ხათუნა გელაშვილი - მე ვიქნები დეპუტატი ხალხთან და ხალხისთვის

პარტია „თავისუფალმა საქართველომ“ შიდა ქართლში მაჟორიტარობის კანდიდატი ხათუნა გელაშვილი წარადგინა. რას საქმიანობს ის და რა გეგმები აქვს, აღნიშნულ თემებზე „ინტერპრესნიუსს“ ხათუნა გელაშვილი ესაუბრა:

- პირველ რიგში, რომ გვითხრათ, ვინ არის ხათუნა გელაშვილი? და რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკოსობა?

- ვარ ხაშურის მუნიციპალიტეტიდან, პროფესიით ჟურნალისტი. ასევე, ვარ პოეტი, 4 წიგნის ავტორი, ბევრი წიგნის თანაავტორი და რედაქტორი. 2018 წლიდან ვხელმძღვანელობ კახა კუკავას პარტიის ქალთა ორგანიზაციას. პოლიტიკას რაც შეეხება, არ იყო იოლი ამ გადაწყვეტილების მიღება, მითუმეტეს, ქალისთვის. ჩემს ცხოვრებაში დადგა მომენტი, როდესაც მივხვდი, რომ მივაღწიე რაღაც მიჯნას, ან უნდა გავჩერებულიყავი ან უნდა გამეგრძელებინა წინსვლა და ვიგრძენი, რომ არ არის საკმარისი ის, რაც აქამდე მიკეთებია. თითოეული ჩვენგანი, სადაც არ უნდა საქმიანობდეს, საბოლოო ჯამში ქვეყნის განვითარებას უნდა უწყობდეს ხელს. პოლიტიკური საქმიანობა და მითუმეტეს, ხელისუფლებაში მოსვლა გაცილებით მეტ შესაძლებლობას და ინსტრუმენტს აძლევს ადამიანს, რომ ქვეყნის და ხალხის სამსახურში საქმე აკეთოს და ეს არის ჩემი პოლიტიკაში მოსვლის მიზანი.

- თქვენ შიდა ქართლში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ხართ, რა სჭირდება დღეს რეგიონს და მოსახლეობას?

- ზოგადად, რეგიონს კარგად ვიცნობ, იმიტომ, რომ აქ დავიბადე და გავიზარდე. რეგიონში უამრავი პრობლემა არსებობს და ეს პრობლემები მოგვარდება მაშინ, როცა მოსახლეობა გააკეთებს სწორ არჩევანს, რომ აირჩიოს კანდიდატი, რომელიც იქნება პატიოსანი, საკუთარი სიტყვის პატივისმცემელი და დაპირებების შემსრულებელი ადამიანი. ის, ვინც არ იფიქრებს მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე და სწორად გადაანაწილებს ადგილობრივ ბიუჯეტს გზების, წყლის, სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე, რომლებიც აწუხებს მოსახლეობას. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია გლეხის როლი, ამას უნდა ექცეოდეს ძალიან დიდი ყურადღება. ყოველთვის ამ ხალხის კისერზე გადადიოდა და ახლაც გადადის მძიმე ეკონომიკური კრიზისი, არ აქვს გლეხს ხელშეწყობა.

- როგორ აფასებთ თქვენს კონკურენტს მმართველი გუნდიდან და არჩევნებში თქვენს შანსებს?

- ზოგადად ძალაუფლება არის შესაძლებლობა და არა მიზანი, პასუხისმგებლობა და არა პრივილეგია. ხელისუფლებაში ყოფნა უნდა ნიშნავდეს ქვეყნისა და ხალხის მსახურებას და არა პირიქით. აქედან გამომდინარე, ვერანაირ შეფასებას ვერ მივცემ ჩემს კონკურენტებს იმიტომ, რომ ვიცით ისინი საიდანაც მოდიან. ბოლო ათწლეულებია კარგად გაიცნო ხალხმა „ქართული ოცნებაც“ და „ნაციონალური მოძრაობაც“ და ამ კანდიდატების მონაცვლეობა არაფერს არ ცვლიდა. ისინიც ძალაუფლებას იყენებენ საკუთარი მიზნებისთვის და აქედან გამომდინარე, დიდი იმედი მაქვს, საზოგადოებისგან მექნება მაღალი მხარდაჭერა, რაც უკვე შეინიშნება საზოგადოებაში. მათგან განსხვავებით, მე ვიქნები დეპუტატი ხალხთან და ხალხისთვის.

- თქვენი გამარჯვების შემთხვევაში, რა იქნება პირველი რასაც გააკეთებთ?

- „თავისუფალი საქართველო“ საზოგადოებას სთავაზობს რეალურ ცვილილებებს. ჩვენ არ გავცემთ ისეთ დაპირებებს, რისი შესრულებაც არარეალურია. მაგალითად, არავის ვპირდებით, რომ პენსია იქნება 700 ლარი. არა იმიტომ, რომ ვინმეზე ნაკლებად ვხედავთ მაღალი სოციალური პაკეტების საჭიროებას, არამედ იმიტომ, რომ დღეს ამის გაკეთება შეუძლებელია. სამაგიეროდ, ჩვენ ვამბობთ, რომ პენსია უნდა იყოს დეპუტატის ხელფასის 10%, რაც ნიშნავს, რომ თუკი გაიზრდება ჩინოვნიკების ანაზღაურება, ავტომატურად გაიზრდება პენსიაც და აღარ იქნება არანორმალურად დიდი სხვაობა ჩინოვნიკების და რიგითი ხალხის შემოსავლებს შორის.

ჩვენ განსაკუთრებით დიდ ყურადღებას ვუთმობთ ხელმისაწვდომ ჯანდაცვას. „თავისუფალი საქართველო“ უკვე ახოციელებს იაფი მედიკამენტების პროგრამას, რაც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს უმაღლესი ხარისხის თურქული წარმოების პრეპარატები საქართველოში მოქმედი აფთიაქების ფასებთან შედარებით 3-4-ჯერ იაფად იყიდონ. დეტალური ინფორმაცია „თავისუფალი საქართველოს“ აფთიაქზე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია იხილოს ჩვენს საიტზე: www.freegeorgia.ge

ჩვენთვის პრიორიტეტია ადგილობრივი წარმოების განვითარება და რაც შეიძლება მეტი ქართული პროდუქტი ჩვენს მარკეტებში. „თავისუფალი საქართველო“ იქნება პარტია პარლამენტში, რომელიც მხარს დაუჭერს ადგილობრივი წარმოების, ფაბრიკა-ქარხნების, სოფლის მეურნეობის განვითარებას და ქართული პროდუქტის კონკურენტუნარიანობის გაზრდას იმპორტულ პროდუქციასთან შედარებით. საამისოდ პარლამენტში წარვადგენთ რეალურ ანტიდემპინგურ კანონმდებლობას და არა ისეთ ფასადურ საკანონმდებლო აქტებს, რაც მცირე ხნის წინ მიიღო პარლამენტმა.

რაც მთავარია, „თავისუფალი საქართველო“ იქნება ეროვნული, კონსერვატიული ფასეულობების მქონე მოქალაქეების ხმა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. დღევანდელი ქართული პოლიტიკა დაცლილია ეროვნული ინტერესებისგან. ჩვენ ღიად გამოვდივართ იმიგრაციის შეზღუდვის, ქართული ენის სტატუსის დაცვის ინიციტივებით, ქართული მიწის გასხვისების აკრძალვის მოთხოვნით. ჩვენ გვჭირდება საპარლამენტო ტრიბუნა, რომ მოვახერხოთ საქართველოს ეროვნული, სახელმწიფოებრივი ინტერესების ლობირება.

- რას ფიქრობთ პოლიტიკაში ქალების ყოფნასა და ახალი საარჩევნო კოდექსის მიხედვით, ქალთა კვოტირების დათქმაზე?

- ასე ვერ გამოვყოფდი. მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკაში ადამიანები უნდა იმკვიდრებდნენ თავს თავისი დამსახურებებით, განათლებით, მიღწევებით, სინდისიერებით, პატრიოტიზმით. ჩვენი ქვეყნის ბედი უნდა ვანდოთ კეთლსინდისიერ, ხალხზე და ქვეყანაზე მზრუნველ ადამიანებს. თუმცა, როგორც ქალი ვიტყოდი, რომ ქალები არასდროს ვივიწყებთ ქალურ საწყისს, დედის ინსტინქტი სამყაროში უდიდესი ძალაა და უფრო ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი განსაცდელი თუ ბაერიერი, რომელიც მას წინ ეღობება მომავალი თაობისთვის ბრძოლაში. როგორც ქალი, ვუცხადებ ქალებს სოლიდარობას და რაც უფრო მეტი ქალი იქნება პარლამენტში, უფრო ბევრი კრეატიული აზრი იქნება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა