არჩილ კბილაშვილი - ირაკლი დუმბაძემ ცრუ და პროვოკაციული განცხადება გაავრცელა

ადვოკატი არჩილ კბილაშვილი ირაკლი დუმბაძის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ განცხადებაში გაჟღერებულ მონაკვეთს გამოეხმაურა, სადაც საუბარია, რომ არჩილ კბილაშვილი კონკრეტულ ხალხს უთვლის, თითქოს მათი საწინააღმდეგო განცხადებები მისი მარწმუნებლის, დავით ზეიკიძის დაჟინებული მოთხოვნით აქვს გაკეთებული და ამის გამო მათ ბოდიშს უხდის. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „კლიპარტიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, კბილაშვილმა დუმბაძის მიერ გაკეთებულ ამ განცხადებას ცრუ და პროვოკაციული უწოდა.

ადვოკატის გამოხმაურებას უცვლელად გთავაზობთ.

„მე გავეცანი ირაკლი დუმბაძის მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ განცხადებას, რომელშიც ის ამბობს, რომ თითქოს მე, როგორც ჩანს, ჩემი მარწმუნებლის, დავით ზეიკიძის ზეწოლით, ერთი მხრივ, ხალხს კორუფციაში ვადანაშაულებ და მეორე მხრივ, მათთან მივდივარ, ვებოდიშები და ვეუბნები, რომ თითქოს ჩემმა მარწმუნებელმა მაიძულა ამ ინფორმაციის გავრცელება და სხვა გზა არ მქონდა. აქვე ნათქვამია, რომ ამის შესახებ თითქოს მთელმა ქალაქმა იცის.

საზოგადოების საყურადღებოდ განვმარტავ, რომ ბ-ნი ირაკლი დუმბაძის მიერ გაკეთებული ზემოაღნიშნული განცხადება არის ცრუ ინფორმაციის შემცველი. კერძოდ სიცრუეა ის, რომ თითქოს: მე დავით ზეიკიძის ზეწოლით ხალხს კორუფციაში ვადანაშაულებ; ჩემს მიერ კორუფციაში დადანაშაულებულ ხალხთან მივდივარ და ვებოდიშები.

საჯაროდ ვაცხადებ, რომ მე არასოდეს, არავის ზეწოლით არაფერი არ გამიკეთებია. აქედან გამომდინარე, სიცრუეა განცხადება იმის შესახებ, რომ მე დავით ზეიკიძის ზეწოლით ხალხი კორუფციაში დავადანაშაულე. არასოდეს ბოდიში არ მომიხდია იმ ადამიანებისთვის, ვინც კორუფციაში დავადანაშაულე.

ასე, რომ ბ-ნი ირაკლის ზემოაღნიშნული განცხადება ერთდროულად არის მცდარიც და პროვოკაციულიც.

აქვე ვსარგებლობ შემთხვევით, და კიდევ ერთხელ ვიტყვი (გავიმეორებ) იმას, რაც აქამდეც არაერთხელ მითქვამს:

ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 17 ივლისის ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ერთ დღეში მომზადდა, კორუფციის სავარაუდო ნიშნებს შეიცავს, რადგან ამავე ბიუროს მიერ გაცემული ცნობით ირკვევა, რომ ექსპერტიზის დასკვნის გამცემ სამმართველოს ექსპერტიზის დასკვნა მიმართვის დღეს არასოდეს მოუმზადებია. სავარაუდო კორუფციის საფუძვლით გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მივმართეთ ჯერ კიდევ 2019 წლის 18 ოქტომბერს (მანამ სანამ მეორე ინსტანციის სასამართლო 31.01.20-ში თავის განჩინებას გამოიტანდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ).

თბილისის საქალაქო სასამართლომ (მოსამართლე ბ-ნი ქოჩიაშვილი) 2019 წლის 26 ივლისს და თბილისის სააპელაციო სასამართლომ (სხდომის თავმჯდომარე ბ-ნი მაკარიძე) 2020 წლის 31 იანვარს მიიღეს სრულიად უკანონო გადაწყვეტილებები, როცა დავით ზეიკიძის წინააღმდეგ გამოტანილი 17.06.19 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება ძალაში დატოვეს. იმდენად, დიდი, ღრმა და მრავალმხრივი იყო მიღებულ გადაწყვეტილებათა უკანონობა (რაც, მათ შორის, იმაშიც ვლინდება, რომ სასამართლოები დაეყრდნენ ერთ დღეში მომზადებულ ზემოაღნიშნულ ექსპერტიზის დასკვნას), რომ მე განვაცხადე, რომ „ეს ყველაფერი, მე, სამწუხაროდ, მიტოვებს საფუძვლიან ეჭვს, რომ ეს საქმე კორუფციის ნიშნებს შეიცავს“ (იხ. ჩემს მიერ 28.05.20-ში გავრცელებული პრეს-რელიზი). მინდა განვაცხადო, რამ ახლაც იგივე პოზიციაზე ვდგავარ.

ყოველივე აღნიშნულში დარწმუნდება ყველა, ვინც გაეცნობა ჩემს მიერ უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის ყველა წევრისთვის გაგზავნილ დამატებით საჩივარს, სადაც ნათლად ჩანს ყველა ის უკანონო ქმედება, რომელიც ზემოაღნიშნულმა მოსამართლეებმა ჩაიდინეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების დროს.

ამასთან, არ მინდა საზოგადოებამ ჩემი ზემოაღნიშნული განცხადება ისე გაიგოს, თითქოს მე უნდობლობას მთლიან სასამართლო სისტემას ვუცხადებ, ან სისტემურ კორუფციაზე ვსაუბრობდე. არა, - მე მხოლოდ იმას აღვნიშნავ, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში და ქვედა ინსტანციის

სასამართლოებში უკანონო ქმედებებს ჰქონდა ადგილი და სწორედ ეს აჩენს ჩემს ვარაუდს შესაძლო კორუფციული ნიშნების არსებობის შესახებ. ისიც უნდა ითქვას, რომ მოკლე დროა დარჩენილი უზენაესი სასამართლოს მიერ ჩემი მარწმუნებლის საკასაციო საჩივრის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე და სწორედ ეს გადაწყვეტილება გამოაჩენს რამდენად მართალია ჩვენი პრეტენზიები.

ვინმეს შეიძლება გაუჩნდეს აზრი, რომ ჩვენ, როგორც დაინტერესებული მხარე, სუბიექტურნი ვართ, მაგრამ სუბიექტურობასა და მიკერძოებულობაში, ვფიქრობ ვერავინ დაადანაშაულებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს, რომელმაც გუშინ საქართველოს პრემიერთან, ბატონ გიორგი გახარიასთან სატელეფონო საუბრისას, ხაზი გაუსვა საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად ძალისხმევის გაგრძელების, როგორც უცხოური ინვესტიციების მოზიდვის აუცილებელი ნაბიჯის მნიშვნელობას. აქვე გავიხსენებდი საქართველოში აშშ-ის ელჩის ქ-ნი კელი დეგნანის ფრთხილ დამოკიდებულებას საქართველოს სასამართლო სისტემისადმი, რომელიც მან ელჩის უფლებამოსილების ცნობიდან რამდენიმე დღეში გამოხატა, როდესაც თქვა შემდეგი: „ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. ამ მიმართულებით პროგრესი მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოს დემოკრატიული, ასევე ეკონომიკური განვითარებისთვის“. უმაღლესი რანგის დიპლომატის მხრიდან გამოთქმული ამ მოსაზრების მნიშვნელობის გადაჭარბებით შეფასება, ცხადია, ზედმეტია“, - აღნიშნა არჩილ კბილაშვილმა.

კორნელი კაკაჩია - ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ქვეყნის გადაყვანა დაპირისპირების რელსებიდან კონსტრუქციულობის ფორმატში, თუმცა ამის რესურსს მმართველ გუნდში ვერ ვხედავ
დიმიტრი შველიძე - რუსული ოკუპაციის 100 წლისთავზე მთავარია გვახსოვდეს - ყოფილი მეტროპოლია ფარული ჩარევით, მშვიდად უყურებს საქართველოში პოლიტიკური ბანაკების გაუთავებელ ომს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2021
როგორ იქმნება მომავლის რესტორნები მსოფლიოში? რა უნდა გაითვალისწინონ ქართველმა რესტორატორებმა
ახალი სენსორული POS სავაჭრო ობიექტებისთვის
რას წარმოადგენს Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამა?
სითი თაუერი – შენი პარტნიორი ბიზნესში! (R)
კომპანია "სილქნეტი" განცხადებას ავრცელებს
როგორ შეუძლიათ ბიზნესებს თანამშრომელთა სამუშაო საათები ავტომატურად აღრიცხონ?
ბაკურიანის მსოფლიო თასის ეტაპებისთვის რეგისტრაცია დასრულებულია
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან არსებულმა დაზარალებულთა ნდობის ფონდმა საქართველოსთვის დახმარების პროგრამა დაამტკიცა
ლაბორატორია „მეგალაბში“ კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის დადგენაა შესაძლებელი