ქართული პრესის მიმოხილვა 05.08.2020

განსხვავებული არჩევნები - “ამომრჩეველს გარისკვის შანსი აქვს”

"უფრო მეტი დაკვირვება იქნება საარჩევნო პერიოდზე და კამპანიებზე, ვიდრე არჩევნების დღეზე" - შარაშენიძე

***

განსხვავებული არჩევნები - “ამომრჩეველს გარისკვის შანსი აქვს”

რა ელოდება 31 ოქტომბერს საარჩევნო უბანზე მისულ საზოგადოებას - არჩევანის გაკეთება ისევ "შავსა" და "თეთრს" შორის მოუწევს თუ, 1%-იანი ბარიერისა და საარჩევნო სისტემის წყალობით, ბიულეტენში მრავალფეროვნება დახვდება. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე "რეზონანსთან" ამბობს, რომ საარჩევნო სისტემა - 120/30 და 1%-იანი ბარიერი საშუალებას იძლევა იმისას, რომ ამომრჩეველი უფრო თამამი და რისკიანი გახადოს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, განსხვავებული არჩევნები - “ამომრჩეველს გარისკვის შანსი აქვს”

“ეს არჩევნები წინა არჩევნებისაგან, პირველ რიგში, საარჩევნო სისტემითა და ბარიერით განსხვავდება, ეს პირობები კი იმის საშუალებას იძლევა, რომ ამომრჩეველი უფრო თამამი იყოს და არჩევანის გაკეთების დროს უფო მეტად გარისკოს. როდესაც მაღალი ბარიერია, ამომრჩეველი ყოველთვის ცდილობს, რომ თავისი ხმა არ დაიკარგოს. ის თუ ეჭვობს, რომ პარტია ბარიერს გადალახავს თუ არა, მაშინ ამჯობინებს, ხმა სხვა ისეთ პარტიას მისცეს, რომელიც მისთვის შედარებით ნაკლებად მისაღებია, მაგრამ ხმა მაინც არ დაეკარგება. ამ შემთხვევაში კი ვფიქრობ, რომ ამომრჩეველს გარისკვის შანსი აქვს, რაც მგონია, მოგვცემს იმას, რომ პარლამენტი ჭრელი იქნება. არჩევანის გაკეთება, ძირითადად, ორ ფრთას შორის იქნება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამომრჩევლის საკმაოდ დიდი რაოდენობა, დაახლოებით 1/3, სხვა არჩევანს გააკეთებს, რომელიც ამ საპარლამენტო არჩევნებში მნიშვნელოვანი იქნება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ასეთ შემთხვევაში მრავალფეროვანი პარლამენტი გვეყოლება. ჩვენ, ძირითადად, ისეთი პარლამენტი გვქონდა, სადაც მმართველ ძალას ჰქონდა უპირატესობა, რომ მყარი და მორჩილი უმრავლესობა ჰყავდა. ამ შემთხვევაში, პარლამენტი არა ისეთივე მორჩილი, არამედ საკმაოდ სიცოცხლით სავსე იქნება და არა ისეთი, როდესაც რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს უმრავლესობა აქვს და მას არც ოპოზიციის და არც საზოგადოების განწყობები საერთოდ არ აინტერესებს და იმ კანონს იღებს ისე, როგორც მას უნდა. თუ ამომრჩევლის ერთი მესამედი იმ მესამე კატეგორიაში წავა, რომელსაც არც „ოცნება" უნდა და არც „ნაცმოძრაობა" და მასთან გაიგივებული პოლიტიკური ჯგუფები, ეს საკმაოდ წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება იმისთვის, რომ კოალიციური მთავრობა შეიქმნას და ყველაფერი ერთ პარტიასა და მისი ლიდერის ნება-სურვილზე არ იყოს დამოკიდებული", - განაცხადა ძაბირაძემ”, - განაგრძობს გამოცემა.

"ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს პოლიტიკურ სივრცეში პარტიების ნაკლებობა არაა და ბარიერიც 1%-იანია, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, წინა არჩევნებისგან შედარებით, უფრო მრავალფეროვანი იქნება. რაც შეეხება „შავსა" და „თეთრს" შორის არჩევანის გაკეთებას, არც ერთი მხარეა მთლად „შავი" და არც მეორე მხარეა მთლად „თეთრი", ვისთვის როგორ, მაგრამ მხარეებს შორის მთლად ასეთი რადიკალური განსხვავებაც არაა. აღნიშნული არჩევნები შედარებით უფრო მრავალფეროვანი იქნება იმიტომ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, ძირითადი კონკურენტები „ქართული ოცნება" და „ნაციონალური მოძრაობა" იყვნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც „ნაცმოძრაობა" რამდენიმე პოლიტიკურ სუბიექტად დაიყო, ბუნებრივია, ამჯერად უფრო მეტი პოლიტიკური სუბიექტი იქნება წარმოდგენილი. ასევე პოლიტიკური პარტია „ლელო", რომელმაც შესაძლებელია, რომ 1%-იანი ბარიერის არსებობის პირობებში გარკვეული ხმები მიიღოს. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ 2020 წლის არჩევნები, წინა არჩევნებთან შედარებით, უფრო მრავალფეროვანი იქნება, არ იქნება მხოლოდ და მხოლოდ ორ პოლიტიკურ პარტიას შორის დაპირისპირება. აქ არ უნდა დაგვავიწყდეს პრორუსული პარტიებიც, იგივე ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობა" და "პატრიოტთა ალიანსი". პარადოქსია, მაგრამ „დემოკრატიული მოძრაობა" პროდასავლურ ოპოზიციურ სპექტრთანაა დაახლოებული, ხოლო პატრიოტთა ალიანსი - "ქართულ ოცნებასთან". 1%-იანი ბარიერისა და 30 მაჟორიტარული ოლქის პირობებში საქართველოს უფრო მრავალპარტიული პარლამენტი ეყოლება", - განაცხადა ჩიტაძემ”, - წერს სტატიის ავტორი.

"უფრო მეტი დაკვირვება იქნება საარჩევნო პერიოდზე და კამპანიებზე, ვიდრე არჩევნების დღეზე" - შარაშენიძე

საპარლამენტო არჩევნებიდან სამი თვით ადრე, საქართველოს მიმართულებით მოდის გზავნილები დასავლეთის მხრიდან. ექსპერტები ამბობენ, რომ ეს არჩევნები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დიდი დაკვირვების ქვეშ ჩაივლის. "დასავლეთისთვის უფრო მნიშვნელოვანია რა ხდება საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, რამდენადაა სამართლიანობა და თანასწორობა დაცული", - ამბობს ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "უფრო მეტი დაკვირვება იქნება საარჩევნო პერიოდზე და კამპანიებზე, ვიდრე არჩევნების დღეზე" - შარაშენიძე

"მისი თქმით, ამჟამად მიმდინარე პროცესებიც დასავლეთის დაკვირვების შედეგია. იმ განცხადებების გათვალისწინებით, რომლებიც ახლა დასავლეთის მხრიდან საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე კეთდება, შეიძლება ითქვას, რომ უკვე ჩარეულნი არიან საარჩევნო პროცესში. უფრო მეტი დაკვირვება იქნება საარჩევნო პერიოდზე და კამპანიებზე, ვიდრე არჩევნების დღეზე. დასავლეთისთვის უფრო მნიშვნელოვანია რა ხდება საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, რამდენადაა სამართლიანობა და თანასწორობა დაცული", - თქვა თორნიკე შარაშენიძემ. რაც შეეხება რუსეთ-ბელარუსს შორის ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს და ლუკაშენკოს დასავლეთთან პარტნიორობას, შარაშენიძის თქმით, ეს მხოლოდ ლუკაშენკოს თამაშია რუსეთთან. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით შარშან, წლის ბოლოს, ადგილი ჰქონდა პუტინის მხრიდან სერიოზულ მცდელობას, რომ დაეყოლიებინა ლუკაშენკო რუსეთისა და ბელარუსის გაერთიანებაზე, რაზეც ლუკაშენკომ უარი უთხრა. შემდეგ გაგრძელდა ზეწოლა პუტინის მხრიდან და ახლა, როგორც ჩანს, ლუკაშენკო აკეთებს კონტრსვლებს. ამით აჩვენებს პუტის, რომ თვითონაც შეუძლია რაღაც ავნოს და გაუფუჭოს რუსეთს. ამას უნდა მივაწეროთ ეს ყველაფერი. არ შედგა რუსეთ- ბელარუსის გაერთიანება, რამაც ბუნებრივია გაანაწყენა პუტინი, რომელიც ცდილობს რაღაც ზომები მიიღოს ლუკაშენკოს წინააღმდეგ. ლუკაშენკო თამაშობს რუსეთსა და ევროპას შორის. ორივეზე საკმაოდ სერიოზულადაა ეკონომიკურად დამოკიდებული, ბოლომდე არცერთთან არ წყვეტს ურთიერთობას. მოკლედ რომ ვთქვათ "თამაშია" ლუკაშენკოსი რუსეთთან, ეუბნება, რომ ძალიან თუ "მომაწვები", აგერ მყავს ევროპაო", - თქვა მან”, - აღნიშნავს გამოცემა.

"რეგიონში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას, შარაშენიძემ თქვა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი დასრულებულია და რაიმე ტიპის ფართომასშტაბიან ომს არ უნდა ველოდოთ. სომხურ-აზერბაიჯანული მორიგი შეტაკება დასრულდა. ამ წვრთნებით კი თურქეთმა დაამტკიცა, რომ აზერბაიჯანის მოკავშირეა. სიმბოლური ჟესტი უფრო იყო, ბუნებრივია, პოლიტიკური დატვირთვით, მაგრამ სამხედრო მოქმედებები დასრულებულია უკვე და ამით თუქეთმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ აზერბაიჯანს შემდეგი დაპირისპირების შემთხვევაში არ მიატოვებს. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არანაირი მსხვილმასშტაბიანი ომი, ამ ორ მხარეს შორის არ იქნება, იმიტომ, რომ ერთის უკან თურქეთია, მეორეს უკან რუსეთი და მსგავსი კონფლიქტი მათ ინტერესებში არ შედის", - ამბობს თორნიკე შარაშენიძე „რეზონანსთან”, - დასძენს გამოცემა.

"აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამხედრო დაპირისპირების ფონზე, ბაქო და ანკარა აზერბაიჯანის ოთხ ლოკაციაზე ერთობლივ წვრთნებს ატარებენ, რომელიც 10 აგვისტომდე გასტანს. როგორც ორშაბათს რუსულმა მედიამ დაწერა, წვრთნებისას საკმაოდ სერიოზული ინციდენტი მოხდა. ერთობლივი სამხედრო სწავლების ფარგლებში, ორი თურქული F-16 სომხეთის დედაქალაქ ერევანს 56 კმ ის მანძილზე, დიდი სიჩქარით მიუახლოვდა, შემდეგ კი მკვეთრი მანევრით უკან გატრიალდა. როგორც მედია იტყობინება, ამ გზით მათ სომხეთის დედაქალაქზე შეტევა შეეძლოთ”, - წერს სტატიის ავტორი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა