შსს-ში შაქარაშვილის საქმეზე ავთანდილ ბილანიშვილის, „კაწროს“ მეგობრის გამოკითხვა დასრულდა

ავთანდილ ბილანიშვილის, "კაწროს" მეგობარმა, დაჩი ბუაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა დატოვა. ის გამოკითხვაზე რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

როგორც გამოკითხვის დასრულების შემდეგ ბუაძის ადვოკატმა, თენგიზ სუპატაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დაჩი ბუაძეს გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან არანაირი შემხებლობა არ აქვს.

მისივე თქმით, გამოკითხვაზე ბუაძემ დაამტკიცა, რომ ინციდენტის დღეს მცხეთის ტერიტორიაზე არ იმყოფებოდა.

„აბსოლუტურად არაფერ შუაში არ არის დაჩი ბუაძე, ეს ყველაფერი ატეხილია ჟურნალისტების მიერ. თითქოს იგი აპირებდა გაქცევას, დამალვას და ა.შ. დაჩი ბუაძე საერთოდ შეხებაში არ არის აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან. კითხვა იყო, სად იმყოფებოდა, მეტი არაფერი. მან დაამტკიცა, რომ იმ დღეს საერთოდ არ იყო გასული მცხეთის ტერიტორიაზე. ეს ყველაფერი არის „მთავარი არხის“ და „ფორმულას“ მიერ აგორებული. დაკავებული არ ყოფილა, ჩვეულებრივად მივიდნენ საცხოვრებელ სახლში და სთხოვეს, რომ მისულიყო ჩვენების მისაცემად. დაიკითხა ნორმალურ ვითარებაში და არავითარი ზეწოლა არ არის იმიტომ, რომ ამ პიროვნებას აღნიშნულ საქმესთან არავითარი კავშირი არ აქვს“, - განაცხადა ადვოკატმა.

დღესვე, უწყებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა საქმეზე დაკავებული სამი პირის, არჩილ გაგნიძის, ნიკა ჟვანიასა და ვასილ მახარაძის ერთ-ერთი მეგობარი.

როგორც მისმა ადვოკატმა განაცხადა, მის დაცვის ქვეშ მყოფს საქმესთან არანაირი კავშრი არ აქვს. მისივე თქმით, შემთხვევის დღეს, ის თბილისში იმყოფებდა.

ცნობისთვის, 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად განზრახ მკვლელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ძალადობის ფაქტებზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურის გადაწყვეტილებით, ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე ვახტანგ ჩიქოვანის, ვასილ მახარაძის, არჩილ გაგნიძის, ნიკოლოზ რევაზიშვილის, გიგა ტატიაშვილის, თენგიზ ბარბაქაძის, ნიკა ჟვანიას, ირაკლი მუმლაძის, საბა ჩხარტიშვილის, ირაკლი წაქაძის და საბა გოგშელიძის მიერ, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ძალადობის ფაქტებზე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა