ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2020

ხათუნა ლაგაზიძე - “ხელისუფლება სახიფათო ზღვარზე და ორ ცეცხლშუაა...”

დაპირისპირება ნატო-ში - რა ხდება საბერძნეთსა და თურქეთს შორის

ანა ნაცვლიშვილი - “ხელისუფლებას არა აქვს უნარ-ჩვევები, რათა გაუმკლავდეს კრიმინალს“

* * *

ხათუნა ლაგაზიძე - “ხელისუფლება სახიფათო ზღვარზე და ორ ცეცხლშუაა...”

“ის უნდობლობა, რომელიც საზოგადოებაში სამართალდამცავთა მიმართ გაჩნდა, კარგს არაფერს უქადის არც საზოგადოებას და არც ხელისუფლებას. მოქალაქეს გაუჩნდა განცდა, რომ ხელისუფლებასა და სამართალდამცავებს მისი დაცვა აღარ შეუძლიათ, ამიტომ ის იფიქრებს, თვითონ დაიცვას თავი, რაც უფრო დიდ ძალადობას წარმოშობს... როცა ხელისუფლება კარგავს საზოგადოების დამცველის ფუნქციას და, ამასთანავე, ქუჩასთან შეზრდასა და მის საარჩევნოდ აქტიურ გამოყენებას ცდილობს, საზოგადოების მომავლისთვის ჩნდება რეალური საფრთხე და ერთხელ ეს ყველაფერი საზოგადოებას ყელში ამოუვა და ძალიან ცუდად გაისვრის - მით უფრო, თუ განმტკიცდა აზრი, რომ ხელისუფლება არის კრიმინალთან აფილირებული და ქუჩასთან შეზრდილი,” - აცხადებს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ხელისუფლება სახიფათო ზღვარზე და ორ ცეცხლშუაა...” / “აი, ეს არის ტრაგედია, როდესაც მაჟორიტარობის ნაყიდ მანდატებს ისინი სახელმწიფო ტენდერებსა და სახელმწიფო მილიონებზე ცვლიან”.

“რაც ყველაზე ცუდია, მაქვს მოლოდინი, რომ ეს ვითარება უფრო გაუარესდება, ვიდრე გაუმჯობესდება. ამის ერთ-ერთი მიზეზი, ვფიქრობ, გახდება სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის უკიდურესი დამძიმება, რასაც ჩვენ გვიან შემოდგომასა და ზამთარში მივიღებთ. სავარაუდოდ, ამ დროს გახშირდება ქურდობისა თუ დაყაჩაღების შემთხვევები, რისი ნიშნები უკვე ჩანს. სამწუხაროდ, ეს აღვირახსნილი კრიმინალი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება, რაც ეკონომიკური ვითარების გაუარესებასთან ერთად გამძაფრდება. ყველაზე დამღუპველი კი ის არის, რომ ამ დროს საზოგადოებას იმის განცდა კი არა აქვს, რომ კრიმინალთან დაპირისპირებისას ხელისუფლება მისი პარტნიორია, არამედ აქვს განცდა, რომ ხელისუფლება კრიმინალს ხელს აფარებს და მასთან შეზრდილია! ამის ყველაზე თვალსაჩინო სიმპტომია ბოლო რამდენიმე არჩევნებზე ხელისუფლების მიერ ქუჩის გამოყენება, დღეს კი ისე გამოდის, რომ ხელისუფლება ქუჩის მოვალეა და ბევრ რამეში, თუ ხელშეწყობა არა, სულ ცოტა, თვალის დახუჭვა მაინც უწევს,” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძე.

“შაქარაშვილის საქმემ სწორედ ასეთი განცდა დამიტოვა. ისე ჩანს, თითქოს ე.წ. ქუჩის ავტორიტეტებს ასეთი პოზიცია აქვთ - არჩევნები სამ თვეშია და თუ ახლა ხელს არ დაგვაფარებთ, ქუჩის მხარდაჭერა ხელიდან გამოგეცლებათო. ხელისუფლებას უნდა ესმოდეს ერთიც - მშობელს არა აქვს პარტიულობა, კრიმინალის გააქტიურება კი ისეთი ჭირია, რომელიც, შესაძლოა, ყველას შეეხოს, მათ შორის - “ქართული ოცნების” ამომრჩეველსაც. მოკლედ, თუ ასე გაგრძელდა და საზოგადოებამ იგრძნო, რომ ეს ხელისუფლება მისთვის, მისი მომავლისთვის საფრთხეა, საქმე იქამდე მივა, რომ “ქართული ოცნება” თვითონ გაუმზადებს ტრიუმფატორის ტახტს ვანო მერაბიშვილს... ხელისუფლება სახიფათო ზღვარზეა და სწორედ ამ ზღვარზე გადის თითოეული მოქალაქის შიშიც, რომ შეიძლება ჩვენს შვილებს სერიოზული საფრთხე დაემუქროს. ეს შიში მომავალი არჩევნების შედეგზე რომც ვერ აისახოს, არ არის გამორიცხული, მოგვიანებით დიდ აფეთქებად იქცეს”, - დაასკვნის რესპონდენტი.

“ხელისუფლების ტაქტიკა ამ 1%-იანი ბარიერის შემოღებით ემსახურებოდა ოპოზიციის დაქსაქსვას და ილუზიის გაჩენას, რომ ოპოზიციაში ყველა დამოუკიდებლად მოახერხებს შედეგის მიღწევას. ამან თავისი ნაყოფი გამოიღო და დღეს ოპოზიცია ერთმანეთთან ჭიდილზეა გადასული, რაც არასწორია. თუ “ოცნება” მესამე ვადით დარჩა ხელისუფლებაში, თანაც - აბსოლუტური ძალაუფლებით, ეს იქნება უმძიმესი გამოწვევა ქვეყნისთვის. “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში კოალიციით მოსვლა კიდევ შეიძლება შემზღუდავ ბარიერად იქცეს მისი თავგასულობის აღსაკვეთად, თუმცა ისიც საკითხავია, ვის შეიყვანენ კოალიციაში? იმედი მაქვს, რომ მთლად ხარაკირის რეჟიმში არ გადავლენ და პრორუსულ ძალებთან არ გააფორმებენ კოალიციას. ეს მთლად დააქცევს ქვეყანას”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“თუ ოპოზიციამ თავისი დაქსაქსულობით “ქართულ ოცნებას” მესამე ვადით ერთპიროვნულად მოსვლის საშუალება მისცა, ეს კატასტროფა იქნება არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ “ოცნებისთვისაც”. მათ ექნებათ სრული დაუსჯელობის განცდა. კრიმინალი მთლიანად აიღებს ხელში მართვის სადავეებს და ჩვენ მივიღებთ სურათს, როდესაც ხელისუფლება, ერთი მხრივ, შეეცდება ცივილიზებული ფასადის შენარჩუნებას, მაგრამ, ამასთანავე, ეყოლება ეს უზარმაზარი შავბნელი იარაღი კრიმინალის და ქუჩის სახით, რომელსაც, როცა დასჭირდება, ბიზნესს მიუქსევს დასაშინებლად ან ფულის შესაწერად, როცა დასჭირდება - მედიას და ამით ტერორის იარაღად აქცევს. ადრე თუ გვიან ეს მასაც მიუბრუნდება და სწორედ ამგვარი კრიმინალი მოუღებს ბოლოს, მაგრამ მანამდე ქვეყანა ძალიან დაზარალდება, ამიტომ ოპოზიციის პასუხისმგებლობა, სხვა ყველაფერთან ერთად, ისიც არის, რომ ეს პროცესები შეაჩეროს”, - ამბობს ხათუნა ლაგაზიძე.

“ოპოზიციას, რომელსაც მიაჩნია დასავლეთის მხარდაჭერა უკვე ჯიბეში მაქვსო, როგორც ჩანს, “ოცნების” აქტიურობა გამოეპარა, რაც “ოცნებამ” გამოიყენა და აშშ-ში თავისი ლობისტები აამუშავა - დაინახა ხელისუფლებამ, რომ კონგრესმენთა ნაწილი, რომელიც მას აკრიტიკებდა, “ფრონტერას” ლობისტი იყო და მიხვდა, რომ მეტისმეტად ბრიყვული საქციელი იქნებოდა, რქებით მისწოლოდა კომპანიას, რომელიც რეალურად მისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არ არის. “ფრონტერა” არის კომპანია, რომელიც საქართველოში არსებულ ძალიან მწირ ნავთობისა და გაზის მარაგებზე მუშაობს თავისი აბსოლუტურად სხვა ინტერესების გამო. აბა, ანაკლიაზე რატომ არაფერი დათმო ხელისუფლებამ? იმიტომ, რომ ეს მისთვის და რუსეთისთვის საკვანძო საკითხია... მოკლედ, ხელისუფლება ცდილობს დასავლეთთან დალაპარაკებას და დათმობას. ამ ვითარებაში ოპოზიციამ თუ დასავლეთის მხარდაჭერაც დაკარგა, ძალიან მძიმედ იქნება საქართველოს საქმე”, - თვლის რესპონდენტი.

“რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა კელი დეგნანის ვრცელი ინტერვიუ და ამერიკის ელჩიც კი წუხდა ოპოზიციის ინერტულობის გამო. ლამის პირდაპირ თქვა, ოპოზიცია წინასაარჩევნო პროცესში არაფერს აკეთებს და დროა, საარჩევნო კამპანია დაიწყონო. ასეთი რამ აქამდე არც ერთი ელჩისგან არ მომისმენია. ანუ მარტო ჩვენ კი არ გვრჩება ოპოზიციის საქციელზე ასეთი შთაბეჭდილება, აშშ-ის ელჩიც კი შეწუხდა ქართული ოპოზიციის უმოქმედობით. კიდევ ერთი, რაზეც ოპოზიციამ უნდა იზრუნოს, ის არის, რომ ამომრჩეველს წინასთან შედარებით ამ საარჩევნო ციკლის განსხვავება გააგებინოს. ეს დაგვიანებულიც კია, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. როგორც წესი, ქართველი ამომრჩეველი ხელისუფლების შეცვლას მესიის გამოჩენას უკავშირებს, დღეს კი ასეთი ლიდერი არ ჩანს და საზოგადოებაც ნიჰილისტურად არის განწყობილი, ფიქრობს­რა, რომ ეს წვრილ-წვრილი პარტიები ვერაფერს იზამენ და “ქართული ოცნება” მაინც გაიმარჯვებს. არადა, საქართველოს დღევანდელი კონსტიტუცია, საპარლამენტო მოდელი, გამორიცხავს მესიას”, - განმარტავს ექსპერტი.

“რაც შეეხება “ოცნების” მიერ მაჟორიტარობის კანდიდატებად დასახელებულ ბიზნესმენებს, მათი ნაწილი უკვე იყო დეპუტატი და, ალბათ, როგორც მაჟორიტარებს, რაღაც ექნებათ საკუთარ სამაჟორიტარო რაიონებში გაკეთებული, მაგრამ მათი დასახელების ამოსავალი წერტილი არის არა იმდენად მათი გაკეთებული საქმეები, რამდენადაც მათი ფული, ეს კი ნიშნავს, რომ ამ არჩევნებში “ოცნება” ისევ ხმების ყიდვას გეგმავს. მათი მიდგომა ასეთია - რაღა საერთო ყულაბა გავფლანგოთ, აგერ არიან ბიზნესმენები, რომლებიც საკუთარ ფულს დახარჯავენ. ამასთანავე, ეს იმის სიმპტომიც არის, რომ “ოცნება” კვლავ პროფესიონალიზმს კი არა, მორჩილებას ეყრდნობა - ქართული ბიზნესი ხომ ხელისუფლებასთან გარიგებაზეა ორიენტირებული. მათი მოქმედების ფორმულა ასეთია - პარლამენტში ჩემი, როგორც მაჟორიტარის ხმები, ჯიბეში გიდევთ, მე კი ჯიბეში მიდევს ხშირად უკანონოდ მოგებული სახელმწიფო ტენდერები და სახელმწიფო ფული. აი, ეს არის ტრაგედია, როდესაც მაჟორიტარობის ნაყიდ მანდატებს ისინი სახელმწიფო ტენდერებსა და სახელმწიფო მილიონებზე ცვლიან. მაჟორიტარობის კანდიდატთა სიაში რამდენიმე გვარ-სახელია, რომელიც ამომრჩევლისთვის ნამდვილად რაღაცას ნიშნავს და ვინც საკუთარი იმიჯით გამარჯვებისთვის იბრძოლებს...”, - დასძენს ხათუნა ლაგაზიძე.

დაპირისპირება ნატო-ში - რა ხდება საბერძნეთსა და თურქეთს შორის

“რამდენიმე დღის წინ ანკარამ ეგეოსის ზღვის სადავო ზონაში ნავთობისა და გაზის მოპოვების სამუშაოების დაწყების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. საბერძნეთის განცხადებით, ისინი თურქეთის მხრიდან პროვოკაციებს ელიან და 22 ივლისს საბრძოლო მზადყოფნა გამოაცხადეს. ბერძნული მედიის ინფორმაციით, ნავთობის მოპოვების სამუშაოები საბერძნეთიდან რამდენიმე კილომეტრით დაშორებული კუნძულებს შორის არსებულ წყლის შელფზე იგეგმება. ანკარა ამ ტერიტორიას თურქეთის კონტროლირებად ნაწილად თვლის. საბერძნეთიც და თურქეთიც ნატოს წევრები არიან. ისინი ალიანსის შემადგენლობაში 1952 წელს შევიდნენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით დაპირისპირება ნატო-ში - რა ხდება საბერძნეთსა და თურქეთს შორის.

“ბერძნული დიპლომატიური წრეები სადავო რეგიონში თურქეთის შეიარაღებული ძალების აქტიურობას უსვამენ ხაზს. კერძოდ, ანატოლიიდან კუნძულის მიმართულებით 10 სამხედრო გემი გამოვიდა. საბერძნეთი თურქეთის ქმედებებს საბერძნეთის და კვიპროსის სუვერენიტეტის შელახვად მიიჩნევს და ევროკავშირისგან ანკარის მიმართ შეზღუდვების შემოღებას მოითხოვს. ხმელთაშუა ზღვის ამ მონაკვეთზე უკვე რამდენიმე სახელმწიფოთაშორისი ნავთოვბმომპოვებითი ბლოკია ჩამოყალიბებული - ისრაელმა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის გაზსადენის შეთანხმებას ხელი საბერძნეთთან და კვიპროსთან ერთად უკვე მოაწერა. “რეზონანსთან” საუბრისას პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ ამერიკამ ამ თემასთან დაკავშირებთ უკვე მიიღო ზომები. კერძოდ შემქნა სპეციალური საბრძოლო დანაყოფი, რომელმაც ორ ქვეყანას შორის მშვიდობა უნდა უზრუნველყოს”. - აღნიშნავს გამოცემა.

“ერდოღანი უკვე მიდის პოლიტიკურ ავანტიურაზე. როგორც ჩანს, ამერიკის კონგრესის ქვედა პალატის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, გამოიყვანა ის წყობიდან და პირდაპირ დაპირისიპირებასაც არ ერიდება საბერძნეთთან. ამ კონფილქტმა შესაძლებელია მიიღოს სამხედრო დაპირისპირების რეალური კონტურები, არანაკლები, როგორიც იყო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. სხვათა შორის, მხარეებს შორის ადრეც იყო მსგავსი დაპირისპირებები, 1996-99 წლებში. მაშინ ცეცხლიც კი გაუხსნეს ერთმანეთს, მაგრამ ნატო-ს ეგიდით მოხდა ამ კონფლიქტის ჩაცხრომა. ახლა კი სიტუაცია საკმაოდ სერიოზულია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“თურქეთი ემუქრება და ლახავს საბერძნეთის ეკონომიკური ზონის სუვერენიტეტს, აპირებს საბერძნეთის კუთვნილ ზონაში ჩაატაროს ბიოლოგიური საძიებო სამუშაოები. ამისთვის მან გამოყო სპეციალური გეოლოგიური დამუშავების გემები და ასევე მას მიამაგრა 25 საბრძოლო გემი, რომელბიც ანატოლიის ნაპირიდან გასავლელად მზად არიან. ამან გამოიწვია ის, რომ საბერძნეთმა საზღვაო-სამხედრო ძალები მოიყვანა სამხედრო მდგომარეობაში. გამოაცხადა საბრძოლო განგაში. გარდა ამისა მზად ყოფნაშია, ამერიკის მეექვსე ფლოტის ავიამზიდი და კიდევ რამდენიმე გემი. ამერიკამ ფაქტობრივად შექმნა საზღვაო-დამრტყმელი ჯგუფი, რომელის მთავარი იდეაა ჩადგეს სავარაუდო მიწინააღმდეგების შორის და ფაქტობრივად შევიდეს საფრანგეთის ეკონომიკურ ზონაში, რათა მდგომარეობა შეიარაღებულ კონფრონტაციამდე არ მივიდეს”, - ამბობს პოლიტოლოგი.

“თურქეთს ლიბიის ომის გამო კონფლიქტი აქვს საფრანგეთთანაც. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში თურქეთის მიერ საბერძნეთისა და კვიპროსის სუვერენიტეტის დარღვევა დაგმო. ამის შესახებ საფრანგეთის ლიდერმა კვიპროსის პრეზიდენტთან, ნიკოს ანასტასიადესთან შეხვედრის დროს განაცხადა. “კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო საფრანგეთის სრული სოლიდარობა კვიპროსთან, ასევე საბერძნეთთან იმის ფონზე, როდესაც თურქეთი მათ სუვერენიტეტს არღვევს. დაუშვებელია ჩვენი კავშირის წევრი ქვეყნის საზღვაო სივრცის დარღვევა. ვისაც ამაში წვლილი მიუძღვის, უნდა დაისაჯოს”, - თქვა მაკრონმა. მაისაიას შეფასებით, საქმე საკმაოდ სერიოზულადაა. იმ შემთხვევაში თუ დაპირისპირება შეიარაღებულ კონფლიქტად გადაიქცევა, იგი არ გამორიცხავს, რომ მასში რუსეთის ფედერაციაც ჩაერთოს. მაისაიას თქმით, კონფლიქტის მოგვარების ბერკეტები მხოლოდ ნატო-ს აქვს”, - წერს სტატიის ავტორი.

“საქმე არის სერიოზულად, ამასვე მოწმობს მაკრონის განცხადება. როგორ ჩანს საფრანგეთსაც ამოეწურა ყოველგვარი მოთმინების უნარი და მზად არის, რომ სამხედრო დახმარება გაუწიოს საბერძნეთს. საფრანგეთისა და თურქეთს შორის კონფლიქტი მიმდინარეობს ლიბიაში. ამან შეიძლება სერიოზული გამწვავება გამოიწვიოს ალიანსის შიგნით. ფაქტია, რომ თურქეთი უკვე ყველა წითელ ზღვარს სცდება. როგორც ჩანს, უპირიპირდება თავის სტრატეგიულ პარტნიორებს. თუ იმას გავითვალისწინებთ, როგორი სიხარულით და სისწრაფით გაავრცელეს რუსულმა სამხედრო საიტებმა ეს ინფორმაცია, სავსებით შესაძლებელია, რომ ამ კონფლიქტში თურქეთის მოკავშირე გახდეს რუსეთის ფედერაცია. ევროკავშირს არ აქვს ჩანოყალიბებული ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკა. სამწუხაროდ, რეალური ხელჩასაჭიდი ინსტრუმენტები ევროკავშირს არ გააჩნია ნატო-სგან განსხვავებით. ევროატლანტიკური უსაფრთხოების კონტექსტში შესაძლებელია განიხილოს ეს საკითხი. რადგან სწორედ ნატო-ს გააჩნია ბერკეტები. თუ სიტუაცია დაიძაბება და მიიღებს სერიოზული დაპირისპირების სახეს, რისი ალბათობაც ძალიან მაღალია, მიუხედავად ამერიკელების ჩართულობისა. ნატო-ს რიგგარეშე სესიაც შეიძლება გაიმართოს ელჩების ან მინისტერიალის დონეზე”, - დაასკვნის ვახტანგ მაისაია.

ანა ნაცვლიშვილი - “ხელისუფლებას არა აქვს უნარ-ჩვევები, რათა გაუმკლავდეს კრიმინალს“

“კრიმინალი კომპლექსური მოვლენაა და მას განვითარებულ ქვეყნებში ინტერდისციპლინური მიდგომებით იკვლევენ, მაგრამ დღეს ჩვენი ქვეყნის პრობლემა ის არის, რომ ხელისუფლებას არა აქვს პოლიტიკური ნება და უნარ-ჩვევები, რათა გაუმკლავდეს კრიმინალს. უფრო მეტიც, ხელისუფლება დაუსჯელობით ახალისებს ახალ კრიმინალურ ქმედებებსა და კრიმინალურ მენტალიტეტს. საპარლამენტო ტრიბუნიდანაც არაერთხელ მოგვისმენია უმაღლესი თანამდებობის პირების ძველბიჭურად საუბარი. გვინახავს, როგორ იყენებს ხელისუფლება ძალადობას პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ და ამ ინციდენტებს არც იძიებენ”, - აცხადებს “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ანა ნაცვლიშვილი: “ხელისუფლებას არა აქვს უნარ-ჩვევები, რათა გაუმკლავდეს კრიმინალს” / “მნიშვნელოვანია, შეიქმნას პირადი პასუხისმგებლობის პრეცედენტი, როდესაც ჩაფლავებული საქმისთვის პირს დაითხოვენ, ხოლო თუ დანაშაული გამოიკვეთება, ციხეში წავლენ”.

“რაც შეეხება ფატალურ შემთხვევებს, შსს არც ცდილობს დანაშაულის დროულად და სრულყოფილად გახსნას. ნიკა სირაძის შემთხვევას შეგახსენებთ. ძალიან ბევრი მტკიცებულება არსებობდა, რომ ჩოლოიანი არ იყო ერთადერთი, ვისაც შეხება ჰქონდა მოზარდთან. ლუკამ პოლიციაში დაკითხვის შემდგომ თავი მოიკლა. გარდაცვლილის დედამ სატელევიზიო ეთერში დაასახელა რამდენიმე პირი, მაგრამ რეაგირება არ მოჰყოლია. უამრავი კითხვაა გიორგი შაქარაშვილისა და თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში. აღარაფერს ვამბობ სარალიძის საქმეზე. მამუკა მდინარაძეს სათქმელი რომ აღარაფერი დარჩა, თქვა, ახალგაზრდებს შორის ჩხუბი ყველგან ხდებაო. ეს დანაშაულის ნორმალიზებაა. ხელისუფლება პირდაპირ იხსნის პასუხისმგებლობას და გვეუბნება, დანაშაული ყველგან ხდება და მე რა გავაკეთოო. ეს წარმოუდგენელია როგორც სამართლებრივად, ასევე პოლიტიკურად. ესე იგი, სისტემა კანონს და ადამიანის უფლებების დაცვას კი არ ექვემდებარება, არამედ ემსახურება სიმართლის ჩაფარცხვასა და მკვლელებისთვის ხელის დაფარებას”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ანა ნაცვლიშვილი.

“მთავარი პროკურორი, რომელიც ერთხელ უკვე გადადგა დათუნა სარალიძის მკვლელობის საქმის ჩაფარცხვის გამო, “ოცნებამ” ტაშისკვრით დააბრუნა თანამდებობაზე. ეს იყო მინიშნება, რომ დანაშაულს კი არ გამოიძიებენ, ჩაფარცხავენ. ნახეთ, რა დამოკიდებულება აქვთ ახალგაზრდებს სამართალდამცავების მიმართ, ისინი არ ენდობიან პოლიციას. რატომღაც ხელისუფლება პრობლემად არ თვლის ამ ფაქტს. არადა, ძალიან ცუდი მაგალითია ახალგაზრდებისთვის ის რეალობა, რომ სისტემურ ჩავარდნაზე არასდროს დგება პასუხისმგებლობის საკითხი... მმართველი გუნდის წარმომადგენელი ხელისუფლებაში ყოფნის მერვე წელს გვეუბნება, რეფორმებია გასატარებელიო. კი მაგრამ, 8 წელი რა აკეთეს?!” - განაგრძობს რესპონდენტი.

“მე არ ვფიქრობ, რომ პრემიერმა გახარიამ პრობლემა აღიარა. მან პრობლემას რეალური სახელი არ დაარქვა და არ გამოკვეთა პასუხისმგებელი პირი. იმასაც შეგახსენებთ, რომ გახარია თავად იყო შინაგან საქმეთა მინისტრი. მთელი ამ დროის განმავლობაში ხელისუფლებას ერთი ნაბიჯი მაინც რომ გადაედგა პრობლემების მოგვარებისთვის, დღეს სხვა მოცემულობა იქნებოდა. მათ თვალთმაქცობაზე შოთაძის თანამდებობაზე დაბრუნებაც მეტყველებს. ან გომელაური რა ნიშნით დანიშნეს შინაგან საქმეთა მინისტრად, პრობლემების მოგვარების ხედვა ჰქონდა, თუ რაში იყო საქმე?! “ნაციონალურ მოძრაობას” რომ მძიმე მემკვიდრეობა დახვდა, ეს ამართლებს მათ დანაშაულებრივ ქმედებებს? მეტსაც გეტყვით, “ქართულმა ოცნებამ” არათუ მისი მმართველობის პერიოდში ჩადენილი დანაშაულები არ გამოიძია, “ნაციონალური მოძრაობის” პერიოდში ჩადენილიც არ გამოუძიებია. ყველაფერი ეს მიუთითებს, რომ ცვლილებების სურვილი არც გააჩნიათ”, - დასძენს ანა ნაცვლიშვილი და შეკითხვაზე - “თუ როგორც თქვენ ამბობთ, ქვეყანას ერთი პირი მართავს, მაშინ კონკრეტული პირების პასუხისმგებლობას რა აზრი აქვს? ან რას ელოდებით, როდესაც გომელაურის გადადგომას მოითხოვთ?” - პასუხობს:

“ჩვენ არა გვაქვს ილუზია, რომ ამ დანაშაულებრივ სისტემას მხოლოდ ერთი ან თუნდაც ორი პროკურორისა და მინისტრის გადადგომა უშველის. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას პირადი პასუხისმგებლობის პრეცედენტი, როდესაც ჩაფლავებული საქმისთვის პირს დაითხოვენ, ხოლო თუ დანაშაული გამოიკვეთება, ციხეში წავლენ. დღეს ისეთი გარემოა, ჩვენ, დედები, შვილების განათლებასა და კარგი პირობების შექმნაზე კი აღარ ვლაპარაკობთ, არამედ უკვე მათი სიცოცხლე გახდა დასაცავი. ეს უკვე აუტანელი რეალობაა და აუცილებლად უნდა შეიცვალოს!”

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო