ქართული პრესის მიმოხილვა 22.07.2020

"ხელისუფლება მიზიდულობის ცენტრს ვერ ქმნის, სადაც ახალგაზრდები წავიდოდნენ“ - ხუხაშვილი

"იქნება მეორე ტალღა და შესაძლოა უფრო სერიოზული, ვიდრე პირველი" - კორონავირუსის აფეთქება საქართველოში

***

"ხელისუფლება მიზიდულობის ცენტრს ვერ ქმნის, სადაც ახალგაზრდები წავიდოდნენ“ - ხუხაშვილი

"ხელისუფლებას სამწუხაროდ იმის რესურსი არ აქვს და ისეთ მიზიდულობის ცენტრს ვერ ქმნის, სადაც, ამ პარტიაში ახალგაზრდები წავიდოდნენ. ახალგაზრდებს არ მოსწონთ, არ თვლიან პროგრესულ მომავლის პოლიტიკურ ძალად და არ მიდიან". ასე აფასებს „რეზონანსთან" პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარ კანდიდატებზე აქცენტი პოპულარულ, გამოცდილ კადრებზე გაკეთდა, ხოლო ახალ სახეებს საზოგადოებამ სიაში იხილავს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "ხელისუფლება მიზიდულობის ცენტრს ვერ ქმნის, სადაც ახალგაზრდები წავიდოდნენ“ - ხუხაშვილი

"კორესპონდენტის თქმით, ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ქვეყანაში კრიმინალის გაზრდას ხელი ხელისუფლებამ შეუწყო, კითხვაზე, თუ რას ფიქრობს პოლიტოლოგი ამ მოსაზრებასთან დაკავშირებით? ხუხაშვილის თქმით, ხელისუფლებამ შეუწყო - ცუდად ნათქვამია, ბუნებრივია, ხელისუფლებას ამის პირდაპირი სურვილი, რომ ახლა კრიმინალი გაზრდილიყო, ნამდვილად არ ჰქონდა, თუმცა, სამწუხაროდ, გარკვეულწილად, "შავი სამყაროს" გააქტიურება შეიმჩნევა. "შავი სამყაროს" დაბრუნება საბედნიეროდ არა იმ სახით რაც 90-იანებში იყო, მაგრამ ამ მხრივ ტენდენციები დეგრადაციისკენ მიდის და ეს სერიოზულად მისახედია”, - აღნიშნავს გამოცემა.

"კორესპონდენტის თქმით, ბუტა რობაქიძის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილისა და ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის სასამართლო პროცესზე ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ამას პოლიტიკური ელფერი აქვს, ამას პოლიტიკურ დევნად აფასებს ასევე ოქრუაშვილის ადვოკატიც... პოლიტოლოგის აზრით, რა თქმა უნდა, ტრაგედიის მოშუშება შეუძლებელია, მაგრამ ეს ხანდაზმული საქმეა და წინასაარჩევნოდ ასეთი თემების აქტუალიზაცია, რა თქმა უნდა დაძაბულობას უწყობს ხელს. მომხრე ვარ, რომ ყველა საქმე განხილული და გამოძიებული იქნას, მაგრამ კონტექსტი სამწუხაროდ დამაფიქრებელია. დამაფიქრებელია იმიტომ, რომ თუ ვინმეს ამ საქმის გამოძიება უნდოდა, ამისათვის ძალიან ბევრი წელი ჰქონდა, ამ ხელისუფლებას ამისთვის რვა წელი ჰქონდა, იმას ვერ იტყვიან, რომ რამე ახალი გარემოება აღმოაჩინეს და შესაბამისად ამ პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, არჩევნებამდე სულ რაღაც ორი თვე დარჩა და სჯობია, რომ ასეთ საქმეებზე ცოტა მოიცადონ და მერე კი ბატონო, თუ რამეა სალაპარაკო და გამოსაძიებელი, გამოიძიონ და მართლმსაჯულება აღასრულონ”, - განაგრძობს გამოცემა.

"კორესპონდენტის თქმით, ხელისუფლება მაჟორიტარ კანდიდატებზე ამბობს, რომ მათ შერჩევისას აქცენტი გამოცდილ და ცნობილ სახეებზე იყო გაკეთებული, ხოლო ახალ სახეებს სიაში ვიხილავთ, კითხვაზე თქვენი აზრით, აქვს თუ არა მმართველ პარტიას იმისი რესურსი, რომ სიაში მართლაც ვიხილოთ ახალი სახეები, ხუხაშვილის თქმით, საინტერესოა, ვინ არიან ეს პოპულარული სახეები, ძალიან მაინტერესებს, აბსოლუტურად არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებენ, ეს ყველაფერი ზღაპრებია, ესაა კეთილი სურვილები, რასაც ახდენა არ უწერია. ამას (ახალ სახეებზე) გვპირდებიან უკვე მერამდენე წელია, პირველად შეგვპირდნენ და ღარიბაშვილი დააბრუნეს, მეორედ შეგვპირდნენ და კიდევ ვიღაცა დააბრუნეს, ხელისუფლებას სამწუხაროდ იმის რესურსი არ აქვს და ისეთ მიზიდულობის ცენტრს ვერ ქმნის, სადაც ამ პარტიაში ახალგაზრდები წავიდოდნენ, ახალგაზრდებს არ მოსწონთ, არ თვლიან პროგრესულ მომავლის პოლიტიკურ ძალად და არ მიდიან”, - წერს სტატიის ავტორი.

"იქნება მეორე ტალღა და შესაძლოა უფრო სერიოზული, ვიდრე პირველი" - კორონავირუსის აფეთქება საქართველოში

“ბოლო პერიოდში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის ტენდენცია შეინიშნება. 22 ივლისს ქვეყანაში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეპიდემიოლოგები მეორე ტალღის შესაძლო დასაწყისზე საუბრობენ. „არის ისეთი პროგნოზი, რომ იქნება მეორე ტალღა და შესაძლოა უფრო სერიოზული ვიდრე იყო პირველი ტალღა", - ამბობს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორი მარინა ენდელაძე „რეზონანსთან" საუბრისას”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "იქნება მეორე ტალღა და შესაძლოა უფრო სერიოზული, ვიდრე პირველი" - კორონავირუსის აფეთქება საქართველოში

"მისივე თქმით, ქვეყანაში შეინიშნება კორონავირუსის გაზრდილი მაჩვენებელი, რაც მეორე ტალღის მოახლოების ერთ-ერთი ნიშანია. ენდელაძე მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. შემთხვევებმა მოიმატა და არის საშიშროება. ვფიქრობ, რომ ღონისძიებები მისაღებია, რამდენადაც უკვე ახალი სოფლები დაემატა, ახალი კერები გაჩნდა, რა თქმა უნდა, საშიშია. არის ისეთი პროგნოზი, რომ იქნება მეორე ტალღა და შესაძლოა უფრო სერიოზული ვიდრე იყო პირველი ტალღა. გაზრდილი მაჩვენებელი და ის, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად აჭარბებს გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას უკვე არ არის კარგი პროგნოზი. აუცილებელია, რომ ისევ დავიწყოთ ჩვენ მოქალაქობრივ პასუხისმგებლობაზე საუბარი. ისე დავიცვათ ყველა რეკომენდაცია. ჩვენს ეპიდემიოლოგებს არ ეშლება ეპიდემიოლოგიური პროცესების მართვა, მაგრამ ჩვენი მოვალეობაა, რომ ისევ და ისევ ფრთხილად ვიყოთ, რომ არ იყოს კიდევ უფრო სერიოზული ახალი ეპიდაფეთქება", - ამბობს ენდელაძე”, - აღნიშნავს გამოცემა.

"დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, 24 ახალი შემთხვევიდან 10 გარდაბნის მუნიციპალიტეტის კლასტერია, 5 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 7 იმპორტირებულია, აქედან 5 სატვირთოს მძღოლების მიერ. 2 შემთხვევის წყაროს კვლევა მიმდინარეობს. 24 შემთხვევიდან 22-ის წყარო ცნობილია. მარინა ენდელაძის თქმით, გარკვეული ზომები ქვეყანაში უკვე მისაღებია, მათ შორის შესაძლებელია გარდაბნის მუნიციპალიტეტის ჩაკეტვაც. ის საზოგადოებას რეკომენდაციების სრული დაცვისკენ მოუწოდებს. „სატვირთოს მძღოლების პრევენცია ძალიან სერიოზულად ხდება. საზღვრის გადაკვეთისთანავე ხდება მათი იზოლაცია და ტესტირება. ვფიქრობ, ისინი მაინც და მაინც არ უნდა გახდნენ გავრცელების წყარო, რამდენადაც საზღვარზე ხდება მათი ტესტირება და პირდაპირ მოჰყავთ იქიდან პაციენტები ჩვენს კლინიკებში. ამდენად, ეს ნაკლებად საშიშია, ვიდრე ის ახალი კერები, რომლებიც ქვეყანაში ბოლო პერიოდში გაჩნდა. ალბათ შესაძლებელია უკვე თუნდაც გარდაბნის ჩაკეტვა. „მთავარია, რომ დავიცვათ რეკომენდაციები, კვლავ დისტანცირება, ნიღბების ტარება, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე მისვლისგან თავის შეკავება, უნდა გავაცნობიეროთ, რომ დიდი რაოდენობის ხალხის შეკრება არ შეიძლება იმიტომ, რომ შესაძლებელია ეს მეორე ტალღა ბევრად სერიოზული იყოს", - აღნიშნა „რეზონანსთან" მარინა ენდელაძემ”, - დასძენს გამოცემა.

"გარდაბნის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში გაფართოებული ეპიდკვლევა 21 ივლისს დაიწყო. რეგიონში რამდენიმე სერიოზული ეპიდკერაა. უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს მუნიციპალიტეტის ჩაკეტვის გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა გამკაცრდა ზომები. მიმდინარეობს ინტენსიური თერმოსკრინინგი. საქართველოში საერთო ჯამში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1073-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 907-ს შეადგენს. გარდაცვლილია 16 მოქალაქე. კარანტინის რეჟიმში მყოფთა რაოდენობა კი - 5692-ია”, - წერს სტატიის ავტორი.

რამაზ საყვარელიძე - თუ „ქოც/ნაცებმა“ მიაღწიეს საწადელს, ისევ დატოვეს ამომრჩეველი ორ პოლუსს შორის, მაშინ არაფერი შეიცვლება, ამ კინოსაც ის დასასრული ექნება, რაც ადრინდელ კინოებს ჰქონდათ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.09.2021
დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს
სტერეო +  განცხადებას ავრცელებს
„სს ფუდმარტი“ რიგით მე-500 მაღაზიას ხსნის
„ვითიბი“ ბანკმა ილუზიების მუზეუმის გასახსნელად 700,000 ლარის ოდენობის სესხი გასცა
ვლადიმერ პაპავა - საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია
საქართველოს უნივერსიტეტი ვაქცინაციის პროცესში ჩაერთო
შპს „ლუკოილ-ჯორჯიამ“ კომპანია „უნიგრუპის“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა