რასიმ მუსაბეკოვი - როცა მოლაპარაკებები არანაირ შედეგს  არ იძლევა, ასეთი ვითარება მხოლოდ ომის განახლებით შეიძლება დასრულდეს, ამაში ეჭვი არავის არ უნდა ეპარებოდეს

უკანასკნელ დღეებში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამხედრო დაპირისპირების მიზეზებსა და მხარეების სავარაუდო მიზნებზე, მომხდარსა და მიმდინარე ამბებზე, ერევნისა და ბაქოს ხედვებზე, ასევე იმაზე თუ რამდენად დიდია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების განახლების პერსპექტივა, „ინტერპრესნიუსი“ აზერბაიჯანელ პოლიტოლოგს, პროფესორს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს, რასიმ მუსაბეკოვს ესაუბრა.

- ბატონო რასიმ, ამ დღეებში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო დაპირისპირებაზე ბევრი ურთიერთგამომიცხავი ინფორმაცია ვრცელდება. საომარი მოქმედებების დაწყებაში ორიოვე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს. თქვენი აზრით, რეალურად რა ხდება და რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რაც ხდება?

- სინამდვილეში მოხდა ის, რაც მთელმა მსოფლიომ იცის. აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე მოხდა ბანალური და უტიფარი სომხური სამხედრო პროვოკაცია. პირველი ცეცხლი სომხებმა გახსნეს. აზერბაიჯანული მხრიდან გარდაცვლილთა რაოდენობა იმაზე მეტყველებს, რომ დაგეგმილი ოპერაცია სომხებმა მაშინ დაიწყეს, როცა ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანულ პოზიციებს.

სხვათა შორის, უნდა ითქვას, რომ იმ რაიონში, სომხებისაგან განსხვავებით, აზერბაიჯანულ მხარეს არა სამხედრო ნაწილები, არამედ სასაზღვრო ჯარების საგუშაგოები ჰქონდა. როგორც ჩანს, ეს სასაზღვრო საგუშაგოები აღიაზიანებდა სომხურ მხარეს. მათზე თავდასხმები ადრეც ყოფილა. ამიტომ, ვამბობ მომხდარი სხვა არაფერი იყო თუ არა ბანალური და უტიფარი სომხური პროვიკაცია.

- თქვენი აზრით, სავარაუდოდ რა შეიძლება ყოფილიყო სომხური პროვოკაციის მიზანი?

- როგორც ჩანს, სომხურ მხარეს ჰქონდა წმინდა სამხედრო მიზნები. იმ სიმაღლეებიდან, რომლებსაც ახლა სომხური მხარე აკონტროლებს, ადვილად კონტროლდება კელბაჯარიდან მთიან ყარაბაღში მიმავალი გზა. სომხები ამ გზას კარგა ხანია აშენებდნენ და როგორც ჩანს, აწუხებდათ ის, რომ ის მათთვის უსაფრთხო არ იყო იმის გამო, რომ მასზე კონტროლის საშუალება აზერბაიჯანულ მხარეს ჰქონდა.

- ბოლო საომარი მოქმედებები ყარაბაღიდან საკმაოდ შორსაა...

- დიახ, მაგრამ საქმე ისა, რომ სომხების მიერ ოკუპირებული კელბაჯარის რაიონიდან გზა სწორედ მთიანი ყარაბაღისკენ მიდის. ვიმეორებ, ამ გზას ისინი სხვადასხვა აქტივობებით კარგა ხანი აშენებდნენ.

- ერევნის მტკიცებით იქ, სადაც ბოლოს მოხდა შეტაკებები, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვარი არ იყო დელიმიტირებული...

- დიახ, ეს მონაკვეთი არ გახლდათ დელიმიტირებული, მაგრამ მხარეებს ის პოზიციები ეკავათ, რომელიც სსრკ-ს დაშლამდე მათ ეკუთნოდათ. როგორადაც არ უნდა იყოს ახლა მანდ ვითარება, ზუსტად ვიცი, რომ მომხდარში საბოლოო წერტილი ჯერ დასმული არაა.

- ერევანში თვლიან, რომ ის, რაც აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე ახლა მოხდა, იყო ანკარისა და ბაქოს ერთობლივი მცდელობა ყარაბაღის პრობლემის განხილვა არ გაგრძელებულიყო ეუთო-ს მინსკის ჯგუფის ფარგლებში, არამედ იგი დაკავშირებოდა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პრიოცესებს და მისი გადაწყვეტაც ამ კონტექსტში მომხდარიყო.

თქვენი აზრით, რამდენად საფუძვლიანია ამგვარი მტკიცებები?

- ამგვარ მტკიცებებს არანაირი საფუძველი არ აქვს, ვინაიდან სრულიად აბსურდულ ხასიათს ატარებს. აზერბაიჯანს თურქეთის ანდა საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების მიქცევა რომ სდომოდა, კონფლიქტის პროვოცირებას მთიან ყარაბაღში დაპირისპირების ზოლზე მოახდენდა და არა ყარაბაღიდან 500 კილომეტრზე მეტად დაშორებულ ადგილებში.

არაა გამორიცხული, რომ სომხების გააქტიურება რუსეთის გარკვეული წრეების ინტერესებში ყოფილიყო. სხვათა შორის, შეიარაღებული დაპირისპირების ადგილიდან, სადაც ბოლოს განვითარდა მოვლენები, საკმაოდ ახლოსაა აზერბაიჯანის ნათობსადენი და გაზსადენი. ისინი საქართველოს გავლით ხვდება თურქეთში.

იმის ფონზე, რომ ახლა „გაზპრომს“ თურქეთის ბაზარზე თავისი გაზის გაყიდვის პრობლემები აქვს, სულაც არაა გამორიცხული მომხდარის უკან რუსეთის გარკვეული წრეები იყვნენ, რომლებიც ცდილობენ ბაქოზე ზეწოლას.

- გუშინ ბაქოში საკმაოდ ხალხმრავალი მიტინგი ჩატარდა, რომელზეც შეკრებილები აზერბაიჯანსა და სომხეთის საზღვარზე მომხდარს აპროტესტებდნენ...

- ხალხს ყელში აქვს ამოსული ის, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი არ წყდება. 30 წელია გრძელდება აზერბაიჯანისთვის არაფრისმომცემი მოლაპარაკებები. ხალხი ხელისუფლებისაგან ითხოვს შემდეგს - თუ სომხებს დიპლომატიური საუბრებით არ ესმით, რომ უნდა დააბრუნონ მთიანი ყარაბაღი, მაშინ ეს აზერბაიჯანმა თავად უნდა გააკეთოს.

- რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საომარი მოქმედებები მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე განახლდეს?

- ვფიქრობ, რომ მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების განახლების ალბათობა დიდია. საქმე სულაც არაა ამ ბოლო ინციდენტში. თუ მოლაპარაკებები, რომლებიც არაა ორიენტირებული შედეგზე, მათი მიზანია კონფლიქტის მხოლოდ კონსერვაცია და აზერბაიჯანული ტერიტორიების ოკუპაციის პირობებში დატოვება, ასეთი ვითარება საბოლოო ჯამში შესაძლოა გადაიზარდოს ფართომასშტაბიან საბრძოლო მოქმედებებში.

როდის მოხდება ეს, ერთ კვირაში თუ ერთი თვის შემდეგ, ამაზე საუბარი მიჭირს. მაგრამ, ფაქტია, რომ როცა სამშვიდობო მოლაპარაკებები არანაირ შედეგს იძლევა, ცხადია, რომ ასეთი ვითარება მხოლოდ ომის განახლებით შეიძლება დასრულდეს. ამაში კი, ეჭვი არავის არ უნდა ეპარებოდეს.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით