ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2020

რამაზ საყვარელიძე - “არჩევნებამდე ორი თვით ადრე ასეთი კომფორტული მდგომარეობა “ქართულ ოცნებას”აქამდე არც ჰქონია"

“ნაცმოძრაობა” “ევროპული საქართველოს” წინააღმდეგ - რატომ გამოიწვია ბაქრაძის განცხადებამ ახალი დაპირისპირება

თემურ ჭყონია - “საქართველო რემონტს აღარ ექვემდებარება”

“ევროპულ საქართველოსთან” კიდევ შეიძლება კოალიცია, “ნაცმოძრაობას” და “ლელოს” გამოვრიცხავთ” - რევაზ არველაძე

ხათუნა ლაგაზიძე - “ოცნება“ ფიქრობს 52% გაიფორმოს და იმედი აქვს, რომ ამაზე ამერიკას მწვავე რეაქცია არ ექნება”

* * *

რამაზ საყვარელიძე - “არჩევნებამდე ორი თვით ადრე ასეთი კომფორტული მდგომარეობა “ქართულ ოცნებას” აქამდე არც ჰქონია"

“ჩვენთან ჩატარებული სოციოლოგიური კვლევები ხშირად საზოგადოებრივი აზრის შესწავლას კი არ ემსახურება, არამედ პოლიტიკური ინტერესით საზოგადოებაზე ზეგავლენას და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას შემდგომი მანიპულირებისთვის. ჩვენში, მგონი, ავიწყდებათ, რომ სოციოლოგია ზუსტი მეცნიერებაა და საზოგადოებრივი განწყობის გაზომვისას არ შეიძლება ცდომილება იმხელა იყოს, როგორის მომსწრეც არაერთხელ გავმხდარვართ. სოციოლოგიური კვლევის შედეგად მოწოდებული რიცხვების გაანალიზება მეტწილად არც ღირს ხოლმე და უფრო ტენდენციებს უნდა მივაქციოთ ყურადღება. ამასვე ვურჩევდი პოლიტიკურ ძალებსაც... ერთია ჩატარებული კვლევები და მეორეა, სწორად რეაგირებენ თუ არა ამაზე პოლიტიკური ძალები. მგონია, რომ საკუთარი ძალის შეფასებისას ცდებიან “ქართული ოცნებაც” და ოპოზიციური ძალებიც“, - აცხადებს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ხდება თუ არა სოციოლოგიური კვლევებით პოლიტიკური მანიპულაციები?!

“არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ - ვფიქრობ, რომ “ქართული ოცნების” პიარი უკიდურესად მოიკოჭლებს. კორონავირუსთან ბრძოლის შედეგები ვახსენეთ და რომ არა ყოველდღიური ინფორმაცია იმის თაობაზე, რა ხდება მსოფლიოში და ჩვენთან, რომ არ ვხედავდეთ ციფრებში ასახულ ამ პროცესს, ალბათ, ვერც გავიგებდით, ვინ რას აკეთებს. თვითონ “ქართული ოცნების” მიერ ნორმალურად გაპიარებული ეს თემა არსად მინახავს. ან საერთოდ ვერ ახერხებენ საიმიჯო კამპანიების დაგეგმვას, ან ისე უხარისხოდ და ცუდად აკეთებენ, ისევ “ქართულ ოცნებაზე” ბრაზდება ადამიანი. შეიძლება ითქვას, რომ “ქართულ ოცნებას” პოზიტიური პიარის უნარი ამ რვა წლის განმავლობაში არ ჰქონია და არც ახლა აქვს. რაც შეეხება იმას, რატომ იყენებენ ნეგატიურ პიარს და იყენებენ ამაში “ნაციონალურ მოძრაობას”, ამგვარი რამ ყველგან ხდება - თუ ოპონენტი იძლევა საშუალებას, მისგან საფრთხობელა გააკეთო, ასეც უნდა მოიქცე. აგერ, “დემოკრატებისგან” საფრთხობელას აკეთებს ტრამპი და “დემოკრატებიც” ამითვე პასუხობენ - ეს არის პოლიტიკური ბრძოლის ხერხი. მაგრამ, მეორე მხრივ, ამ ნეგატივს ამართლებს “ნაციონალური მოძრაობა” იმ ნაბიჯებით, რომლებიც თუნდაც ბოლო ხანს გადადგეს...” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

“ქვეყანაში კორონავირუსის საფრთხე და ამდენი გაჭირვებაა და ხალხის დასახმარებლად ხელი არ გაუნძრევიათ. მხოლოდ ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ მაშინ, როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდა მხარდაჭერა ქვეყანას და ამას ამომრჩეველი კარგად ხედავდა. ბუნებრივია, ასეთი ძალის ხელისუფლებაში მოსვლის პერსპექტივის საფრთხედ წარმოჩენა და მისგან საფრთხობელას შექმნა რთული არ არის. ამას დაამატეთ ბოლო ხანს მომხდარი ტრაგედიები. როდესაც ახალგაზრდები დაიღუპნენ, რა გააკეთეს და კვლავაც რას აკეთებენ “ნაციონალური მოძრაობა” და მისი მხარდამჭერი მედია? ცხედრებს გაცივება არ აცალეს და ისეთი რამეები იკადრეს, დღესაც ლამის საფლავიდან თხრიან, რაც ქართული კულტურისთვის ყოვლად მიუღებელია. და რა გასაკვირია, რომ ამით “ქართული ოცნება” სარგებლობს? “ნაციონალური მოძრაობა” ისე იქცევა, ფაქტობრივად, აიძულებს მმართველ პარტიას, ამ რელსებზე გადავიდეს. მმართველი პარტიისგან ხსენება მაინცდამაინც არც სწყინს “ნაციონალურ მოძრაობას”, მათთვის ეს კომფორტულია, რადგან მათთვის დღეს მთავარი ამოცანაა, როგორმე მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსი შეინარჩუნონ”, - მიიჩნევს რესპონდენტი.

“არჩევნებამდე ორი თვით ადრე ასეთი კომფორტული მდგომარეობა, როგორიც ახლა აქვს, “ქართულ ოცნებას”, მგონი, აქამდე არც ჰქონია. ისე ჩანს, რომ საარჩევნო პროცესში ჩართული ძლიერი ფიგურების დეფიციტი აშკარად არა აქვს, რაც ადრე ნამდვილად შესამჩნევი იყო. მმართველი ძალის რიგებში აქამდე არ ჩანდა გახარიას მსგავსი ფიგურა, რომელიც ლოკომოტივის ფუნქციას იტვირთებდა - ადრე ამგვარი მხოლოდ ივანიშვილი იყო. მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენამაც დაგვანახა, რომ “ოცნებამ” მათ შერჩევაზე დიდი ძალისხმევა დახარჯა. დიდი რეზონანსი გამოიწვია კახი კახიშვილისა და დავით სერგეენკოს გამოჩენამ ამ ასპარეზზე. საზოგადოებისთვის ასეთი ულაპარაკოდ მისაღები კანდიდატები, რომლებიც პარტიულობაზე მაღლა დგანან, ვფიქრობ, დიდი ფუფუნებაა. გარდა ამისა, “ოცნებას” აქვს ადმინისტრაციული და დიდი ფინანსური რესურსი, ჰყავს გამწევი ძალა გახარიას სახით და რა საჭიროა ამ ვითარებაში ბიძინა ივანიშვილი? მით უფრო, რომ მას აშკარად არ სურს ჩარევა. რამდენი ხანია, არაფერზე ჰქონია რეაქცია... ვფიქრობ, ამ ეტაპზე მან სწორი სტრატეგია აირჩია - როცა არ არის საჭირო, ვფიქრობ, რესურსების ზედმეტი ექსპლუატაცია დაუშვებელიც კია. ალბათ, სიაში ბევრი რამ იქნება საკამათო, როგორც ყველა სიაში. ვნახოთ...” - განაგრძობს ექსპერტი.

“ჯერჯერობით რომელი კანდიდატებიც დაასახელეს, ვფიქრობ, “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატები არავისზე ნაკლებად არ გამოიყურებიან, შესაბამისად, იქნება სერიოზული ბრძოლა. ბევრგან, ალბათ, საჭირო გახდება მეორე ტური. თავიდანვე აშკარად ჩანდა, რომ ოპოზიციას მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეთანხმება გაუჭირდებოდა, რაც არც მიკვირს. პოლიტიკოსები ასე სვამენ საკითხს - ელენე ხოშტარიამ რომც გაიმარჯვოს ვაკეში, რას მიიღებენ ამით სხვა ოპოზიციური ძალები, რა ხეირი ექნებათ ამისგან? ერთადერთი, რასაც ამბობენ, საერთო ოპოზიციური მიზანია ივანიშვილის დამარცხებაო, მაგრამ იმასაც ხედავენ, რომ ეს ახლა შეუძლებელია. რომც იყოს შესაძლებელი, აქ ისმის უკვე მეორე კითხვა: ივანიშვილი თუ დამარცხდა, ვინ იქნება გამარჯვებული? ვის გამარჯვებაზე უნდა იზრუნოს ოპოზიციამ? “ნაციონალური მოძრაობა” სრულიად დარწმუნებულია, რომ ის არის ოპოზიციური გაერთიანების მთავარი ძალა და გამარჯვებაც მისი იქნება, რაც სხვა პარტიებს ხელს სულაც არ აძლევთ. წარმოვიდგინოთ, რომ ივანიშვილი მართლაც დამარცხდა... ხომ წარმოგიდგენიათ, “ნაციონალური მოძრაობა” რა დაუნდობელი იქნება სხვა ოპოზიციური ძალების მიმართ?! ამიტომაც ყველა პარტიამ თავისი თამაში წამოიწყო. ხედავენ, რომ ივანიშვილის დამარცხება, ფაქტობრივად, შეუძლებელია და ახლა ყველა ცდილობს, რაც შეიძლება მეტი მანდატი მოიპოვოს”, - დასძენს რამაზ საყვარელიძე.

“ნაცმოძრაობა” “ევროპული საქართველოს” წინააღმდეგ - რატომ გამოიწვია ბაქრაძის განცხადებამ ახალი დაპირისპირება

“ბოლო პერიოდში “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” ისევ გაემიჯნენ ერთმანეთს. ისინი ბაქრაძის განცხადებამდეც უკვე ოპონირების რეჟიმში იყვნენ და შესაბამისად, როგორც ერთმანეთის კონკურენტებისთვის, მსგავსი მიზეზები უფრო კრიტიკული შეფასების გაკეთების საფუძველია”, - ასე აფასებს “რეზონასთან” საუბრისას ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” ახალ დაპირისპირებას. პარტიებს შორის მორიგი დაპირისპირების მზეზი “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის დავით ბაქრაძის მიერ, “რუსთავი 2”-ის ეთერში გაკეთებული განცხადება გახდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ნაცმოძრაობა” “ევროპული საქართველოს” წინააღმდეგ - რატომ გამოიწვია ბაქრაძის განცხადებამ ახალი დაპირისპირება.

“ბაქრაძემ განაცხადა, რომ თუ 2020 წლის არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვა და კოალიციური მთავრობა შეიქმნა, ვერც მიხეილ სააკაშვილი, ვერც ზურაბ ადეიშვილი და ვერც ვანო მერაბიშვილი არათუ პრემიერ-მინისტრებად, არამედ ზოგადად მთავრობაშიც ვერ მოვლენ. ეს განცხადება “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ პარტიაზე თავდასხმად შეაფასა, რაც, მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში შედის. გამზარდია მიიჩნევს, რომ ეს დაპირისპირება შესაძლოა სერიოზული არ იყოს, რადგან მანამდე მსგავსი ფაქტები ბევრიც ყოფილა, ხოლო შემდეგ კი, მისი თქმით, ეს პრო პარტია ისევ მოკავშირეებად გვინახავს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ვფიქრობ, რომ დავით ბაქრაძემ ეს განცხადება უფრო უხერხულობის გამო გააკეთა, მე თვალყური მივადევნე და თავად ჟურნალისტმა ისე წაიყვანა საუბარი, რომ ამ მომენტში რაღაცა სხვა რამის მოფიქრება ალბათ ძალიან ძნელი იყო. თუმცა, მეორეს მხრივ, კოალიციური მთავრობა რომც შედგეს, ადეიშვილიც დევნაშია და სააკაშვილიც და ისედაც სულ რომ სხვა კონტექსტით ელაპარაკა, მაინც შეუძლებელია ეს განიხილებოდეს. მაგრამ აქ ალბათ მნიშვნელოვანი ამის პოლიტიკური ფაქტორია, რაც “ნაცმოძრაობისთვის” მიუღებელია. ბოლო პერიოდში “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” ისევ გაემიჯნენ ერთმანეთს. ისინი ბაქრაძის განცხადებამდეც ოპონირების რეჟიმში იყვნენ და შესაბამისად, როგორც ერთმანეთის კონკურენტებისთვის მსგავსი მიზეზები უფრო კრიტიკული შეფასების გაკეთების საფუძველია. საერთო ჯამში, “ევროპული საქართველო” “ნაცმოძრაობას” ელექტორატის რაღაც ნაწილს მაინც ართმევს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას არჩილ გამზარდია.

“ნაცმოძრაობას” არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ელექტორატის რაღაც რაოდენობა დათმოს. ამიტომ ყველაფერს გააკეთებენ საიმისოდ, რომ “ევროპული საქართველოს” ელექტორატიდანაც ამომრჩეველი მაქსიმალურად თავის სასარგებლოდ წაიყვანონ. ეს საერთოდ ნორმალური პროცესია. უბრალოდ, ჩვენთან პოლიტიკური ოპონირება ცოტა უხეში ფორმებით ხდება ხოლმე, ჩვენთან პოლიტიკური კონკურენცია ძალიან პირობითი ცნებაა. ოპოზიცია სხვა მიზეზებთან ერთად ცოტა უცნაურ მდგომარეობაში იმიტომაცაა, რომ ერთის მხრივ, მოკავშირეებიც არიან ხოლმე და მეორეს მხრივ კონკურენტებიც და პარტიებს უჭირთ ზღვარის გავლება. ჩვენთან არის ხოლმე კონკრეტული მიზეზები, რომლებიც პარტიების ან აერთიანებს, ან აპირისპირებს. რომ დავაკვირდეთ ბოლო პერიოდში “ევროპული საქართველოსა” და “ნაცმოძრაობის” მოკავშირეებად ქცევისთვის რა ფაქტორები მოქმედებდნენ, ვნახავთ, რომ როგორც კი ტალღა ხელისუფლების წინააღმდეგ მძლავრად დაიძვცრებოდა ხოლმე, ისინი კვლავ მოკავშირეებად ჩნდებოდნენ, როგორც კი შიდა წინააღმდეგობები მინიმუმამდე მცირდებოდა, ისინი ისევ თავიანთ გზას უბრუნდებოდნენ. არჩევნებამდე თუკი ისეთი რაიმე ფაქტორი წარმოიქმნება, რამაც შესაძლოა ზოგადად ოპოზიციის ძირითადი ნაწილის აქტივობები ერთმანეთთან მიმართებაში ერთ სიბრტყეში გადაიტანოს, მაშინ მათი ისევ მოკავშირეებად ქცევა გასაკვირი არ იქნება” - მიიჩნევს ანალიტიკოსი.

“თუ ოპოზიცია ერთიან როლში გამოდის, ამ შემთხვევაში დაპირისპირებები სასურველი არაა. მაგრამ როგორც კი ოპოზიცია ცდილობს, რომ ინდივიდუალური პოზიციონირება მიახდინოს, მაშინ ზოგიერთ შემთხვევაში ასეთ დაპირისპირებებს შესაძლოა თავის დადებითი მხარეც ჰქონდეს. თუკი “ნაცმოძრაობა” (წინასაარჩევნოდ) დღის წესრიგს შექმნის, ამ შემთხევაში ასეთი სახის დაპირისპირებები ოპოზიციისთვის ნეგატიურად იმოქმედებს. ამიტომ ეს ყველაფერი ახლა უკვე დაპირისპირების შეფუთვაზეა დამოკიდებული, ამ დაპირისპირებას რომელი რომლის საწინააღმდეგოდ უფრო ეფექტურად შეფუთავს”, - დასძენს გამზარდია.

თემურ ჭყონია - “საქართველო რემონტს აღარ ექვემდებარება”

“თუ ექიმები, სპორტსმენები, იურისტები და უსაქმურები მიდიან პოლიტიკაში, რატომ არ შეიძლება ბიზნესმენებსაც გაუჩნდეთ პოლიტიკაში მოსვლის სურვილი? ბიზნესმენების პოლიტიკაში წასვლა არ ნიშნავს, რომ მომავალ მთავრობასა თუ პარლამენტში ჩვენ მათი სახით პროფესიონალ პოლიტიკოსებს ვიხილავთ, მაგრამ მათ აქვთ ცოდნა და გამოცდილება, რაც, შესაძლოა, სასიკეთოდ გამოადგეს ქვეყანას. ხომ არსებობენ ექსპერტები, რომლებსაც სპეციალური ექსპერტული განათლება არა აქვთ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც ლაპარაკობენ და მოდი, ვაღიაროთ, რომ ჟურნალისტებმა დაარქვით მათ ექსპერტები. ასეა პოლიტიკაში წასულ ბიზნესმენებთან დაკავშირებითაც. როგორ შეიძლება ადამიანი, რომელიც ერთი კვირის წინ ბიზნესმენი იყო, ერთი კვირის შემდეგ უცებ სერიოზული პოლიტიკოსი გახდეს?! მაგრამ ესეც პოლიტიკის შემადგენელია - ექსპერტებიც, რომლებიც პოლიტიკოსებზე ლაპარაკობენ და ბიზნესის წარმომადგენლებიც, რომლებმაც რაღაც ეტაპზე ქვეყნის მართვაში მონაწილეობა გადაწყვიტეს”, - აცხადებს ბიზნესმენი თემურ ჭყონია გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით თემურ ჭყონია: “საქართველო რემონტს აღარ ექვემდებარება” / “ჩვენ გვჭირდება კოალიციური მთავრობა, კოალიციური აზროვნება, რომელიც კი არ გაარემონტებს საქართველოს, არამედ საფუძვლიანად ააშენებს მას”.

“მოდი, კონკრეტული მაგალითი განვიხილოთ. პარლამენტმა თამბაქოს დაბეგვრის გადასახადი მნიშვნელოვნად გაზარდა და აღმოჩნდა, რომ ბიუჯეტს ამან დიდი ზარალი მოუტანა, კონტრაბანდული თამბაქოს წილი გაიზარდა, მასთან ბრძოლასაც ხარჯები სჭირდება და ესეც ბიუჯეტს აწვება. ესეც ადასტურებს, რომ დეპუტატებს, ვინც მხარი დაუჭირა ამ ცვლილებებს, ბიზნესი არ ესმით, ვერ ხვდებიან, რა შედეგი მოჰყვება მათ გადაწყვეტილებებს... ჩვენში პოპულარობა - ბიზნესმენი იქნება ის, ექსპერტი თუ პოლიტიკოსი, განისაზღვრება მედიაში ხშირი გამოჩენით. ასე იქმნებიან ე.წ. ცნობილი სახეები, არადა, ობიექტურად რომ მივუდგეთ საკითხს, პოპულარობას უნდა განსაზღვრავდეს მუშაობისა და ცოდნის შედეგი... ბიზნესმენების რაოდენობა პარლამენტში თავისთავად არაფერს ნიშნავს, თუ ისინი ერთიან, რა თქმა უნდა, სწორ გადაწყვეტილებებს არ მიიღებენ. პარლამენტში აქამდეც ბევრი ბიზნესმენი გვინახავს და ისინი, ძირითადად, თავიანთ ბიზნესს ლობირებდნენ, ამიტომ აუცილებელია მომავალ პარლამენტში, თუნდაც ბიზნესიდან მოსულ ადამიანებს შორის, ქვეყნის განვითარების საერთო ხედვა ჩამოყალიბდეს. საზოგადოების ცნობიერებასაც დიდი მნიშვნელობა აქვს - რა დაკვეთას აძლევს ხელისუფლებას, ეს არის მთავარი”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თემურ ჭყონია.

“არსებობს ამომრჩევლის ხმის მოპოვების ორი გზა. ერთია საარჩევნო პროგრამით და ეს საკმაოდ რთულია, რადგან შესაძლოა ელექტორატისთვის, რომელსაც ესაუბრები, რთული იყოს ამ პროგრამის აღქმა. ყველაზე ადვილია ხმის მოპოვება მანიპულაციებით. ჩვენი საარჩევნო სისტემა მანიპულაციებზეა აგებული. მანიპულაციაა, როცა არჩევნების დროს ზრდი ხელფასს, არიგებ დახმარებებს, გასცემ სუბსიდიებს, აგებ გზებს, მართავ კონცერტებს და სხვ. ამიტომ არის, რომ როცა თქვენ ეკითხებით პოლიტიკოსებს, რა პროგრამით მოდიან ხელისუფლებაში, ფაქტობრივად, საგნობრივად ვერავინ გპასუხობთ. პროგრამა უნდა იყოს გრძელვადიანი და თანამიმდევრული. უპირველესად, საკუთარ თავს უნდა დავუსვათ შეკითხვა: შეუძლია თუ არა საქართველოს, არ იყოს ღარიბი ქვეყანა? საქართველო მდიდარი ვერასდროს იქნება, მაგრამ მას შეუძლია იყოს კარგი ქვეყანა. არა ისეთი ღატაკი, როგორიც ახლაა. საქართველოს ყველა პირობა აქვს, რომ იყოს საშუალო დონის ქვეყანა”, - მიიჩნევს ბიზნესმენი.

“ვფიქრობ, ხაზარაძეს, ჯაფარიძესა და იმ შემადგენლობას, რომელიც მათ პარტიაში გაერთიანდა, თუ მხარს არ დაუჭერენ, ეს იქნება ამომრჩევლის შეცდომა. ვიცნობ მათ ახლოს და ვიცი, რომ მათი ხედვა ორიენტირებულია ქვეყნის განვითარებაზე. თუმცა მხარდაჭერა თუ არ ექნებათ, ეს არ იქნება მათი ბრალი. შესაძლოა ამომრჩეველში სუბიექტურმა შეხედულებებმა გადაწონოს ობიექტური გადაწყვეტილებები. ობიექტურად ეს ადამიანები და მათი პარტიის წევრები მხარდაჭერას იმსახურებენ”, - დასძენს ჭყონია და შეკითხვაზე - “მაინც გატყობთ, 2020 წლის არჩევნებისადმი იმედიანად ხართ განწყობილი...” - პასუხობს:

“პირდაპირ გეტყვით, თუ კოალიციური მთავრობა არ ჩამოყალიბდება, ცუდი იქნება ქვეყნისთვის. ჩვენს ოჯახში ოთხი ამომრჩეველი ვართ განსხვავებული პოლიტიკური გემოვნებით და ჩვენი სამომავლო არჩევანის მიხედვით უკვე ჩამოვაყალიბეთ კოალიციური მთავრობა. საქართველო რემონტს აღარ ექვემდებარება. პოლიტიკა და ეკონომიკა რემონტს აღარ ექვემდებარება! რემონტს არ ექვემდებარება აღარც სასამართლო სისტემა - ის უნდა დაიშალოს და თავიდან აეწყოს. რემონტით ვიცხოვრეთ 30 წელი და ამის შედეგია სიღარიბე. ჩვენ გვჭირდება კოალიციური მთავრობა, კოალიციური აზროვნება, რომელიც კი არ გაარემონტებს საქართველოს, არამედ საფუძვლიანად ააშენებს მას!”

“ევროპულ საქართველოსთან” კიდევ შეიძლება კოალიცია, “ნაცმოძრაობას” და “ლელოს” გამოვრიცხავთ” - რევაზ არველაძე

“იმ შემთხვევაში თუ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობის ფორმირების აუცილებლობა შეიქმნება, მმართველი გუნდი არ გამორიცხავს “ევროპულ საქართველოსთან” თანამშრომლობის საკითხს, ხოლო დიდი ელექტორატის მქონე სხვა პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობას გამორიცხავს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ევროპულ საქართველოსთან” კიდევ შეიძლება კოალიცია, “ნაცმოძრაობას” და “ლელოს” გამოვრიცხავთ” - რევაზ არველაძე.

“როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე “რეზონანსთან” საუბრისას ამბობს, მმართველი პარტია კოალიციური მთავრობის ფორმირების აუცილებლობის შემთხვევაში, მთავარ პარტნიორად “პატრიოტთა ალიანსს” განიხილავს. მისი განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ საჭირო მანდატები მაინც ვერ მოგროვდება, შესაძლებელია ”ევროპულ საქართველოსთან” დიალოგიც...” - აღნიშნავს გამოცემა.

“მე დარწმუნებული ვარ, რომ “ქართულ ოცნებას” კოალიციური მთავრობის ფორმირება არ დასჭირდება. გააჩნია როგორი იქნება სიტუაცია არჩევნების შემდეგ, რომელი პარტია რამდენი ხმით მოხვდება პარლამენტში. უფრო, ჩემი აზრით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ კოალიცია გვექნება “პატრიოტთა ალიანსთან”. იმ შემთხვევაში, თუ მანდატები კიდევ იქნება საჭირო, “ევროპულ საქართველოსთან” კიდევ შესაძლებელია კოალიციური მთავრობის შექმნის განხილვა. “ნაციონალურ მოძრაობას” და “ლელოს" გამოვრიცხავთ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რევაზ არველაძე.

ხათუნა ლაგაზიძე - “ოცნება“ ფიქრობს 52% გაიფორმოს და იმედი აქვს, რომ ამაზე ამერიკას მწვავე რეაქცია არ ექნება”

“საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) და ორგანიზაცია Survation-ის კვლევებში პირველი, რაც თვალში საცემია, არის “ოცნების” რეიტინგის არსებითი განსხვავება. ოპოზიციური პარტიების რეიტინგებშიც არის სხვაობა, მაგრამ არცთუ მნიშვნელოვანი. როდესაც ამ შეუსაბამობის გამო კითხვები დაისვა გაირკვა, რომ სხვაობის მიზეზი დათვლის წესი იყო - ანუ როდესაც ორი დღის შუალედით გამოქვეყნებულმა, პრინციპულად განსხვავებულმა შედეგებმა ხმაური გამოიწვია, ბრიტანულმა ორგანიზაციამ განმარტა, რაში იყო საქმე, მაგრამ ეს განმარტება გასაგებია მხოლოდ სპეციალისტებისთვის, ამომრჩევლის უდიდესი ნაწილი კი არც დაინტერესდებოდა, რაზე იყო ლაპარაკი - მათ მეხსიერებაში უკვე დაილექა მცდარი ციფრი!” - აცხადებს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ხათუნა ლაგაზიძე: “ოცნება“ ფიქრობს 52% გაიფორმოს და იმედი აქვს, რომ ამაზე ამერიკას მწვავე რეაქცია არ ექნება”.

“ორივე კომპანიის შედეგებით რომ ვიმსჯელოთ, “ქართული ოცნების” რეიტინგი 30-33%-ის ფარგლებში მერყეობს. ეს მეტყველებს კოალიციური მთავრობის შექმნის გარდაუვალობაზე. ძალიან ბევრი წყარო ადასტურებს, რომ ამერიკელები აქტიურად მუშაობენ საქართველოს ხელისუფლებასთან, რათა კვლევებით დადასტურებული რეალობა არჩევნების შედეგებზე აისახოს, ანუ არჩევნები არ გაყალბდეს და შედგეს კოალიციური მთავრობა. ამერიკელებისთვის ყველაზე რეალური სცენარი და პროგრამა მინიმუმია “ოცნების” ერთპიროვნული მმართველობის შეზღუდვა და მისი ხელისუფლების განაწილება პროდასავლურ ძალებზე, რითიც თავიდან აიცილებენ საქართველოს სახით სტრატეგიული პარტნიორის დაკარგვას და საქართველოზე რუსული გავლენის სრულად გაფორმებას. ამერიკას რეგიონში თურქეთი კი ეგულება სტრატეგიულ პარტნიორად, მაგრამ ის, თავისი გეოპოლიტიკური ამბიციებიდან გამომდინარე, რთული პარტნიორია. საქართველო ვაშინგტონისთვის რეგიონში პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებიდან ბოლო დემოკრატიული საყრდენია, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძე.

“ახლა ვნახოთ, რა გვითხრა “ოცნებამ” თავისი 52%-ით. ეს მხოლოდ ქართველი ამომრჩევლისთვის გადაგდებული ციფრი კი არა, აშშ-ისთვის გამიზნული მესიჯიც გახლდათ - `ოცნება~ ამერიკას ეუბნება, მე ვაპირებ დავიწერო მინიმუმ 52% და ახლა დაველოდები შენს რეაქციასო... როგორც ვიცი, “ოცნებაში” განიხილება ერთ-ერთი ასეთი ვერსია - არჩევნები გადაიდოს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებამდე. “ოცნება” ფიქრობს, ტრამპის პრეზიდენტად დარჩენის შემთხვევაში 52%, ანუ ერთპიროვნული მმართველობა გაიფორმოს და იმედი აქვს, რომ ამაზე ამერიკას მწვავე რეაქცია არ ექნება. თუ ბაიდენი გაიმარჯვებს, იძულებული იქნება, მინიმუმ კოალიციას დასთანხმდეს”, - დაასკვნის რესპონდენტი.

“რაც შეეხება კოალიციურ მმართველობას, მოდი, სამ კატეგორიად დავყოთ პოლიტიკური სპექტრი: 1. ვისთან სურს “ოცნებას” კოალიციის გაფორმება; 2. ვისთან შეუძლია; და 3. ვისთანაც არ სურს, მაგრამ შესაძლოა იძულებული გახდეს. “ოცნებისთვის” იდეოლოგიურად ყველაზე კომფორტული იქნება კოალიციის გაფორმება “პატრიოტთა ალიანსთან” ან “ქართულ მარშთან”, მაგრამ ეს ამერიკისთვის, ფაქტობრივად, ომის გამოცხადებას ნიშნავს. გაცილებით ფართო სპექტრია იმ პოლიტიკური ძალებისა, ვისთანაც შეიძლება კოალიციის შექმნა ამერიკის გაღიზიანების გარეშე - ვგულისხმობ იმ ძალებს, ვინც ამერიკისთვის მიუღებელი არ არის, მაგალითად, “ლელო”, ელისაშვილის პარტია, ასევე ის სატელიტი პარტიები, რომლებიც “ოცნებამ” საპარლამენტო უმრავლესობიდან წამოსული ხალხისგან შექმნა. ასეთი უკვე იმდენია, სათვალავიც კი ამერია. მესამე კატეგორიაში შეგვიძლია დავასახელოთ “ევროპული საქართველო”, რომელიც, როგორც კოალიციის წევრი, ამერიკისა და ევროპისთვის იქნება მომავალი სამთავრობო კოალიციის პროდასავლურობის გარანტი”, - განაგრძობს ექსპერტი.

“თუმცა, “ევროპულ საქართველოსთან” კოალიცია “ოცნების” ამომრჩევლისთვის უკიდურესად მძიმედ მისაღები იქნება - ყველასთვის თვალსაჩინო გახდება, რომ ამით, ფაქტობრივად, დაიწყება ხელისუფლების გადაბარების პროცესი, რასაც შედეგად მოჰყვება “ოცნებიდან” აქტივისტების, წევრების თუ სახელმწიფო მოხელეების მასობრივი გადინება ოპოზიციურ სპექტრში ახალი პატრონის ძიების მიზნით. არ დაგვავიწყდეს, რომ 2021-ში გვაქვს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც ფლანგებმორღვეული “ოცნებისთვის” შეიძლება საბედისწეროც აღმოჩნდეს და დიდ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში ოპოზიციისთვის ხელისუფლების გადაბარება-დათმობით, ანუ “ოცნების” დამარცხებით დასრულდეს. თუ ყველაფერი ასე მოხდა და “ევროპულ საქართველოს” ამერიკა-ევროპის მხრიდან პროდასავლური კურსის გარანტორის როლი დაეკისრა, მაშინ უახლოესი ორი-სამი წლის განმავლობაში ხელისუფლების ხავერდოვანი გადაბარების მომსწრე გავხდებით, თუმცა არსებობს მოვლენათა განვითარების მეორე ვერსიაც იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების შედეგად სამთავრობო კოალიციის დაკომპლექტება წილად “ნაციონალებს” ერგებათ - ეს ვერსია იმაზეა დამოკიდებული, შეძლებს თუ არა “ნაციონალური მოძრაობა” იმ პროცენტული სხვაობის ამოვსებას, რომელიც კვლევების მიხედვით “ქართულ ოცნებას” აშორებს” - მიიჩნევს ხათუნა ლაგაზიძე.

“ახლანდელი მოცემულობით, “ნაციონალური მოძრაობის” სავარაუდო პლუს-მინუს 25% და ის პროცენტები, რაც სხვა ოპოზიციურ პარტიებზე ნაწილდება, მასაც აძლევს კოალიციის შექმნის საშუალებას, ანუ იმ შემთხვევაშიც კი, თუ “ოცნება” პირველ ადგილზე გავა, მაგრამ კოალიციის ფორმირებაზე მოლაპარაკებას ვერ შეძლებს ვერც ერთ ოპოზიციურ პარტიასთან, მაშინ “ნაცმოძრაობას” ეძლევა საშუალება, შეკრიბოს საპარლამენტო უმრავლესობა და ჩამოაყალიბოს კოალიციური მთავრობა... “ნაციონალებისთვის” სასიცოცხლოდ აუცილებელია, “ამოქაჩონ” თავიანთი რეიტინგი და დაანგრიონ “ოცნების” ახლანდელი რეიტინგი, რომ მომავალი მთავრობის დაკომპლექტების საშუალება ჰქონდეთ. სხვა თემაა, რომ სააკაშვილის პრემიერობის საკითხი “ოცნებას” საშუალებას მისცემს, თქვას, სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნების საფრთხე რეალურია და მოდი, კვლავ ამ საფრთხის წინააღმდეგ გავერთიანდეთო. ამით “ოცნება” ისევ ორპოლუსიანი გარემოს შექმნას შეეცდება” - დასძენს ლაგაზიძე და შეკითხვაზე - “ეს ფორმულა ისევ გაამართლებს?” - პასუხობს:

“ვერა. ხალხი უკვე ძალიან დაიღალა ამ ფორმულით. ეს უნდა გახდეს 2012 წლის შემდეგ პირველი არჩევნები, როდესაც “ოცნება” ვეღარ აიღებს “ნაციონალებით” დაშინებული ამომრჩევლის ხმებს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ დღეს არსებობს უამრავი პარტია, რომელთათვისაც ხმის მიცემა შეუძლია მათ, ვისაც “ნაციონალების”დაბრუნება არ სურთ ან მათი დაბალანსების მომხრეა და ეს იმ პირობებში, როცა 3-5%-იან პარტიასაც კი აქვს შანსი, გახდეს სახელისუფლებო კოალიციის წევრი”. |

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა