ქართული პრესის მიმოხილვა 12.08.2020

“ვერცერთმა პოლიტიკურმა ძალამ ამომრჩეველს უკეთესი მომავლის გეგმა ვერ შესთავაზა”

ენერგეტიკოსი: "სემეკი ცდილობს, რომ დაიცვას მოსახლეობა და მცირე ბიზნესი"

***

“ვერცერთმა პოლიტიკურმა ძალამ ამომრჩეველს უკეთესი მომავლის გეგმა ვერ შესთავაზა”

"პოლტიკური ელიტა ღრმა კრიზისშია შესული, ვერცერთმა პოლიტიკურმა ძალამ ამომრჩეველს უკეთესი მომავლის გეგმა ვერ შესთავაზა. ისევ პოპულისტური განცხადებები და ერთმანეთის შეურაცხყოფა. სიტუაცია ბუნდოვანია"- ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ ძალთა წინასაარჩევნო კამპანიას”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, “ვერცერთმა პოლიტიკურმა ძალამ ამომრჩეველს უკეთესი მომავლის გეგმა ვერ შესთავაზა” / გია ხუხაშვილი თვლის, რომ პოლიტიკური ელიტა ღრმა კრიზისშია

"გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ერთიანი ბლოკით გავა და მის ნომერი იქნება 5. უახლოეს დღეებში "ნაციონალური მოძარობა" დაასრულებს მაჟორიტარ კანდიდატების დაკომპლექტების პროცესს და ასევე მიიღებს გადაწყვტილებას, ამ არჩევნებში წარსდგეს თუ არა ჩრდილოვანი კაბინეტით, რომელშიც "ძალა ერთობაშიას" წარმომადგენლებიც იქნებიან. "ქართული ოცნება" აგვისტოს ბოლოს საპრალმანეტო არჩევნებში თავის პროპორციულ სიას დაასახელებს. როგორც მმართველი გუნდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე აცხადებს, "ოცნების" სიაში ბევრი ახალი სახე იქნება”, - აღნიშნავს გამოცემა.

"ექსპერტთა შეფასებით კი, პიარ ტექნოლოგიის კუთხით ვერცერთმა პოლიტიკურმა ძალამ ამ დრომდე ამომრჩეველს სიახლე ვერ შესთავაზა. არცერთ პარტიას არა აქვს ახალი იდეა, რომელზედაც ააგებდა საინფორმაცო პოლიტიკას. "სურათი არის ბუნდოვანი და არანიარი სიახლე ამ არჩევნებზე არ იქნება, ეს არ გვიკვირს. დღეს ქართული პოლიტიკური ელიტა ღრმა კრიზისშია შესული. უკეთესი მომავლის გეგმა ვერცერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ შესთავაზა ამომრჩეველს. მხოლოდ პოპულისტური განცხადედები და ერთმანეთის შეურაცხყოფა. "ოპოზიცია ვერ ახერხებს ამომრჩეველს შესთავაზოს ალტერნატივა. თუ ასე გაგრძელდა და ოპოზიციამ რეალური შეთავაზება არ გააკეთა, ხელისუფლებას ექნება უპირატესობა. ხელისუფლების უპირატესობა არის ოპოზიციის უსუსურობა და არადეკვატურობა, რაც სამწუხაროდ სახეზეა. რაც შეეხება არჩევნებში მონაწილე პროლიტიკურ ძალთა შანსებს, მომავალ არჩევნებში, რა თქმა უნდა დღეს პროგნოზის გაკეთება ძნელია, თუმცა მაჟორიტარული ოლქების უმრავლესობაში მეორე ტურები გარდაუვალია"- განაცხადა "რეზონანსთან" გია ხუხაშვილმა”, - წერს სტატიის ავტორი.

