გიორგი ანთაძე - საქართველომ რეგიონში არსებული სამხედრო დისბალანსის გათვალისწინებით, თავისი თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესებისკენ უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას

საერთაშორისო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ანალიტიკური ორგანიზაცია ჯეოქეისისა და პარლამენტის კვლევითი ცენტრის მკვლევარს, გიორგი ანთაძეს ესაუბრა.

- ბატონო გიორგი, პანდემიის ფონზე საკმაოდ რთული და ბევრ წილად წინააღმდეგობრივი პროცესები ვითარდება საერთაშორისო ურთიერთობებსა და პოლიტიკაში.

საერთაშორისო ინსტიტუტები და ძალის ცენტრები ინარჩუნებენ სახეს, ცდილობენ აქამდე გაცხადებულ გეგემებზე არა მარტო ისაუბრონ, არამედ კალენდრის დღის წესრიგის შესაბამისად იმოქმედონ, მაგრამ ვხედავთ იმასაც, რომ მსოფლიო აშკარად არაა ისეთი, როგორც თუნდაც აშშ-ში ტრამპის გაპრეზიდენტებამდე და პანდემიამდე იყო.

სახეზეა ვაშინგტონ-პეკინის დაპირისპირება, რასაც ემატება ვაშინგტონ-მოსკოვსა და ვაშინგტონ-ბრიუსელს შორის ბევრ საკვანძო საკითხებში შეუთანხმებლობა.

არც ჩვენს სამეზობლოშია სიმშვიდე. ვგულისხმობ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობების გამწვავებას. აზერბაიჯანულ-თურქულ ფართომასშტაბიან სამხედრო სწავლებებს.

ამ თემებზე ცალ-ცალკეც კი ღირს საუბარი, მაგრამ იმის გათვალისწნებით რომ საერთაშორისო ურთიერთობებს კარგა ხანია სწავლობთ და აკვირდებით, ალბათ აჯობებს მსჯელობა ჯერ საერთო შეფასებებისთ დავიწყოთ. თქვენ როგორ შეაფასებდით დღევანდელ მსოფლიოში არსებულ ვითარებას?

- მადლობა საინტერესო შეკითხვებისათვის. იმისთვის, რომ გავიგოთ დღევანდელ მსოფლიოში მიმდინარე პროცესები, საჭიროა სულ ცოტა ხნით უკან დავბრუნდეთ დროში და რამდენიმე მნიშვნელოვანი ტენდენცია და მოვლენა გამოვყოთ.

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ სახეზეა ე.წ. „ერთპოლუსიანი სამყაროს“ საბოლოო დასასრული, სადაც აშშ-ის გლობალური დომინირება საერთაშორისო ინსტიტუტებსა და ურთიერთობებში აშკარა დაღმასვლას განიცდის.

ამგვარი ცვლილებები კი ყოველთვის დიდ გამოწვევებთან არის დაკავშირებული. ამის სასიგნალო დადასტურება სირიის ირგვლივ განვითარებული მოვლენები გახდა, სადაც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ბარაქ ობომას მმართველობის ბოლო წლებში, შეუძლებელი გახდა აშშ-ს ლიდერობით დასავლეთ სამყაროს ძალისხმევის მობილიზება და კონფლიქტთან მიმართებაში მკვეთრი, კონსოლიდირებული მიდგომის რეალიზება.

იგივე სისუსტე გამოვლინდა უკრაინის, კერძოდ, ყირიმის საკითხთან მიმართებაში. გაჩნდა ე.წ. ძალაუფლების ვაკუუმი, განსაკუთრებით ეს ახლო აღმოსავლეთს ეხება, რომელიც ბუნების კანონის მსგავსად, მაშინვე გეოპოლიტიკური დაფის სხვა მოთამაშეებმა - რუსეთმა, ირანმა, ჩინეთმა, თურქეთმა და ა.შ. შეავსეს და სახეზე მივიღეთ ჯერ დაეშის აღზევება და შემდგომ რეალობა, სადაც რუსეთს მსოფლიოს გეოპოლიტიკურ სივრცეში თანასწორ მოთამაშედ დაბრუნების საშუალება მიეცა, რაც მისი დიდი ხნის დეკლალირებული მიზანი და რევანშისტული ოცნებაც იყო.

უფრო მეტიც, სირიასა და ზოგადად რეგიონში ძალთა დისპოზიციის ცვლილებამ, ხელი გაუხსნა რუსეთსა და თურქეთს სირიის გარდა, ლიბიაშიც დაეწყოთ საკუთარი ინტერესების რეალიზება. ამ ყველაფერს თან ერთვოდა რუსეთისა და ჩინეთის მხრიდან დასავლეთის ქვეყნებზე მუდმივი საინფორმაციო და კიბერ თავდასხმები, მათში მიმდინარე შიდა პროცესებზე გავლენის მოხდენის მიზნით, მათ შორის პანდემიის პერიოდშიც.

სირიასა და ზოგადად რეგიონში ძალთა დისპოზიციის ცვლილებამ, ხელი გაუხსნა რუსეთსა და თურქეთს სირიის გარდა, ლიბიაშიც დაეწყოთ საკუთარი ინტერესების რეალიზება. ამ ყველაფერს თან ერთვოდა რუსეთისა და ჩინეთის მხრიდან დასავლეთის ქვეყნებზე მუდმივი საინფორმაციო და კიბერ თავდასხმები, მათში მიმდინარე შიდა პროცესებზე გავლენის მოხდენის მიზნით, მათ შორის პანდემიის პერიოდშიც

დღეს საერთაშორისო არენაზე აშშ-სთან ერთად, მეორე მთავარ ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ ცენტრად სწორედ ჩინეთი ყალიბდება, რომელიც არ ერიდება მისი ინტერესების ღიად დეკლარირებას და საჯაროდ გამოთქვამს მზაობას დაიცვას ეს ინტერესები, მათ შორის სამხედრო ძალის გამოყენებითაც.

შედეგად, დღეს გვაქვს რეალობა, სადაც ყველა დიდ სახელმწიფოებს შორის დაპირისპირებაზე საუბრობს. როგორც ჩანს, შევდივართ ისეთ ერაში, სადაც სამყაროში რამდენიმე პოლიტიკური, ეკონომიკური და, რაც მთავარია, ტექნოლოგიური გრავიტაციის ცენტრი იქნება და მომავალში მათ ირგვლივ დაჯგუფდება გლობალური პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირებიც.

დღეს გვაქვს რეალობა, სადაც ყველა დიდ სახელმწიფოებს შორის დაპირისპირებაზე საუბრობს. როგორც ჩანს, შევდივართ ისეთ ერაში, სადაც სამყაროში რამდენიმე პოლიტიკური, ეკონომიკური და, რაც მთავარია, ტექნოლოგიური გრავიტაციის ცენტრი იქნება და მომავალში მათ ირგვლივ დაჯგუფდება გლობალური პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირებიც

- როგორ აფასებთ ევროპასა და აშშ-ს შორის დღეს არსებულ ურთიერთობებს?

- ზოგადად, დიდი ხანია ევროატლანტიკურ სივრცეში არაერთ მნიშვნელოვან საკითხთან მიმართებაში გართულებულია პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევა. იქნება ეს ნატოს შემდგომი გაფართოების პოლიტიკა, თუ ურთიერთობები რუსეთთან და ჩინეთთან. ამასთან მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო ბრექსითი და მასთან დაკავშირებული საკითხებიც.

დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდგომ, აშშ-მ მკვეთრი პოზიცია დაიჭირა ნატოს წევრი ქვეყნების მიერ თავდაცვისთვის გასაწევ ხარჯებთან დაკავშირებით და მათი კოლექტიურ თავდაცვაში საერთო ძალისხმევის გაზრდისკენ მოუწოდებს მუდამ.

დღეს, პანდემია ევროპისთვის, ისევე როგორც დარჩენილი სამყაროსათვის, ასევე სერიოზული გამოწვევა გახდა და ამ მხრივ მისასალმებელია, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა ევროპული ეკონომიკის რეაბილიტაციისათვის საჭირო რესურსების გამოყოფაზე შეთანხმებას მიაღწიეს.

დღეს, პანდემია ევროპისთვის, ისევე როგორც დარჩენილი სამყაროსათვის, ასევე სერიოზული გამოწვევა გახდა და ამ მხრივ მისასალმებელია, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა ევროპული ეკონომიკის რეაბილიტაციისათვის საჭირო რესურსების გამოყოფაზე შეთანხმებას მიაღწიეს

აღსანიშნავია ისიც, რომ პანდემიის პერიოდში ჩრდილოეთ მაკედონიის მიღება ალიანსის 30-ე წევრად, ნატოსთვის, მისი პოლიტიკის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპის - გაფართოების მიმართ, მრავალ საკითხებთან დაკავშირებით მოკავშირეებს შორის უთანხმოების ფონზე, ერთგულების დემონსტრირება, და გნებავთ, სახის შენარჩუნებაც იყო.

ჯამში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, აშშ და ბრიუსელი სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებთან დაკავშირებით მომავალშიც მოკავშირეები იქნებიან.

არსებული პრობლემებისა და გამოწვევების მიუხედავად, დარწმუნებულივარ, აშშ და ბრიუსელი სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებთან დაკავშირებით მომავალშიც მოკავშირეები იქნებიან

- ამ ყველაფრის ფონზე „ჩრდილოეთ ნაკადი-2-ის მიმართ სულ უფრო ხელშესახები კონტურები აქვს შეძენილი. ბერლინი დიდ შვიდიანში რუსეთის დაბრუნებას ეწინააღმდეგება, მაგრამ პარალელურად არ ეთმობა „ჩრდილოეთ ნაკადი-2“.

ვარშავამ პრეზიდენტ კაჩინსკის თვითმფრინავის დაღუპვის დასკვნა გამოაქვეყნა, რომლითაც პოლონეთი თავისი პრეზიდენტის თვითმფრინავის აფეთქებაში მოსკოვს ადანაშაულებს.

თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, რა გავლენას იქონიებს „ჩრდილოეთ ნაკად-2“თან დაკავშირებით ბერლინის პოზიცია ვაშინგტონ-ბერლინის ურთიერთობებზე. ასევე, ის, რომ ვარშავამ პრეზიდენტ კაჩინსკის თვითმფრინავის დაღუპვაში კრემლი ღიად დაადანაშაულა?

- მიუხედავად აშშ-ს მიერ გამოცხადებული სანქციების და იმ ფაქტისა, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელება ევროპის რამდენიმე ქვეყანამ გააპროტესტა, იმ საბაბით, რომ იგი ევროპის რუსეთისგან ენერგეტიკული დამოუკიდებლობის პოლიტიკას ეწინააღმდეგება, როგორც ჩანს, „ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის“ დასრულება მაინც მოხდება.

სულ ორიოდე დღის წინ, დანიის ენერგეტიკული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დანიის მხრიდან გაიცა ნებართვა დარჩენილი მონაკვეთის დასამთავრებლად და როგორც რუსული მხარე იმედოვნებს, 2020 წლის ბოლოს, ან 2021 წლის დასაწყისში მოხდება აღნიშნული გაზსადენის გაშვება.

ვფიქრობ, „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ის პროექტის ირგვლივ შექმნილი სიტუაციაც იმის მაჩვენებელია, რომ მცირე წინააღმდეგობები აშშ-სა და პირველ რიგში გერმანიას შორის ურთიერთობებში მაინც არსებობს, გავიხენოთ, თუნდაც ახლად გამოცხადებული გერმანიის ტერიტორიიდან აშშ-ს ჯარების გამოყვანა. თუმცა აქ არსებობს დათქმა, რომ ეს გადაწყვეტილება მომავალაში შეიძლება გადაიხედოს.

მიუხედავად ყველაფრისა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, უფრო დიდ სტრატეგიულ საკითხებთან მიმართებაში, ვაშინგტონი და ბრიუსელი დაახლოების გზებს აუცილებლად იპოვიან. მე დარწმუნებული ვარ, რომ „ჩრდილოეთ ნაკადი -2“-ის პროექტი ვაშინგტონსა და ბერლინს შორის „განხეთქილების ვაშლად“ ნამდვილად არ იქცევა.

მიუხედავად ყველაფრისა, უფრო დიდ სტრატეგიულ საკითხებთან მიმართებაში, ვაშინგტონი და ბრიუსელი დაახლოების გზებს აუცილებლად იპოვიან. მე დარწმუნებული ვარ, რომ „ჩრდილოეთ ნაკადი -2“-ის პროექტი ვაშინგტონსა და ბერლინს შორის „განხეთქილების ვაშლად“ ნამდვილად არ იქცევა

ამერიკულ-ევროპული ურთიერთობების კონტექსტში მნიშვნელოვანია, აშშ-ში მიმდინარე შიდა პოლიტიკური მოვლენები და მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებიც.

ისეთი დასავლური სამყაროს წარმოდგენა, სადააც აშშ და ევროპული ქვეყნები, პირველ რიგში, ბერლინი და პარიზი, ვერ ახდენენ კონსოლიდირებას უმთავრეს სტრატეგიულ საკითხებთან მიმართებაში, მხოლოდ რუსეთისა და ჩინეთის წისქვილზე დაასხამს წყალს და კიდევ უფრო გაურთულებს გეოპოლიტიკურ ვითარებას საქართველოს და იმ ქვეყნებს, რომლებიც ევროატლანტიკურ ოჯახში სრულფასოვანი წევრობისკენ მიისწრაფიან.

რაც შეეხება პოლონეთსა და რუსეთს შორის არსებულ ვითარებას. თუ კაჩინსკის თვითმფრინავის აფეთქების ფაქტი დამტკიცდა და ამას დასავლეთის სხვა ქვეყნებიც გაიზიარებენ, შესაძლებელია საუბარი წავიდეს რუსეთის მიმართ ახალი სანქციების დაწესების შესახებ.

თუ კაჩინსკის თვითმფრინავის აფეთქების ფაქტი დამტკიცდა და ამას დასავლეთის სხვა ქვეყნებიც გაიზიარებენ, შესაძლებელია საუბარი წავიდეს რუსეთის მიმართ ახალი სანქციების დაწესების შესახებ

პოლონეთი დღეს ანტირუსული ბასტიონია ევროპაში, როგორც პოლიტიკური, ასევე სამხედრო თვალსაზრისით და ეს ვითარება მომავალშიც უცვლელი დარჩენა. ამას პოლონეთის ევორკავშირში „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-თან დაკავიშრებული სასამართლო განხილვაში რუსეთის წინააღმდეგ მონაწილეობაც მოწმობს.

- ვხედავთ, რომ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობების გამწვავების ფონზე ანკარამ და ბაქომ აზერბაიჯანულ-თურქულ ფართომასშტაბიან სამხედრო სწავლებები დაიწყეს.

ამ მოვლენების ფონზე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თურქეთი აშშ-ს რუსულ ს-400 გადასცემს და სანაცვლოდ ამერიკულ ფ-35-ებს მიიღებს.

ანკარასა და მოსკოვს შორის სირიის გამო შეუთანხმებლობის ფონზე ანკარა გააქტიურებულია ლიბიაში. რაზეც კაირო და თეირანიც რეაგირებენ.

და ეს ყველაფერი ხდება იმის პარალელურად, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების გამწვავება სამხრეთ კავკასიაში მოსკოვის ინტერესებს თუ პირდაპირ არა, ირიბად მაინც ემთხვევა.

გასაგებია, რომ ამ რთულ საკითხებზე ბევრი ერიდება საუბარს, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ წარმოუდგენელია რეგიონალურ ძალის ცენტრებს ანკარასა და მოსკოვს, რომელთა ინტერესები სამხეთ კავკასიაში ერთმანეთს აშკრად არ ემთხვევა, მოვლენათა განვითარების თავისი სცენარები არ ჰქონდეთ.

ის ინფორმაციული ნაკადი, რაც ამ თემებზე ვრცელდება, რისი თქმის საშუალებას იძლევა - სავარაუდოდ, როგორი შეიძლება იყოს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოვლენათა განვითარების კარგი, ცუდი და ძალიან ცუდი სცენარები?

- მოდით გავმიჯნოთ ორი მნიშვნელოვანი საკითხი, ერთი რუსეთ-თურქეთის ურთიერთობები ზოგადად და მეორე ყარაბაღის კონფლიქტის ირგვლივ არსებული სიტუაცია.

როგორც რეგიონის გეოპოლიტიკური სურათი და არსებული ისტორიული გამოცდილება გვაჩვენებს, დაახლოება თურქეთსა და რუსეთს შორის მუდმივად ტაქტიკურ, დროებით ხასიათს ატარებს ხოლმე.

ჩვენც ბოლო წლებში არა ერთხელ ვნახეთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში სიტუაციის დაძაბვისა და განმუხტვის მაგალითები. ვფიქრობ, აღნიშნული ტენდენცია მომავალშიც უცვლელი დარჩება, ვინაიდან ძნელი წარმოსადგენია ამ ეტაპზე იმგვარი დიდი გეოპოლიტიკური რყევები რეგიონში, რაც ამ ორ ქვეყანას ხანგრძლივ პერსპექტივაში ერთმანეთის მოკავშირედ აქცევს. ამის დადასტურებაა სწორედ ახლა, ფ-35 და ს-400-თან მიმართებაში არსებული სიტუაციაც.

თურქეთსა და რუსეთს შორის მუდმივად ტაქტიკურ, დროებით ხასიათს ატარებს ხოლმე... ვფიქრობ, ამგვარი ტენდენცია მომავალშიც უცვლელი დარჩება, ვინაიდან ძნელი წარმოსადგენია ამ ეტაპზე იმგვარი დიდი გეოპოლიტიკური რყევები რეგიონში, რაც ამ ორ ქვეყანას ხანგრძლივ პერსპექტივაში ერთმანეთის მოკავშირედ აქცევს

მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ აშშ საბერძნეთს მიაწვდის ფ-35ს, ამან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია თურქულ პრესაში, რომ აღნიშნული ფაქტი დაარღვევდა რეგიონში არსებულ სამხედრო ბალანსს თურქეთსა და საბერძნეთს შორის, რაც, ბუნებრივია, ანკარის შეშფოთების საგანი გახდა.

ამიტომ, რამდენიმე დღის წინ თურქეთის თავდაცვის მინისტრის განცხადება, რომლის მიხედვითაც თურქეთი მზადაა აშშ-ს ფ-35-ის პროგრამაში ხელახლა ჩართვის სანაცვლოდ მიაწოდოს ინფორმაცია რუსულ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებთან დაკავშირებით, არაა გასაკვირი.

თუმცა, აქ მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ ის, რომ რამდენად სრულყოფილი ს-400-ის კომპლექტაციები გადასცა რუსეთმა თურქეთს, ფართო აუდიტორიისთვის უცნობია.

- როგორ აფასებთ ყარაბაღის ირგვლივ შექმნილ სიტუაციას?

- რაც შეეხება ყარაბაღში არსებულ სიტუაციას, ზოგადად მიმაჩნია, რომ კავკასიაში არსებული ძალთა ბალანსი რამდენიმე დიდი მოთამაშის ინტერესებზეა დაფუძნებული. სწორედ ეს ბალანსი უზრუნველყოფს სამწუხაროდ კონფლიქტების კერებით მდიდარ რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფას.

დღეს ყარაბაღის ირგვლივ შექმნილი სიტუაცია სწორედ ორი დიდი მოთამაშის, თურქეთისა და რუსეთის რეგიონზე გავლენის მკაფიო მაგალითია. გამწვავებულ ვითარებაში, სწორედ ეს ორი ქვეყანა ცდილობს არ დაუშვას რომელიმე მხარის უპირატესობა.

ასეთი დაძაბულობა რეგიონში შექმნილი სიტუაციით მანიპულირების საშუალებას პირველ რიგში რუსეთს აძლევს და მომავალში, დაძაბულობის ესკალაციის პირობებში, მთავარი არბიტრის პოტენციურ როლსაც იგი უმიზნებს, რისი რეალიზებაც რუსეთის გავლენას სამხრეთ კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთზე მხოლოდ გაზრდის.

დაძაბულობა რეგიონში შექმნილი სიტუაციით მანიპულირების საშუალებას პირველ რიგში რუსეთს აძლევს და მომავალში, დაძაბულობის ესკალაციის პირობებში, მთავარი არბიტრის პოტენციურ როლსაც იგი უმიზნებს, რისი რეალიზებაც რუსეთის გავლენას სამხრეთ კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთზე მხოლოდ გაზრდის

ამასთან ერთად, სამხედრო თვალსაზრისით ამ ეტაპზე შექმნილია სიტუაცია, სადაც დაპირისპირებულ მხარეებს და პირველ რიგში აზერბაიჯანს არ აქვს სწრაფი, გადამწყვეტი გამარჯვების მოპოვების შესაძლებლობა, რაც გვაფიქრებს, რომ ახლო მომავალშიც კონფლიქტი მხოლოდ პერიოდული ესკალაციის ფაზებით შემოიფარგლება.

თავს ავარიდებ ყველაზე ცუდ სცენარებს, რაც არსებული კონფლიქტის აფეთქებას, ხანგრძლივი ფართომასშტაბიანი ომის დაწყებას, დაპირისპირების საქართველოს ტერიტორიაზე შესაძელო გადმოდინებას, ან თუნდაც რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიის გავლით კონფლიქტში ჩართულობის მოთხოვნას შეიძლება გულისხმობდეს.

- იმედია, ჩვენს სამეზობლოში ჩვენთვის უფრო მეტად კარგი და მშვიდობიანი სცენარებით განვირადება პროცესები.

როგორადაც არ უნდა განვითარდეს პროცესები მსოფლიოში და ჩვენს რეგიონში, საქართველოს უსაფრთხოების თვალსაზრისით თავისი დღის წესრიგი აქვს და ჩვენს პარტნიორებთან ერთად და ხელშეწყობით საკმაოდ ბევრი რამ კეთდება.

მაგრამ, ფაქტია ისიც, რომ რეგიონალური სამხედრო დისბალანსის თვალსაზრისით, საქართველოს საფრთხეები და გამოწვევები იმაზე გაცილებით მეტი აქვს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

ამ თვალსაზრისით არსებული ვითარება რა დასკვნების საშუალებას იძლევა და აქედან გამომდინარე სავარუდოდ, როგორი იქნებოდა ჩვენს მიერ გადასადგმელი ოპტიმალური ნაბიჯები?

- გეთანხმებით, საქრთველო დღეს ეროვნული ძალაუფლების ინსტრუმენტების პარამეტრებით ყველა სხვა რეგიონალურ მოთამაშეს მკვეთრად ჩამორჩება. სასურველია აღნიშნული მიმართულებით უფრო თვითკმარები გავხდეთ მომავალში.

სწორედ, ამიტომ, ვფიქრობ დიდი ხანია დადგა ის დრო, საქართველომ რუსული ოკუპაციისგან მომდინარე საფრთხეების და რეგიონში არსებული სამხედრო დისბალანსის გათვალისწინებით, მის ხელთ არსებული თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესებისკენ უფრო ქმედითი ნაბიჯები გადადგას.

დიდი ხანია დადგა ის დრო, საქართველომ რუსული ოკუპაციისგან მომდინარე საფრთხეების და რეგიონში არსებული სამხედრო დისბალანსის გათვალისწინებით, მის ხელთ არსებული თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესებისკენ უფრო ქმედითი ნაბიჯები გადადგას

მართებული იქნება ქვეყანამ ახალი საარჩევნო ციკლის დასრულების შემდგომ, თავდაცვის და ეროვნული უსაფრთხოების სისტემის გრძელვადიანი ინსტიტუციონალური განვითარების პოლიტიკის შექმნაზე იზრუნოს, რომელიც დროში შესაბამისი რესურსების უზრუნველყოფის გეგმითაც იქნება გაწერილი. აღნიშნული საკითხი, სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნის აქილევსის ქუსლად იქცა წლების განმავლობაში. ამ თვალსაზრისით მართებული იქნება პარლამენტის როლის გაზრდაც.

განსაახლებელია მთავარი ეროვნული სტრატეგიული დოკუმენტებიც. ჩვენი სწრაფვა ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციისკენ მომავალშიც გამოყენებული უნდა იყოს, როგორც ინსტრუმენტი ეროვნული ინსტიტუტების დემოკრატიული აღმშენებლობისა და განმტკიცებისათვის.

განსაახლებელია მთავარი ეროვნული სტრატეგიული დოკუმენტებიც. ჩვენი სწრაფვა ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციისკენ მომავალშიც გამოყენებული უნდა იყოს, როგორც ინსტრუმენტი ეროვნული ინსტიტუტების დემოკრატიული აღმშენებლობისა და განმტკიცებისათვის

მისასალმებელია, რომ ბოლო წლებში აღნიშნული მიმართულებით განუხრელი და ქმედითუნარიანი იყო ხელისუფლების პოლიტიკაც. ამასთან ერთად ვისურვებდი, რომ დღეს უსაფრთხოების სფეროში არსებული ბრწყინვალე ქართულ-ამერიკული პარტნიორული ურთიერთობები, თვისობრივად ახალ სამოკავშირეო საფეხურზე ავიდეს.

ეს პროცესი ორმხრივ ძალისხმევას საჭიროებს და გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების საწინდარი შეიძლება გახდეს, რაც ვფიქრობ ჩვენი უზენაესი ინტერესია.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით