გიორგი პერტაია - სავაჭრო პალატა მეწარმეებს ბიზნესის მხარდამჭერ ყველა პროგრამას ერთ ონლაინ პლატფორმაზე სთავაზობს

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას ახალი ვებგვერდი აქვს, რომლის საშუალებითაც ბიზნესის წარმომადგენლებს პალატაში გაწევრიანება და მათთვის საჭირო უახლესი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ. რა მიზნით განხორციელდა რებრენდინგი, რა ახალ სერვისებს სთავაზობს სავაჭრო პალატა კერძო სექტორს და როგორია პალატის სამომავლო გეგმები, ამ საკითხებზე „ინტერპრესნიუსს“ სავაჭრო პალატის პრეზიდენტი, გიორგი პერტაია ესაუბრა.

- ბატონო გიორგი, სავაჭრო პალატამ რებრენდინგის ფარგლებში ახალი ლოგო და ვებგვერდი წარადგინა. რამ განაპირობა ეს ცვლილება?

- სავაჭრო პალატის რებრენდინგი და ახალი ვებგვერდის შექმნა განხორციელდა მიუნხენისა და ზემო ბავარიის პალატის აკადემიასთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში. ჯერ კიდევ პანდემიამდე ჩვენი მიზანი იყო,მაქსიმალურად გაგვემარტივებინა პალატის სერვისების მიწოდების პროცესი და დაგვენერგა დისტანციური მომსახურება. პალატის რებრენდინგი არ არის მხოლოდ ვიზუალური ცვლილება, ახალი პორტალის მეშვეობით მეწარმეები მიიღებენ მათ საჭიროებებზე მორგებულ უახლეს ინფორმაციასა და სერვისებს ონლაინ რეჟიმში.

- კონკრეტულად რა სახის ინფორმაციასა და სერვისებს შესთავაზებს სავაჭრო პალატა კერძო სექტორს?

- უპირველეს ყოვლისა, ეს არის ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი უახლესი ინფორმაცია. ბიზნესს, განსაკუთრებით რეგიონულ მცირე და საშუალო მეწარმეებს, აქვთ ინფორმაციის ნაკლებობა მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. ეს გულისხმობს, როგორც ბიზნესთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, ასევე სახელმწიფო ინიციატივებსა და სხვა აქტივობებს. პორტალზე ასევე ხელმისაწვდომი იქნება ყველა სახელმწიფო და დონორი ორგანიზაციების მიერ გამოცხადებული ბიზნესის მხარდამჭერი პროექტები და პროგრამები. მეტიც, მეწარმეებს შეუძლიათ მოგვმართონ და რიგ შემთხვევებში ჩვენი კვალიფიციური თანამშრომლები გაუწევენ კონსულტაციას საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან, განაცხადის შევსებასთან, პირობებთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა წარმოშობის სერთიფიკატის განაცხადის ონლაინ შევსება და გაცემული სერთიფიკატის ვერიფიკაცია. მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ ყველა ინფორმაცია და დოკუმენტი ატვირთონ ონლაინ რეჟიმში, რაც განსაკუთრებით მოსახერხებელია რეგიონული ბიზნესისთვის. ამასთან, გამარტივდა პალატაში გაწევრიანება და ეს უკვე შესაძლებელია ვებგვერდის მეშვეობით. დაინტერესებულ პირს შეუძლია ონლაინ რეჟიმში გაეცნოს ჩვენს საწევრო პაკეტებს და ძალიან მარტივად გააკეთოს განაცხადი წევრობაზე. დაგვემატა ასევე წევრების ონლაინ ბაზა, რაც გაზრდის კომპანიის ცნობადობასა და სანდოობას. ამასთან, ვებგვერდზე შესაძლებელია როგორც პალატის, ასევე ჩვენი პარტნიორების ყველა დაგეგმილი ღონისძიებების ნახვა და სურვილის შემთხვევაში ონლაინ რეგისტრაციის გავლა.

- პანდემიიდან გამომდინარე შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნული ცვლილებები?

- არსებული გამოწვევებისა და მდგომარეობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია ფიზიკური კონტაქტის მინიმალურ დონემდე დაყვანა. რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ საქართველოს მთავრობის ყველა რეკომენდაციას და მომსახურებები გადაგვყავს უკონტაქტო რეჟიმში. ამავდროულად ვხვეწთ ჩვენი თანამშრომლების კვალიფიკაციას და ინფორმაციის მიწოდების ფორმებს იმისთვის, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად კომფორტული გახდეს მომხმარებლებისთვის.

- რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, კიდევ რა სიახლეებს უნდა ელოდოს კერძო სექტორი სავაჭრო პალატისგან?

- ყველა ჩვენი პროექტი თუ აქტივობა ეფუძნება ბიზნესის გამოწვევებსა და მოთხოვნებს. პალატას ყოველდღიური კავშირი აქვს მეწარმეებთან, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, შესაბამისად, ეს არის დინამიური პროცესი. აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა ახალი პროექტები და სერვისები შევიმუშაოთ. მაგალითისთვის, პალატამ ივნისში ჩაატარა ბიზნესის საჭიროებების მასშტაბური კვლევა. კვლევამ გვიჩვენა, რომ ელექტრონული კომერციის მიმართულებით ინტერესი საგრძნობლად გაიზარდა, 0.33%-დან 17%-მდე. ეს ნიშნავს, რომ ბიზნესს სურს ელექტრონული კომერციის დანერგვა, მაგრამ არ გააჩნიათ შესაბამისი რესურსი ან უნარები. სწორედ ამ მიმართულებით ვმუშაობთ ამჟამად, დიდი სურვილი გვაქვს განვახორციელოთ შესაბამისი პროექტი, რომელიც განსაკუთრებით რეგიონებში შეუწყობს ხელს ამ მიმართულებით ბიზნესის გაძლიერებას.

ასევე, ბევრი მეწარმის თანახმად, პროდუქციის წარმოებაში ისინი იღებენ მხარდაჭერას, მაგრამ პრობლემები აქვთ მათი ნაწარმის ცნობადობისა და გაყიდვების ნაწილში. დღესდღეობით ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია ონლაინ სივრცესა თუ სოციალური ქსელების ჭრილში. ამ მიზნით, უახლოეს მომავალში პალატა წარმოგიდგენთ საქართველოში წარმოებული პროდუქციისა და ქართველი მეწარმეების პოპულარიზაციის ახალ პროექტს. აღნიშნული პროექტიც განთავსდება ჩვენს ვებგვერდზე და მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მეწარმეს შეეძლება. ეს არ არის სრული ჩამონათვალი, პალატა მეწარმეებს მუდმივ რეჟიმში შესთავაზებს მათ ინტერესებსა და მოთხოვნებზე დაფუძნებულ სერვისებს და მათთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას, ამისთვის ისინი უნდა ეწვიონ ჩვენს ვებგვერდს, გაწევრიანდნენ, რის შედეგადაც მუდამ ინფორმირებული იქნებიან.

„ინტერპრესნიუსი“

მარიამ ტიტვინიძე

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს