ეკა ბესელია - შეიძლება, იყოს რამდენიმე ოლქი, სადაც პარტიებმა უბრალოდ უნდა თქვან, რომ არ შეიძლება, იყოს ოპოზიციის ბევრი კანდიდატი

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, პარტია „სამართლიანობისთვის" ლიდერი, ეკა ბესელია აცხადებს, რომ მაჟორიტარობის კანდიდატებთან დაკავშირებით რამდენიმე ოპოზიციურ პარტიასთან კონსულტაციები ჰქონდა და ახლა მნიშვნელოვანია, რა მოჰყვება ამ კონსულტაციებს.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობასა" და „ევროპულ საქართველოს" შორის მოლაპარაკების შედეგად გამოჩნდება, რამდენად იყო გაზიარებული მათი პოზიცია.

როგორც მან „ევროპული საქართველოს" განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, არის რამდენიმე ოლქი, სადაც ბევრი ოპოზიციური კანდიდატის დასახელება სასურველი არ არის და კარგი იქნება, თუკი, აქ შეთანხმება მოხერხდება.

"პირველ რიგში, მე როგორც პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერმა, ამ არჩევნებში გავითვალისწინე ის, რომ დამოუკიდებლად მივიღოთ მონაწილეობა. თუმცა, გავითვალისწინე ის კონტექსტი, რაც აუცილებელია კოორდინაციისთვის პარტიებს შორის, სადაც კი ეს შესაძლებელია. ამიტომ რამდენიმე სხვადასხვა ინდივიდუალურ ფორმატში კონსულტაციები მქონდა, მაგრამ ახლა მნიშვნელოვანია, რა მოჰყვება ამ კონსულტაციებს შედეგად, მოხდება ანგარიშის გაწევა იმ კანდიდატებისთვის, ვისაც მეტი შანსი და მხარდაჭერა ექნება ბევრი სუბიექტის მხრიდან, თუ არა. ყველგან შეთანხმება ვერ შედგება, ეს არ არის მარტივი პროცესი, მაგრამ არსებობს რაღაც ტიპის გამონაკლისები, რამდენიმე ოლქი შეიძლება, იყოს ისეთი, სადაც ვფიქრობ, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა უბრალოდ უნდა თქვან, რომ იქ არ შეიძლება იყოს ოპოზიციის ბევრი კანდიდატი, შეიძლება იყოს ისეთი ოლქიც, სადაც რამდენიმე კანდიდატი შეიძლება, ჰყავდეს ოპოზიციას.

ჩვენ ახლა ვაკვირდებით ამ პროცესს, მეტწილად, მოლაპარაკებები ერთმანეთში მიმდინარეობს "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ევროპულ საქართველოს" შორის და ამ მოლაპარაკების შედეგად დავინახავთ, რამდენად იყო გაზიარებული ჩვენი პოზიცია, სადაც მნიშვნელოვანია, რომ თუნდაც, რამდენიმე ოლქში მაინც მოხდეს ეს შეთანხმება.

მე პირადად 2 დღეში დავასახელებ მაჟორიტარულ ოლქს, სადაც მე პირადად გადავწყვეტ, რომ მთავარი ბრძოლის ხაზი იქ გავიარო და შევხედავ, როგორი იქნება შემხვედრი ნაბიჯები. შესაბამისად, მზად ვარ, ეს კონსულტაციები გონივრულ გადაწყვეტილებამდე გავაგრძელო, თუმცა, დრო ლიმიტირებულია, ცოტა რჩება, წინასაარჩევნო კამპანია უნდა დაიწყოს და სასურველია, ეს მოლაპარაკებები მალე დასრულდეს", - განაცხადა ბესელიამ.

ცნობისათვის, "ევროპული საქართველო" ნაციონალურ მოძრაობას“ საჯაროდ სთავაზობს ოპოზიციის მხრიდან შეთავაზებული ვარიანტები განიხილოს და შეჯერდნენ. გიგა ბოკერიას თქმით, „ევროპული საქართველო“ „ნაციონალურ მოძრაობას“ დიდ ქალაქებში კანდიდატებს უთმობდა, ხოლო ისინი მხარდაჭერას „ნაციონალურ მოძრაობას“ მხოლოდ 4 ოლქში თხოვდნენ.

თენგიზ ფხალაძე  - შიდაპოლიტიკურმა შუღლმა საერთო ეროვნული მეორე პლანზე გადაწია, ერთმანეთთან ძიძგილაობაში გართულები სულ უფრო ვემსგავსებით აისბერგისკენ ჯიუტად მიმავალ ტიტანიკს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.03.2021
სახელმძღვანელო სტარტაპერებისთვის - როგორ ხდება კადრების აყვანა კომპანიებში და რა ბენეფიტებს იღებენ დასაქმებულები
ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით მსოფლიო თასის ეტაპი სკი კროსში დასრულდა