ენერგეტიკოსი: "სემეკი ცდილობს, რომ დაიცვას მოსახლეობა და მცირე ბიზნესი"

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის წესები დაამტკიცა. იგი გულისხმობს ელექტროენერგიით საათობრივი ვაჭრობის დანერგვას, რომელიც მომხმარებელს მისცემს შესაძლებლობას ელექტროენერგია საათობრივი ფასის მიხედვით შეისყიდოს. სემეკის თავმჯდომარე ,,რეზონანსთან“ ამბობს, რომ ცვლილებები ბაზრის ლიბერალიზაციის კუთხით, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.რას მოიტანს ახალი გადაწყვეტილება მომხმარებლისთვის? გაიაფდება თუ არა სამომხმარებლო ტარიფი? შეიზღუდება თუ არა ბაზარზე გაჩენილი ოლიგოპოლია? - ეს არის კითხვები, რომელიც ყველაზე მეტად აინტერესებს არა მარტო სპეციალისტებს, არამედ უბრალო მომხმარებლებსაც. პირველი პირობა, რასაც სემეკის თავმჯდომარე იძლევა, ეს კონკურენციის ზრდა და ბაზარზე სამართლიანი წესების დამკვიდრებაა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ენერგეტიკოსი: "სემეკი ცდილობს, რომ დაიცვას მოსახლეობა და მცირე ბიზნესი"

"ახალი რეგულაცია მოიცავს დღიური, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესებს, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ელექტროენერგეტიკული ბაზრის უსაფრთხო და საიმედო ოპერირება, ენერგეტიკულ ბირჟაზე ელექტროენერგიით ვაჭრობის რეგულირება. წესები ეხება ბაზრის მონაწილეებს - ელექტროსადგურების მფლობელებს, მსხვილ მომხმარებლებს, ტრეიდერებსა და ელექტროენერგიის მიმწოდებლებს. წესებით იკრძალება ბაზარზე შესაძლო ინტერესთა კონფლიქტი და ჯვარედინი სუბსიდირება. დაინერგება თვითდისპეტჩირების მოდელი, რომლის მიზანიც იქნება ელექტროენერგეტიკული სისტემის დაგეგმვა და ოპერირება. წესები შემუშავებულია ევროპული რეგულაციების საფუძველზე და მისი მიღება განპირობებულია „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით”, - აღნიშნავს გამოცემა.

„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიის თავმჯდომარე, დავით ნარმანია ,,რეზონანსთან“ განმარტავს, თუ რატომ დადგა ცვილელებების საჭიროება, რა არსებითი გადაწყვეტილება შევიდა ძალაში და როგორ აისახება ის მომხმარებელსა და საფასო პოლიტიკაზე. ,,წესები, რომელიც მივიღეთ, ეხება ბაზრის მონაწილეებს - ელექტროსადგურების მფლობელებს, მსხვილ მომხმარებლებს, ტრეიდერებსა და ელექტროენერგიის მიმწოდებლებს. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი ელექტროენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის პროცესში. ბაზრის ლიბერალიზაციის პროცესში იქნება ძალიან ბევრი სიახლე. მიმდინარე წლის პირველ ივლისს სატესტო რეჟიმში დაიწყო მუშაობა ე.წ. დღით ადრე ბაზარმა და სატესტო-სიმულაციურ ვაჭრობაში მონაწილეობის მისაღებად 70-ზე მეტი კომპანიის 200-მდე წარმომადგენელი დარეგისტრირდა, რაც მისასალმებელია. ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის წესებით ახლებურად დარეგულირდება ელექტროენერგიის ბაზარზე თამაშის პირობები. მოხდება ენერგეტიკულ ბირჟაზე ელექტროენერგიით საათობრივი ვაჭრობის დანერგვა, რომელიც ბაზრის მონაწილეს მისცემს შესაძლებლობას ელექტროენერგია საათობრივი ფასით, ანუ მისთვის უფრო ხელსაყრელი ტარიფით შეისყიდოს. ვაჭრობის დახურვის შემდეგ, დღით ადრე ბაზარზე ყიდვის შესახებ განაცხადები დალაგდება ფასის კლებადობის მიხედვით, ხოლო გაყიდვის შესახებ განაცხადები - ფასის ზრდადობის მიხედვით. ყველა პროცესი იქნება გამჭვირვალე”, - განაგრძობს გამოცემა.

„ჯანსაღი კონკურენცია დააბალანსებს ფასის ცვლილებას. ახალი რეგულაცია, რომელიც გვაქვს დღეს უკვე ელექტროენერგეტიკის ბაზარზე და მომდევნო ეტაპზე გაჩნდება ბუნებრივი გაზის ბაზარზე, განავითარებს კონკურენციას, რაც ჩვენი ენერგეტიკული ბაზრებისთვის მნიშვნელოვანი სიახლეა. ბაზრის გახსნა გააჩენს რეალურ კონკურენციას და სექტორში თავისუფალი და სამართლიანი ფასწარმოქმნის საფუძვლებს შექმნის. ბაზარზე ისეთი კომპანიის სიცოცხლისუნარიანობა, რომელიც არაადეკვატურად მაღალ ფასებს შესთავაზებს მომხმარებლებს, დიდხანს ვერ გაგრძელდება", - განუცხადა ნარმანიამ ,,რეზონანსთან“. ბაზარზე ცვლილებები რომ აუცილებელი იყო ადასტურებს ენერგეტიკოსი, მურმან მარგველაშვილიც. მისი თქმით, ნებისმიერი გადაწყვეტილება ამ კუთხით, უნდა ემსახურებოდეს, ბაზრის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას. "ცვლილებები ახალია და მას დეტალურად არ ვიცნობ, თუმცა დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ცვლილებები და თამაშის ახალი წესების მიღება აუცილებელი იყო. სავარაუდოდ, ეს შეთანხმებული იქნებოდა ენერგეტიკის სამდივნოსთან, მაგრამ არ ვიცი, რამდენად აგრესიულია (კარგი გაგებით) ახალი მიდგომები. ყველაფერი რაც ამ ბაზარზე მოხდება უნდა ემსახურებოდეს კონკურენტუნარიანობის ზრდას“, - განუცხადა მარგველაშვილმა "რეზონანსს“, - დასძენს გამოცემა.

"ენერგეტიკოსი გია არაბიძის აზრით, სემეკის დადგენილება კარგია იმით, რომ ხდება ბაზრის ლიბერალიზაცია და თავისუფალი ვაჭრობის პრინციპის დანერგვა. ენერგოკომპანიებს შეეძლებათ, რომ ელექტროენერგია გაყიდონ იმაზე მეტი ტარიფით, ვიდრე სემეკი ამის საშუალებას იძლეოდა, ანუ თავისუფალ ბაზარზე გავიდნენ. "ამით ზოგი მოიგებს, იქნებიან ისინიც, რომლებსაც შეიძლება გაუჭირდეთ. განსაკუთრებით შეიძლება წააგონ პატარა ჰესებმა, რადგან მათი გამომუშავებული ელექტროენერგიის თვითღირებულება, დიდ სადგურებთან შედარებით, ცოტა მეტია. მიუხედავად ამსია, ვფიქრობ, რომ არც ერთი ენერგიის შესასყიდი ფასი არ იქნება იმაზე დაბალი, რაც დავუშვათ, სემეკის მიერ დღემდე დამტკიცებული ტარიფები იყო. საბითუმო ბაზრის დებულების დამტკიცების შემდეგ ენერგოკომპანიებს, რომლებსაც ადგილობრივ ბაზარზე შესასყიდი, ესკო-ს მიერ დადგენილი ფასები არ მოეწონებათ, შეძლებენ მეზობელი ქვეყნებიდან უფრო იაფად შემოიტანოს ელექტროენერგია. ცხადია, ამით სემეკი ცდილობს, რომ დაიცვას მოსახლეობა და მცირე ბიზნესი, ხოლო მსხვილ ბიზნესს გზას უხსნის, რომ ბაზარზე შევიდნენ და ივაჭრონ ელექტროენერგიის მათთვის მისაღები ტარიფებით", - განუცხადა "რეპორტს" ენერგეტიკოსმა”, - წერს სტატიის ავტორი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა