ვლადიმერ შკოლნიკოვი - პანდემიის გავლენაზე კვლევას, რომელსაც მთავრობა საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით ახორციელებს, საერთაშორისო ფასეულობა გააჩნია

ვაღიარებთ და მივესალმებით იმ ფაქტს, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას სიტყვის თავისუფლებას და მედიის თავისუფალ მუშაობას შეზღუდვები საერთოდ არ შეხებია, ამას დიდად ვაფასებთ, - ამის შესახებ გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის უფროსმა მრჩეველმა ვლადიმერ შკოლნიკოვმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებებზე ფართომასშტაბიანი კვლევის დაწყებაზე იმსჯელეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ვლადიმერ შკოლნიკოვის თქმით, კოვიდ-19-ის მართვისა და პანდემიის გავლენის შესახებ კვლევას, რომელსაც საქართველოს მთავრობა საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით ახორციელებს, საერთაშორისო ფასეულობა გააჩნია, რადგან საქართველომ ამ მიმართულებით მაქსიმუმი გააკეთა.

„გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისთვის განსახილველად წარმოდგენილ კვლევაში მთავრობის რეაგირების ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტებია პანდემიის დროს ადამიანის უფლებების დაცვისა და საგანგებო მდგდომარეობის გამოცხადების საკითხები. საერთაშორისო სამართალი აღიარებს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარემოებებსა და მიზეზებს. დათქმებში გაწერილია ასევე დროის კონკრეტულ პერიოდში გარკვეული უფლებების შეკვეცის გარემოებები. ჩვენ დავაკვირდებით სამომავლოდ გასათვალისწინებელ ფაქტორებს და შევისწავლით რამდენად პროპორციული იყო განხორციელებული ზომები, უკვე ვაღიარებთ და მივესალმებით იმ ფაქტს, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას სიტყვის თავისუფლებას და მედიის თავისუფალ მუშაობას შეზღუდვები საერთოდ არ შეხებია. ამას დიდად ვაფასებთ! მიგვაჩნია, რომ ამ სახის კვლევას საერთაშორისო ფასეულობა გააჩნია, რადგან ბევრმა ქვეყანამ - მათ შორის რეგიონში და თავად საქართველომ - მაქსიმუმი გააკეთა მცირე განსხვავებებით. პირველად ვიმყოფებით ამგვარ სიტუაციაში და უნდა გავერკვეთ რა არის ნამდვილად აუცილებელი და რისი კეთება შეიძლება ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდეს, თუნდაც საგანგებო ვითარებაში. კარგად მოგეხსენებათ, რომ რეგიონის სხვა ქვეყნებში - მაგალითად, საქართველოს მეზობელ სომხეთში - კვლავ მოქმედებს საგანგებო ვითარება. არ ვიცით რა გავლენა აქვს მას ადამიანის უფლებებზე“, - განაცხადა ვლადიმერ შკოლნიკოვმა.

როგორც გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის უფროსმა მრჩეველმა აღნიშნა, მისასალმებელია, რომ კვლევაში აქცენტი კეთდება მოსახლეობის მოწყვლად ჯგუფებზე.

„ეს ნაბიჯი მისასალმებელია არა მხოლოდ ცალკეული ქვეყნების, არამედ საერთაშორისო მასშტაბით. ასევე მისასალმებელია, რომ კვლევის აქცენტი კეთდება მოსახლეობის მოწყვლად ჯგუფებზე, რომლებიც ნორმალურ პირობებშიც შეიძლება ფიქრობდნენ, რომ მათი უფლებები არ არის სრულად დაცული. მოუთმენლად ველით მუშაობას უმცირესობების საკითხებზე; ვნახავთ რა გავლენა მოახდინა ამ პერიოდმა ქალებზე, სექსუალურ უმცირესობებზე, სხვა ტიპის უმცირესობებზე - მაგალითად, ხანდაზმულებზე. მეორეს მხრივ, იმედი გვაქვს, რომ პანდემია დასრულდება და მასთან განმკლავებას შევძლებთ, მაგრამ საქართველოს გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, მოუთმენლად ველით ამ კვლევაზე მუშაობას. დიდი მადლობა“, - განაცხადა ვლადიმერ შკოლნიკოვმა.

დიმიტრი შველიძე -  ხელისუფლების მთავარი თავის ტკივილი „ნაცმოძრაობაა“,  ამ ფონზე, მისთვის შეიძლება უფრო მისაღები იყოს „ევროპული საქართველო“
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2020
აგვისტოს ომიდან 12 წლის შემდეგაც საქართველო დგას რუსული აგრესიის წინაშე
Wolt და Mastercard ბათუმში გელიან!