დავით სერგეენკო განმარტავს, რატომ არ ჩანდა პანდემიის პერიოდში როგორც ჯანდაცვის საკითხებში პრემიერის მრჩეველი

რასაც აკეთებდა დაავადებათა კონტროლის ცენტრი - ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე, მათზე უკეთესად ამ საქმეს ვერ გავაკეთებდი, - ასე პასუხობს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი და „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი საბურთალოზე დავით სერგეენკო „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ დასმულ კითხვას, თუ რატომ არ ჩანდა ის პანდემიის პერიოდში როგორც ჯანდაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი და რატომ მართავდა მთავრობის ადმინისტრაციაში ყოველდღიურ ბრიფინგებს მთავრობის მეთაურის სხვა მრჩეველი ირაკლი ჩიქოვანი.

სერგეენკოს თქმით, მისი პოზიცია საჯარო გამოსვლებს არ ითვალისწინებდა.

„მოკლედ გეტყვით სამუშაოს აღწერილობას, რით ვიყავი დაკავებული. უწყებათაშორის კომისიის მუშაობაში არც საჯარო და არც არასაჯარო სივრცეში მონაწილეობა არ მიმიღია. ჩემი ამოცანა იყო უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციების, საერთაშორისო მონაცემების და საერთაშორისო ექსპერტული დასკვნების შეჯერება მინიმუმ კვირაში ერთხელ ან კვირაში რამდენჯერმე, ამ დაიჯესტის ანალიტიკური წერილების მომზადება და მისი მიწოდება პრემიერისთვის.

ბრიფინგებზე უნდა იყოს ძალიან მაღალი დონის ექსპერტი. ის ინფორმაცია, რასაც ამბობ, ძალიან კარგად უნდა იცოდე. იმას, რასაც აკეთებდა დაავადებათა კონტროლის ცენტრი - ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე, მე იმათზე უკეთესად ამ საქმეს ვერ გავაკეთებდი. რაც შეეხება ირაკლი ჩიქოვანს, ის აჟღერებდა უწყებათაშორის გადაწყვეტილებებს შეზღუდვებსა და შემსუბუქებაზე და არა საკუთრივ, ეპიდემიოლოგიურ სურათს“, - აღნიშნავს სერგეენკო.

მან ასევე პოზიტიურად შეაფასა პანდემიის პირობებში ჯანდაცვის სისტემის მუშაობა, თუმცა, უარი თქვა ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის მუშაობის შეფასებაზე. სერგეენკო აღნიშნავს, რომ ის საზოგადოებამ უნდა შეაფასოს.

„მე არ დავუკავშირებდი ამას პიროვნებებს, არც ეკას და არც ვინმე სხვას. მე გეტყოდით, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ, კერძოდ მისმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ნაწილმა იმუშავა ბრწყინვალედ. ორი საყრდენი წერტილი იყო აქ: ადრეული ჩარევები და მეორე - უწყებათაშორისი ანუ მულტისექტორული კომუნიკაცია. ამისთვის დაავადებათა კონტროლის ცენტრს თავისი ექსპერტიზით და კომპეტენციით უნდა დაერწმუნებინა მთავრობა, რომ მიეღოთ ის ზომები, რომელიც მიიღეს. ეს მათ შესანიშნავად შეასრულეს. მინისტრის მუშაობა, რადგან ეს პოლიტიკური პოზიციაა, უნდა შეაფასოს საზოგადოებამ და არა მისმა წინამორბედმა“, - განაცხადა სერგეენკომ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა