იოსებ ბარათაშვილი - ახლა მთავარია, გამოძიებამ უტყუარად დაადგინოს იმ პირების ვინაობა, რომელთა ქმედებამაც გამოიწვია შაქარაშვილის გარდაცვალება

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ადვოკატ იოსებ ბარათაშვილს ესაუბრა.

- ბატონო იოსებ, შაქარაშვილის საქმე გახლავთ ის თემა, რომლის მიმართაც ახლა ყველაზე მეტად იჩენს ინტერესს საზოგადოება და მედია.

შაქარაშვილის საქმეზე მედიის ინტერესსა და ამ თემაზე ხმაურს სახელისუფლებო გუნდის წევრები მხოლოდ ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფებთან დაკავშირებული მედიის ინტერესებს უკავშირებენ.

არადა, აშკარად ჩანს, რომ ეს საქმე სცილდება მხოლოდ პოლიტიკურ განზომილებას და უკავშირდება ქვეყანაში სამართალდამცავი ორგანოებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულად საქმიანობის უნარს.

პრაქტიკულად ყოველ დღე ვიგებთ შაქარაშვილის საქმეზე ბევრ უცნაურ ამბებს, რაც თავისთავად კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის იმას, თუ რა ხდება და როგორ ხდება ამ საქმის გამოძიება.

ამ თემაზე ბევრი კი ითქვა, მაგრამ მე თქვენ, როგორც ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთ აღიარებულ და გამორჩეულ ადვოკატს, მაინც გკითხავთ - თქვენზე რა შთაბეჭდილებას ტოვებს შაქარაშვილის საქმეზე მიმდინარე გამოძიება?

- უპირველეს ყოვლისა, გამოვთქვამ ჩემს მწუხარებას ახალგაზრდა ადამიანის გარდაცვალების გამო.

ამ ტრაგიკულმა შემთხვევამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ის მძიმე პრობლემები, რომლის წინაშეც დგას ჩვენი საზოგადოება მრავალი წლის განმავლობაში. ვფიქრობ, ნათელია, რომ დაახლოებით 14-დან 23 წლამდე ასაკში ხდება ახალგაზრდა ადამიანების ჩამოყალიბება და მათი თვითდამკვიდრება, რაც ხშირად წარმოშობს კონფლიქტურ ვითარებას.

ხდება ერთი ახალგაზრდის, ან ახალგაზრდების ჯგუფის მიერ მეორე ახალგაზრდის დაჩაგვრა და დამცირება, რასაც ხშირად მოსდევს კრიმინალური დანაშაული, დაჭრა, მკვლელობა და სხვა. გარდა ამისა, მსგავსი შემთხვევები, დიდი ხნის განმავლობაში, ღრმა კვალს ტოვებს მოზარდების ფსიქიკაზე.

სამწუხაროდ, არც სახელმწიფოს, არც საზოგადოებას, არც ოჯახებს და არც საგანმანათლებლო დაწესებულებებს არ შეუქმნიათ რაიმე მექანიზმი, ამგვარი ვითარების მინიმუმამდე დასაყვანად და თავიდან ასაცილებლად. არ არის შემუშავებული და მიღებული პრევენციული ზომები მოსალოდნელი დანაშაულებრივი ფაქტების თავიდან ასაცილებლად.

მეორე გარემოება, რომელზეც თქვენი ყურადღება მინდა მივაპყრო, არის ის, რომ ამგვარი დანაშაულის ფაქტის გამოძიების დროს დაზარალებულის მეგობრები და ახლობლები, როგორც წესი, თავს არიდებენ გამოძიებასთან თანამშრომლობას.

ეს მოწმეები თვლიან, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობით მათ თვითონ შეექმნებათ პრობლემები, გაირიყებიან თავიანთი თანატოლებისგან და ჩაითვლებიან დამბეზღებლებად, რაც ცხადია არასწორია, თუმცა გარკვეულწილად ასახავს ჩვენი საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილში ჯერ კიდევ არსებულ შეხედულებებს.

კიდევ ერთი დიდი პრობლემა გახლავთ ის, რომ საგამოძიებო ორგანოებსა და სასამართლოს დაკარგული აქვთ მოსახლეობის ნდობა, რაზეც მეტყველებს უკანასკნელი პერიოდის სოციოლოგიური გამოკითხვებიც.

სამწუხაროდ, როგორც საგამოძიებო ორგანოები, ისე სასამართლო, განსაკუთრებით სისხლის სამართლის სფეროში, გადაქცეული არიან პოლიტიკური დაკვეთებისა და შერჩევითი მართლმსაჯულების განმახორციელებელ ორგანოებად, რასაც ცხადია, საზოგადოებაც ხედავს და აქედან გამომდინარე, ჩნდება უნდობლობა მათ მიმართ.

სამწუხაროდ, როგორც საგამოძიებო ორგანოები, ისე სასამართლო, განსაკუთრებით სისხლის სამართლის სფეროში, გადაქცეული არიან პოლიტიკური დაკვეთებისა და შერჩევითი მართლმსაჯულების განმახორციელებელ ორგანოებად, რასაც ცხადია, საზოგადოებაც ხედავს და აქედან გამომდინარე, ჩნდება უნდობლობა მათ მიმართ

ამას შედეგად მოსდევს ის, რომ ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, დაზარალებულის ახლობლები და ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფები თვითონ იწყებენ დამოუკიდებელ გამოძიებას, რაც ხშირ შემთხვევაში, ხელს უშლის გამოძიების ობიექტურად და სწორად წარმართვას.

ამავე დროს, მოცემული სისხლის სამართლის საქმე, მისი გამოძიების თვალსაზრისით, წარმოადგენს საკმაოდ რთული კატეგორიის საქმეს, რომელიც გამომძიებლების მხრიდან საჭიროებს მრავალი მტკიცებულების ანალიზს, ურთიერთშეჯერებას და შემოქმედებით მიდგომას, რაც ჯერჯერობით არ ჩანს. გამოძიება ძირითადად დაკავებულია ჟურნალისტების მიერ აღმოჩენილი ამა თუ იმ ფაქტის გადამოწმებით. ეს ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ისინი ჩამორჩებიან მოვლენებს.

- იურისტთა უმრავლესობა, ვინც საჯარო სივრცეში თავის აზრს გამოთქვამს ამ თემაზე ბევრს საუბრობენ საგამოძიებო პროცესში დაშვებულ შეცდომებსა თუ გადაცდომებზე.

ბევრი იმასაც კი ამბობს, რომ აქამდე გამოძიების მსვლელობისას ბევრი რამ ისეთი გაკეთდა, ან არასწორად გაკეთდა, რაც გაართულებს გამოძიების წარმატებით დასრულებას. ანუ იმის დადგენას შაქარაშვილი მოკლეს თუ მისი გარდაცვალება შემთხვევითობის შედეგია. ანაც, საბოლოოდ შესაძლებელი გახდება მკვლელობის მიზეზისა და მკვლელის, ანაც მკვლელების ჯგუფის დადგენა.

თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, რა შეცდომები დაუშვა გამოძიებამ შაქარაშვილის საქმის ძიებისას?

- იმის გამო, რომ სრულად არ ვიცნობ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს, ჩემთვის ძნელია საუბარი იმაზე, თუ კონკრეტულად რა შეცდომები აქვს გამოძიებას დაშვებული მოცემულ ეტაპზე. ამავე დროს, ჩნდება მთელი რიგი კითხვები, რომლებიც მოითხოვს პასუხების გაცემას.

კერძოდ, მოხდა თუ არა კვალიფიციურად შემთხვევის ადგილის დათვალიერება და აღმოჩნდა თუ არა რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც ხელს შეუწყობს მომხდარი ფაქტის დადგენას.

რატომ არ მოხდა იმ ადგილის დაცვა, სადაც მოხდა ინციდენტი და რატომ იქნა დაშვებული ცეცხლის გაჩენა, რამაც შესაძლოა გამოიწვია გარკვეული მტკიცებულებების განადგურება, როგორ აღმოჩნდა გარდაცვლილის ხელჩანთა იქ სადაც ის იპოვეს.

რამდენად სრულყოფილად არის შესწავლილი ინციდენტის მონაწილეების მობილური ტელეფონების გამავალი და შემავალი ზარების ნუსხა და რა ახალი ფაქტებია დადგენილი ამ შესწავლის შედეგად. რატომ არ დაინტერესდნენ მომხდარი ინციდენტის დეტალების გარკვევით პატრულის ის თანამშრომლები, რომლებიც გამოიძახა ფოტოგრაფმა.

ასევე მიმაჩნია, რომ იმ ეტაპიდან, როდესაც ცნობილი გახდა რესტორან ,,ქებაბ ჰაუსთან“ მომხდარი ინციდენტის შესახებ, რასაც მოჰყვა იქ მისული პირების დადევნება აწ გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილისა და სხვა პირების მიმართ, აგრეთვე ის, რომ გიორგი შაქარაშვილი თავისი ნებით არ შესულა წყალში, საქმე უნდა წარმართულიყო განზრახ მკვლელობის კვალიფიკაციით, ხოლო შემდგომში უნდა დაზუსტებულიყო განზრახვა იყო პირდაპირი თუ ირიბი, განხორციელდა ჯგუფურად თუ ინდივიდუალურად.

იმ ეტაპიდან, როდესაც ცნობილი გახდა რესტორან ,,ქებაბ ჰაუსთან“ მომხდარი ინციდენტის შესახებ, რასაც მოჰყვა იქ მისული პირების დადევნება აწ გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილისა და სხვა პირების მიმართ, აგრეთვე ის, რომ გიორგი შაქარაშვილი თავისი ნებით არ შესულა წყალში, საქმე უნდა წარმართულიყო განზრახ მკვლელობის კვალიფიკაციით, ხოლო შემდგომში უნდა დაზუსტებულიყო განზრახვა იყო პირდაპირი თუ ირიბი, განხორციელდა ჯგუფურად თუ ინდივიდუალურად

ამავე დროს, არასწორია სასამართლოს მიერ წინასწარი პატიმრობის შეფარდება ჩვიდმეტივე ბრალდებულისათვის, იმის გაუთვალისწინებლად, თუ რაში გამოიხატა მათი უშუალო მონაწილეობა მომხდარ დანაშაულში და არსებობდა თუ არა ფორმალური საფუძვლები (მიმალვის საფრთხე, გამოძიებისათვის ხელის შეშლის საფრთხე, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე და სხვა) მათთვის პატიმრობის შესაფარდებლად.

- როგორც იქნა ექსპერტიზის ბიურომ გამოაქვეყნა შაქარაშვილის საქმეზე დასკვნა, რომლის აქამდე არასებობასა და აშარად დაგვიანებაზე აქამდე ბევრი საუბრობდა.

არადა, ეს ის შემთხვევა, როცა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს შეეძლო ეთქვა, რომ ბევრი საქმეების გამო ვერ ახერხებენ შაქარაშვილის საქმეზე დასკვნის დადებას.

ასეა თუ ისე ექსპერტიზის დასკვნა გამოქვეყნდა. თქვენ როგორ შეაფასებდით შაქარაშვილის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნას და თქვენი აზრით, რისი თქმის საშუალებას იძლევა იგი?

- ამჟამად, ცნობილი გახდა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შედეგები, რომლის მიხედვით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი გახდა ასფიქსია წყალში დახრჩობით, ამავდროულად, მის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა პერიოდში, მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები. საქმეზე არსებულ კვალიფიკაციას კი დაემატა ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა.

ამ შემთხვევაში, ახლა მთავარია, მტკიცებულებათა ერთობლიობით, გამოძიებიებამ უტყუარად უნდა დაადგინოს იმ კონკრეტული პირების ვინაობა, რომელთა ქმედებამაც გამოიწვია გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალება.

უნდა განისაზღვროს, თუ რას აკეთებდა თითოეული პირი ინციდენტის დროს და უშუალოდ ვინ დაედევნა გიორგი შაქარაშვილს. მხოლოდ ამ კითხვებზე პასუხების გაცემის შემდეგ იქნება შესაძლებელი ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა და სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელება.

უნდა განისაზღვროს, თუ რას აკეთებდა თითოეული პირი ინციდენტის დროს და უშუალოდ ვინ დაედევნა გიორგი შაქარაშვილს. მხოლოდ ამ კითხვებზე პასუხების გაცემის შემდეგ იქნება შესაძლებელი ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა და სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელება

- პრემიერმა გიორგი გახარია შაქარაშვილის საქმეზე განაცხადა - რაც ახლა ხდება, ტრაგედიის გამოყენება პოლიტიკური მიზნებით, კატეგორიულად მიუღებელია, ამორალურია“. ძნელია არ დაეთანხმო ამ მოსაზრებას, მაგრამ, ამავდროულად ძნელი არ იყო იმის შემჩნევა თუ დანახვა, რომ არა მედიის აქტიურობა, შაქარაშვილის გარდაცვალება, შესაძლოა, შემთხვევითობას მისწეროდა.

არადა, ექსპერტიზის დასკვნიდანაც თუ მკაფიოდ არა, საკმაოდაც ჩანს, რომ გამოძიებას წინ კიდევ ბევრი რამ აქვს დასადგენი. ექსპერტიზის გამოქვეყნებული დასკვნა თქვენ თუ გაძლევთ საფუძველს იმისა ივარაუდოთ, რომ გამოძიება შაქარაშვილის მკვლელის, ანაც მკვლელების ვინაობას დაასახელებს?

- მედია საშუალებების პირდაპირი დანიშნულება და მოვალეობაა სწორედ ის, რომ გაავრცელოს ინფორმაცია ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც საზოგადოების ინტერესის საგანს წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში, ჟურნალისტების აქტიურობის შედეგად გამოძიებას არ ეძლევა მოდუნების საშუალება.

ამავე დროს, რა თქმა უნდა, მიუღებელია ჟურნალისტის თუ სხვა რომელიმე პროფესიის ადამიანის მიერ, პოლიტიკური თუ სხვა რაიმე მიზნით იმ ადამინების ეჭვმიტანილებად წარმოჩენა, რომლებსაც არავითარი შეხება არ გააჩნიათ ჩადენილ დანაშაულთან.

როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს არაერთ საქმეში, პრესამ არ უნდა გადალახოს ის ზღვარი, რომელიც დადგენილია სხვათა რეპუტაციის დასაცავად.

როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს არაერთ საქმეში, პრესამ არ უნდა გადალახოს ის ზღვარი, რომელიც დადგენილია სხვათა რეპუტაციის დასაცავად

რაც შეეხება მკვლელის/მკვლელების ვინაობის დადგენას, ვფიქრობ, გამოძიებას კიდევ მოუწევს საკმაოდ შრომატევადი სამუშაოს ჩატარება მათ დასადგენად.

- შაქარაშვილის გარადაცვალების მიმდინარე გამოძიების ფონზე ხელისუფლებამ, როგორც იტყვიან მედიისთვის მოიცალა. აქტიურად განიხილება კომუნიკაციების კომისიის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომლითაც მედიის საქმიანობაში კომუნიკაციების კომისიას დამატებითი ფუნქციები ენიჭება და ითვალისწინებს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს.

დამკვირვებელთა უმრავლესობა, მიიჩნევს, რომ კომუნიკაციების კომისიის მიერ მომზადებული კანონპროექტი მედიის საქმიანობაში ჩარევის მიმართულებით საფრთხეს შეიცავს. რადგან ელექტრონული მედიის საქმიანობაში არ გამოირიცხება ჩარევა.

თქვენ როგორ შეაფასებდით კომუნიკაციების კომისიის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც მედიის საქმიანობაში კომუნიკაციების კომისიას დამატებითი ფუნქციები ენიჭება?

- ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონებში შესატანი ცვლილებების კანონპროექტის მიხედვით, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას შესაძლებლობა ეძლევა, ელექტრონული კომინიკაციის სფეროში ავტორიზებულ იურიდიულ პირებს, რომელთა მეშვეობითაც ხდება მაუწყებლობის გადაცემა, დაუნიშნოს სპეციალური მმართველი და მიიღოს მმართველობითი გადაწყვეტილებები.

ამავე დროს, კომისიის მიერ მიღებული, თუნდაც კანონსაწინააღმდეგო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების შეჩერება აღარ იქნება შესაძლებელი მისი გასაჩივრების გზით.

ამდენად, ხელისუფლებას, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მეშვეობით უჩნდება შესაძლებლობა, ჩაერიოს სამაუწყებლო საქმიანობაში და შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება, რაც დაუშვებელია.

ხელისუფლებას, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მეშვეობით უჩნდება შესაძლებლობა, ჩაერიოს სამაუწყებლო საქმიანობაში და შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება, რაც დაუშვებელია

აქვე აღვნიშნავ, რომ ხელისუფლების მხრიდან ვერ მოვისმინე რაიმე დამაჯერებელი არგუმენტი იმის თაობაზე, თუ რატომ არის აუცილებელი კანონმდებლობაში ამგვარი ცვლილების შეტანა.

კობა ბენდელიანი

“ინტერპრესნიუსი”

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით