ლევან კობერიძე საზაფხულო არდადეგებზე გერმანიაში დასაქმების პროგრამაში მონაწილე სტუდენტებს შეხვდა

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძე სტუდენტების საინიციატივო ჯგუფს შეხვდა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საინიციატივო ჯგუფი საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების იმ რამდენიმე ათას სტუდენტს წარმოადგენს, რომლებიც საზაფხულო არდადეგებზე ე. წ. 3-თვიანი დასაქმების პროგრამაში მონაწილეობენ და ზაფხულის არდადეგებზე რეგულარულად მიემგზავრებიან გერმანიაში სამუშაოდ.

შეხვედრაზე სტუდენტებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის პანდემიამ პრობლემა მათაც შეუქმნა. ბევრ მათგანს გაუუქმდა წინასწარ ხელსაყრელ ფასად ნაყიდი ავია ბილეთები.

როგორც სტუდენტებმა აღნიშნეს, ახლა მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რეგულარული ფრენების აღდგენა, რათა დროულად შეძლონ გერმანიაში ჩასვლა. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებისათვის ბილეთების ფასი იყოს ხელმისაწვდომი. აღნიშნულთან დაკავშირებით, ისინი ხელისუფლებას - მთავრობას და პარლამენტს დახმარებას სთხოვენ.

„ესენი არიან სტუდენტები, ხაზგასმით მსურს აღვნიშნო, რომ სწავლობენ საქართველოში, შესაბამისად, გერმანიაში მიდიან ფულის გამოსამუშავებლად და სეზონის განმავლობაში თითოეული მათგანი, ხარჯების გარდა, დაახლოებით 2000-2500 ევროს გამოიმუშავებს, რომელიც ჩამოაქვთ საქართველოში და მას მოიხმარს ისევ საკუთარი სწავლების დასაფინანსებლად. ეს ახალგაზრდები პატიოსანი შრომით გამოიმუშავებენ თანხას, ბევრი მათგანი პროფილის მიხედვით მუშაობს, გამოცდილებასაც იღებს. რომ გადავთვალოთ 4 ათასამდე სტუდენტია და მათი გამომუშავებული და საქართველოში მობილიზებული თანხა 10 მილიონ ევროს აღწევს. ჯერ ერთი, რომ ეს ეკონომიკისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, მეორე - ახალგაზრდებს შემოსავლების მიღების საშუალება აქვს, მესამე ის, რომ უნივერსიტეტებში თავიანთ სწავლას თვითონ აფინანსებენ. ერთადერთი დღეს რაც სჭირდებათ მათ, ყველაზე მთავარი პრობლემა არის ის, რომ მიუხედავად იმისა რომ საზღვრები გაიხსნა 5 ქვეყანასთან, მათ შორის გერმანიასთან, სადაც ისინი სამუშაოდ დადიან, არ არის დანიშნული გერმანიაში რეგულარული რეისი, არც დაბალ ბიუჯეტიანი ავიაკომპანიის რეისები, არც ჩარტერები და შესაბამისად, დღეს ფიზიკურად მოკლებული არიან საშუალებას, რომ ჩავიდნენ გერმანიაში“, - განაცხადა ლევან კობერიძემ ახალგაზრდებთან შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, მართალია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განცხადება გააკეთა, რომ 2 აგვისტოდან „ლუფთანზა“ დიდი ალბათობით დაიწყებს ფრენას, მაგრამ კობერიძის განცხადებით, პრობლემა ისაა, რომ მისი ბილეთები არის ძვირი და ამ თანხების გადახდას სტუდენტები ვერ შეძლებენ.

„უნდა აღინიშნოს, რომ ახალგაზრდები არ ითხოვენ სუბსიდირებას, მზად არიან ორივე მიმართულების ბილეთებში საკუთარი ფული წინასწარ გადაიხადონ დაახლოებით 800 ლარის ოდენობით. ახლა მთავარია, მთავრობამ ძალისხმევა არ დაიშუროს, მოელაპარაკოს რომელიმე ავია კომპანიას და დანიშნოს ჩარტერული რეისები და დროში რაც უფრო სწრაფად მოხდება ამ საკითხის გადაწყვეტა, მით უკეთესი“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.

როგორც პარლამენტის წევრმა განაცხადა, ახლა მნიშვნელოვანია, რომ ყველა შესაბამისი უწყების მხრიდან მაქსიმალურად სწრაფი კოორდინაცია მოხდეს, რათა სტუდენტებს ეს პრობლემა მაქსიმალურად მოკლე დროში მოუგვარონ, პროცესებში მონაწილეობისთვის მზადყოფნის სურვილი კი, თავადაც გამოთქვა.​

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა