„ჯეოქეისის“ ორგანიზებით, პანდემიის პერიოდში საქართველოს გამოცდილების შესახებ დისკუსია გაიმართა

ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ ორგანიზებით პანდემიის პერიოდში საქართველოს გამოცდილების შესახებ დისკუსია გაიმართა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ორგანიზაციიდან აცნობეს.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ კოვიდკრიზისი საქართველოსათვის, ისევე როგორც სხვა დანარჩენი ქვეყნებისათვის, რთული გამოცდილება იყო, თუმცა, ჩვენ ეს გამოცდა ჩავაბარეთ.

„ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელია ევროკავშირის მიერ საქართველოს შეყვანა 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში. ეს იმის ნიშანია, რომ საქართველო და ევროპა ერთმანეთისათვის მხოლოდ სამოგზაურო ადგილი არაა, ეს ჟესტი სოლიდარობის ნიშანიცაა, რომელიც ვაქცინის გამოგონებასთან ერთად, მომავალშიც უნდა შენარჩუნდეს და თითოეულ ქვეყანას თანაბრად უნდა ჰქონდეს მასზე წვდომა“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დიპლომატებს პანდემიასთან დაკავშირებული მოკლე ანგარიში წარუდგინა.

ეკატერინე ტიკარაძემ თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირების დახმარების საკითხს და აღნიშნა, რომ ამ პერიოდში უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის ადამიანი შემოვიდა ჯანდაცვის სერვისების მისაღებად. მათგან კორონავირუსი 3 პირს დაუდასტურდა.

„გარდა იმისა, რომ მათ ვიღებთ რუხის საავადმყოფოში, ადგილზეც ვეხმარებით ტესტებით, პირადი დაცვის საშუალებებით, კონსულტაციებით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაც აქტიურადაა ჩართული“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა. მან ხაზი გაუსვა, რომ პანდემიის პერიოდში საზოგადოებამ ნათლად დაინახა, რამდენად მნიშვნელოვანია ჯანდაცვა და რა პრობლემები არსებობს სისტემაში.

„ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ ვიქტორ ყიფიანმა აღნიშნა, რომ შეხვედრა დიპლომატიურ კორპუსთან შეეხებოდა იმ საერთაშორისო კონტაქტებს, რაც ქვეყანას ჰქონდა პანდემიის პირველი ტალღის პროცესში.

„აუცილებელია, ჩვენ მსოფლიოს გავაცნოთ ის დადებითი გამოცდილება, რაც ამ ხნის განმავლობაში დავაგროვეთ. ჩვენ შეგვიძლია ამით სამართლიანად მოვიწონოთ თავი. ასევე, მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო კომუნიკაცია ხელს უწყობს გამოწვევებთან ეფექტიან გამკლავებას“,- განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

„ჯეოქეისი“-ს მკვლევარმა ხათუნა ბურკაძემ კი განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პანდემიის პერიოდში პარტნიორების მხარდაჭერაზე.

„გლობალური გამოწვევის დაძლევა შესაძლებელია ერთობლივი ძალისხმევით. იმედი მაქვს, პოსტპანდემიური საერთაშორისო სისტემა ხელს შეუწყობს ახალი მიდგომების დანერგვას საერთო გამოწვევებთან ბრძოლის თვალსაზრისით და საქართველო შეძლებს ახალი სტრატეგიული როლის, რეგიონში ციფრული ჰაბის ფუნქციის განვითარებას“, - აღნიშნა ხათუნა ბურკაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს