ქართული პრესის მიმოხილვა 13.07.2020

გია ხუხაშვილი - “გახარია ძალიან მოლიპულ გზაზე დადის”

“გასროლა, რომლის უკანაც დიდი საშიშროება დგას” - მიიღეს თუ არა ოკუპანტებმა ცეცხლის გახსნის ბრძანება

ვინ და როგორ იმარჯვებს უკონკურენტოდ ტენდერებში - 974-დან 580 ტენდერში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი მონაწილეობდა

რატომ დაარქვეს “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” კანონპროექტს “სკანდალური” და მერე რატომ გაიწვიეს

* * *

გია ხუხაშვილი - “გახარია ძალიან მოლიპულ გზაზე დადის”

“აშშ-ს იმ ქვეყნებთან, რომელთაც პარტნიორებად მიიჩნევს, ორი ტიპის ურთიერთობა აქვს. ერთი არის სტიმულირების მეთოდი და ტექნოლოგია, მეორე - იძულების. საბედნიეროდ, ათწლეულების განმავლობაში აშშ ჩვენთან ურთიერთობისას სტიმულირების მეთოდს იყენებდა, ამ ბოლო დროს კი იძულების მეთოდზე გადავიდა. მსგავსი რამ ხდება მაშინ, როდესაც აშშ-ის პოლიტიკური ელიტა ხედავს, რომ სტიმულირება ეფექტიანი აღარ არის. ეს პროცესი არ დაწყებულა ამ აქტით - ჩვენ, კარგა ხანია, ვხედავთ, რომ კეთდება კრიტიკული, თითქმის მუქარანარევი განცხადებები არა მხოლოდ აშშ-დან, არამედ ევროპიდანაც და ამან შედეგიც გამოიღო - რომ არ ყოფილიყო ეს იძულების პოლიტიკური შტურმი, ჩვენ დღეს შეცვლილი საარჩევნო კანონმდებლობა არ გვექნებოდა”, - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “გახარია ძალიან მოლიპულ გზაზე დადის”.

“გვახსოვს ხელისუფლების პოზიცია, როცა არაფრის გაგონება არ სურდათ, მაგრამ ამ იძულების შტურმით დასავლეთმა თავისი გაიტანა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამით ყველაფერი დამთავრდა. აშშ-ის პოლიტიკურმა ელიტამ დაინახა რა, რომ ეს მეთოდი მოქმედებს, და უკვე სისტემური საკითხების მოგვარებაზე გადავიდა, რაც უფრო რთულია. თუმცა ეს არ არის წითლის ანთება, ეს არის ე.წ. ყვითელი, გამაფრთხილებელი ნიშანი, მაგრამ უკვე ქაღალდზე გადატანილი, რომელშიც იკვეთება ოფიციალური პოზიცია - საქართველოს ხელისუფლებას ამერიკის პოლიტიკური ელიტა უნდობლობას უცხადებს და მისგან სისტემურ ცვლილებებს მოითხოვს. ყველაზე კარგი ის არის, რომ ისინი ამას თავისთვის კი არ აკეთებენ, არამედ - ქართველი საზოგადოებისთვის. ჩვენ ეს ვერ მოვახერხეთ, მმართველ ძალას ვერაფერი გავაგონეთ, რადგან ადგილობრივი საზოგადოების მიმართ ეს ხელისუფლებაც ყრუ და ცინიკური გამოდგა. სწორედ ამიტომ ისინი ასეთი მკაცრი მეთოდებით ჩვენს ქვეყანას ეხმარებიან”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“მესმის ხოლმე აბსოლუტურად გაუგებარი განცხადებები, ვინ ეკითხება ამერიკელებსო... შეიძლება ამერიკელებს არ ეკითხებათ, მაგრამ მოდი, შინაარსზე დავფიქრდეთ. რას ითხოვენ ისინი? კორუფცია რომ არ უნდა იყოს, ეს ჩვენს ინტერესებს არ შეესაბამება? ან პირობას რომ დებ და ის უნდა შეასრულო, განა ჩვენც არ ვიცით?! გასაგებია, რომ ჩვენთან არიან დასავლეთისადმი სკეპტიკურად განწყობილი ძალები, რომლებიც ამაზე ლაპარაკობენ, მაგრამ ხელისუფლებაც ფარულად ამ ხაზს ატარებს, ანუ ანტიამერიკული განწყობის პროპაგანდას ეწევა, მაგალითად, იმით, რომ ამბობს, ამერიკის პოლიტიკური ელიტა ნაყიდი ჰყავს “ნაციონალურ მოძრაობას” და ეს ლობირებული თემებიაო... რა არის ლობირებული, რომ საქართველოში ჩრდილოვანი მმართველობაა? განა ეს ყველამ არ ვიცით?” - განაგრძობს რესპონდენტი.

“განა ქვეყანაში მოიძებნება საქართველოს მოქალაქე, რომელიც იტყვის, რომ გახარია მართავს ქვეყანას და არა ბიძინა ივანიშვილი? თუმცა, მიუხედავად ამისა, ამგვარი რიტორიკა, ფარული თუ აშკარა ანტიამერიკული განცხადებები საზოგადოების ნაწილზე უდავოდ ახდენს გავლენას. ლაპარაკი იმაზე, რომ არავინ ეკითხება ამერიკელებს, რომ თურმე ამერიკული დიქტატის ქვეშ ვართ, რუსული საქმეა. მერე ამ რიტორიკას, როგორც წესი, ემატება რელიგიური მოტივები, ერთმორწმუნეობის შეხსენება, საბჭოთა ცხოვრების მონატრება... ასეთ ნოსტალგიურ-ანტიიმპერიალისტურ აჯაფსანდალში ადამიანები, რომლებიც არ ფიქრობენ და ფეხის ხმას ადვილად ჰყვებიან, ამ პროპაგანდის მარწუხებში ექცევიან, თუმცა ჯერჯერობით ეს განწყობა შემაშფოთებელია, მაგრამ არა სახიფათო. საქმე ის არის, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები და ის ადამიანებიც კი, ვისაც დასავლეთი ძალიან აღიზიანებს, ამას ვერ გაურბიან. ამიტომაც ამ მხრივ მნიშვნელოვან პრობლემებს ჯერჯერობით არ ველი”, - დაასკვნის ექსპერტი.

“ნებისმიერი არჩევნებისას დასავლეთი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ ჩვენ არ უნდა ველოდოთ, რომ ის ამ არჩევნებში მხარე გახდება. ოპოზიცია სწორედ ამას ელოდება და დიდ შეცდომასაც უშვებს. ამ შეცდომის გამოვლენა იყო ის, რომ მათ მონაწილეობა არ მიიღეს საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში, იმ საკითხის მიღებაში, რომლისთვისაც თითქოს მთელი წელი იბრძოდნენ და ამასთან, არაკორექტული, მეტიც - სკანდალური შეტევა წამოიწყეს გერმანიის ელჩის წინააღმდეგ (მიუხედავად იმისა, ელჩმა სწორად თქვა რამე თუ არა). ეს გააკეთეს იმიტომ, რომ გაუჩნდათ განცდა, დასავლეთი უკვე ჯიბეში გვყავს და ყველაფერი გვეპატიებაო, თუმცა ასე არ მოხდა. მათაც კი, ვისაც დასავლეთთან მჭიდრო ურთიერთობა აქვთ, არ ესმით, რა არის რეალურად დასავლეთი და მიიღეს კიდეც შესაბამისი პასუხი, რაც ხელისუფლებამ ძალიან კარგად გამოიყენა. დასავლეთი ამ არჩევნებში ჩაერევა მხოლოდ იმ დოზით, რომ არჩევნები ჩატარდეს კონკურენტულ გარემოში და შედეგმა ქართველი საზოგადოების რეალური განწყობა ასახოს”, - განმარტავს გია ხუხაშვილი.

“დღეის მდგომარეობით ვერ ვიტყვით, რომ ოპოზიცია უკეთესად გამოიყურება, ვიდრე ხელისუფლება. ძალიან ბევრ შეცდომას უშვებენ. როდესაც დასავლეთი მხარს გიჭერს, ეს ლამაზი თვალების გამო კი არ ხდება, არამედ იმიტომ, რომ რაღაცას სწორად აკეთებ, მათ კი უმნიშვნელოვანეს კენჭისყრაზე ყველაფერი თავდაყირა დააყენეს და აბსურდად აქციეს - ვინც ცვლილებებს ითხოვდა, ის კენჭისყრას არც კი დაესწრო და ვინც კატეგორიული წინააღმდეგი იყო, მან ეს საკუთარ გამარჯვებად მიითვალა. საპარლამენტო ოპოზიციის ასეთ დამოკიდებულებას ვერც ერთი ევროპელი თუ ამერიკელი ვერ გაიგებს. ეს იყო არასახელმწიფოებრივი ნაბიჯი, რადგან ეს კოდექსი სწორედ სახელმწიფოს სჭირდებოდა! კიდევ უფრო გაუგებარი იყო ზემოთ ხსენებული შეტევა გერმანიის ელჩზე. სწორედ ამგვარი ოპოზიციაა “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში დარჩენის მთავარი შანსი”, - მიიჩნევს რესპონდენტი.

“ხელისუფლებაც სისტემურად ვერაფერს ცვლის, სხვას რომ თავი დავანებოთ, ამ პოსტპანდემიურ პერიოდში ოთხი თვე დაიკარგა, არადა, მთელი ეს ხანი გაიძახოდნენ, ტურიზმიო და შუა ტურისტულ სეზონში აღიარებენ, რომ წელს ტურიზმი ჩავარდა. ამის პროგნოზირება ხომ შეიძლებოდა... ტურიზმზე ლაპარაკის ნაცვლად აუცილებელი იყო ეკონომიკური პროცესის მოდერნიზება. დღემდე არ იციან, რა გააკეთონ და ასე უნდათ არჩევნების გადაგორება - ხალხი გაღატაკებული იქნება და ადვილად ვიყიდითო”, - ამბობს ექსპერტი და შეკითხვაზე - “ყველა ელოდება მმართველი პარტიის საარჩევნო სიას. რამდენიმე დღის წინ პრემიერ გიორგი გახარიას ჰკითხეს, იქნებოდა თუ არა ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო სიაში და მან განაცხადა, შესაძლებელიაო...” - პასუხობს:

“თუ ასე მოხდა, ეს იქნება ლოგიკური და სწორი ნაბიჯი, მით უფრო ვითარებაში, როცა ხვალ და ზეგ ივანიშვილს შეიძლება რეალურად გაუჩნდეს საკუთარი კეთილდღეობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების პრობლემა. ერთადერთი, რამაც შეიძლება მას გარკვეული პერიოდით იმუნიტეტი შეუქმნას, არის მისი ინსტიტუციონალიზაცია, ანუ მისი რეალური სტატუსის ფორმალიზება. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მართვის ეფექტიანობა გაიზარდოს, ამისთვის კი საჭიროა ფორმალური მმართველობის დასრულება. არ შეიძლება მუდმივად იმაზე იყოს ლაპარაკი, სად და ვინ იღებს გადაწყვეტილებებს. ასეთი მანკიერი, ანაქრონისტული მართვის ფორმა, როგორიც აქ გვაქვს, აღარსად დარჩა - ყველაზე დიდი დიქტატორებიც კი ფორმალიზებული არიან - 21-ე საუკუნეში კულისებიდან მართვა დიდი სირცხვილია...”

“რაც შეეხება გიორგი გახარიას, ის იქცა ძალიან საინტერესო ფაქტორად. გახარია გამორჩეული პოლიტიკოსია, გამოავლინა სახელმწიფოს მართვის განსაკუთრებული უნარი, საღი აზრი და გახდა ავტორიტეტი, რაც, ბუნებრივია, ჩამოყალიბებულ მანკიერ სისტემას ნაწილობრივ არღვევს, შესაბამისად, მის მიმართაც გაჩნდა გაორებული დამოკიდებულება. ერთი მხრივ, ის არის ძალიან საჭირო და აქვს პოტენციალი, მეორე მხრივ კი ამ მმართველობით სისტემას საფრთხეს უქმნის - ივანიშვილის შექმნილ რელიგიაში გამოჩნდა ადამიანი, რომელიც ლამის მის სიმაღლემდე ავიდა. გახარია ერთი მხრივ პერსპექტიულია, მაგრამ, ამავდროულად, ძალიან მოლიპულ გზაზე დადის. ვფიქრობ, არჩევნებამდე მას არაფერი ემუქრება, მაგრამ მერე რა მოხდება, საკითხავია...

“გასროლა, რომლის უკანაც დიდი საშიშროება დგას” - მიიღეს თუ არა ოკუპანტებმა ცეცხლის გახსნის ბრძანება

“ოკუპანტებმა ქართველების მისამართით საოკუპაციო ხაზთან უკვე ცეცხლის გახსნა დაიწყეს. 33 წლის ზაზა გახელაძეს ოკუპანტებმა ჯერ ცეცხლი გაუხსნეს, შემდეგ კი დაჭრილი გაიტაცეს და ცხინვალის მიმართულებით წაიყვანეს. შემთხვევა სოფელ სხვილოს ციხესთან, ოკუპირებული ახმაჯის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. უცნობია როგორია გატაცებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა და რამდენად მძიმეა ჭრილობა, რომელიც მას შეიარაღებულმა ფორმიანებმა ცეცხსასროლი იარაღით მიაყენეს. “რეზონანსთან” კონფლიქტოლოგები ამბობენ, რომ ცეცხლის გახსნა რაღაც ახალი ქმედებაა, რომელიც განგაშის საფუძველს იძლევა. მათი აზრით, შესაძლოა რუსმა ჯარისკაცებმა მიიღეს ბრძანება, რომ საოკუპაციო ზოლთან მისულ ქართველებს ცეცხლი გაუხსნან და მათი შეშინება ამ ფორმით მოახდინონ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “გასროლა, რომლის უკანაც დიდი საშიშროება დგას” - მიიღეს თუ არა ოკუპანტებმა ცეცხლის გახსნის ბრძანება.

“33 წლის ზაზა გახელაძე კი კასპის რაიონის ტერიტორიიდან, ტყეში ყოფნის დროს გაიტაცეს. ის დაჭრილია, რადგან უკანონო დაკავების დროს, მას რუსმა ოკუპანტებმა ფეხში ესროლეს. სოფელ ქვემო ჭალაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, ისინი გატაცებულის ოჯახის წევრებს შეხვდნენ. მონიტორები იმ ადგილზეც მივიდნენ, სადაც უკანონო დაკავება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 33 წლის ზაზა გახელაძე ახალგორის საავადმყოფოდან ცხინვალში გადაიყვანეს. ოჯახის ინფორმაციით, გახელაძე შაბათს დილით სოკოს შესაგროვებლად წავიდა და რამდენიმე საათში გაირკვა, რომ ის ოკუპანტებმა გაიტაცეს. გატაცების ადგილი მოინახულეს “ძალა ერთობაშიას” წევრებმა. დავით ქაცარავას თქმით, გატაცებულს საოკუპაციო ხაზი არ გადაუკვეთავს და იგი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდა. “ჩვენს მოქალაქეს, ალბათ, რამდენიმეწლიან პატიმრობას მიუსჯიან... ზაზა გახელაძეს ოკუპანტები აბრალებენ ცეცხლის გახსნას. რუსი ოკუპანტები ბევრად უფრო აგრესიულ ქმედებებზე არიან გადასულები, ვიდრე ადრე”, - განმარტავს ქაცარავა. სუს-ში აცხადებენ, რომ ამოქმედებულია ევროკავშირის ცხელი ხაზი და მიმდინარეობს ოკუპანტებთან მოლაპარაკებები გატაცებულის გასათავისუფლებლად”, - აღნიშნავს გამოცემა.

“საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრასთან დაკავშირებით კი განცხადებას ავრცელებს. “საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად მოითხოვს დაჭრილი და უკანონოდ თავისუფლება აყრილი საქართველოს მოქალაქის დაუყოვნებლივ გადმოცემას ქართული მხარისთვის. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, უზრუნველყოს ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების შეუზღუდავი წვდომა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და დაიწყოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უპირობო შესრულება. საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, მკაცრი შეფასება მისცეს საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებებს და დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციების აღსაკვეთად”, - ნათქვამია განცხადებაში”, - განაგრძობს გამოცემა.

“კონფლიქტოლოგი და ყოფილი მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი კი აცხადებს, რომ ამ ხნის განმავლობაში ცეცხლის გახსნის ფაქტი არ ყოფილა და ეს საკმაოდ მძიმე მოვლენაა. ამბობს, რომ პირველი შემთხვევაა, როდესაც გატაცების დროს საქართველოს მოქალაქეს რუსმა ოკუპანტებმა დამიზნებით ესროლეს. “პირველი შემთხვევაა, რომ რუსმა ოკუპანტებმა ქართველების მისამართით ამ ხნის განმავლობაში ცეცხლის გახსნა პირველად გამოიყენეს. მე, მაგალითად, ასე გავიგე, რომ გაღიზიანებულმა რუსმა ოკუპანტებმა გამაფრთხილებელი აქტი განახორციელეს. რუსეთის ჯარში ვინც ნამყოფია, ყველამ კარგად იცის, რომ ბრძანების გარეშე ჯარისკაცები ერთ ნაბიჯს არ დგამენ. იქ თითო გასროლილ ტყვიას ითვლიან და ამოწმებენ. ამიტომაც, რა თქმა უნდა, რუსი ჯარისკაცები ამ შემთხვევაში ბრძანებას ასრულებდნენ. ოკუპირებულ ტერიორიაზე ტყვიის ასე ღიად გასროლა უკვე საგანგაშოა. ანუ მათ სროლის ბრძანება აქვთ მიღებული. მართალია მხოლოდ ფეხში დაჭრეს და მისი მოკვლა განზრახული არავის ჰქონდა, მაგრამ საკამოდ დიდი საფრთხის მატარებელია“, - ამბობს ზაქარეიშვილი და მიიჩნევს, რომ “ეს იყო გამაფრთხილებელი გასროლა, რომლის უკანაც დიდი საშიშროება დგას”, - დასძენს გამოცემა.

“ჩემი აზრით, ეს არის შეტყობინება, რომ სადაც რუსები არიან იქ ქართველებმა გადაადგილებაზე თავი შეიკავონ. არ არის გამორიცხული ასევე, რომ რუსეთს საპასუხო ცეცხლის გახსნა და ესკალაციის ხელახლა წამოწყება უნდა. რა ადგილზეც არის საუბარი, იქ ქართველი პოლიციელები არ იმყოფებოდნენ და როგორც ჩანს ეს სამარცხვინო აქტი უფრო თამამად განახორციელეს. ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ცეცხლის გახსნა არ მოხდეს. საერთაშორისო დონეზეც კი რუსეთზე ზემოქმედება უნდა მოხდეს. მიუხედავად იმისა, რომ შეწყდეს საკუთარი ქვეყნიდან ქართველების გატაცება და ურთიერთობა ცივლიზებულ ფარგლებში მოექცეს, სიტუაცია უარეს დონემდე მიდის. სამწუხარო ის არის, რომ დღევანდელ ხელისუფლებას პოზიციები ჩამოყალიბებული არა აქვს რა უნდა მოხდეს. ამ ფონზე კი რუსეთი ექსპერიმენტებს ატარებს და ახლა ცეცხლის გახსნა მოსინჯეს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“კავკასიოლოგი და კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე თვლის, რომ გამორიცხული არაფერია და შესაძლოა რუსებს ჰქონდეთ ცეცხლის გახსნის ბრძანება, თუმცა ეს რამდენად ტენდენციურ ხასიათს მიიღებს, ამაში ეჭვი ეპარება. მისივე თქმით, ახლა სეპარატისტების მხარეს ეს ამბავი კულუარულად რომ მოიკითხო, განაცხადებენ ქართველს სანადირო თოფი ჰქონდა, მხრიდან მოიხსნა და ცეცხლი ამიტომაც გავხსენითო. ამბობს, რომ ეს არის მიზანმიმართული ქმდება, რათა ქართული მხარე აიძულონ, მოლაპარაკების მაგიდასთან საზღვრის თაობაზე დასხდნენ. აიძულონ, რომ მიდგომები და პოლიტიკური ორიენტაცია შეცვალონ. მისითქმით, ფაქტი ერთია, რომ საქართველოს საგარეო კურსს არ შეცვლის. ასევე ჩვენი დასავლელი პარტნიორები აქტიურად ვერ გვეხმარებიან. ამიტომაც არეშიძე ფიქრობს, რომ მიდგომა უნდა შევცვალოთ, რაც რუსეთის მიმართულებით გარკვეული აქტოვობების შეცვლას გულისხმობს. ანალიტიკოსი ამბობს, რომ სასწრაფოდ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული ნაბიჯებია შესამუშავებელი”, - წერს სტატიის ავტორი.

“მთელი ეს ბორდერიზაცია და ე.წ. საზღვრის გაუთავებელი გაწევ-გამოწევა, მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება, რომ საქართველომ პოლიტიკური ორიენტაცია შეიცვალოს. ასევე პირობითი საზღვრის ე.წ. სახელმწიფო საზღვრად ქცევა. არ გაჩერდებიან, ეს პრობლემა სულ გვექნება, ვიდრე ჩვენ პოლიტიკას სტრატეგიული თვალსაზრისით არ გადავხედავთ. ზოგს მართლა ჰგონია, რომ რუსები დღეს კიდევ იმ რუკებით მოქმედებენ, რომელიც მათ აქვთ და რომელიც სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს გულისხმობს. რუსები ხაშურამდე, კასპამდე და ქარელამდე შეეცდებიან, ჩამოვიდნენ”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

ვინ და როგორ იმარჯვებს უკონკურენტოდ ტენდერებში - 974-დან 580 ტენდერში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი მონაწილეობდა

“ბოლო დროს აშშ-ის საკანონმდებლო ორგანო სულ უფრო ხშირად მიგვითითებს ქვეყანაში კორუფციის რისკების არსებობაზე, თუმცა ხელისუფლება პასუხად ამბობს, რომ საქართველოს პოზიციები საერთაშორისო რეიტინგებში მხოლოდ გაუმჯობესდა.. როგორ შეიძლება ქვეყანა, ერთი მხრივ, მიმზიდველი იყოს ბიზნესის, გლობალური კონკურენტუნარიანობის ან თუნდაც ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის თვალსაზრისით და, მეორე მხრივ, კორუფციაში იფლობოდეს? “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” შეისწავლა სახელმწიფო შესყიდვები საგანგებო მდგომარეობის პერიოდში. აღმოჩნდა, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს ჯამურად 557 მლნ ლარის ღირებულების 1495 ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა. 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ტენდერების რაოდენობა თითქმის ორჯერ შემცირდა. ასევე შემცირდა კონკურენციაც, ხოლო გამართული ტენდერების ნახევარზე მეტში მხოლოდ ერთი მიმწოდებელი მონაწილეობდა...”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში, სათაურით ვინ და როგორ იმარჯვებს უკონკურენტოდ ტენდერებში.

“საგანგებო მდგომარეობის პერიოდში გამარტივებული შესყიდვის გზით 127,2 მლნ ლარის ღირებულების 11 316 კონტრაქტი გაფორმდა. აქედან 57 მლნ ლარი გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით, ხოლო 29,2 მლნ ლარი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების საფუძვლით დაიხარჯა. შესყიდვის დაჩქარებისთვის ამ საფუძვლების გამოყენებას კანონი უშვებს, მაგრამ პრობლემაა მათი ხშირი გამოყენება და შერჩეული მიმწოდებლის კავშირი სახელისუფლებო პარტიასთან. “ქართული ოცნებისა” და სალომე ზურაბიშვილის შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა საგანგებო მდგომარეობის დროს პირდაპირი შესყიდვის გზით მიიღეს 45 მლნ ლარამდე ღირებულების კონტრაქტები (პირდაპირი შესყიდვებით დახარჯული თანხის 35%). კვლევაში განხილული 21 შესყიდვა სახელისუფლებო პარტიის შემომწირველებსა და მოგებულ კონტრაქტებს შორის კავშირზე მიუთითებს. არის ისეთი შესყიდვებიც, როცა მიმწოდებელს კონტრაქტი თანხის შეწირვიდან რამდენიმე დღეში გაუფორმეს... კვლევაში ვკითხულობთ, რომ მთავრობის ადმინისტრაცია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, შს სამინისტრო და მას დაქვემდებარებული ზოგიერთი უწყება არ აქვეყნებს გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტებს. ინფორმაცია გამჭვირვალე არ არის, რაც ართულებს ანალიზსა და კორუფციული რისკების გაკონტროლებას”, - აღნიშნავს გამოცემა.

“საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა, საგანგებო მდგომარეობა კი 21 მარტს გამოცხადდა. გაჩნდა განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შეძენის გადაუდებელი აუცილებლობა. ასეთ შემთხვევაში შემსყიდველს უფლება აქვს გამარტივებული (პირდაპირი) შესყიდვების წესით ისარგებლოს. ჩვენ შევისწავლეთ სახელმწიფო შესყიდვები 21 მარტიდან 22 მაისამდე. პირდაპირი შესყიდვის გამოყენების საფუძვლად შემსყიდველები ყველაზე ხშირად გადაუდებელ აუცილებლობას ასახელებდნენ. ამ საფუძვლით დახარჯული 57 მლნ ლარი მთლიანი დანახარჯის თითქმის 45%-ია. გამარტივებული შესყიდვის გზით ყველაზე მეტი თანხა (24,4 მლნ ლარი) ჯანდაცვასთან დაკავშირებულ საქონელსა და მომსახურებაზე დაიხარჯა, მეორე ადგილზეა სასტუმროების მომსახურების შეძენა (23,6 მლნ). აღსანიშნავია საკვებ პროდუქტებსა და სასმელებზე დახარჯული 15,3 მლნ, აგრეთვე სანიტარიულ მომსახურებასა და ჰიგიენურ საშუალებებზე დახარჯული 1,4 მლნ ლარი. სასტუმროებს საკარანტინო სივრცედ ისე ქირაობდნენ, რომ შერჩევის კონკრეტული კრიტერიუმები არ არსებობდა. სასტუმროს ზოგადი მოთხოვნები უნდა დაეკმაყოფილებინა, მაგალითად, როგორიც არის ადგილმდებარეობა და პრიორიტეტი ენიჭებოდა აეროპორტებსა და სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებთან ახლომდებარე ობიექტებს; ასევე მჭიდროდ დასახლებული ადგილებისგან მოშორებით მდებარე ობიექტებს...”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” უფროსი ანალიტიკოსი ბესო ნამჩავაძე.

“სულ საგანგებო მდგომარეობის დროს გამოცხადდა 1495 ელექტრონული ტენდერი, რომელთაგან 328 შეწყდა, არ შედგა ან უარყოფითი შედეგით დასრულდა. შემდგარი ტენდერების ჯამური ღირებულება 557 მლნ ლარია. შესყიდვის საშუალებად შემსყიდველები, ძირითადად, ირჩევდნენ ელექტრონულ ტენდერს, აუქციონის გარეშე. ასეთ ტენდერში წინადადების ღირებულების წარდგენა ერთხელ შეიძლება, ფასების კლება ვაჭრობის დამატებით რაუნდებში არ ხდება. ეს შესყიდვის საშუალება 2016 წლიდან არსებობს, რომლის მიზანიც დამატებით რაუნდებში ფასის მნიშვნელოვანი კლების თავიდან აცილებაა, რათა ეს მისაწოდებელი საქონლისა და მომსახურების ხარისხის გაუარესების ხარჯზე არ მოხდეს. ჩვენი ყურადღება იმან მიიქცია, რომ ყოველი მეორე ელექტრონული ტენდერი კონკურენციის გარეშე გაიმართა. 974-დან 580 ტენდერში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი მონაწილეობდა. აქედან 400-მდე ტენდერში გამარჯვებული უკვე გამოვლინდა, დანარჩენი გადაწყვეტილების მიღების პროცესშია. ჯამში 235 მლნ ლარი განაწილდა ისეთი ტენდერებით, რომლებშიც მხოლოდ ერთი პრეტენდენტი მონაწილეობდა, რაც ტენდერების ჯამური თანხის 54%-ია”, - დასძენს ბესო ნამჩავაძე.

“კვლევაში ცალკეა გამოყოფილი შესყიდვები, რომლებმაც ყურადღება სხვადასხვა საეჭვო გარემოების გამო მიიქცია. ძირითადად, ეს მმართველი პარტიის და მისი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შემომწირველების სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობას უკავშირდება. შესწავლილი კონტრაქტებიდან გამოვლინდა, რომ “ქართული ოცნების” შემომწირველებთან დაკავშირებულმა 25-მა კომპანიამ საგანგებო მდგომარეობის დროს გამარტივებული შესყიდვით ჯამში 45 მლნ ლარამდე ღირებულების 68 კონტრაქტი მიიღო (პირდაპირი შესყიდვებით დახარჯული თანხის 35%). ამ 25 კომპანიის მფლობელებმა 2016-2020 წლებში “ქართულ ოცნებას” ჯამში 2,3 მლნ ლარზე მეტი შესწირეს. მაგალითად, შპს “ყვარლის ედემის” მფლობელებმა და დირექტორმა 2020 წლის 20 და 23 მარტს “ქართულ ოცნებას” ჯამში 65.000 ათასი ლარი შესწირეს, რამდენიმე დღეში კი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან გამარტივებული შესყიდვის გზით 277.300-ლარიანი კონტრაქტი მიიღეს. სასტუმროს 2013-2019 წლებში 400.000 ლარის ღირებულების გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის კონტრაქტები აქვს გაფორმებული, თუმცა აქამდე ერთი კონტრაქტით მაქსიმუმ 76.000 ლარი ჰქონდა მიღებული. “ყვარლის ედემთან” დაკავშირებულ პირებს 2019-2020 წლებში `ქართული ოცნებისთვის~ სულ 235.000 ლარი აქვთ შეწირული”, - წერს სტატიის ავტორი.

“საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პირდაპირი შესყიდვის გზით კომპანია შპს “ბაკურიანი ინს” სასტუმროს საკარანტინო სივრცედ გამოყენების მიზნით 21 მარტს 675.740 ლარის, ხოლო 19 მაისს 257.072 ლარის ღირებულების კონტრაქტი გაუფორმა. 3 მარტს და 12 მაისს სასტუმრო “ივერია ინმა” ტურიზმის ადმინისტრაციისგან პირდაპირი შესყიდვის გზით ჯამში 1,9 მლნ ლარის ღირებულების ორი კონტრაქტი მიიღო. 25 მარტს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან პირდაპირი შესყიდვით შპს “რენესანს კონსტრაქშენმა” 88.740-ლარიანი კონტრაქტი მიიღო. 13 მარტს ტურიზმის ადმინისტრაციამ პირდაპირი შესყიდვის გზით შპს სასტუმრო “გუდაური ინს” სასტუმროს საკარანტინო სივრცედ გამოყენების მიზნით 700.620-ლარიანი, ხოლო 12 მაისს _ 176,246 ლარიანი კონტრაქტი გაუფორმა... აღნიშნულ ოთხ სასტუმროს ერთმანეთთან ის აკავშირებს, რომ ოთხივეში წილის მფლობელია პაატა კოკაია, რომელმაც 2018 წლის ოქტომბერში სალომე ზურაბიშვილს 55.000 ლარი შესწირა. საგანგებო მდგომარეობის დროს პაატა კოკაიას კუთვნილმა სასტუმროებმა ჯამში 3,8 მლნ ლარამდე ღირებულების კონტრაქტები მიიღეს”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.

“სახელმწიფო შპს “სახელმწიფო კვებითმა უზრუნველყოფამ” პირდაპირი შესყიდვის გზით სს “თ&რ დისტრიბიუშენიდან” 200.000 ლარამდე ღირებულების სიგარეტი შეიძინა. კონტრაქტები 1-ლ და 23 აპრილს გაფორმდა. 2015-2020 წლებში ამ კომპანიას სულ 875.000 ლარამდე ღირებულების 15 კონტრაქტი აქვს მიღებული პირდაპირი სახელმწიფო შესყიდვით. სს “თ&რ დისტრიბიუშენის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე რაფიელ სურამელაშვილმა 2016-2017 წლებში “ქართულ ოცნებას” 105.000 ლარი შესწირა, კომპანიის საბჭოს წევრმა ნიკა ზაუტაშვილმა ამავე პარტიასა და სალომე ზურაბიშვილს - 130.000 ლარი, კიდევ ერთმა წევრმა და კომპანიის დირექტორმა ზურაბ აღნიაშვილმა კი სხვადასხვა წელს ჯამში 145.000 ლარი გაიღო იმავე სუბიექტების სასარგებლოდ. კომპანია “თ&რ დისტრიბიუშენმა” საკუთარი სახელით 2016-2017 წლებში “ქართულ ოცნებას” 115.000 ლარი შესწირა. ჯამში ამ კომპანიამ და მასთან დაკავშირებულმა ყველა პირმა ერთად 495.000 ლარი შესწირეს “ქართულ ოცნებასა” და სალომე ზურაბიშვილს... ლტოლვილთა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ პირდაპირი შესყიდვის გზით შპს “უიკენდისგან" 6 აპრილს 1.329.680 აშშ დოლარის (დაახლოებით 4,2 მლნ ლარის) ღირებულების სამედიცინო მოწყობილობები შეისყიდა. 7 აპრილს კომპანიამ კიდევ ერთი, 20.617-დოლარიანი (დაახლოებით 68.000 ლარის) კონტრაქტი მიიღო. შპს "უიკენდი" პირდაპირი შესყიდვით კონტრაქტებს 2020 წლის აპრილიდან იღებს და ზემოაღნიშნული ორი ხელშეკრულების გარდა, 60.000 ლარამდე ჯამური ღირებულების 23 კონტრაქტი აქვს მიღებული. შპს “უიკენდის” 100%-იანი წილის მფლობელმა და დირექტორმა ბონდო გოლეთიანმა 2018 წელს სალომე ზურაბიშვილს 25.000 ლარი შესწირა...” - დასძენს სტატიის ავტორი.

რატომ დაარქვეს “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” კანონპროექტს “სკანდალური” და მერე რატომ გაიწვიეს

“დარგობრივი ეკონომიკსა და ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას განცხადებით, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” კანონში შესატანმა ცვლილებებმა მედიაში ვნებათაღელვა გამოიწვია, ამის გამო ის გადაიხედება და მასში ამ ეტაპზე გათვალისწინებული ცვლილებები არ შევა. “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” კანონი დაჩქარებული წესით გადიოდა კომიტეტზე. მასში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის თანახმად, კომუნიკაციების კომისიას დამატებითი ფუნქციები ენიჭებოდა. კომისია უფლებამოსილი იქნებოდა დაენიშნა სპეციალური მმართველი მედიაში, რომელიც უზრუნველყოფთა კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას, იმ შემთხვევაში, თუ კომისიის მიერ ლიცენზიის მფლობელი პირი დაკისრებულ ჯარიმას ვერ უზრულველჰყოფდა. გარდა ამისა, გადაწყვეტილება მიღებისთანავე მოდიოდა აღსრულებაში, სასამართლოში თავდაცვის საშუალება არ ეძლეოდა. დარგობრივი ეკონომიკსა და ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია ამბობს, რომ წინასაარჩევნოდ მოცემული თემის განხილვა არ ღირს. ამის გამო, არ გავა ის კომიტეტზე”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რატომ დაარქვეს კანონპროექტს “სკანდალური” და მერე რატომ გაიწვიეს.

“ცვლილებები “მაუწყებლობის შესახებ” კანონში გაწვეული იქნება იმიტომ, რომ დღეისთვის, წინასაარჩევნოდ, ასეთი მოცემულობით ამ თემის განხილვა საჭირო არ არის. რაც შეეხება ოპერატორებს, მიუხედავად იმისა, რომ კანონი დაჩქარებულია, არ ნიშნავს იმას, რომ დაცული არ უნდა იყოს კანონის მიღების თუნდაც მინიმალური სტანდარტები. აშკარად ჩანდა, რომ კომუნიკაციის ნაკლებობა იყო და დაჩქარებულ დროში, ხვალ-ზეგ შევეცდებით, მაქსიმალურად გამოვიყენოთ, რათა კომუნიკაციის დეფიციტი აღმოვფხვრათ და ყველა ის არგუმენტი, რომელიც არსებობს სექტორში, კიდევ ერთხელ იყოს გააზრებული მარეგულირებელთან ერთად”, - ამბობს კაკულია. კანონპროექტს უარყოფითად აფასებდნენ მედია წარმომადგენლები და მესამე სექტორი. ისინი თვლიან, რომ ეს ცვლილებები საფრთხის შემცველია სიტყვის თავისუფლების კუთხით. ექსპერტი გია ხუხუაშვილი ამბობს, რომ ძალიან კარგია ის ფაქტი, რომ კანონი აღნიშნული ფორმით არ მიიღეს, რადგანაც ამით, უდანაშაულობის პრეზუმციის პრინციპი ირღვეოდა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“დემოკრატიის ინდექსი - საქართველოში” მიაჩნიათ, რომ სასამართლო კონტროლის გარეშე მედიასაშუალებაში სპეციალური მმართველის შემოღება, გარდა გამოხატვის თავისუფლებისა, არაკონსტიტუციურად ზღუდავს საკუთრების უფლებასაც. გარდა ამისა, მათი შეფასებით, დაჩქარებული რეჟიმი მნიშვნელოვნად ამცირებს კანონპროექტის ყოველმხრივ, საზოგადოების ჩართულობით განხილვის შესაძლებლობას. “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში” კი მიიჩნევენ, რომ კომუნიკაციების კომისიის მიერ მომზადებული კანონპროექტი მედიის საქმიანობაში ჩარევის მიმართულებით საფრთხეს შეიცავს. ტელესაკომუნიკაციო კომპანიებმა სპეციალური მიმართვა გაავრცელეს, სადაც საუბრობდნენ, რომ აღნიშნული ცვლილებები და მათი დაჩქარებით განხილვა საფრთხის შემცველი იყო მედიათავისუფლების კუთხით”, - განაგრძობს გამოცემა.

“ეს კანონი სკანდალური იყო არა რეგულაციების თვალსაზრისით არამედ, იმ მიზეზით, რომ მედიას თავდაცვის საშუალება არ ეძლეოდა. მთავარი პრობლემა გახლავთ ის, რომ სასამართლოში თავდაცვა იყო შეუძლებელი, მათი ნებისმიერი სანქცია შედიოდა ავტომატურად ძალაში და სასამართლოში საკითხის გასაჩივრება ვერ აჩერებდა საქმის წამოებას. ნებისმიერი კერძო ბიზნესი და მათ შორის მედიაც ასეთ ვითარებაში ერთი დღითაც, რომ გაჩერდეს შესაძლებელია გაკოტრდეს. მერე, რომც დაამტკიცოს, რომ სანქცია არასწორად იყო მიღებული ფაქტობრივად მას უკვე გამოუსწორებელი ზარალი მიადგება. ეს არის შემთხვევა, როდესაც უდანაშაულობის პრეზუმცია არ მოქმედებს. საერთოდ ხელისუფლების და საზოგადოების ურთიერთობა ისეთ პრინციპზე უნდა ეწყობოდეს, როდესაც ხელისუფლება ვალდებულია ამტკიცოს დანაშაული და არა პირიქით, მედიამ ან ნებისმიერმა სხვა სუბიექტმა არწმუნოს, რომ ის უდანაშაულოა”, - განაცხადა ხუხაშვილმა. იგი არ გამორიცხავს, რომ ამერიკის კონგრესში ინიცირებულ კანონპროექტსაც ემოქმედა კანონის შეჩერებაზე, რადგან “ეს ყველაფერი პოლიტიკაა და ბუნებრივია, რომ ყველა ფაქტორი ერთმანეთზე ურთიერთქმედებს”, - დასძენს გამოცემა.

“კომუნიკაციების კომისიის დავმჯდომარის კიახა ბექაურის განცხადებით, ტელევიზიებში დროებითი მმართველის დანიშვნა საჭიროა მომხმარებლის უფლებების დასაცავად და არა კონტროლისთვის. “ამ ცვლილებების მიზანი არის არა იძულების მექანიზმის გაძლიერება კომპანიებზე, ეს ცვლილება ემსახურება მომხმარებლების უფლებების დაცვას, რადგან თუ აღსრულება ეფექტური არ არის, უნდა შეჩერდეს ავტორიზაცია, ჩვენ ვითხოვთ უფრო მსუბუქ მექანიზმს რათა მომხმარებელი დავიცვათ კომუნიკაციის შეწყვეტისგან”, - ამბობს ბექაური. ხელისუფლების განცხადებით აღნიშნული ცვლილებებით საფრთხე არ ადგება მედიის თავისუფლებას. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ცვლილებები უფრო ტექნიკური ხასიათისაა, ამიტომ საფრთხეს არ შეიცავს”, - წერს სტატიის ავტორი.

“მედიის თვალსაზრისით არანაირ საფთხეს არ წარმოადგენს. საკანონმდებლო ინიციატივაში პირდაპირ წერია, რომ ეს არ ეხება მედიას. ერთი რამ უნდა გაითვალისწინოთ, ის, რაც ქვეყანაში აქამდე ხდებოდა, ასეთი განუკითხაობა, ეს დასასრულებელია. ქვეყანაში არსებობს კრიტიკული ინფრასტრუქტურა, რომელზეც გარდა მისი მფლობელებისა, ასევე სახელმწიფოც პასუხისმგებელია. ამიტომ, იქედან გამომდინარე, სანამ ჩვენ კრიტიკული ინფრასტრუქტურის მართვის სრულფასოვანი საკანონმდებლო ჩარჩო გვექნება, ჩვენ რა თქმა უნდა, მსგავს მიმართულებებზე უნდა ვიზრუნოთ”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მიუხედავად მსგავსი განცხადებებისა, ამ ეტაპზე, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ”კანონი მაინც უკან გაიწვიეს,” - დასძენს სტატიის ავტორი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა