ამირან სალუქვაძე - ოპოზიციის ბრძოლა ალბათ, არა არჩევნების მოსაგებად, არამედ მეორე ადგილისთვის, ანუ მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსისთვის იქნება

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოსს, ამირან სალუქვაძეს ესაუბრა.

- ბატონო ამირან, საკმაოდ დაძაბული ვითარებაა ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. ოპტიმისტური განცხადებების მიუხედავად, მოვლენათა არასასურველი სცენარით განვითარების ალბათობა საკმაოდ მაღალია. იმ მოცემულობაში, რომელიც არსებობს თქვენი აზრით, როგორი შეიძლება იყოს ყველაზე ოპტიმალური საქართველოს მოქმედება?

- პირველ რიგში ვისარგებლებ თქვენი ტრიბუნით და მსურს კოლეგებს მოვუწოდო თავი შეიკავონ აპოკალიპტური სცენარებისგან. ნუთუ არ მოგბეზრდათ ათასჯერ გადაღეჭილი ე.წ. სცენარები, რომლებშიც საუბრობთ ჩვენი ტერიტორიის გამოყენებაზე, გზების გაჭრაზე და სხვა? ამ ყველაფერს იმეორებთ ყოველ ჯერზე, როცა კონფლიქტის მხარეები ისვრიან. წლებია იწყებთ რეგიონულ ომს. პროგნოზებია თუ ასტროლოგია ყავაზე?!

ალბათ უკვე მიმიხვდით, რომ, ისევე როგორც 2016-ში და შემდგომ წლებში, არც ახლა მოველი იმაზე მეტს, რაც ხდება, ან უკვე მოხდა. მკითხველს შეუძლია ეს შეფასება სოციალურ ქსელში გადაამოწმოს, იხილოს რა რამდენიმე დღის წინანდელი ჩემი წერილი. არაა სიახლე არც თურქეთის მხრიდან გაკეთებული მხარდამჭერი განცხადებები, არც რუსეთის შუამავლობა.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ ეტაპზე, ხაზს ვუსვამ, ამ ეტაპზე, რუსეთი არაა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტის დარეგულირებით დაინტერესებული. დარეგულირებული კონფლიქტი კრემლს გავლენებს, ბერკეტებს დააკარგვინებს ან ერთ, ან ორთავე მხარეზე, რაც მას არ აწყობს. რუსეთი, ჩვეულ სტილში, აიარაღებს ორთავე მხარეს.

რუსეთი არაა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტის დარეგულირებით დაინტერესებული. დარეგულირებული კონფლიქტი კრემლს გავლენებს, ბერკეტებს დააკარგვინებს ან ერთ, ან ორთავე მხარეზე, რაც მას არ აწყობს. რუსეთი, ჩვეულ სტილში, აიარაღებს ორთავე მხარეს

კრემლის განცხადებით, ორთავე მხარის შეიარაღება ბალანსის დაცვას უზრუნველყოფს. ბავშვისთვისაც გასაგებია, რომ როცა ასე მცირე გეოგრაფიულ არეალზე თავმოყრილია მრავალი მილიარდის შეიარაღება, ის აუცილებლად გაისვრის.

თუმცა, რუსეთის ორმაგი სტანდარტები ჩვენს თავზე დაცდილი გვაქვს. მოკლედ, რეგიონული ომის, ან ფართომასშტაბიანი საბროძოლო მოქმედებების დაწყებას წინ ყოველთვის უძღვის ხილული თუ უხილავი ინდიკატორები. ძალიან რომ არ გამიგრძელდეს სიტყვა, დავრჩები რამდენიმე დღის წინანდელ პოზიციაზე, - ჯერ ასეთი ინდიკატორების ერთობლიობას ვერ ვხედავ. თუ რაიმე შეიცვლება, შემდეგ ვისაუბროთ. რაც შეეხება საქართველოს როლს, ასეთ სიტუაციაში ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ მშვიდობის მხარეს. ვითარების გართულება რეგიონში ჩვენთვის წამგებიანია, მით უმეტეს პანდემიის პირველი ტალღის შემდეგ, როცა ეკონომიკის გამოცოცხლების მოლოდინში ვართ იმ ფონზე, როცა მსოფლიო ეკონომიკა ვარდნას განაგრძობს. საუბრობენ საქართველოს შუამავლობაზე. ეს არაა მარტივი, საჭიროა უკეთ გაერკვიონ მსგავს საკითხებში. თემას არ ჩავუღრმავდები.

- სულ ახლახანს ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ სირიაში რუსეთ-თურქეთის კონკურენცია-კონფრანტაციის მორიგ გამოვლინებას ჰქონდა ადგილი. ყველაფერ ამის ფონზე რუსეთის პრეზიდენტმა ქვეყნის სამხედრო ძალების ფართომასშტაბიანი წრთვნების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

რუს დამკვირვებელთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ რუსეთში ანტიპუტინური აქციების დაწყების ფონზე კრემლის მმართველმა სადმე სამხედრო ავანტიურა დაიწყოს. იმის ფონზე, რომ აშშ-ში ვითარება საკმაოდ არეულია, არც ევროპაშია დალაგებული ვითარება, თქვენი დაკვირვებით, რამდენად შეიძლება ეს გარემოებები აღმოჩნდეს საკმაირისი იმისთვის, რომ რუსეთმა მორიგი ავანტიურის სცენად სამხრეთ კავკასია მიიჩნიოს?

- თუ "გიჟი თავისუფალიას" პრინციპით ვიმსჯელებთ, რა რიკოშეტს გააკეთებს კრემლი, უფალმაც არ იცის. თუ ლოგიკას მოვუხმობთ, არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებას გავაანალიზებთ, წინასაომარი ფონი არ შეიმჩნევა.

თურქეთ-რუსეთის ახლოაღმოსავლური დაპირისპირება მოსალოდნელი იყო, თავადაც იცოდნენ და ჩვენც ვწერდით, რომ მათ რამდენიმე წლის წინ მოახერხეს ურთიერთსაპირისპირო პრობლემების დროებით თაროზე შემოდება. ამ პრობლემების ნაწილმა მალევე იჩინა თავი სირიასა და ლიბიაში, რადგან მხარეებს ახლო აღმოსავლეთში საპირისპირო ინტერესები აქვთ.

რაც შეეხება კავკასიას, რუსეთი თურქეთს თავის ბერკეტებს დაანახებს, თუნდაც აზერბაიჯან-სომხეთის ამჟამინდელ დაპირისპირებაში. რაც შეეხება რუსეთის არმიის მასშტაბურ სწავლებებს, არაა სიახლე. 21-ე საუკუნის მეორე დეკადა გამოირჩევა ამ მხრივ.

ყოველ წელს ვადევნებთ თვალს სტრატეგიულ სწავლებებს, ხან ცენტრალურ რაიონში, ხან დასავლეთის, ხან სამხრეთის მიმართულებაზე. კუნთების თამაში, ძალის დემონსტრირება, რუსული დიპლომატიის განუყოფელ ნაწილად იქცა. მეორე მხრივ კრემლის აზრით, მასშტაბური სამხედრო მანევრები შიდა პოლიტიკურ პროცესებზეც დადებითად აისახება. ასე რომ, რაიმე განსაკუთრებულ სიახლეებს არ ველოდები. არსებული დაძაბული ფონი შენარჩუნდება.

კრემლის აზრით, მასშტაბური სამხედრო მანევრები შიდა პოლიტიკურ პროცესებზეც დადებითად აისახება. ასე რომ, რაიმე განსაკუთრებულ სიახლეებს არ ველოდები. არსებული დაძაბული ფონი შენარჩუნდება

- მოგეხსენებაათ 2020 წელი საარჩევნო წელია, რასაც რიგითი მოქალაქეები სატელევიზიო არხების საარჩევნო თემატიკის გაშუქებით ვგრძნობთ. საარჩევნო თემატიკა დომინირებას ყველაფერში. თქვენ როგორ შეაფასებდით ქვეყანაში წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ ვითარებას და თქვენივე დაკვირვებით, სავარაუდოდ, რით განსხვავდება იგი წინა წლებში წინასაარჩევნო ვითარებებისაგან?

- პირველი განსხვავება იმაშია, რომ არჩევნებამდე ძალიან დიდი ხნით ადრე დაიწყო საარჩევნო კამპანია. მგონი, 2018 წლის არჩევნებს შემდეგ არც შეწყვეტილა. მეორე განსხვავებაა, შედარებით ნაკლებია ზიზღის ენა. ალბათ შკლიაროვი წინ გველოდება.

მესამე სხვაობა ისაა, რომ ყველა კვლევებით მმართველი პარტია მეორე ადგილზე მყოფ ოპოზიციურ პარტიას სამჯერ უსწრებს. ოპოზიციის მიერ ჩატარებული კვლევებით თუ ასეა, რეალური სურათი მათთვის კიდევ უფრო მძიმე იქნება. წინა არჩევნებზე ასეთი უპირატესობა არ ყოფილა. ვერც იმის შანსს ვხედავ, რომ ოპოზიცია ვითარებას გამოასწორებს.

ყველა კვლევებით მმართველი პარტია მეორე ადგილზე მყოფ ოპოზიციურ პარტიას სამჯერ უსწრებს. ოპოზიციის მიერ ჩატარებული კვლევებით თუ ასეა, რეალური სურათი მათთვის კიდევ უფრო მძიმე იქნება. წინა არჩევნებზე ასეთი უპირატესობა არ ყოფილა. ვერც იმის შანსს ვხედავ, რომ ოპოზიცია ვითარებას გამოასწორებს

გადახედეთ ჩემს ძველ ინტერვიუებს. ოპოზიციამ არ ისმინა გაფრთხილებები, როცა ვსაუბრობდი, რომ თვითმარგინალიზაციის გზაზე იდგნენ.

მეოთხე განსხვავება ისაა, რომ წინა არჩევნებზე ოპოზიცია უფრო ახერხებდა კოორდინაციას. წელს, იმის მიუხედავად, რომ ოპოზიცია თვეების მანძილზე ისხდა ერთ ფანჩატურში, საბოლოოდ მთლად აირივნენ და ერთმანეთსაც კი დაერივნენ. ოპოზიციურ პოლიტიკური ჯგუფების ბრძოლა ალბათ, არა არჩევნების მოსაგებად, არამედ მეორე ადგილისთვის, ანუ მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსისთვის იქნება.

- ჩვენში საარჩევნო კამპანია კარგა ხანია დაწყებულია, მაგრამ ფაქტია, რომ პოლიტიკურ პროცესებში საზოგადოება ნაკლებადაა ჩართული. საჯარო სივრცეში მხოლოდ ისინი აქტიურობენ, ვინც ძირითად ოპონენტებად მიჩნეული პოლიტიკური ძალების მხარდამჭერები არიან. შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ რჩება შთაბეჭდილება, რომ ამომრჩეველთა საკმაოდ დიდ ნაწილს დიდად აღარც ხელისუფლება აინტერესებს და აღარც მისი ოპონენტები. ახლა არჩევნებამდე თუ რამ ყველაზე შესამჩნევია პოლიტიკური ძალების მიმართ საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილის გულგრილი და უემოციო დამოკიდებულება. ეს უკეთეს შემთხვევაში. თუ ადრე იმაზე ვსაუბრობდით, რომ საზოგადოებაში იყო მესამე ძალის გამოჩენის მოლოდინი, ახლა ამაზეც არც არავინ სუაბრობს. უარეს შემთხვევაში თვალშისაცემია პოლიტიკური კლასის მიმართ აპატია და ნიჰილისტური დამოკიდებულება. თქვენი დაკვირვებით, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ ჩვენს საზოგადოებაში პოლიტიკური კლასის მიმართ შეიმჩნევა აპატია და ნიჰილისტური დამოკიდებულება?

- 2018 წლის საარჩევნო კამპანიისას ვთქვი ერთ-ერთ ტოკ-შოუში, რომ საჭირო იყო ახალი ძალების, ახალი სახეების შემოსვლა პოლიტიკაში.

მქონდა მოლოდინი, რომ კიდევ ერთი წაგებული არჩევნების შემდეგ, პარტიები დაინახავდნენ განახლების აუცილებლობას. სამწუხაროდ ასე არ მოხდა. მოსახლეობას ვერ დავადანაშაულებ. პოლიტიკური პარტიების და მათი ლიდერების პრობლემაა. ისინი არიან დაცლილები ამ ათეული წლების მანძილზე. არანაირი სიახლე. ხალხს ვერ მოატყუებ.

ამომრჩეველი კარგად ხედავს ვინ რისთვის იბრძვის, ვის აწუხებს ქვეყანა, ხალხი და ვის არა. ამიტომ არჩევნებზე გამოჩნდება ამომრჩევლის ემოციებიც და სიბრძნეც.

ამომრჩევლი კარგად ხედავს ვინ რისთვის იბრძვის, ვის აწუხებს ქვეყანა, ხალხი და ვის არა. ამიტომ არჩევნებზე გამოჩნდება ამომრჩევლის ემოციებიც და სიბრძნეც

- სოციალურ ქსელში თქვენ არაერთხელ გამოგითქვამთ მოსაზრება, რომ 2020 წლის არჩევნების შედეგად პოლიტიკური სპექტრი მნიშვნელოვნად გადალაგდება და განახლდება. თავისთავად გადალაგება-განახლებაში ცუდი არაფერია, მაგრამ როცა საუბარია განახლებაზე, როგორც მინიმუმ, პოლიტიკურ სცენაზე უნდა ჩანდნენ ისინი, ვინც უნდა აღმოჩნდეს პოლიტიკური სპექტრის განმანახლებელი. უკანასკნელი 8 წლის მანძილზე ჩვენ ბევრი პრემიერები გამოვიცვალეთ, ყველა მათგანზე ამბობდნენ, რომ ისინი იყვნენ რაც იყვნენ. მმართველ გუნდი დატოვეს ადამიანებმა, რომლებსაც ასე თუ ისე, ჰქონდათ ბმა და კავშირები ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. მათი ნაწილი კი მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, მაგრამ არა ვარ დარწმუნებული, რომ ისინი პარლამენტში მოხვდებიან. თუ საუბარია იმაზე, რომნაცებსადაევროპულ საქართველოსჩააჩოჩებს არჩევნების შედეგები, ისიც არ ჩანს, თუ ვინ იქნებიან მათი ჩამჩოჩებლები და რით იქნებიან ისინი მათზე კვალიფიციურები. ახლა ბევრი ცდილობს არა მარტო მომავალი პარლამენტის, არამედ პოლიტიკური კლასის შემადგენლობის დანახვას, მაგარამ ეს რომ ჭირს ფაქტია. თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, როგორ გესახებათ არჩევნების შედეგად პოლიტიკური სპექტრის მნიშვნელოვნად გადალაგდება და განახლდება?

- არ მითქვამს, რომ აუცილებლად გადალაგდებიან. მოვუწოდებდი გადალაგებისკენ და თვითგანახლებისკენ. მათთვის სამწუხაროდ, ყურად არ იღეს. როცა ასეთ შეფასებებს აკეთებ, მტრად აღგიქვამენ. ეს მათი ნებაა.

შედეგებს ვხედავთ. როგორც ტვ „იმედის” ასევე „ფირმულას“ კვლევებით, ოპოზიციურ პარტიებს საკმაოდ ცუდი შედეგები აქვთ. ახალი და ყველაზე ამბიციური პარტია "ლელო" 2%-ან რეიტინგს ეთამაშება. „ფორმულას“ გამოკითხვით ბოლოდან 9 პარტიას ჯამში 17% აქვს. გადალაგებულებიც არიან და გაშლილებიც. ოღონდ გააზრებას და განახლებას ვერ ახერხებენ.

როგორც ტვ „იმედის” ასევე „ფირმულას“ კვლევებით, ოპოზიციურ პარტიებს საკმაოდ ცუდი შედეგები აქვთ. ახალი და ყველაზე ამბიციური პარტია "ლელო" 2%-ან რეიტინგს ეთამაშება. „ფორმულას“ გამოკითხვით ბოლოდან 9 პარტიას ჯამში 17% აქვს. გადალაგებულებიც არიან და გაშლილებიც. ოღონდ გააზრებას და განახლებას ვერ ახერხებენ

მთელი ეს პარტიები და ის პოლიტიკური სივრცე, რომელიც მათ უკავიათ, ოპოზიციურ პოლიტიკურ ლიდერებს აქვთ მძევლად. ისევ ვრჩები ძველ პოზიციებზე. ჩვენ არ გვაქვს ნორმალური პოლიტიკური სისტემა, არ გაგვაჩნია მოსახლეობისთვის გასაგებ იდეოლოგიაზე დაფუძნებული პარტიები. მგონი თავადაც არ იციან.

ყველა, ვინც ოდესმე პარლამენტში მომხდარა, ზედმეტად ამბიციურია. თუნდაც მმართველი პარტიიდან გასული დეპუტატები. ლამის ყველამ პარტია შექმნა. რისი იმედი აქვთ?

მოიფიქრებენ პარტიისთვის შესაფერ თავისუფალ დასახელებას, თითქოს მობილურის ან მანქანის ნომერს იღებენ და პარტიას აფუძნებენ. თუ თქვეს ჩვენ ვართ პროევროპულიო, ეს ჰგონიათ საკმარისი. ევროპაში არიან მემარცხენეები, მემარჯვენეები, ცენტრისტები, ცენტრსაცდენილები, ჩვენთან პროევროპულები და პრორუსულები. ამიტომ, სასაუბროც არაფერია. შიდაპარტიულ განახლებებზე ოპოზიციაში საუბარიც არაა. ამიტომ, ნახავენ შედეგებს.

თუმცა, პარტიების ლიდერებს, ანუ პარტიების მესაკუთრეებს აქვთ იმედი, რომ გადალახავენ 1%- და 1-2 ლიდერს შეიყვანენ პარლამენტში. სხვა მათ არაფერი ამოძრავებთ. სანამ მთელი ოპოზიციური სპექტრი გამანადგურებელ დარტყმას არ მიიღებს ამომრჩევლისგან, განახლებებს არ უნდა ველოდოთ.

ჩვენი პოლიტიკოსები თავისით, ამომრჩევლის დახმარების გარეშე, თავიანთ თავში ამ ძალას ვერ იპოვიან. ხალხმა არჩევანი უნდა გააკეთოს მსხვილ პარტიებს შორის საკუთარი გემოვნებიდან გამომდინარე, რათა აიძულონ პოლიტიკოსები, რომლებიც ნდობას ვერ მოიპოვებენ, გადაინაცვლონ უკანა ხაზზე. როგორც ეს ნორმალურ ქვეყნებში ხდება. იუმჯობესებ შედეგებს, ხარ პოლიტიკაში, იუარესებ, მიდიხარ.

„ოცნება“ არ მინდა, „ენმ“ არ მინდა და თვალდახუჭული ვინმეს შემოხაზვა, არაა სწორი გზა. ამიტომ, რადგანაც პარტიები თვითმკურნალობას ვერ ახერხებენ, წამალი ამომრჩეველმა უნდა გამოუწეროს.

„ოცნება“ არ მინდა, „ენმ“ არ მინდა და თვალდახუჭული ვინმეს შემოხაზვა, არაა სწორი გზა. ამიტომ, რადგანაც პარტიები თვითმკურნალობას ვერ ახერხებენ, წამალი ამომრჩეველმა უნდა გამოუწეროს

- გასულ კვირას ხმაურის გარეშე არ ჩაუვლიასაზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებკანონში ცვლილებების შეტანას, რომლითაც საჭიროების შემთხვევაში მთავრობას 2021 წლის იანვრამდე ერთპიროვნულად აქვს უფლება გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა. ასევე ხმაურიანი განხილვები იყოელექტრონული კომუნიკაციების შესახებკანონში შესატანი ცვლილებების პროექტის განხილვისას, რომლის თანახმად, კომისიას შეეძლება ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ პირს სპეციალური მმართველი დაუნიშნოს. მოდით საუბარი იმით დავიწყოთ, რომ მთავრობას აქვს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების უფლება. თქვენ როგორ შეაფასებდით, მმართველი გუნდის ამ ნაბიჯს?

- თითიდან გამოწოვილი პრობლემაა. ჩვენ ვხედავთ რა ხდება ისრაელში, იაპონიაში, სხვა ქვეყნებში, მეორე ტალღასთან დაკავშირებით. დავუშვათ და ჩვენთანაც განმეორდა. რა გვირჩევნია, პარლამენტმა ისევ საგანგებო გამოაცხადოს და არჩევნები გადაიდოს, თუ მთავრობას ჰქონდეს საკმარისი უფლებამოსილება საგანგებო მდგომარეობის გარეშე მართოს ეპიდემიური სიტუაცია და შევსძლოთ არჩევნების ჩატარება?

- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებკანონში შესატანი ცვლილებების პროექტის განხილვისას საკმაოდ ბევრი კრიტიკული შენიშვნები იქნა გამოთქმული. ფაქტია, რომ თავიდან იგი აშკარად ითვალიწინებდა ტელევიზიებში მმართველის დანიშვნას, მაგრამ შემდეგ სხვაგვარად გადაწყდა. ამ თემაზე პარლამენტში გამართულმა დებატებმა ქვეყნის სატელევიზიო სივრცის პერესპექტივებთან დაკავშირებით უამრავი კითხვა გააჩინა. თქვენ როგორ აღიქვითელექტრონული კომუნიკაციების შესახებკანონში შეტანილი ცვლილებები?

- ჩემი შეფასებით თავიდანვე არ ითვალისწინებდა ტელევიზიებში მმართველის დანიშვნას. ტელევიზია არსად იყო ნახსენები. უბრალოდ, ტელევიზიების მაუწყებლობისთვის იყენებენ ინტერნეტს და ვინც გააპროტესტა, თავად გადააკეთეს. შემდეგ გაერკვნენ და დაიწყეს კანონპროექტის განხილვა.

- ამ კანონზე მსჯელობისას თვალში საცემი აღმოჩნდა 5%-იანი წილის გასხვისებათან დაკავშირებული დეტალები, კერძოდ, ის, რომ წილი კომუნიკაციების მარეგულირებლის გარეშე ვერ გასხვისდება. მმართველი გუნდის წევრები და კომუნიკაციის მარეგულირებლის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ სახელმწიფო ინტერესებით ხელმძღვანელობდნენ. ძალიან კარგი მაგრამ.... ქართულ სატელევიზიო სივრცეში რუსული გასართობი გადაცემების არხი კარგა ხანია მაუწყებლობს, რომელზეც რუსული გადაცემები ქართულად ითარგმნება. გვახსოვს ამ თემაზე მარეგულირებლის არც მაინცამაინც დამაჯერებელი განმარტები. ვითარებაში, როცა რუსეთი საქართველოსა და მისთვის მნიშვნელოვან ქვეყნების წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს ლამის ღიად და დაუფარავად აწარმოებს, თქვენი აზრით, სახელმწიფოებრივი ინტერესები რამდენად იყო გათვალიწინებული მაშინ, როცა ქართულ სატელევიზიო სივრცეში რუსულ გასართობ არხს მიეცა მაუწყებლობის უფლება?

- არ ვიცი რომელ არხზე საუბრობთ. ყველა არხს არ ვუცქერი. ბევრი ტელევიზია მიმართავს მსგავს გზას. რომელი გადაცემაა, რომელზეც საავტორო უფლებები გვაქვს? გადაცემა "იღბლიანი ბორბალი" ნათარგმნი არაა? ან "ვანოს შოუ" და მსგავსი შოუები, ასევე გადმოკოპირებული არაა? წამყვანი ტელევიზიები, მ.შ. თავის თავს მედასავლეთეებს რომ ეძახიან, წლებია აჩვენებენ ქართულად ნათარგმნ საბჭოურ ფილმებს, ან თანამედროვე რუსულ სერიალებს. ასე რომ საფიქრალია და არ მივესალმები. ისევე როგორც არ მივესალმები ბილაინის შემოყვანას ბაზარზე. მოკლე მეხსიერება აქვთ?

მე კანონის მიზანი ზუსტად იმაში დავინახე, რომ კრიტიკული ინფრასტრუქტურა, ინტერნეტი, მობილური კავშირი და სხვა, არ იქნას გამოყენებული სახელმწიფოს წინააღმდეგ.

მე კანონის მიზანი ზუსტად იმაში დავინახე, რომ კრიტიკული ინფრასტრუქტურა, ინტერნეტი, მობილური კავშირი და სხვა, არ იქნას გამოყენებული სახელმწიფოს წინააღმდეგ

მგონი ბიზნესმა, ამ კრიტიკული ინფრასტრუქტურის მფლობელებმა გაიგო ამ კანონის არსი და შეაჯერეს გარკვეული საკითხები, რასაც არ ეთანხმებოდნენ. კარგი იქნება მათ გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები, თუ ხედავენ რაიმე პრობლემას უკვე საბოლოო ვერსიაში.

თუ მათი ხედვით კიდევ დარჩა პრობლემები, სიამოვნებით ჩავებმებით განხილვებში. ეს ბიზნესის, მარეგულირებლის და პარლამენტის სასაუბრო თემაა.

"ინტერპრესნიუსი"

კობა ბენდელიანი

რამაზ საყვარელიძე - არცერთ კვლევაში პატარა პარტიებისკენ არ მიდის ხმები, რადგან ჯერ ისევ „ნაციონალების“ და მისი ვარიაციების მიღება-არმიღებაა მწვავე საკითხი
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2020
გიორგი პერტაია - სავაჭრო პალატა მეწარმეებს ბიზნესის მხარდამჭერ ყველა პროგრამას ერთ ონლაინ პლატფორმაზე სთავაზობს
ბიზნესოპერაციები მობილური ტელეფონით - ტერაბანკის მობაილბანკი ბიზნესისთვის
ბუნებრივი რესურსების საკონსულტაციო მომსახურება - კოლიერსის და MMS-ის ერთობლივი პროდუქტი
მარტივი, უსაფრთხო და მოქნილი Apple Pay ციფრული საფულე პროკრედიტ ბანკის მომხმარებლებისთვის!
HR ბიზნეს სამიტი HR hub-ის ორგანიზებითა და PSP დაზღვევის მხარდაჭერით წარმატებით ჩატარდა
"მეამას" შენობა მსოფლიოში საუკეთესო სამუშაო სივრცედ დასახელდა