ზვიად გამსახურდიას ოჯახის ადვოკატი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ოჯახის ადვოკატი ამირან გიგუაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, დროულად გამოაქვეყნონ გადაწყვეტილება, რომელიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ ნორმის ბათილობას ეხება, რომლითაც აკრძალულია დაზარალებული მხარისათვის საქმის მასალების გადაცემა. ინფორმაციას ამის შესახებ ზვიად გამსახურდიას ოჯახის ადვოკატი ამირან გიგუაშვიული ავრცელებს.

„2019 წლის 28 მარტს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის მასალების გადმოცემაზე პროკურატურის უარიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილა სარჩელი „კონსტანტინე გამსახურდია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ .

დასახელებულ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმის თანახმად, დაზარალებულს უფლება აქვს გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება გამოძიების ინტერესებს.

ჩვენი, როგორც მოსარჩელე მხარის მტკიცებით, სისხლის სამართლის საქმის მასალები შეეხება უშუალოდ დაზარალებულს, შესაბამისად, მას უნდა შეეძლოს ასლების მიღება, თუკი ეს არ აზიანებს გამოძიების ინტერესებს.

საქმეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ 2019 წლის 28 მარტს განიხილა, თუმცა გადაწყვეტილება დღემდე არ არის გამოცხადებული.“-აცხადებს ადვოკატი ამირან გიგუაშვილი.

მისივე განცხადებით, იმ შემადგენლობიდან, რომელმაც 2019 წლის მარტში მათი სარჩელი განიხილა, დღეს ორი მოსამართლე კოლეგიაში აღარ არის. შესაბამისად, გაუგებარია თუ რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ, ვინაიდან დღემდე რაიმე ინფორმაცია მათთვის, როგორც მოსარჩელისათვის ოფიციალურად ცნობილი არ არის. გარდა ამისა, ამირან გიგუაშვილი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუკი მათი სარჩელი დაკმაყოფილდება, ეს შეეხება ყველა დაზარალებულს და ისინი აღარ იქნებიან მხოლოდ პროკურორის მიერ სიტყვიერად მიწოდებულ ინფორმაციაზე დამოკიდებულები.

„ამ საქმის საჯარო ინტერესი არის ძალიან მაღალი. ჩვენ ვითხოვთ, რომ ყველა დაზარალებულს ჰქონდეს სრულფასოვანი წვდომა სისხლის სამართლის საქმის მასალებთან და ისინი არ იყვნენ დამოკიდებულნი პროკურორების კეთილ ნებაზე და არ უწევდეთ საქმის მასალების გაცნობა გამომძიებლების ოთახში, მათი ზედამხედველობის ქვეშ. წარმოიდგინეთ, როგორი შვება იქნება ეს ყველასთვის, რადგან ხშირად დაზარალებულების უკმაყოფილების მიზეზი სწორედ ის არის, რომ არ იციან რა ხდება საქმეში და დამოკიდებულნი არიან ადვოკატების თუ პროკურორების მიერ მიწოდებულ ზეპირ ინფორმაციაზე. ამიტომაც მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც პირველი პრეზიდენტის საქმის საჯარო მნიშვნელობიდან, ისე თითეული დაზარალებულის ინტერესებიდან გამომდინარე, დროულად მიიღონ გადაწყვეტილება და აცნობონ საზოგადოებას მიღებული გადაწყვეტილების შესახებ,“ -აცხადებს ამირან გიგუაშვილი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს