თინათინ ზოიძე - აჭარას  ყველა ტიპის მოგზაურისთვის აქვს ტურისტული პროდუქტი, რომელიც განსხვავებულია და გააკვირვებს მოგზაურებს

აჭარაში შიდა ტურიზმის სტიმულირების მიზნით ახალი პროექტი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც აჭარის სამთო და საზღვაო ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია ხორციელდება. უფრო კონკრეტულად რას ითვალისწინებს პროექტი და რას სთავაზობს აჭარა შიდა ტურისტებს, „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე ესაუბრა.

- რას ითვალისწინებს შიდა ტურიზმის სტიმულირების პროექტი?

- როგორც იცით, წელს განსაკუთრებით პრიორიტეტულია შიდა ტურიზმის განვითარება. პანდემიის პერიოდში, როდესაც ჯერ კიდევ შეზღუდულია საერთაშორისო და რეგულარული ფრენები, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ შიდა რესურსი და მაქსიმალურად მოვახდინოთ შიდა ტურიზმის სტიმულირება, რომელიც, რა თქმა უნდა, ვერ მოახდენს საერთაშორისო ტურიზმის შემოსავლების კომპენსაციას, რომელიც ჩვენს რეგიონს ჰქონდა წლების განმავლობაში, თუმცა დაეხმარება კერძო სექტორს, რომ ის ბიზნესები და სერვისები, რომელსაც მართავენ, შევინარჩუნოთ. შესაბამისად, მომავალ წელს უკვე აღდგენილი ძალებით და გაასმაგებული შესაძლებლობებით შევეცდებით, რომ მოვახდინოთ ტურიზმის სექტორის აღდგენა იმ ნიშნულამდე, რომელიც გვქონდა პანდემიამდე და შემდეგ გავაუმჯობესოთ.

აქტიურად დავიწყეთ შიდა ტურიზმის სტიმულირება იმ სტანდარტების დაცვითა და გათვალისწინებით, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო გვავალდებულებს. ჩვენ დავიწყეთ სხვადასხვა ტიპის პროექტის დაგეგმვა, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება აჭარის რეგიონში არსებული ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია. პროექტის ფარგლებში ჩვენი მოქალაქეები ეცნობიან აჭარის რეგიონში არსებულ უნიკალურ ტურისტულ პროდუქტებს, უცნობ ლოკაციებს, რომლებზეც მოგზაურობაც წელს შესაძლებელია. მიმდინარე პროექტი გულისხმობს აჭარის სხვადასხვა ტურისტულ ლოკაციაზე საქართველოში ცნობილი ბლოგერების სტუმრობას. შერჩეული ადგილების ნაწილი არის ნაცნობი და ზოგიერთი მათგანი უცნობი. 7 ბლოგერი, რომელსაც ჰყავს ბევრი გამომწერი, მთელი კვირის განმავლობაში მოგზაურობს აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, ახდენს პროდუქტების პოპულარიზაციას, თავიანთ რეკომენდაციებსა და შთაბეჭდილებებს უზიარებს მომხმარებლებს. აღნიშნულ პროექტში ჩართულია ისეთი ლოკაციები, როგორებიცაა მაგალითად, კინტრიშის ხეობა, მტირალას ეროვნული პარკი, ჩირუხის მთა, ჭვანის ხეობა, მწვანე ტბა, ბეშუმი და ყველა ის მიმართულება, რომელიც ტურისტული თვალსაზრისით წარმოადგენს მიზიდულობის ცენტრს ან არის ახალი ტურისტული მიმართულება, რომლის პოპულარიზაციასაც წელს ვგეგმავთ. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აჭარის რეგიონი ყოველთვის საინტერესო მიმართულება იყო შიდა ტურისტებისთვის. რეგიონში მზარდია შიდა ვიზიტების დინამიკა. გასულ წელს აჭარა პირველად დასახელდა საქართველოში მეორე ადგილზე შიდა ვიზიტორთა რაოდენობის ზრდით. გასულ წელს, აჭარის რეგიონში 1 980 000-ზე მეტი შიდა ვიზიტი განხორციელდა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ახლაც, მიუხედავად პანდემიისა და შეზღუდვებისა, მაქსიმალურად დავაინტერესებთ შიდა ვიზიტორებს როგორც ქალაქში, ასევე მთაში არსებული ტურისტული პროდუქტებით.

- როგორც თქვენ ახსენეთ, პროექტი ბლოგერებისა და ინფლუენსერების ჩართულობით დაიწყო. როგორ გაგრძელდება ის?

- ჩვენ ვგეგმავთ, რომ ეს პროექტი გაგრძელდეს სხვადასხვა სეგმენტური სოციალური კამპანიებით, რომლებშიც ჩაერთვებიან ფოტოგრაფებიც. ცნობილი ფოტოგრაფები ეწვევიან მთიან აჭარას, ბათუმს და შესაბამისად, მოხდება როგორც ფოტობანკის განახლება, ასევე ცნობილი ფოტოგრაფების მიერ საინტერესო ლოკაციების დაფიქსირება და გაცნობა მომხმარებლებისთვის. გარდა ამისა, გვექნება საინტერესო პროექტები ცნობილ კულინარებთან, კულინარიული ფოტოების გარდა მომზადდება ძალიან საინტერესო ვიდეომასალები, რითაც შიდა ვიზიტორებს კულინარიულ ტურიზმთან დაკავშირებით, მაღალმთიან აჭარაში არსებულ კულინარიულ შედევრებს და უცნობ კერძებს გავაცნობთ. ძალიან ბევრი უცხო კერძი გვაქვს, რომლის შესახებ ქართველებსაც ნაკლებად აქვთ ინფორმაცია. ასევე, გვეყოლება სხვადასხვა სეგმენტური ჯგუფები, რომლებიც სოციალურ ქსელში პოპულარულები არიან და ჰყავთ ბევრი მომხმარებელი.

- თქვენ, როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე, რის დათვალიერებას ურჩევდით ტურისტებს მთიან აჭარაში?

- ძალიან მრავალფეროვანია ტურისტული პროდუქტები და შევეცდები თითო მუნიციპალიტეტიდან თითო ლოკაცია შევარჩიო, რომელსაც ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა ესტუმრონ. ქართველი, რომელსაც აინტერესებს განსხვავებული ადგილის ნახვა და უყვარს თავგადასავლები, აუცილებლად უნდა ეწვიოს ტბიყელის ტბას. ეს არის ველური ტბა ცასთან ძალიან ახლოს, სადაც ვიზიტორმა უნდა გაიაროს ახალი ბილიკი, რომელიც გადადის ჭვანის ხეობაში. ეს არის პირველი მარშრუტი, რომელსაც რეკომენდაციას ვუწევ სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულებისთვის - ტბიყელის ტბა კინტრიშის ხეობაში და გარდამავალი მარშრუტი ჭვანის ხეობაში ჯვარიმინდორის გავლით.

მეორე ლოკაცია, რომელიც აუცილებლად უნდა ნახონ აჭარაში ჩამოსულმა ვიზიტორებმა, გახლავთ ჩირუხის მთა. ეს არის უნიკალური ტურისტული პროდუქტი, თავისი ველური ტბებით. აქ მოგზაურებმა უნდა გაიარონ აუცილებლად ჩირუხის მთიდან ხიხანის ციხე და გოდერძის უღელტეხილი. მოგეხსენებათ, ხიხანის ციხე არის აჭარის ოლიმპო და აუცილებელია ყველა ამბიციურმა ქართველმა მოგზაურმა ხიხანის ციხე დალაშქროს. ეს ერთგვარი გამოწვევაა მათთვის.

ხელვაჩაურის მუნიციპალილტეტი კი, ცნობილია ტრადიციული ქართული თოფის წარმოებით. მაჭახლის ხეობაში არის კონკრეტული მარშრუტი, სადაც მოგზაური თოფის წარმოების გზას გაივლის. ხეობაში არის უნიკალური მასალები თოფის წარმოებასთან დაკავშირებით. მოგზაურმა უნდა გაიცნოს თოფის მწარმოებლების შთამომავლები, რომლებიც დღესაც ძალიან საინტერესო ისტორიებს ჰყვებიან და აუცილებელია ნახონ ის მუზეუმი, რომელიც ზემო ჩხუტუნეთში გვაქვს. ასევე, ქედის მუნიციპალიტეტი ძალიან საინტერესო მიმართულებაა. ქედის ფოლკლორი არის უნიკალური და ძველი ტრადიციული სიმღერები, რომლებიც აღადგინა ანსამბლმა „ელესამ“, ძალიან საინტერესოა. აუცილებელია, რომ მერისის ხეობასა და ქედაში იმოგზაურონ ვიზიტორებმა და ნახონ მერისის ჩანჩქერი. რაც შეეხება ბათუმს, დარწმუნებული ვარ, რომ ის ბევრ ვიზიტორს უკვე ნანახი აქვს, მაგრამ გვაქვს ისეთი ადგილები, რომლებზეც შესაძლებელია აქამდე მოგზაურობის დროს ყურადღება არ მიუქცევიათ. ეს ადგილებია ძველი ბათუმი, ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, უნიკალური აივნები და კარები, რომლებიც ძალიან ბევრ ისტორიას ინახავს. ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო ტურები, რომელთა შესახებ ინფორმაციაც ეტაპობრივად გაჩნდება ჩვენს ვებ-გვერდზე.

- მიმდინარე ტურისტულ სეზონსაც უნდა შევეხოთ. წელს უჩვეულო ზაფხული გვაქვს და ამ პირობებში როგორ მიმდინარეობს სეზონი რეგიონში?

- წელს ტურისტული სეზონი უჩვეულოდ მიმდინარეობს, რადგან პანდემიის გამო გვიწევს ძალიან ბევრი სტანდარტის დაცვა. ბევრი შეზღუდვა არსებობს, რისი გათვალისწინებაც უწევს როგორც ბიზნესს, ასევე მოქალაქეებს. რა თქმა უნდა, ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ დღეს უსაფრთხოების ნორმების დაცვა არის უპირველესი საკითხი. ყველანი ერთად ვმუშაობთ და კერძო სექტორიც ძალიან გაგებით ეკიდება ამ ფაქტს. ჩვენ სიამაყით შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ძალიან წარმატებით მიმდინარეობს სტანდარტების დანერგვა რეგიონში. უკვე გვაქვს განთავსების 200-ზე მეტი ობიექტი, რომელმაც უკვე გაიარა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები და შეუძლია თამამად უმასპინძლოს ტურისტებს. სტანდარტების დანერგვა არის პროცესი და ის გრძელდება. ყოველდღიურად შედის ჯანდაცვის სამინისტროში ძალიან ბევრი განაცხადი, რომელიც მუშავდება და ეტაპობრივად გვემატება განთავსების ობიექტები. გვაქვს უჩვეულო ტურისტული სეზონი, თუმცა წარმატებით ვართმევთ თავს და მაქსიმალურად ვართ ჩართული, რომ კერძო სექტორს გავუადვილოთ ტურისტული სეზონის მიმართულება.

- და ბოლოს, რატომ უნდა ვიმოგზაუროთ აჭარაში?

- პირველ რიგში, იმიტომ, რომ აჭარის რეგიონს აქვს შესაძლებლობა უმასპინძლოს სხვადასხვა ინტერესის მქონე ადამიანს. შესაძლებელია ეს იყოს ზღვაზე დასვენების მოყვარული ადამიანი, რომელსაც დახვდება ულამაზესი ბულვარი, მაღალი კლასის სასტუმროები და ის სერვისები, რომელიც ზოგადად, მაღალი კლასის დასვენებას გულისხმობს. ასევე, ძალიან ახლოს გვაქვს სათავგადასავლო ეკოტურისტული კულინარიული მარშრუტები. ბათუმიდან დაახლოებით 30 წუთის სავალ მანძილზე გვაქვს უნიკალური ბუნება, დაცული ტერიტორია, ტყე, სადაც ულამაზესი ბილიკებია. ყველა ტიპის მოგზაურისთვის აჭარას აქვს ტურისტული პროდუქტი, რომელიც განსხვავებულია და შესაბამისად, გააკვირვებს მოგზაურებს. ასე რომ, ვიმოგზაუროთ საქართველოსთვის და ჩვენი წვლილი შევიტანოთ ტურისტული სექტორის მხარდაჭერაში.

მარიამ ციცქიშვილი

„ინტერპრესნიუსი“

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა