კრისტიან ურსე - რაც უფრო მეტი დროის განმავლობაში რჩება ერთი პოლიტიკური პარტია ძალაუფლების სათავეში, მით უფრო მეტი ცდუნება არსებობს

კრისტიან ურსე უკვე 5 წელია ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელია საქართველოში. მისი თქმით, ამ წლების განმავლობაში საქართველოსთვის მნიშვნელოვან მრავალ პოლიტიკურ პროცესში აქვს მონაწილეობა მიღებული. მათ რიცხვს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არსებულ უკანასკნელ მოლაპარაკებებში სხვა მოდერატორებთან ერთად თანამონაწილეობაც განეკუთვნება. კრისტიან ურსეს შეფასებით, საქართველოს პოლიტიკური გარემო ზედმეტად პოლარიზებულია. კიდევ რას მიიჩნევს ქვეყნის წინაშე არსებულ მთავარ გამოწვევად და რა რჩევას აძლევს საპარლამენტო არჩევნების პირისპირ მდგარ პოლიტიკურ მოთამაშეებს - ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე კრისტიან ურსე 16 ივნისს „ინტერპრესნიუსს“ ესაუბრა.

- პირველ რიგში, მინდა გთხოვოთ, შეაფასოთ თქვენი მუშაობა საქართველოში. რას მიიჩნევთ თქვენს მიღწევებად და ერთგვარ მემკვიდრეობად ?

- პირველ რიგში, მინდა მადლობა გადაგიხადოთ მოცემული შესაძლებლობისთვის, რომ საქართველოში ჩემი მისიის დასასრულს რამდენიმე მოსაზრება გაგიზიაროთ. ვფიქრობ, მემკვიდრეობა ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ეს ნამდვილად იყო 5 ძალიან მდიდარი და სასარგებლო წელი. ბევრი რამე ვნახე საქართველოში და ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, გაგვეფართოებინა ევროპის საბჭოს ოფისის თანამშრომლობა საკმაოდ დიდი რაოდენობის ინსტიტუციებთან. ამ პერიოდის განმავლობაში მოხდა ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის იმპლემენტაცია. ახალი სამოქმედო გეგმა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ოფიციალურად 2019 წლის ნოემბერში წარადგინა. ჩვენ შევძელით, რომ ძალიან წარმატებული თანამშრომლობა გვქონოდა ყველა ინსტიტუციასთან, რომელთანაც შეხება გვქონდა, რითიც ძალიან ვამაყობთ. ვხედავთ კარგ პერსპექტივას ამ მიმართულებით. რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებსა და მიღწევებს, რა თქმა უნდა, არ შემიძლია თავი ავარიდო უკანასკნელ პერიოდში შემდგარ პოლიტიკურ დიალოგს, რომელშიც ევროპის საბჭო და მეც ვმონაწილეობდი სხვა ფასილიტატორებთან ერთად. თუმცა არის სხვა საკითხებიც, რომლებითაც არანაკლებ ვამაყობ, რომ შევძელით ამ საკითხებზე გვემუშავა, შევძელით თანამონაწილეობის მიღება და საბოლოო ჯამში, დასრულება. მაგალითისთვის, გასულ დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო სასამართლო რეფორმების ე.წ მეოთხე ტალღა, ძალიან მნიშვნელოვანი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც დაკავშირებულია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასთან, მოსამართლეების შერჩევასა და დანიშვნასთან, მოსამართლეების დაწინაურებასთან, მოსამართლეების წინააღმდეგ მიმართული დისციპლინარული ღონისძიებების გატარებასთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნქციონირების წესებთან, იუსტიციის უმაღლესი სკოლის ფუნქციონირებასთან. ეს ყველაფერი დაკავშირებულია უკეთეს და მეტად დამოუკიდებელ სასამართლო სისტემასთან და ამისთვის 2 წელზე მეტია ძალისხმევის გაწევა ხდება და ამ პროცესში ჩვენ უშუალო მონაწილეობა მივიღეთ. ამ პროცესის კიდევ ერთი წარმატებული ნაწილი იყო ის, რომ ყველა დაინტერესებული მხარე ჩართული იყო დიალოგში და დასასრულისთვის მივიღეთ კანონპროექტი, რომელსაც მხარი დაუჭირეს. ყველა დაინტერესებულ მხარეში ვიგულისხმე პარლამენტი, მოსამართლეები, ხელისუფლება, ასევე სახალხო დამცველი და არასამთავრობო სექტორი. აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ყველა მხარე შეთანხმდა, რომ ამ შრომის შედეგი კარგი, არსებითი და მნიშვნელოვანი იყო.

რამდენიმე დღის წინ გვქონდა ღონისძიება, რომელშიც სასამართლო სისტემის ყველა შტო მონაწილეობდა, მათ შორის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, გენერალური პროკურორი და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე. მათ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის შედეგადაც, შეიქმნა „მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭო“, ე.წ. ბენჩ-ბარ პლატფორმა. ეს არის სადისკუსიო პლატფორმა, რომელიც მართლმსაჯულების სფეროში აქტუალურ სამართლებრივ საკითხებზე აზრთა თავისუფალ გაცვლას უზრუნველყოფს. წარსულში საკმაოდ კარგი თანამშრომლობა გვქონდა პროკურორის ოფისთან. ასევე, ადვოკატთა ასოციაციასთან - პირადად მე ვიხილე, როგორ იზრდებოდა ეს ინსტიტუცია უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში და მოხარული ვარ, რომ ევროპის საბჭომ ამ პროცესში თავისი წვლილი შეიტანა სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად. ჩვენ ასევე, აქტიურად ვმუშაობდით პენიტენციალური სისტემის მიმართულებით, მათ შორის დაკავების იზოლატორებში და წლების განმავლობაში ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვან გაუმჯობესებას ვხედავთ. ჩვენ ასევე ვმუშაობდით ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და აუდიტის სამსახურთან. პოტენციალის ამაღლებაში დავეხმარეთ ისეთ ინსტიტუციებს, რომლებიც მუშაობენ ოჯახური ძალადობისა და ქალების მიმართ ძალადობის საკითხებზე. დავიწყეთ და ახლაც ვაგრძელებთ ძალიან იმედის მომცემი კამპანიის წარმოებას, რომელიც უპირისპირდება დისკრიმინაციასა და სიძულვილს. წვლილი შევიტანეთ ინტერნეტის მმართველობის ფორუმის ჩამოყალიბებაში, რომლიც 5 წლის წინ დაიწყო. ყველა ეს ზემოთ ჩამოთვლილი საკითხი მაბედნიერებს, რადგან აჩვენებს საქართველოს ინსტიტუციების სიძლიერესა და მომავალი თანამშრომლობის მზაობას.

- თქვენ აღნიშნეთ, რომ საქართველოში ბევრი რამ ნახეთ, მონაწილეობდით საკმაოდ ბევრ ღონისძიებაში. თუ შეიძლება გკითხავთ, რას მიიჩნევთ ყველაზე დიდ გამოწვევად, რომლის წინაშეც ქვეყანა დღეს დგას და როგორ აფასებთ საქართველოს ხელისუფლების ეფექტურობას ამ გამოწვევებთან გამკლავების პროცესში ?

- ერთი მხრივ, დღეს ყველა საუბრობს კოვიდ კრიზისზე და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ამ მიმართულებით ხელისუფლებამ საკმაოდ კარგი სამუშაოს წარმოება შეძლო და საქართველო არის იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც აქვთ დაინფიცირების შემთხვევების ძალიან დაბალი მაჩვენებელი, მაგრამ ძალიან ბევრი სფეროა, რომელიც დაზარალდა კოვიდის შედეგად. სულ მცირე, მომავალ არჩევნებზე რომ ვიფიქროთ და იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს მათი ორგანიზება და რა დამატებითი ზომები უნდა იქნას მიღებული, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი უპრობლემოდ ჩაივლის და საბოლოდ საქართველოს ექნება სამართლიანი და გამჭირვალე არჩევნები. თუ გავთამამდები და დავასახელებ გამოწვევას, რომელიც შესაძლოა, ჯერ კიდევ არსებობდეს და რომელიც მკაფიოდ გამოჩნდა პოლიტიკური დიალოგის მიმდინარეობისას, ვიტყოდი, რომ ეს პოლარიზაციაა. პირველ რიგში, არსებობს ბუნებრივი და ობიექტური მხარე პოლარიზაციის, ზოგიერთი პოლიტიკური უთანხმოება ნორმალური და ჯანსაღია, რადგან ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში კონკურენცია უნდა იყოს, თუმცა ასევე არის არასაჭირო რაოდენობის პოლარიზაცია.

- პოლარიზაცია ახსენეთ. მინდა გკითხოთ, როგორ აფასებთ ხელისუფლების დამოკიდებულებას ოპოზიციის მიმართ და შესაძლოა, გაგონილი გქონდეთ გარკვეულწილად შეურაცხმყოფელი გამონათქვამები მათ მიმართ ?

- ჩემი შესაფასებელი არ არის, ვინ რას ამბობს, ამიტომ არაფერს ვიტყოდი განცხადებებზე, რომლებიც გაკეთებულია ხელისუფლებისა თუ ოპოზიციის მხრიდან. პოლარიზაციას იზიარებს პოლიტიკური პროცესის ყველა მონაწილე. ამ გადმოსახედიდან, გარკვეულწილად ეს პოლიტიკური დებატებია და ცალსახად არ არის ჩემი მანდატის ფარგლებში ამის შეფასება, თუმცა ამ მიმართულებით რისი დამატებაც მინდა და სავარაუდოდ, ეს დაკავშირებულია პოლარიზაციის არაჯანსაღ ნაწილთან, არის ის, რომ ზოგჯერ ვხედავთ დამოუკიდებელი ინსტიტუტები, რომლებსაც აქვთ მკვეთრად განსაზღვრული მანდატი, რასაც არანაირი კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან, ზოგჯერ ჩათრეულები არიან პოლიტიკურ უთანხმოებაში და ეს, ჩემი აზრით, არ უნდა ხდებოდეს. მაგალითისთვის, სახალხო დამცველის აპარატი, ვფიქრობ, კარგად ჩამოყალიბებული ინსტიტუციაა და მას აქვს საკმაოდ მაღალი რეპუტაცია. ეს სწორედ იმ სახის ინსტიტუციაა, რომელიც ჩათრეული არ უნდა იყოს პოლიტიკურ დებატებში. ვფიქრობ, ყველა პოლიტიკურმა მონაწილემ ასეთი ინსტიტუციის მანდატს პატივი უნდა სცეს და სახალხო დამცველის ანგარიშებისა თუ კრიტიკის კონსტრუქციული ნაწილი უნდა გაითვალისწინოს. რა თქმა უნდა, არსებობს სხვა დამოუკიდებელი ინსტიტუციების მაგალითები, რომლებიც აკეთებენ თავიანთ საქმეს და რომლებმაც უნდა გააგრძელონ ამ საქმის კეთება.

- ამ გადმოსახედიდან როგორ აფასებთ დემოკრატიულობის ხარისხს საქართველოში ?

- ამ გადმოსახედიდან, როდესაც დემოკრატიულობის ხარისხზე საუბრობ, გრძელვადიან პერსპექტივას იღებ. ევროპის საბჭოს პერსპექტივიდან, ვფიქრობ, უდავოა, რომ საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი პროგრესი უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში, თუ საქართველოს დამოუკიდებლობაზე ვსაუბრობთ და უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც საქართველო ევროპის საბჭოს წევრია. ასევე, ვფიქრობ, აღსანიშნავია, რომ საქართველომ ახლახანს დაასრულა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პრეზიდენტობა. ვფიქრობ, ბევრი მიზეზია, რის გამოც საქართველო უნდა ამაყობდეს. თუმცა საქართველოს, ისევე როგორც სხვა ქვეყნებს რეგიონში, აქვს პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობა და ვფიქრობ, რომ მთელი რიგი ინსტიტუციები, დაწყებული პარლამენტითა და მთავრობით და გაგრძელებული გენერალური პროკურორის ოფისით, მნიშვნელოვანად განვითარდნენ უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში და ახლა უდავოა, რომ ისინი თანამედროვე ინსტიტუციები არიან, რომლებიც კვლავ ისწრაფვიან მეტი ეფექტურობისკენ და არიან რეფორმების სწორ გზაზე.

- თუმცა, შეგიძლიათ თქვათ, რომ დემოკრატიულობის გზაზე ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი ?

- ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი - ეს ერთგვარი კლიშეა, რადგან ბევრია გასაკეთებელი ბევრ ქვეყანაში. თუ შევხედავთ კონკრეტულ საკითხებს და მე მაგალითად მოვიყვანე სასამართლო სისტემა და სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა, ეს კანონმდებლობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს კანონმდებლობა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც პროგრესის შესაძლებლობას იძლევა მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში და ჩემი ხედვით, მას განგრძობითი ეფექტი ექნება საქართველოსთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ცვლილება დაუყოვნებლივ არ იქნება, თუმცა 5 წლის შემდეგ, შესაძლებელი იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებების შეფასება. რა თქმა უნდა, ყველა ინსტიტუციას ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო აქვს, მაგრამ კარგი ის არის, რომ საქართველოს წარმატებული მიმართულება აქვს არჩეული. იმის მიუხედავად, რომ საქართველო თითქმის ერთ-ერთი ბოლო შეუერთდა ევროპის საბჭოს, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, თუ მხედველობაში მივიღებთ ევროკავშირის შეფასებებს, აღმოსავლეთ პარტნიორობის იმპლემენტაციასა და ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგს, საქართველო მოწინავეა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველომ წარმატებით გაიარა ეს ფაზები და პროგრესირდა გარკვეული მიმართულებით უკეთ, ვიდრე სხვა ქვეყნები.

- აქვე მინდა გკითხოთ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებაზე. ფიქრობთ, რომ 8 მარტის შეთანხმება სრულად შესრულებულია ? და თუ არ ფიქრობთ, ვის პასუხისმგებლობას ხედავთ ამაში?

- 8 მარტის შეთანხმება, პირველ რიგში, ჩვენი ხედვით, დიდი მიღწევა იყო, რადგან მან ორი რაღაც გააკეთა- ერთი მხრივ, შეძლო საარჩევნო სისტემაში ცვლილებების შეტანა 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებისთვის, რაც იყო დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი, რადგან ეს საკითხი უკვე მრავალი წელია წამოჭრილია და ოპოზიციური პარტიები ამბობდნენ, რომ პროპორციული სისტემა იყო საჭირო, მაგრამ ეს საკითხი იმდენად სწრაფად არ მოგვარდა, როგორც უნდა მოგვარებულიყო. ეს მოხდა მიმდინარე წლის მარტში და ეს კარგია საქართველოს დემოკრატიისთვის, რადგან ის უფრო მეტად პლურალისტული პარლამენტის ჩამოყალიბების შესაძლებლობას იძლევა არჩევნების შემდეგ. ამან ასევე ცხადყო, რომ პოლარიზაციის და იმის მიუხედავად, რომ რჩება შთაბეჭდილება თითქოს მმართველი პარტია და ოპოზიცია ვერასდროს შეთანხმდებიან მნიშვნელოვან საკითხებზე, კომპრომისი მაინც შესაძლებელი გახდა. ამაში წვლილი ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს მიუძღვის, ვინც მონაწილეობას იღებდა ამ მოლაპარაკებაში. თავად ეს შეთანხმება, როგორც ყველამ ვიცით, ორი ნაწილისგან შედგებოდა. მისი ერთი ნაწილი საკონსტიტუციო ცვლილებებს ეხებოდა, რომელიც დამტკიცდა. მეორე ნაწილი არსებითად იყო პოლიტიკური აქტორების მიერ აღებული ვალდებულება, რომ თავი აერიდებინათ ზოგიერთი სამართლებრივი, ასევე სხვა საარჩევნო პროცესისა და საარჩევნო მზადების პოლიტიზირებისთვის, რაც იყო თანაბრად მნიშვნელოვანი განცხადება, რადგან ეს არის ის, თუ ზოგადად, როგორ უნდა იყოს მომზადებული არჩევნები და როგორ უნდა იწარმოებოდეს საარჩევნო კამპანია. ჩემი გადმოსახედიდან, ეს ჯერ კიდევ აქტუალური ვალდებულებაა. ვიმედოვნებთ და ვაგრძელებთ წახალისებას ყველა პოლიტიკური პროცესის მონაწილის, რადგან ეს ვალდებულება მიღებული იყოს ყველას მიერ, რომ შეასრულონ ეს ვალდებულება. პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ არ უნდა იმოქმედონ ისე, რომ ეს აღქმული იყოს, როგორც ამა თუ იმ პროცესის პოლიტიზირება და ვიმედოვნებ, რომ ამ ვალდებულების ერთგულები არჩევნების შემდეგაც დარჩებიან.

- მალე საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იქნება, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებიც დიდი ინტერესით ელიან. როგორი იქნება თქვენი რჩევა პოლიტიკური მოთამაშეების მიმართ, როგორ ფიქრობთ, ვის ეკისრება ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა ამ არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარებაზე ?

- პოლიტიკური პროცესის ყველა მონაწილე დაინტერესებულია, რომ ჩატარდეს სამართლიანი და გამჭირვალე საპარლამენტო არჩევნები და ყველამ უნდა იმუშაოს ამ მიმართულებით. უფრო მეტიც, თუ დავუბრუნდებით 8 მარტის შეთანხმების მაგალითს, ამ შეთანხმებამ დღის წესრიგიდან დღემდე არსებული ერთი სადავო საკითხი მოხსნა და ეს საარჩევნო სისტემაა. ოპოზიციური პარტიები ამბობდნენ, რომ შერეული საარჩევნო სისტემა უსამართლო იყო, მას ჰქონდა ეს კონკრეტული შედეგი და რომ შესაცვლელი იყო. ეს აღარ არის ახლა განხილვის საგანი. ჩვენ გვაქვს სისტემა, რომელზეც ყველა მხარე შეთანხმდა; ასე რომ, ახლა გვაქვს ერთით ნაკლები არასაჭირო განხილვის საგანი, რაც აძლევს პოლიტიკურ აქტორებს საშუალებას, რომ ფოკუსირდნენ არსებულ საკითხებზე, ამომრჩევლების წინაშე წარდგნენ და აუხსნან, რის გაკეთებას აპირებენ და რატომ სურთ მათი ხმების მიღება. იგივე შეიძლება ითქვას ახლახანს საარჩევნო კოდექსში შესულ შესწორებებზე, რომელთა დამტკიცება საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებიდან მალევე მოხდა. საარჩევნო კოდექსში შეტანილმა ცვლილებებმა უნდა გააუმჯობესოს საარჩევნო რეგულაციები და გარემო, ასევე, არჩევნებისთვის მზადების პროცესი ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესაბამისად. ვიმედოვნებ, რომ, სულ მცირე, ზოგიერთი საკითხის გვერდით გადადება მოხდება, რომელთა ირგვლივ დიდი ხნის განმავლობაში იყო დებატები და კამათი და პოლიტიკური პარტიები ფოკუსირდებიან კონკრეტულ საკითხებზე, რომლებიც ამომრჩეველთა პირდაპირ ინტერესებშია.

- რა თქმა უნდა, იცით, რომ ამ შემთხვევაში ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე მმართველი პარტიაა, რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ ერთი და იგივე ძალის ხელისუფლებაში სამი ვადით დარჩენა და როგორია ამ მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილება ?

- არ მგონია, რომ ამ მიმართულებით ვინმემ რაიმე რეკომენდაციის მოცემა შეძლოს. მჯერა, რომ ეს დამოკიდებულია ამომრჩეველზე, თუ ვინ სურს, რომ იხილოს ხელისუფლებაში და ამ მიმართულებით ლიმიტი არ არსებობს. დამოკიდებულია იმაზე, რომელი პოლიტიკური პარტია შეძლებს ამომრჩევლების დარწმუნებას, მაგრამ არის გარკვეული ასპექტი, რომლის განხილვაც შეიძლება, რადგან, ბუნებრივია, რომ რაც უფრო მეტი დროის განმავლობაში რჩება ერთი პოლიტიკური პარტია ძალაუფლების სათავეში, მით უფრო მეტი ცდუნება არსებობს. ამიტომ მჯერა, რომ პარტიები, რომლებიც ახერხებენ, რომ ხელისუფლებაში ხანგრძლივი დროის განმავლობაში დარჩნენ, მათ უნდა მიმართონ მეტ თვითშეზღუდვას, მათ არა მხოლოდ საკუთარ თავს უნდა ჰკითხონ სწორია თუ არა ის, რასაც აკეთებენ, მათ უფრო ყურადღებით უნდა უსმინონ დამოუკიდებელ ინსტიტუტებს, ყურადღებით უნდა უსმინონ არასამთავრობო სექტორს და ზოგადად, ექსპერტებს, როდესაც საქმე ეხება მმართველობის ასპექტებს. საბოლოოდ, ხელისუფლებაში მყოფმა ძალამ უნდა უსმინოს ობიექტურ კრიტიკას. უნდა არსებობდეს გზამკვლევები იმ პარტიისთვის, რომელიც ძალაუფლებაში რჩება, რომ დარწმუნდნენ, რომ აკონტროლებენ იმპულსებს, რომლებსაც მოვლენების არასწორი მიმართულებით განვითარება შეუძლია.

- ბოლო კითხვას დაგისვამთ, რამდენადაც იცით, საქართველოს ხელისუფლებამ უკანასკნელი თვეების განმავლობაში არაერთი კრიტიკული წერილი მიიღო, თუმცა ხელისუფლების თქმით, ეს ერთეული ადამიანების შეფასება იყო და არა სახელმწიფოსი. მათივე განმარტებით, ეს ერთეული ადამიანები „ნაციონალური მოძრაობის“ მეგობრები არიან. რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ ხელისუფლების მხრიდან მსგავსი პოზიციის დაჭერა პარტნიორების კრიტიკაზე ?

- ამერიკის შეერთებული შტატების საკითხში ექსპერტი არ ვარ და არც ერთ კონკრეტულ პარტიასთან დაკავშირებით არ გავაკეთებ კომენტარს, რომელიც თქვენ აღნიშნეთ. კარგი, რაც მე დავინახე, არის ღიაობა და მზაობა, განხილული და განმარტებული იყოს ის, რაც არის შეშფოთების საგანი. ჩვენ დავინახეთ ეს ღიაობა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან სხვადასხვა ტექნიკურ საკითხთან მიმართებით, რომელზეც ევროპის საბჭო მუშაობდა უკანასკნელი წლების განმავლობაში. ზოგადად, მიმაჩნია, რომ ნებისმიერი სახის გაუგებრობის მოგვარების რეცეპტი დიალოგია. რაც უფრო მეტად ხარ ჩართული დიალოგში და რაც უფრო მეტად ხარ მზად განმარტო არსებული ვითარება, უფრო წარმატებული ხარ იმ პრობლემის მოგვარებაში.

სალომე აბულაშვილი

„ინტერპრესნიუსი“

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა