თორნიკე ჯანაშვილი - ქვეყანა ღრმა ეკონომიკურ კრიზისშია  და მომავალ წელს უფრო მძიმე  კრიზისის  წინაშე  შეიძლება აღმოვჩნდეთ

პოლიტიკური პარტია "რეფორმერის" თავმჯდომარე თორნიკე ჯანაშვილი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია მოხდეს ეკონომიკის დივერსიფიკაცია. მისი შეფასებით, ქვეყანა მხოლოდ ერთ მიმართულებაზე, ტურიზმზე, ვერ იქნება დამოკიდებული. ამ და სხვა საკითხებზე გთავაზობთ ინტერვიუს პოლიტიკური პარტია "რეფორმერის" თავმჯდომარესთან თორნიკე ჯანაშვილთან.

- "რეფორმერი" ახალი პოლიტიკური ძალაა, შესაბამისად, ამ პარტიის მიმართ ინტერესიც დიდია. როდის წარადგენთ პარტიის საარჩევნო პროგრამას და რა აქცენტებს გააკეთებს "რეფორმერი" პროგრამაში?

- სექტემბერში წარვადგენთ პარტიის პროგრამას, რომელიც მომზადდა ჩვენი გუნდის კვალიფიციური სპეციალისტების მიერ. პროგრამა მოიცავს ყველა იმ სტრატეგიულ სფეროს, რომელთა განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. პროგრამაში ასახული იქნება კონკრეტული ადამიანების პრიორიტეტული პრობლემები და მათი მოგვარების გზები. ძირითადი აქცენტები გაკეთდება ეკონომიკაზე, სოფლის მეურნეობაზე, უსაფრთხოებაზე, ჯანდაცვაზე, განათლებაზე. ქვეყანა ღრმა ეკონომიკურ კრიზისშია, ახლა ჩვენი მთავარი ამოცანაა მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ეკონომიკის ლიკვიდურობა. პირველ რიგში, აქცენტი უნდა გაკეთდეს სამუშაო ადგილების შენარჩუნებაზე, აუცილებელია სახელმწიფოს მეტი ჩართულობა. უნდა გამოიყოს დარგები, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ კრიზისისგან. როგორც ცნობილია, ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს საერთაშორისო მხარდაჭერა, შეგვიძლია თანხების მოძიება. ამ ეტაპზე აუცილებლად უნდა გაიზარდოს საგარეო ვალი, ამის გარეშე ეკონომიკური კრიზისი გადაიზრდება ფინანსურ კრიზისში და საერთოდ ჩამოიშლება ქვეყნის ეკონომიკა. მაშინ როცა იზრდება საგარეო ვალი, საჭიროა სწორი დაბალანსება, რათა მოვახდინოთ ვალის ეფექტური ხარჯვა, რომელიც გათვლილი იქნება გრძელვადიან პერსპექტივაზე. ერთჯერადი დახმარებები, რასაც დღეს სთავაზობს სახელმწიფო მოსახლეობას, არ მიმაჩნია სწორად. ჩვენ ვიღებთ გრძელვადიან ვალს, რომელსაც მოვიხმართ ერთჯერადად, რომლითაც სამომავლოდ დოვლათი არ იქმნება, შესაბამისად, მომავალ წელს უფრო მძიმე ეკონომიკური კრიზისის წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ.

ახლა მნიშვნელოვანია მოხდეს ეკონომიკის დივერსიფიკაცია. მხოლოდ ერთ მიმართულებაზე, თუნდაც ტურიზმზე, ვერ ვიქნებით დამოკიდებული, მით უფრო რომ ჩვენთან ტურიზმი არ არის განვითარებული მაღალ დონეზე. ტურიზმის განვითარება ბევრად უფრო მრავლისმომცველია, ვიდრე საერთაშორისო ვიზიტორების შემოსვლა და დათვლა. ყველაზე კარგ შემთხვევაში რეალური შემოსავალი გვრჩება 20 %-მდე, დანარჩენი შემოსავალი გადის. ჩვენ არ გვაქვს დარეგულირებული ავია მიმოსვლიდან, ადგილზე ტურისტის მიერ მოხმარებული პროდუქციიდან შემოსული თანხები. ჩვენ სოფლის მეურნეობაშიც კი იმპორტზე ვართ დამოკიდებული, შესაბამისად, ეს თანხები გაედინება. დივერსიფიცირება აუცილებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ახალი ველოსიპედი უნდა გამოვიგონოთ. ჩვენ სწორად უნდა განვავითაროთ ის დარგები, რომლებიც მართლაც პრიორიტეტული და მოთხოვნადია. ჩვენ გვაქვს DCFTA შეთანხმება ევროკავშირთან, რომლის ფარგლებში 6 ათასი დასახელების პროდუქტის გატანა შეგვიძლია ექსპორტზე გადასახადების გარეშე, მაგრამ ჩვენ დღეს 100 სახეობის პროდუქციაც კი არ გაგვაქვს. ეს ძალიან ბევრ პრობლემასთან არის დაკავშირებული, პირველ რიგში, გამართულად არ მუშაობს სისტემა. გვაქვს არასწორი პრიორიტეტები, მათ შორის ფინანსურ ინსტიტუტებსაც. იმის ნაცვლად, რომ მოხდეს ფულის დივერსიფიცირება, ჩაიდოს თანხები ეკონომიკაში და შეიქმნას ახალი კომპანიები, ახალი სამუშაო ადგილები, ცდილობენ სექტორის ცენტრალიზაციას, რომ თვითონ დაკავდნენ სხვადასხვა ბიზნესით. ხშირად მთავრობაც მიმართავს ასეთ ხერხებს და ხდება კონკრეტული დარგების მონოპოლია კონკრეტული ადამიანების მიერ. ოლიგოპოლია პატარა ბაზრისთვის ბუნებრივია, გარკვეული კომპანიები მეტ ძალაუფლებას მოიპოვებენ, ეს არის კაპიტალიზმის სპეციფიკა, მუდმივად განვითარდე, შესაბამისად დიდი და ძლიერი კომპანიები უფრო ძლიერდებიან, მაგრამ ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ჩვენ არ შევუწყოთ ხელი ახალი კომპანიების განვითარებას. ის, რომ ბაზარზე არის სამი დიდი კომპანია, რომელიც აკონტროლებს ბაზრის უმეტეს წილს, ეს ნორმალური სპეციფიკაა, მაგრამ ის, რომ არ იქმნება ახალი კომპანიები, არის არაჯანსაღი პროცესი. ასე საერთაშორისო ბაზარზე არ ხდება. ცენტრალიზაცია, მონოპოლიზება, ყველაფრის ჩაბღაუჭება და წართმევა, დაბლოკვა, როდესაც გაქვს კორუფცია და არ არსებობს პირობები უცხოური კომპანიებისთვის, წარმოუდგენელია მარტო საგარეო ვალებით ფონს გასვლა. კორონაპანდემიის პირობებში, როდესაც განსაკუთრებული სიტუაციაა, გვაქვს წვდომა საგარეო ვალთან, მაგრამ პრობლემა ბევრად მეტია. ჩვენ თუ არ გამოვასწორეთ და შევცვალეთ ის გარემო, რაც გვაქვს დღეს, მომავალში ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით.

პრობლემები გვაქვს ჯანდაცვის მიმართულებით. ამ მხრივ მუშაობის დიდი გამოცდილება მაქვს. ჩვენი ჯანდაცვის სისტემა არასწორად არის მოწყობილი. საყოველთაო დაზღვევიდან სადაზღვევო კომპანიების ჩამოშორება იყო არასწორი. ამოაგდეს მაკონტროლებელი რგოლი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სწორი ბალანსი სერვისსა და ფინანსებს შორის, თვითონ სახელმწიფო ცდილობს ამ პროცესის გაკონტროლებას. რასაკვირველია, სახელმწიფო ვერაფერს ვერ აკონტროლებს და გამოდის, რომ ჩვენი ბიუჯეტი გახდა უძირო ჭა. ვისაც უნდა ხსნის კლინიკებს, ვისაც რა უნდა იმას აკეთებს, ძალადობენ პაციენტებზე, რომ რაც შეიძლება მეტი ფული მიიღონ ბიუჯეტიდან, ასეთია რეალური მოცემულობა, სადაც არ არის არც ხარისხი, არც სტანდარტი, აღარაფერს ვიტყვი პაციენტის უფლებებზე, რომელიც სამწუხაროდ, აღქმულია როგორც კლიენტი, რომელსაც რაც შეიძლება მეტი პროცედურა უნდა ჩაუტარდეს, მნიშვნელობა არ აქვს სჭირდება თუ არა. ამაზე არის მომართული მთელი სისტემა. ასეთ პირობებში, თუ არ გაქვს მაკონტროლებელი და დამაბალანსებელი რგოლი კერძო სტრუქტურაში, მიხვალ იმ მდგომარეობამდე, რაც ახლა ხდება. სახელმწიფომ უნდა აკონტროლოს ბაზარი, და არა კერძო კომპანიები. სახელმწიფომ უნდა შექმნას სწორი პრიორიტეტები, და სწორი სისტემა. დღეს თითქოს ყველაფერი ფინანსდება ბიუჯეტიდან, მაგრამ გაჩნდა პრობლემა - ბიუჯეტი ამას ვეღარ წვდება. დაიწყო უკუციკლი. იმით, რითიც კმაყოფილი იყო მოსახლეობა, დღეს უკმაყოფილოები არიან. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს თავისი მოქალაქეების ჯანმრთელობა, ეს უნდა მოხდეს სწორი სისტემით. აუცილებელია სადაზღვევო კომპანიების დაბრუნება ფინანსურ ნაწილში, სახელმწიფომ უნდა დააზღვიოს უმწეო მოქალაქეები, ვისაც შემოსავალი არ აქვს, მაგრამ ვინც დასაქმებულია, უნდა ჰქონდეს სავალდებულო დაზღვევა და უნდა შეეძლოს არჩევანის გაკეთება იმ კომპანიებს შორის, რაც არის წარმოდგენილი ბაზარზე. უნდა მოხდეს სამედიცინო დაწესებულებების სწორი ლიცენზირება, კონკრეტული გაიდლაინების გაწერა, მთელი სისტემის გაციფრულება, რაც არის მნიშვნელოვანი კონტროლის მექანიზმისთვის, სხვა შემთხვევაში ყოველთვის იქნება შავი ხვრელები, რომელიც არის არასწორი ქმედებების და კორუფციის ბუდე. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მედიკამენტების ფასები. კომპანიები მუშაობენ ხელოვნურად შექმნილ ზემოგებებზე. ეს არის დიდი პრობლემა, რომელიც უნდა გააკონტროლოს ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა, რომელიც დღეს ამ სფეროში ფაქტობრივად ფუნქცია დაკარგულია. ასეთი ღრმა პრობლემები გვაქვს ყველა მიმართულებით, რასაც სისტემური ცვლილებები სჭირდება.

- პოლიტოლოგებთან და ექსპერტებთან შეხვედრისას თქვენ ისაუბრეთ პოლიტიკის ახალ სტანდარტზე და მმართველობის მოდელზე, ჰოლოკრატიაზე, რა უპირატესობები აქვს ამ მოდელს საქართველოსთვის?

- ჰოლოკრატია არის კოლაბორაციული მოდელი, რომელიც ეფუძნება გუნდურ მუშაობას და გუნდურ პრინციპებს. ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია, საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა და გაერთიანება, რაც არის ჰოლოკრატიის მთავარი არსი. პირველ რიგში, უნდა მოხდეს პროფესიონალების ჩართულობა, რომლებიც წარმოადგენენ კონკრეტულ დარგებს და სექტორებს. ეს არის ჩვენი ქვეყანა, ის გარემო, სადაც ჩვენ ყველა ვცხოვრობთ, რომლის გაუმჯობესება ყველას ჩართულობის გარეშე, წარმოუდგენელია. თუ სახელმწიფო, ბიზნესი და არასამთავრობო სექტორი ერთმანეთს ხელს შეუშლის არაფერი გამოვა, ასე ვერ გატარდება ძირეული რეფორმები. ძირეული რეფორმებისთვის გვჭირდება მმართველობის ისეთი მოდელი, სადაც ჩართულობა იქნება ძალიან მაღალი. სწორედ ეს მოდელია ჰოლოკრატია, რომელიც ძალიან ეფექტურად მუშაობს სხვადასხვა ქვეყნებში, როგორც ხელისუფლებაში, ასევე ორგანიზაციებში. ჩვენ ამ მოდელით ვმუშაობთ ჩვენს ორგანიზაციაშიც. 21-ე საუკუნეში სტანდარტული იერარქიული პირამიდა შედეგიანი ვერ იქნება. იმდენად ცვალებად გარემოში გვიწევს ცხოვრება, იმდენად სწრაფად იცვლება მოცემულობა, თუ არ ხარ ქმედითი და საქმეზე ორიენტირებული, გამორიცხულია სტანდარტული ბიუროკრატიით უპასუხო იმ მოთხოვნებს და გამოწვევებს, რის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას.

"რეფორმერი" არის საქმეზე ორიენტირებული გუნდი. ჩვენ არ ვიძლევით ტყუილ დაპირებებს, როგორც სხვა პოლიტიკური პარტიები. დამერწმუნეთ, ძალიან მარტივია ტყუილი დაპირება გასცე და ბევრი მხარდამჭერი მოიპოვო მოკლე დროში. ჩვენ არ გვჯერა, რომ ეს არის ის პოლიტიკური სტანდარტი, რომელიც ამ ქვეყნის განვითარებას შეძლებს. გვირჩევნია მეტი დრო დავუთმოთ ჩვენი საზოგადოების პოლიტიკურად გაზრდას და მასთან ურთიერთობას, ვიდრე მხარდამჭერების მოტყუებით მოკლევადიან პერსპექტივაში მაღალი შედეგი დავდოთ. ჩვენი იდეოლოგია არის მტკიცე, თუ ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის წინსვლაზე საჭიროა გრძელვადიანი სტრატეგია. ჩვენსა და პოლიტიკურ ისტებლიშმენტს შორის განსხვავება ის არის, რომ ადამიანები ხდებიან ჩვენი თანამოაზრეები და თანამებრძოლები და მხოლოდ ხმის მიცემით არ შემოიფარგლებიან.

- თქვენს ერთ-ერთი ბიზნეს პროექტს, მშენებლობას ჭანტურიას ქუჩაზე, მოსახლეობის გამოხმაურება მოჰყვა.

- ჭანტურიას ქუჩაზე შენდება საერთაშორისო უმაღლესი სტანდარტის 200 ნომრიანი სასტუმრო Radisson. საუბარია 25 მილიონი დოლარის ინვესტიციაზე. 5 წელი დაგვჭირდა სხვადასხვა უწყებებში სიარული მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებლად, ეს იმდენად რთული პროცესია, არცერთი უცხოელი ინვესტორი არ ჩაერთვება ამ პროცესში. ჩვენ ხუთი პროექტი შევცვალეთ, სანამ საბოლოო პროექტი დამტკიცდებოდა. ამდენი ბიუროკრატიული ბარიერი რომ არ ყოფილიყო, სასტუმროს მშენებლობა უკვე დასრულებული იქნებოდა. დასაქმებული გვეყოლებოდა მინიმუმ 200 ადამიანი, 200 ოჯახს გაუჩნდებოდა შემოსავლის წყარო. რაც შეეხება პრეტენზიებს, რომ მშენებლობის შედეგად რაღაც დაზიანდა, გეტყვით, რომ ჩვენ გვქონდა სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, ჯერ კიდევ მშენებლობის დაწყებამდე, რომელმაც დაადგინა არსებული პრობლემები. ჩვენ შევისწავლეთ მთელი უბანი, ყველა ბზარი, რაც იყო ძველ სახლებში. ასეთი პრობლემა სამწუხაროდ, თბილისის ყველა ძველ უბანშია. სამშენებლო პროცესი მიმდინარეობს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ დადგენილი რეკომენდაციების დაცვით და მუდმივი მონიტორინგით.

ჩვენ გვაქვს თანამედროვე ტიპის კომპანია, რომელიც მუშაობს მაღალი პასუხისმგებლობით. იქიდან გამომდინარე, რომ ვიცით ამ უბნების პრობლემები, შევიძინეთ მესამე პირის უძრავი ქონების დაზღვევა, რაც უზრუნველყოფს ყველა იმ პრობლემის აღმოფხვრას, რაც შესაძლოა დარჩა სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის მიღმა. შევხვდით მოსახლეობას და ჩამოვყალიბდით სამომავლო გეგმებზე. ჩვენ ყველა პროექტს ვახორციელებთ უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტით, მით უმეტეს, რომ გვაქვს კონტაქტი ისეთ კომპანიებთან, როგორიცაა რედისონი, ლუვრი... დიდ ევროპულ და ამერიკულ კორპორაციებთან. ასეთი მასშტაბური საინვესტიციო პროექტის განხორციელება ინვესტორისთვის მომგებიანი შეიძლება იყოს 10-15 წლის შემდეგ, ეს არის მომავალი, დღეს კი მთავარია უბნის კეთილმოწყობა, ტურისტების მოზიდვა, წვლილის შეტანა ეკონომიკის განვითარებაში. ბიზნესის მიერ შექმნილი პროდუქტი ღირებული უნდა იყოს საზოგადოებისთვის, მთელი ამ წლების განმავლობაში, რაც არ უნდა ფინანსურად მომგებიანი ყოფილიყო საქმე, ჩვენ ყოველთვის ვემიჯნებოდით ისეთ ბიზნეს პროექტებს, რომელიც არ იყო ქვეყნის ინტერესებში.

ვიქტორ ყიფიანი - გარე პროცესების გავლენათა მართვა ყველა ჩვენგანის თანამონაწილეობას და საზიარო პასუხისმგებლობას მოითხოვს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2020
ემილ ავდალიანი - ირანი და ჩინეთი 400 მილიარდი დოლარის შეთანხმებას ამზადებენ, თუ ეს მოხდა პერსპექტივაში ჩინური გავლენა ირანსა და ახლო აღმოსავლეთზე ხელშესახები გახდება
„თელიანი ველის“ გლეხური რქაწითელი ქვევრი დეკანტერის უმაღლესი ჯილდოს მფლობელია
წინანდლის კლასიკური მუსიკის რიგით მეორე ფესტივალი დასრულდა
მე-3 და მე-4 კატეგორიების საწარმოებისთვის
Samsung Galaxy S20 FE (Fan Edition) წინასწარი შეკვეთები უკვე დაიწყო