე გაფუჭებული.
ვიმეორებ, ვიდრე რუსეთში მმართველობის დღევანდელი სისტემა არსებობს, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს პრეზიდენტი ვინ იქნება და რა ვადით. იყო ხრუშოვი, შემდეგ იყო ბრეჟნევი, შემდეგ ანდროპოვი, მერე ჩერნენკო. რუსულ პოლიტიკურ კლასში ახალი გორბაჩოვი არავინ არაა და არც იქნება.
კობა ბენდელიანი
“ინტერპრესნიუსი”