აგვისტოს ომიდან 12 წლის შემდეგაც საქართველო დგას რუსული აგრესიის წინაშე

2020 წლის აგვისტოში შესრულდა 12 წელი რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, თუმცა მოსკოვი აგრძელებს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების დარღვევას

ამ დღეს 12 წლის წინ, საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის შუამდგომლობით, საქართველოსა და რუსეთს შორის გაფორმდა 6-პუნქტიანი შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელშიც არის მოწოდება „რუსული ჯარების გაყვანისკენ 2008 წლის 7 აგვისტოს მდგომარეობით არსებულ განთავსების ხაზზე“ და ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად დაუბრკოლებელი წვდომის უზრუნველყოფისკენ. თუმცა ათწლეულის შემდეგაც რუსეთი აგრძელებს საერთაშორისო სამართლის ნორმების და სარკოზის შუამდგომლობით გაფორმებული შეთანხმების დარღვევას, ახორციელებს რა საქართველოს ტერიტორიის მეხუთედზე მეტის: აფხაზეთისა და ეგრეთწოდებული სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას და მათი „დამოუკიდებლობის“ აღიარებას, ასევე ინარჩუნებს სამხედრო ძალებს ამ ტერიტორიებზე და ატარებს „ბორდერიზაციის“ პოლიტიკას, რომელიც გულისხმობს საქართველოს ტერიტორიის შემდგომ მცოცავ ოკუპაციას.

5-დღიანი ომი, რომლის დროსაც რუსულმა ჯარებმა განახორციელეს სრულმასშტაბიანი სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო თავდასხმა საქართველოზე, მსოფლიოსთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ომმა შედეგად მოიტანა 150 000-ზე მეტი სამოქალაქო პირის იძულებით გადაადგილება და 169 სამხედრო პირის, 14 პოლიციელის და 288 მოქალაქის სიკვდილი. კრემლის პროპაგანდა ცდილობდა ამ მოქმედებების ლეგიტიმაციას და აცხადებდა, რომ სწორედ საქართველომ წამოიწყო ომი, თუმცა ნათელია, რომ მომზადება სამხედრო თავდასხმისთვის დაიწყო 2008 წლის აგვისტოს ომამდე ბევრად ადრე და, ძირითადად, გამოწვეული იყო კრემლის მარცხით საქართველოს პროდასავლური მისწრაფებების და საგარეო პოლიტიკის ტრაექტორიის შეცვლასთან დაკავშირებით.

და მაინც, ადამიანური მსხვერპლის, ეკონომიკური ზარალის და პოლიტიკური შედეგების მიუხედავად, რუსეთმა ვერ შეძლო მთავარი მიზნის მიღწევა, დაებრუნებინა საქართველო რუსულ ორბიტაზე. მართლაც, ამ ომმა მხოლოდ ის დაგვანახა, რომ დაბრუნება გამორიცხულია. მაშინ, როცა დასავლეთი გვთავაზობს ეკონომიკური კეთილდღეობის პერსპექტივას, დემოკრატიულ მომავალს ძლიერი ინსტიტუტებით და უსაფრთხოებას, რუსეთს არაფერი აქვს შესათავაზებელი, გარდა აგრესიისა და ეკონომიკური ჩამორჩენილობისა. ასე რომ, ომის შემდეგ საზოგადოებრივი აზრი საქართველოს მომავალთან დაკავშირებით ცხადზე ცხადია.

ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის საქართველოს საგარეოპოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი პრიორიტეტი და წარმოადგენს უსაფრთხოების გარანტიას საქართველოს სახელმწიფოსთვის და ქართველო ხალხის უმრავლესობის ღირებულებებზე დაფუძნებულ არჩევანს. 12 წლის შემდეგაც, მიუხედავად რუსეთის მცდელობებისა, გამოიყენოს ათასგვარი ტრადიციული თუ არატრადიციული მეთოდი საქართველოს სუვერენიტეტის და შიდა სტაბილურობის შესარყევად, ქვეყანა დღეს ისე ახლოსაა ნატოსთან, როგორც არასდროს. ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს თუ დავესესხებით, „დღეს საქართველოში უფრო მეტი ნატოა, ვიდრე ოდესმე“.

საქართველოს ურყევი გადაწყვეტილებაა, უპასუხოს ნატოს სტანდარდს თავდაცვის მიზნებისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ის გამოყოფასთან დაკავშირებით, რათა გაზარდოს ქვეყნის მზადყოფნის და ალიანსთან ურთიერთქმედების ხარისხი. ეს ღრმა და ყოვლისმომცველი პარტნიორობა ასახულია რეგულარულ ერთობლივ სამხედრო წვრთნებში: Agile Spirit, Noble Partner და Sea Breeze.

გარდა ამისა, საქართველო არის არა მხოლოდ ნატოსთან პარტნიორობის დადებითი მხარეებით მოსარგებლე, არამედ აქტიური წვლილის შემტანიც ნატოს ეგიდით წარმოებულ ოპერაციებსა და საერთაშორისო მისიებში, რომელთა მიზანიცაა გლობალურ ნორმებზე დაფუძნებული წესრიგის გამყარება. საქართველო არის ავღანეთის მისიაში ყველაზე მსხვილი წვლილის შემტანი ნატოს არაწევრ სახელმწიფოებს შორის. ასე რომ, ომის მე-12 წლისთავზე რუსეთი დასავლეთის მიერ აღიქმება, როგორც აგრესორი, ხოლო საქართველო წინ მიიწევს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სტრატეგიული მიზნისკენ მიმავალ გზაზე.

რუსული აგრესია გრძელდება

ნატოსთან პარტნიორობის და აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების მიუხედავად, საქართველო ყოველდღიურად დგას რუსული აგრესიის წინაშე, რადგან „ომი“ სულაც არ დამთავრებულა. რუსეთი აგრძელებს მზარდ მილიტარიზაციას საქართველოს მიწა-წყალზე და მიზნად ისახავს საქართველოს ტერიტორიების შემდგომ მიტაცებას, როგორც ამას ადასტურებს მისი „ბორდერიზაციის“ პოლიტიკა.

საოკუპაციო ხაზის გაყოლებაზე „გადასასვლელი პუნქტების“ დახურვის მავნებელი პრაქტიკა იწვევს ადგილზე ჰუმანიტარული სიტუაციის შემდგომ გაუარესებას. „ბორდერიზაციის“ უარყოფითი გავლენა აისახება ადგილობრივ მოქალაქეთა ყოველდღიურ ცხოვრებაზე და ერთმანეთს აშორებს ოჯახებს. გარდა ამისა, მიმდინარეობს მოქალაქეთა დაპატიმრება. ასევე გვაქვს რუსეთის მიერ მხარდაჭერილი დე-ფაქტო ძალების მიერ მკვლელობის ფაქტებიც.

მიუხედავად იმისა, რომ აგვისტოს ომის შემდეგ საერთაშორისო სამართლის ნორმებით არაორაზროვნად დადგინდა, რომ რუსეთი არის ამ კონფლიქტის მონაწილე მხარე, მოსკოვი დღესაც უარყოფს ამ ფაქტს და აცხადებს, რომ კონფლიქტში მხოლოდ მშვიდობისმყოფლის და „ჰუმანიტარულ მხარის“ როლში გამოდის. არსებითად, კრემლის მიზანია ტერმინის „ახალი რეალობა“ დამკვიდრებას, რომლის მიხედვით საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში იქმნება 2 ახალი „დამოუკიდებელი“ სახელმწიფო. გარდა ამისა, მოსკოვი არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას და არ აძლევს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს (მაგალითად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის შესაძლებლობას.

საწყის ეტაპზე გამოყენებული ტრადიციული მეთოდებიდან რუსეთი სულ უფრო აქტიურად გადადის ჰიბრიდული ომის მეთოდებზე (მაგალითად, „მართვადი ქაოსი“, ფინანსური და ეკონომიკური მანიპულაციები და დეზინფორმაციის გავრცელება), რაც აძლევს კრემლს საშუალებას, მიაღწიოს თავის მიზნებს უფრო სწრაფად და ნაკლები დანახარჯებით.

საქართველო ასევე წარმოადგენს რუსული დეზინფორმაციის და სახელისუფლებლო თუ არასამთავრობო დაწესებულებების წინააღმდეგ მიმართული რეგულარული კიბერშეტევების ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს. კრემლის პროპაგანდის მთავარი მიზანია ნატოსა და დასავლეთის შესახებ საზოგადოებრივი აზრის შეცვლა და რუსეთის წარმოჩენა მხოლოდ კულტურული, რელიგიური და ღირებულებებზე დაფუძნებული „ნამდვილი მოკავშირის“ როლში. თუმცა, მიმდინარე მცოცავი ოკუპაციის გათვალისწინებით, რუსული პროპაგანდა ძალას ვერ იკრებს.

დასავლეთის მხარდაჭერა დღეს უფრო აუცილებელია, ვიდრე ოდესმე

ისეთი ქვეყნები, როგორიცაა საქართველო და უკრაინა, წარმოადგენენ რუსული აგრესიის მთავარ სამიზნეებს და მათ დღეს უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, სჭირდებათ დასავლეთის მტკიცე მხარდაჭერა. 2014 წელს საერთაშორისო საზოგადოება აღაშფოთა კრემლის მიერ ყირიმის ანექსიამ ჰიბრიდული მეთოდების და აღმოსავლეთ უკრაინაში ინტერვენციის მეშვეობით, თუმცა ბევრს ამ დროს აღარ ახსოვდა საქართველოს გამოცდილებიდან გამოტანილი გაკვეთილები.

არსებითად, სწორედ 2008 წელს რუსული საფრთხის არასათანადოდ დაფასებამ განაპირობა უკრაინაში მოგვიანებით მომხდარი მოვლენები. დღეს კი კითხვა ასე ჟღერს: ვინ შეეწირება შემდეგი კრემლის იმპერიალისტურ ამბიციებს? რუსეთის მიმდინარე აგრესია ძალიან სახიფათო ტენდენციას წარმოადგენს პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომლის ფარგლებშიც კრემლს გადაწყვეტილი აქვს თავისი „გავლენის სფეროების“ დაცვა. შესაბამისად, აგვისტოს ომი არის გაფრთხილება: თუკი დავივიწყებთ წარსულს, რუსული აგრესიის შემდეგი გამოვლინება მხოლოდ დროის ამბავია.

კახაბერ ქემოკლიძე და ნათია სესკურია

ზაალ ანჯაფარიძე - შესაძლოა, დასავლეთს არ ეპიტნავებოდეს „ქართული ოცნება,“ მაგრამ მან დაამტკიცა, რომ შეუძლია პარტნიორობაც და სტაბილურობის უზრუნველყოფაც, რაც დასავლეთისთვის პრიორიტეტულია
“ნიუმედის”ლაბორატორიული განყოფილების ხელმძღვანელი - ჩვენ კლინიკაში ახალ ბენეფიციარებს კოვიდ 19-ის სწრაფი ტესტი უფასოდ უტარდებათ
ქართული პრესის მიმოხილვა 25.11.2020
ჰუბერტ ქნირში - პარტიებს სულ უფრო ნაკლებად შეუძლიათ ერთმანეთთან საუბარი და ამ განვითარებაში  სხვადასხვა პიროვნებას სხვადასხვა წვლილი მიუძღვის
რატომ არის მნიშვნელოვანი ცემენტის ხარისხის კონტროლი სეისმურად აქტიურ ზონაში
"სილქ როუდ ჯგუფის" განცხადება "საქანელას" პროექტის შესახებ